გიო მერკვილიშვილი - უკვდავების გოდება
გიო მერკვილიშვილი - უკვდავების გოდება

I

ლუკას ჯერ კიდევ ექვსი წლიდან დაეწყო კოშმარები, ცოტა ხნის წინ რვა წლის გახდა, მაგრამ კოშმარები მაინც არ ეშვებოდნენ. მშობლები ამის გამო ღელავდნენ, მაგრამ ისე ძალიან არა, რომ სერიოზულ ფაქტად მიიეჩნიათ, ამიტომ, მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლებოდნენ, – „დაწყნარდი შვილო, დიდი ბიჭი რომ გაიზრდები გაგივლის“. დრო გადიოდა, მაგრამ კოშმარები ისევ ლუკასთან რჩებოდნენა და საღამოობით, მასში შემოპარული შიშებიც თავს იჩენდნენ. ღამით დაძინების ეშინოდა, რადგან ძილში საშინელებები ემართებოდა და ამის გამო ყოველ საღამოს ტიროდა. იმისიც სცხვენოდა, რომ ყოველ ღამით ყვირილით იღვიძებდა, ოფლი წურწურით მოსდიოდა და ფეხებს შორის სისველეს გრძნობდა.
ძალიან არ უნდოდა, ლოგინში ჩაწოლა და დაძინება, მაგრამ მშობლების თქმით, ძილი აუცილებელი იყო. მის მშობლებს ყოველთვის მშვიდად ეძინათ. მუდამ ერთსა და იმავე დროს იძინებდნენ და იღვიძებდნენ. მათ ფეხი ჰქონდათ აწყობილი ყოველდღიური რუტინისთვის.
ლუკას ერთი და ჰყავდა, რომელიც ჩვეულებრივი თერთმეტი წლის გოგო იყო. მკერდი ნაადრევად წამოეზრდოდა და ამის გამო მისი ასაკის ბავშვებში ყოველთვის გამოირჩეოდა პოპულარობით. ალბათ ეს მოსწონდა კიდეც. მშობლები სულ ერთი და იმავეს გაიძახოდნენ, – გაიზრდება და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდებაო. უნდა ვთქვა, ისინი ძალიან მოსაწყენი ხალხი იყვნენ. ლუკას დას ყოველთვის ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მასთან, სულ ჩხუბობდნენ, ხან ნივთებზე, ხანაც კიდევ ერთმანეთის არსებობის უაზრობაზე და უფუნქციობაზე. ბოლოს ისე მიეჩვივნენ, დღე არ გავიდოდა, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ. ხანდახან უმიზეზოდაც ჩხუბობდნენ და თუ დღე კამათის გარეშე ჩაივლიდა, უცნაურად გრძნობდნენ თავს.
ლუკას თითქმის არავისთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და სულ თავის ოთახში იყო ჩაკეტილი. იქიდან მხოლოდ საღამოობით გამოდიოდა, როდესაც ბინდდებოდა და ძილი ახლოვდებოდა.
-დედა, მეშინია! – უთხრა ერთხელ ლუკამ დედას, რომელიც ოდნავ მომღიმარი სახით და დამწუხრებული თვალებით უყურებდა შვილს. არაფერი უთქვამს. შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა, შემდეგ ლოგინში ჩააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა. ლუკას ფიქრები სადღაც იყო გადაკარგული. ჩვეულებრივ, როდესაც ის იძინებდა, შუა ღამით ყვირილით იღვიძებდა და ფეხებს შორის სისველეს გრძნობდა, თუმცა ახლა დედასთან იყო და იმედოვნებდა ეს ღამე მაინც ჩაივლიდა მშვიდად.
ბიჭმა დაიძინა და დედაც მაშინვე გავიდა ოთახიდან. შუა ღამით ისევ ყვირილით გაიღვიძა, შემდეგ დედა შევიდა მასთან, გამოუცვალა, ისევ მიუწვა და როდესაც დაიგულა, რომ ბიჭს დაეძინა, ისევ დატოვა. თუმცა ლუკას ძილი უკვე აღარ ეკარებოდა, მთელი ღამე მასთან იყვნენ ის მანათობელი აურები, რომლებიც ძილიდან გამოჰყვნენ და ახლა მის თავთან ლივლივებდნენ.
ერთხელ ლუკა თავისი ოთახის ძველ კარადაში იქექებოდა. ყდაშემოცლილი წიგნები და ძველი გაზეთები იპოვა. ერთ-ერთი გაზეთი გაშალა, რაღაც ლექსი ეწერა, სახელად „უსიკვდილობა“, რომელიც ასე იწყებოდა:

            „სიკვდილი ღამით ყველგან დაძრწოდა
არაფრით სავსე, შავბნელი გულით,
სიბრმავით გზაზე ვერას ამჩნევდა
და ის ურჩევლად გაკაფა ცულით.“

ტექსტის მხოლოდ ეს ნაწილი ჩანდა და შემდეგი სტროფის რამდენიმე სიტყვას ძლივსძლივობით თუ გაარჩევდით, დანარჩენი ნაწილი კი სულ დახეული და ჩრჩილისგან შეჭმული იყო. უცნობი ავტორის ეს ლექსი სულაც არ ჩანდა ცუდი.
ლუკამ ჟურნალი გვერდზე მოისროლა და იატაკზე დაჯდა. ცოტა ხნით ამ ლექსზე დაფიქრდა, ტვინში ჩაუჯდა და ვეღარ იცილებდა, მასზე ეფიქრებოდა, მის ყოველ სიტყვას ჩაუღრმავდა, მაგრამ ეს უნებურად ხდებოდა.
ის ღამეც საშინელი გამოდგა.

***

ლუკა გრძელ ხიდზე მიაბიჯებდა, რომელიც უფსკრულზე იყო გადებული. წყვდიადს დასასრული არ უჩანდა, ქვევით მხოლოდნისლი იყო და ოხშივარი ამოდიოდა. ხიდი რომ გადაიარა, ადამიანები დაინახა, რომლებიც ცოტა უცნაურად მოეჩვენა. ხალხს დახეული ტანსაცმელი ეცვა, გაშეშებულები, უემოციოდ და უსიტყვოდ დაჰყურებდნენ რაღაცას, რაც ალბათ, ხშირი სანახავი არ იყო.
ბიჭმა გარშემო მიმოიხედა და ის ადგილები იცნო, სიზმარში რომ ხედავდა ხოლმე. შიშმა დარია ხელი. ისევ ადამიანებს გახედა, რომლებიც ისევ ისე იდგნენ გაშეშებულები. სადღაც შორიდან ორთქლის გრძელი ზოლი მიიკლაკნებოდა ცისკენ. სიცხე იყო. აქ ვერც კედლებს ხედავდა, ვერც შენობებს, ხალხიც კი განსხვავებული იყო. ლუკა გაურკვევლობას მოეცვა, მაგრამ ეს გაურკვევლობა დიდად არ აწუხებდა და თვითონაც გაოცდა. ყველა მხარე ორთქლით იყო ჩაბურული. აქაურობა თითქოს არარსებული იყო, თუმცა ლუკა ყველაფერს ცხადად ხედავდა. ცოტა ხანში მასთან ვიღაც გოგო მივიდა.

-გამარჯობა ბიჭუნა! – უთხრა ჩვეულებრივი ადამიანური ხმით. ამაზე ლუკა დაფრთხა და გაქცევა სცადა, თუმცა ქვას ფეხი წამოკრა და წაიქცა. – არა, არა, ნუ გეშინია,  არაფერს დაგიშავებ. – უთხრა ბიჭს და ხელი გაუწოდა. ლუკა გაწვდილ ხელს არც შეხებია, ისე წამოდგა.

-მე ანა მქვია, – გააგრძელა ისევ. – შენ რა გქვია?

-ლუკა მქვია. – უთხრა და შეშინებულმა უკან დაიხია.

-არ იცი სად ვართ, არა? – ჰკითხა გოგომ, თუმცა ლუკას ხმაც არ ამოუღია, ამიტომ ისევ მან გააგრძელა. – მეც ზუსტად ისე მოვხვდი აქ, როგორც შენ. მეც კოშმარები მესიზმრებოდა ამ ადგილის შესახებ, თუმცა შენ ჯერ პატარა ხარ და არაფერი გეცოდინება. – ლუკამ თითქოს შვება იგრძნო. უნდობლად, მაგრამ მაინც გაუღიმა გოგოს.

-წამო წავიდეთ, ვნახოთ რა ხდება! – უთხრა ანამ. ის ძალიან თავდაჯერებული და უდარდელი ჩანდა, რაც ბიჭმაც შეამჩნია, თუმცა მაინც გაედევნა უკან.

გზაში ლუკამ კიდევ გაიგო რაღაცები უცნაური გოგონას შესახებ. ის თურმე იმავე ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც ლუკა, და ორი ძმა ჰყავს. მშობლები გარდაცვლილები არიან, ამიტომ თავის ძმებთან ცხოვრობს. კარგი გოგო იყო ანა, პატარა ლუკას ძალიან მოსწონდა, მაგრამ მისთვის უცნაური იყო ის ფაქტი, რომ გოგო ასეთი ტანსაცმლით დადიოდა. მისი მაისური აქა-იქ დახეული იყო და სხეულის პატარ-პატარა ნაწილები უჩანდა. მკერდიც ლამაზად აუდ-ჩაუდიოდა, ლუკამ ეს შეამჩნია და შერცხვა.
ანას სახეც მშვენიერი ჰქონდა. ქერა თმა და ოდნავ შეწითლებული კანი, მის იერს უფრო მშვენიერს ხდიდა, თუმცა ლუკა 8 წლის ბავშვი იყო და ანას აღიქვამდა დიდ გოგოდ, რომელიც ძალიან ლამაზი იყო.
ანა ჩვიდმეტი წლის იქნებოდა, ჭუჭყიანი ჯინსის შარვალი ეცვა, რომელიც აქა-იქ დახეულიყო, მაგრამ როგორ დაიხა, ეს ლუკამ არ იცოდა, თუმცა ანამაც არ იცოდა. ლუკამ ტანზე დაიხედა და ახლაღა შეამჩნია, რომ ის ტანსაცმელი ეცვა, რასაც ძილის წინ იცვამდა ხოლმე. მაგრამ  ახლა ის ისეთ ადგილას იმყოფებოდა, რომლის შესახებ არაფერი იცოდა.  წარმოდგენაც არ ჰქონდა აქ საიდან მოვიდა ან როგორ უნდა დაბრუნებულიყო ისევ იქ, სადაც ცხოვრობდა. სადაც სახლი ჰქონდა და მისი ოჯახის წევრები იყვნენ.
ბიჭს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს იცოდა სადაც იყო და რაც უნდა გაეკეთებინა, ამიტომაც არ შფოთავდა ისე, როგორც ჩვევად ჰქონდა, თუმცა მაინც არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ან სად იმყოფებოდა.

ლუკა და ანა ხალხის ჯგუფისკენ მიიწევდნენ, რომლებიც უცემოციო, არაფრის გამომხატველი სახით უცნობ ობიექტს დაჰყურებდნენ. ისინი უბრალოდ გაუნძრევლად იდგნენ და უყურებდნენ. არც არაფერს აკეთებდნენ. არც ლაპარაკობდნენ. უბრალოდ უყურებდნენ რაღაცას და ამით კმაყოფილდებოდნენ.
როდესაც მიუახლოვდნენ და ხალხს შორის გაიარეს, რომლებიც ქანდაკებასავით გაქვავებულები იდგნენ, იქ რაღაც საშინელება, სულისშემძვრელი სიშავე დაინახეს, რომლიდანაც საშინელი წივილი მოდიოდა. გასაკვირია, რომ ამდენ ხანს ვერ გაიგონეს, მაგრამ ახლა ისე მკაფიოდ ესმოდათ, რომ ყურებზე ხელები აიფარეს და მუხლებზე დაეცნენ. ცოტა ხნის შემდეგ თითქოს ამ ხმას შეეჩვივნენ და ბგერები გაარჩიეს. უკეთ დაუგდეს ყური და ლექსის მსგავსი რამ გაიგეს.  სიტყვები ასე ჟღერდა:

          „სიკვდილი ღამით ყველგან დაძრწოდა
არაფრით სავსე, შავბნელი გულით,
სიბრმავით გზაზე ვერას ამჩნევდა
და ის ურჩევლად გაკაფა ცულით.“

ეს სიტყვები მეორდებოდა და მეორდებოდა, თითქოს ხმა ჩაწერილი იყო და მანამ გაისმებოდა, სანამ ღილაკს არ დააჭერდი და არ გამორთავდი. ლუკას საიდანღაც ეცნო ეს ამონარიდი და გაახსენდა ის გაზეთი, რომლის ყდაზეც იყო ეს ლექსი დაბეჭდილი. გაოცებისგან წამოიყვირა და ელდა ეცა. გველნაკბენივით წამოვარდა ფეხზე და უკან დაიხია. თითქოს რაღაც გაახსენდა, თითქოს ინფორმაცია შეუძვრა თავში და ახლა ყველაფერი იცოდა. როგორღაც ენა ამოიდგა და მასზე ჩახლეჩილი ხმით თქვა, რომ სიკვდილია და ის კვდება.

***

უეცრად, ლუკა ლოგინიდან წამოდგა, სუნთქვა გახშირებოდა და ოფლში იწურებოდა. ისევ კოშმარი დაესიზმრა, ისევ სისველეს გრძნობდა ფეხებს შორის და საშინლად ეშინოდა. ჯერ არ გათენებულიყო, კუპრივით შავ ოთახში მხოლოდ მისი სილუეტი იკვეთებოდა, რომელიც შიშისგან კანკალებდა. იმაზე დაფიქრდა, რაც დაესიზმრა, ანაზე დაფიქრდა, ნეტავ მართლა თუ არსებობდა?! გადაწყვიტა გათენებისთანავე წასულიყო და შეემოწმებინა. ვეღარ დაიძინა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. თავს ცუდად გრძნობდა,  გონებაში იმ ლექსის ფრაზებს იმეორებდა, თითქოს ეს აუცილებელი იყო, ვერ იშორებდა.
სამზარეულოში შევიდა, წყალი დალია და ცოტა ხანს ჩამოჯდა. ყველაფერზე დაფიქრება და ყველაფრის გაანალიზება სჭირდებოდა, მაგრამ ფიქრს რომ იწყებდა, გულში საშინელ ტკივილს გრძნობდა და ამას ვეღარ უძლებდა, მისი ამოგლეჯა და შორს გადაგდება სურდა, თუმცა ამის გაკეთება არ შეეძლო, ამიტომაც სამზარეულოში იჯდა და ხელში წყლის ჭიქა ეკავა.
ოთახში დაბრუნდა და შუქი აანთო, კარადაში ისევ იმ გაზეთს დაუწყო ძებნა, სადაც ის ლექსი წაიკითხა პირველად. საბოლოოდ იპოვა, კარადის კუთხეში იყო მიკუჭული. ჟურნალი მას აქ არ დაუდია, მაგრამ იფიქრა, რომ დედამისი ოთახის დალაგებისას არ მიაქცევდა ყურადღებას და იქვე მიაგდებდა.
ლექსს დახედა. კითხულობდა და კითხულობდა, ათასჯერ გადაიკითხა, თითქოს მასში რაღაცის აღმოჩენა უნდოდა.   ცდილობდა გაეგო ყოველი სტრიქონის აზრი, მაგრამ ახალს ვერაფერს ამჩნევდა.
გათენდა, ლუკამ ტანსაცმელი ჩაიცვა და ძირს ჩავიდა. დედას მიესალმა, რომელიც გაკვირვებული იყო იმით, რომ წუხელ ლუკას მისთვის არ დაუძახია და მშვიდად ჩაიარა ამ ღამემ. ისაუზმეს, ლუკამ დედას უთხრა, რომ ცოტას გაისეირნებდა. გარეთ გავიდა, სუსხიანი დღე იყო, მას თხლად ეცვა, ააძაგძაგა, მაგრამ გზა მაინც გააგრძელა. ანას მიერ სიზმარში ნათქვამი მისამართი ახსოვდა, წესით აქვე უნდა ყოფილიყო და გაიგებდა ანა ნამდვილად არსებობდა თუ არა.
მივიდა იმ სახლთან, რომელშიც წესით ანა ცხოვრობდა და დააკაკუნა. ელოდებოდა კარის გაღებას და ეს ლოდინი ძალიან გაიწელა, თითქოს ათი წელია აქ დგას და ელოდებაო, თუმცა მხოლოდ ათი წამი გავიდა. უცებ კარი გაიღო და  ზღურბლთან მდგომი ანა გამოჩნდა. ლუკას ხმა ჩაუვარდა და გაოცებული მიაშტერდა.

-ბიჭუნა, ახალი გაზეთები მოიტანე? – ჰკითხა ანამ, მაგრამ ლუკა ხმას ვერ იღებდა, ენაგადაყლაპულივით იდგა და გოგოს უყურებდა. – შენ რა არ გესმის? სადაა გაზეთი? – გააგრძელა ისევ ანამ.

-მეე… გაზეთი არ მაქვს. – როგორღაც ამოღერღა ლუკამ.

-აბა ვინ ხარ და ჩემი სახლის კართან რას აკეთებ?

-მე შენ გიცნობ, ანა გქვია, ხო?

-ჩემი სახელი საიდან იცი? – გაკვირვებით ჰკითხა გოგომ.

-არ ვიციი… მე უბრალოდ, სიზმარში გნახე.

-რა სისულელეებს მეუბნები? – წამოიძახა გოგომ და გაიცინა.

-უცნაური სიზმარი იყო, ჩვენ სადღაც ვიყავით, ყველა მხრიდან ორთქლი ამოდიოდა, შენ დახეული ჯინსები და მაისური გეცვა. იქ უცნაური ხალხი იყო, ყველა ერთ რაღაცას უყურებდა, მერე ჩვენც მივედით და მე ვთქვი, რომ ის სიკვდილი იყო და კვდებოდა.

ანას აღარაფერი უთქვამს, გადაღლილი სახით კარის დახურვა გადაწყვიტა ამ სულელი ბიჭისთვის. მას დიდი ხანია უკვე ზღაპრებს აღარ უყვებოდნენ. სანამ კარს დახურავდა, ბიჭის ხმა მოესმა „შენ მშობლები გარდაცვლილი გყავს და ამიტომ ძმებთან ცხოვრობ, ესეც სიზმარში მითხარი“
ანამ კარები ისევ გააღო, ერთხანს შუბლშეჭმუხნილი უყურებდა ბიჭს.

-ეს არაფერს ცვლის, აქ ყველამ იცის ეგ ამბავი და ნებისმიერისგან შეგეძლო ამის გაგება. -უთხრა და კარი მიუხურა აბეზარ ბიჭს.

-ნახვამდის ანა! – ჩაილაპარაკა ბიჭმა და სახლში წავიდა.

 

რამდენიმე წელი გავიდა. ლუკას ისევ არ ასვენებდა კოშმარები, თუმცა ანა აღარასდროს უნახავს და მიავიწყდა კიდეც. უყურადღებოდ ტოვებდა ყველაფერს და აღარც აშინებდა სიზმრები, შესაბამისად ლოგინშიც აღარ ისველებდა.
ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, არაფრით გამორჩეული სხვა მილიარდი ბავშვისგან. ისიც ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა, მეგობრებიც ჰყავდა, მაგრამ მათ არაფერს უყვებოდა თავის თავზე. სულ ჩუმად იყო, თავის ფიქრებში ჩაძირული. ლექსის სტრიქონებს განუწყვეტლივ იმეორებდა.
დილაობით ადრეიღვიძებდა და საუზმობდა, შემდეგ ტელევიზორს უყურებდა და ასე გაჰყავდა დრო. ერთ დილას ჩვეულებრივ ადრე ადგა, ჩაი დაისხა და ტელევიზორი ჩართო, სადაც მხოლოდ საინფორმაციო გადიოდა და ამოიხვნეშა. ერთხანს ასე უყურა, შემდეგ უფრო ყურადღებით მოუსმინა. აცხადებდნენ, რომ მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა სწრაფი ტემპით იმატებს, მსოფლიო – კრიზისის ქვეშაა და თუ ასე გაგრძელდა, მალე ყველაფერი გაუარესდება და საშინელება დატრიალდება. ლუკა ამაზე დაფიქრდა და წამიერად ააძაგძაგა, ეს ყველაფერი მის სიზმრებს დაუკავშირა, სადაც სიკვდილი მოკვდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა მაშინვე გამორიცხა, რადგან ეს ყველაფერი სისულელე იყო. მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია ის, რასაც ხედავდა ყოველ ღამით, მაგრამ ხანდახან ეჭვი ეპარებოდა ამაში, თუმცა იმის ფიქრსაც ვერ ბედავდა, რომ ეს სიმართლე იყო.

დრო გადიოდა. საინფორმაციოში ყოველდღე აცხადებდნენ მოსახლეობის რაოდენობის მომატების და ათსგვარი კრიზისის შესახებ, მაგრამ ამის გამოსწორებას ვერაფრით ახერხებდნენ. მსოფლიოში არავინ კვდებოდა, ეს აფსურდი იყო. მოხუცების უმეტესობა ას წელს გადაშორდა და ყველა მშვენივრად გრძნობდა თავს.
ხალხს საკვები აღარ ჰყოფნიდათ, საცხოვრებელი ადგილებიც აღარ იყო, თუმცა მსოფლიოში არცერთი სიკვდილი ან მკვლელობა არ დაფიქსირებულა. მკვლელობის მცდელობები იყო, მაგრამ ადამიანებს ადვილად უხორცდებოდათ ჭრილობები, ნასროლი ტყვია კოღოს ნაკბენივით იყო, რომელიც მხოლოდ ქავლის იწვევდა.
ლუკას ოჯახის წევრებთანაც პრობლემები ჰქონდა. ის უკვე სრულწლოვანი იყო და ოჯახის წევრები სულ ეჩხუბებოდნენ მას უმაქნისობის გამო. საკვები შემოაკლდათ, შიმშილობდნენ, ამის გამო მუდამ კამათობდნენ. მათ შვილიც კი გააგდეს სახლიდან. თავად ლუკა, ფიქრობდა, რომ თავისით წამოვიდა.
დაეხეტებოდა და ძველ ფარდულებში ათევდა ღამეს, სადაც მხოლოდ ის არ იყო, იქ ბევრ ხალხს ეძინა. მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებდა და სიკვდილიანობის არარსებობას მეცნიერები ვერაფრით ხსნიდნენ. ეს ამოუხსნელი ფაქტი იყო, რომელიც ყველაფრის განადგურებას უდრიდა.

ისევ და ისევ გადიოდა დრო, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა.

ნელ-ნელა ყველაფერი იკარგებოდა. ყველაფერი ქრებოდა, მაგრამ ისე შეუჩერებლად, მუხლმოუდრეკლად, რომ ხალხმა ვერაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. დედობრივი სიყვარული გაქრა. მამობრივი სიყვარულიც გაქრა. და-ძმური სიყვარულიც. ზოგადად სიყვარული გაქრა. „კარგი“ – გაქრა. ცარიელი ხორცის გროვები – ადამიანები კი არადა არ ქრებოდნენ. ყველაფერი დაიკარგა. ადამიანური გრძნობები გაცამტვერდა და მიწისქვეშეთში დაიმარხა.

მორიგი ღამე იყო, როცა ლუკა სადღაც დანგრეულ, ძველ შენობაში შეეხეტა. ხალხი იქაც დახვდა, ეს არ გაკვირვებია. თავისთვის კუთხე მოძებნა და იქ მოიკუნტა.

***

ლუკა ისევ იმ ხიდზე გადადიოდა, რომელიც უფსკრულზე იყო გადებული. გაიარა და იქ ანა დაინახა. მან არ იცოდა, რომ სიზმარში იყო, იქამდე, სანამ არ გაიღვიძებდა. ანასთან მივიდა და მიესალმა. ანასაც ახსოვდა პატარა ლუკა და გაუღიმა.

-აქ რას ვაკეთებთ? – იკითხა ბიჭმა.

-მგონი რაღაც გვაქვს შესასრულებელი, – უთხრა გოგომ, გარემოს თვალი მოავლო და ისევ გააგრძელა, – წამოდი წავიდეთ.

ისინი გზას გაუყვნენ, არც კი იცოდნენ სად მიდიოდნენ, მაგრამ წასვლა აუცილებელი იყო. უეცრად სადღაც ბუნებაში გავიდნენ,  ეს ისე შეუმჩნევლად მოხდა, რომ ვერც ერთმა ვერ მოასწრო გააზრება. წინ მთა მოჩანდა, ეს მთა ორივეს ეცნო, მიტოვებულ მთას ეძახდა ხალხი, იმიტომ რომ ადრე მის ძირში ბევრი ხალხი სახლობდა, ახლა კი აღარავინ დარჩა, ამის შემდეგ დაერქვა ეს სახელი.
ხშირად დადიოდნენ იქ ლუკას მეგობრები, მაგრამ ლუკა არასდროს წაჰყოლია მათ. ახლა კი იქ იყო, მაგრამ იქ როგორ ამოყო თავი არ იცოდა, დიდად არც უფიქრია. წყვილმა მთისკენ წასვლა გადაწყვიტა, იქნებ რამე ეპოვათ, რაც გაარკვევდათ ამ ვითარებაში. გზა თითქოს დიდი ჩანდა, მაგრამ ძალიან მალე მივიდნენ მთის ძირას და ქვაზე ჩამოსხდნენ. მთაზე ასვლა ადვილი იყო, რადგან ვიღაცას გზა გაეყვანა, მაგრამ  ანამ და ლუკამ სულაც არ სცადეს მთაზე ასვლა, მათ იქვე არსებულ გვირაბში შესვლა გადაწყვიტეს.
გვირაბში ძალიან ციოდა და ბნელოდა. გზის გასანათებლად ანამ ჯიბის ფანარი ამოიღო, რომელიც საიდან აღმოაჩნდა წარმოდგენა არ ჰქონდა. ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ, როგორც ჩანდა ეს გზა  მთის შუაგულისკენ მიდიოდა , თუმცა რა უნდოდათ იქ, ან რას ეძებდნენ  წარმოდგენა არ ჰქონდათ.
გამოქვაბულს ბოლო გამოუჩნდა, წინ კარი იყო, რომელზეც ძველი რუნებით რაღაც ეწერა. როგორ უნდა გაეღოთ არ იცოდნენ. ლუკამ კარს ხელი მიადო და უცებ უკან გამოხტა, თითქოს დენმა დაარტყაო, შემდეგ ის ლექსი გაიმეორა:

           „სიკვდილი ღამით ყველგან დაძრწოდა
არაფრით სავსე, შავბნელი გულით,
სიბრმავით გზაზე ვერას ამჩნევდა
და ის ურჩევლად გაკაფა ცულით.“

 

უეცრად კარი ხმაურით გაიღო. ისინი შიგნით შევიდნენ, იქ რაღაც საზარელი წითელი არსებები დახვდნენ, რომლებიც ადამიანებს ჰგავდნენ, მაგრამ თითქოს ტანზე ცეცხლი ეკიდათო ისე გამოიყურებოდნენ. ერთ-ერთი მათკენ გაემართა, ლუკა და ანა შეშინებულები გამოცვივდნენ გარეთ, მაგრამ უცებ შეჩერდნენ, თითქოს წეღან რაღაც შეცდომით დაინახეს და ახლა თავიდან ნახვა უნდოდათ. ისინი უკან მიბრუნდნენ, მათ წარბებს შორის წითელი ნათება გასჩენოდათ, თითქოს აპარატები იყვნენ და ვიღაც მართავდათ, ისე მიიწევდნენ ცეცხლოვანი არსებებისკენ.
თქვენ ორს შორის ერთ-ერთმა თავი უნდა გასწიროთ. ან თქვენით გადაწვიტეთ, თუ რომელი იქნებით, ან ჩვენ გადავწყვეტთ“ – გაისმა დამანგრეველი ხმა, რომელსაც წყვდიადის კალთა გადაეფარა.

***

ლუკა ყვირილით წამოხტა ცივი იატაკიდან. შეშინებული იყო და ოფლი წურწურით მოსდიოდა. ეცადა  სიზმარი გაეაზრებინა და ამან კიდევ უფრო აუჩქარა გული. ხმაურზე ხალხს გაეღვიძა, ყველამ ლუკას შეხედა და უკვირდათ თუ როგორ კანკალებდა კუთხეში ამოდენა ვირი.
ლუკა ადგა და იმ დანგრეული შენობიდან გავიდა. ნაბიჯს აუჩქარა, თან უკან იხედებოდა, ელანდებოდა თითქოს ვიღაც მოჰყვებოდა და ყოველ წამს შემოუჭერდა თავის მარწუხებს. ანას სახლთან მივიდა. დააკაკუნა, მაგრამ კარი არავის გაუღია. ისევ დააკაკუნა უფრო მაგრად და რომ არავინ გაუღო იქვე ჩამოჯდა. მაინც ელოდებოდა. შემდეგ კარის ჩხაკუნი გაისმა და კარში ანა გამოჩნდა, მწვანე პლედი ჰქონდა ტანზე შემოხვეული და ფეხშიშველი იყო. ლუკამ ანა ბოლოს რომ ნახა, ის თინეიჯერი გოგო იყო, ახლა კი უკვე ქალი გამხდარა, სილამაზეც არ დაჰკლებია.

-გამარჯობა, ანა! – უთხრა ლუკამ და ფეხზე წამოხტა.

-შემოდი. – უთხრა ანამ და გარემო მოათვალიერა. ლუკას ძალიან გაუკვირდა ასე მარტივად რომ უშვებდა სახლში, მაგრამ მაინც შეჰყვა.

-აბა, რატომ მოხვედი? – უთხრა ანამ.

-რომ შემომიშვი მეგონა იცოდი…

-ანუ, შენც დაგესიზმრა, რომ „მიტოვებულ მთაზე“ წავედით?

-კი, და ვფიქრობ, მართლა უნდა წავიდეთ იქ, გათენებისთანავე.

-რა ჯანდაბას ამბობ? თუ გინდა შენ წადი, მე არსად წამოვალ. – უთხრა ქალმა და პლედი უფრო მჭიდროდ შემოიხვია.

-ვერ ამჩნევ, რომ მსოფლიოში რაღაც საშინელება ხდება? თუ არ წამოხვალ, მე მარტო წავალ და რაღაც არჩევანი რომ ახსენეს, ის საჭიროც აღარ გახდება, რადგან მარტო ვიქნები.

-ჯანდაბას შენი თავი, არ ვიცი რატომ, მაგრამ წამოვალ.

-ძალიან კარგი. – თქვა ლუკამ და გაიღიმა. ანასაც გაეღიმა და ბოლოს ხმამაღალი სიცილი დაიწყეს.

დილამდე ლაპარაკობდნენ. აღმოჩნდა, რომ ანა უფრო მეტ საერთო სიზმრებს ხედავდა, ვიდრე ლუკა და უკვე კარგად იცნობდა მას. ცოტა უცნაური იყო, მაგრამ ისინი ერთმანეთს იმ ფაქტებს ეუბნებოდნენ, რომლებიც სიზმარში გაიგეს ერთიმეორეს შესახებ. ზოგჯერ იცინოდნენ და ისე მხიარულად ლაპარაკობდნენ, თითქოს ყოველ დღენახულობდნენ ერთმანეთს. სინამდვილეში კი, ეს მეორე შეხვედრა იყო.

II

გამარჯობა, მე როლანდი მქვია და 15 წლის ვარ.
ჩანთიდან რვეული ამოვიღე და ამ ყველაფერს ვწერ.
სკოლის შემდეგ მიტოვებული მთისკენ“ გამოვიპარე და აქ რაღაც გამოქვაბული ვნახე. შიგნით შევედი, აქ უცნაური არსებები არიან. ვერ დამინახეს. ქვებს შორის ვარ დამალული და ადგილიდან ვერ ვიძვრი. ისინი გასასვლელთანაც დგანან. ძალიან მეშინია.
უკვე რამდენიმე საათი გავიდა რაც აქ ვარ. ალბათ დედაჩემი ნერვიულობს. ძალიან მწყურია.

ძალიან ცხელა.

მათ სულ ცეცხლი უკიდიათ.

ლამისაა გული გამისკდეს.

მათ რამდენჯერმე წინ ჩამიარეს.

საზარელი სახეები აქვთ.

ასეთი რამე არასდროს მინახავს.

ძალიან დიდი დრო გავიდა.

ფეხზე ადგომას ვერ ვბედავ.

აქ სივიწროვეა.

ფეხებში ჟრუანტელი მივლის.

ძალიან ცუდად ვარ.

რამდენიმე წამით ფეხზე წამოვდექი და სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა. ჩემსკენ მოატრიალეს თავები, მაგრამ დამალვა მოვასწარი.

უიმედოდ ვარ.

არ ვიცი რა ვქნა.

მეშინია.

მოდუნებული ვიყავი, როცა ხმა გაისმა და ყველამ შემოსასვლელისკენ მიაპყრო თვალები, თუ რაც აქვთ. მეც ჩუმად გავიხედე და დავინახე, რომ თითქოს შემოსასვლელი გაფართოვებულიყო, ისინიც უფრო მეტნი არიან და იქიდან ვიღაც მოდის. არა ორნი არიან და არც ცეცხლი უკიდიათ. ისინი ადამიანები არიან. ძალიან მიხარია. იმედია გადავრჩები. ვიღაც ქალი და ახალგაზრდა ბიჭი. ინ ბიჭისთვის სკოლაში მაქვს თვალი მოკრული, იმ ქალს კი პირველად ვხედავ. მათ ძალიან შეეშინდათ და უკან გაბრუნება სცადეს, თუმცა უცებ წარბებს შორის წითელი ნათება გაუჩნდათ და ადგილზე დარჩნენ. მათკენ ის მანათობელი არსებები წავიდნენ და შიგნით შემოიყვანეს.
ცეცხლოვანიარსებები რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. შემდეგ, ქალმა და ბიჭმა კამათი დაიწყეს, მაგრამ მათი სიტყვებიც გაუგებარი იყო, მხოლოდ ბიჭის ხმა გავარჩიე მათ მე ამირჩიეს და მე წავყვები, ანა“.

ბიჭს თავზე რკინის ჩაფხუტი ჩამოაცვეს. მხოლოდ თვალების და პირის ადგილი იყო დარჩენილი. ხელებზე ჯაჭვები მოაბეს და მეორე ბოლო გამოქვაბულის კედლებზე მიამაგრეს. ქალმა უცებ ყვირილი მორთო. საშინელ ხმას გამოცემდა. არ უნდოდა ბიჭისთვის რამე გაეკეთებინათ, ან საერთოდ, რა საჭირო იყო ეს, მაგრამ უცებ მის წარბებს შორის ნათება უფრო აკაშკაშდა და ისიც ჩაწყნარდა. თითქოს ჰიპნოზს თუ რაღაც მსგავსს უკეთებდნენ.
ადგილიდან განძრევასაც არ ვაპირებ. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მათ რკინის რაღაც ჭურჭელი მოიტანეს, მაგრამ შიგთავსი არ ჩანდა. ბიჭს თავი ზემოთ ააწევინეს და პირის და თვალების ადგილას, ლავის მსგავსი სითხე ჩაასხეს. საშინელი სანახაობაა.
ბიჭი მთლიანად აკანკალდა და შემდეგ გაშეშდა. წარმოდგენაც არ მინდოდა ის ლავა რას უზამდა შიგნიდან. სრულიად დაწვავდა.
შემდეგ რაღაც შავი ანაფორა მოიტანეს, ის დიდი იყო და ძალიან ბევრჯერ შემოახვიეს ტანზე.
ყველა მათგანი გასასვლელისკენ წავიდა. ქალიც თან წაიყვანეს. დლებზე წითლად რაღაც ფიგურები ისახებოდა, რუნებს ჰგავდა. ყველაფერი რვეულში გადმოვხატე და ფეხზე წამოვდექი. ბიჭი იქვე ეგდო, გაუნძრევლად.
დიდხანს აღარ შევყოვნებულვარ. მაშინვე გამოვიქეცი იქიდან და სახლში მოკვურცხლე უკანმოუხედავად.
მოგვიანებით, ეს ყველაფრი რაც ვნახე, ზღაპრად მეჩვენებოდა. იმ ქალს რამდენჯერმე მოვკარი თვალი ქუჩაში, ბავშვებს ასეირნებდა, მშვიდად გამოიყურებოდა.
შემდეგ რუნების შესახებ ინფორმაციები მოვიძიე და იმის გაშიფვრა ვცადე, რაც იქ ეწერა. დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

          „ბიჭი სიკვდილად იქცა, რადგან სამყაროს სიკვდილი სჭირდებოდა“

მის ქვეშ კი ასეთი რაღაც ეწერა:

          „ადამიანებმა ამდენხანს იმიტომ იცოცხლეს, რომ
სიკვდილი – მნიშვნელობას სძენს სიცოცხლეს.“

დასასრული.

 

გიორგი მერკვილიშვილი 16 წლის
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა.

 

მე დედამიწიდან არ ვარ, მომშორდით.