გიო მერკვილიშვილი - წერილი მამას
გიო მერკვილიშვილი - წერილი მამას

გამარჯობა მამა! როგორ ხარ? რა ხდება მანდ, ხომ კარგად გაჭმევენ? ძალიან გვენატრები მამა. ყველა შენ გკითხულობს. ძალიან ცუდად ვარ უშენოდ, დედაც ყოველ დღე ტირის, არ უნდა რომ შევამჩნიოთ, მაგრამ თვალები სულ ჩაწითლებული აქვს. ანა ჯერ პატარაა, მაგრამ ვიცი, რომ მასაც ძალიან ენატრები. ხანდახან მკითხავს ხოლმე, მამა როდის დაბრუნდებაო, მეც ვეუბნები ძალიან მალე, შეიძლება მოდის კიდეც-თქო და ის საათობით იხედება ხოლმე გარეთ. ვიცი მანდედან წერილის მოწერის უფლებას არ მოგცემენ, მაგრამ ის ფაქტიც მახარებს, რომ შესაძლებელია ეს წერილი წაიკითხო.
ძალიან ვნანობ, მამა, რომ ყოველთვის სამდურავით გავსებდი, როდესაც ისე მეხუტებოდი, რომ განძრევის საშუალებასაც არ მაძლევდი. ძალიან შორს, მაგრამ ჩემს ფიქრებთან ძალიან ახლოს ჩამესმის შენი სუნთქვა, მამა.
ჩვენთან არაფერი არ ხდება, ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც დატოვე. ზუსტად ისეთივე თვალთმაქცები არიან მეზობლები. ხანდახან გამაჩერებენ ხოლმე და მეკითხებიან შენზე როგორ არისო, როგორი პირობებია ციხეშიო, მეც როგორც შემიძლია ვპასუხობ, მაგრამ ისინი ბოროტად იღიმიან, ტუჩებს მოკუმავენ და თავს განზე აქნევენ ხოლმე გამკიცხავად და ფორმალური სინანულის ნიშნად.
მათ უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ. უი, მამა, დღეს ძალიან უცნაური და სასაცილო ამბავი მოხდა. სკოლიდან დავბრუნდი, პატარა ანას ოთახში შევედი და იქ ანა არ დამხვდა, მაგრამ მისი დაწერილი წერილი დამხვდა, რომელიც ასე გამოიყურებოდა:

ბატონო ღმერთო, მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ადრე გაგიკეთებიაჩემთვის.მაგრამ ახლა დამეხმარე, მამაჩემი ციხეში ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვეა იქაა. მე მას ყოველთვის ველოდები, რომ შემეძლოსგავათავისუფლებდი. ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია. მერე აღარ შეგაწუხებ, სიკვდილიც რომ მომიწიოს.
ჰო, და კიდევ,
ძალიან გთხოვთ, რომ 100 დოლარი გამომიგზავნოთ, დედიკოს დაბადებისდღე მოდის და მინდა საჩუქარი გავუკეთო.“
პატივისცემით ანა.

ცრემლები წამომივიდა და მინდოდა მისთვის ასი დოლარი ჩუმად მეჩუქნა, მაგრამ არ მქონდა, დედასაც ვერ ვთხოვდი, ამიტომ ამ განზრახვაზე ხელი ჩავიქნიე. მოგეხსენება არასწორ მისამართზე გაგზავნილ წერილებს პრეზიდენტი კითხულობს ხოლმე, ამიტომ ეს წერილიც მივიდოდა ალბათ პრეზიდენტამდე, ჰოდა სამი დღის შემდეგ პრეზიდენტის ავტომობილი გაჩერდა ჩვენს სახლთან, იქიდან რამდენიმე კაცი გადმოვიდა და პატარა ანა იკითხეს და თქვეს, რომ მისთვის წერილი აქვთ. მართლაც, ანამ წერილი გახსნა, რომელსაც ეწერა „წერილი ღმერთისგან“  და შიგნით 50 დოლარი იდო. მას ძალიან გაუხარდა და მითხრა, რომ დედასთვის არაფერი მეთქვა, ეს ღმერთისგან გამოგზავნილი ფული იყო, რომლითაც მისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა. თურმე, როცა პრეზიდენტმა ეს წერილი წაიკითხა, გადაწყვიტა ბავშვის თხოვნა შეესრულებინა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასი დოლარი ასე პატარა ბავშვისთვის ბევრი იყო და ორმოცდაათი გამოუგზავნა, თავისივე ავტომობილით. ცოტა ხნის შემდეგ ანამ ღმერთს წერილი მისწერა:

ბატონო ღმერთო, დიდი მადლობა, რომ თხოვნა შემისრულეთ. ფული პრეზიდენტის ავტომობილით მოიტანეს და ამან დიდი ხმაური გამოიწვია ჩემს ქუჩაზე. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ აღარასდროს გაუგზავნოთ ვინმეს ფული პრეზიდენტის ხელით, რადგან პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა.“
პატივისცემით ანა


კარგად იყავი, მამა! ძალიან მიყვარხარ და მენატრები!

შენი უფროსი შვილი