გიო მერკვილიშვილი - ქრისტე აღსდგა!
გიო მერკვილიშვილი - ქრისტე აღსდგა!

ბებიაჩემი ბევრ რამეს მიყვებოდა ხოლმე, სოფელში ღუმელთან იჯდა და მელაპარაკებოდა. მეც ჩუმად ვიყავი და ვუსმენდი. ღუმელი ჯერ კიდევ ენთო, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით დათბა, მაგრამ ამაზე კითხვას რომ დავსვამდი, ბაბუა უმალ მიპასუხებდა ხოლმე, შვილო, ცეცხლი აპრილის ბოლომდე მაინც უნდა გენთოსო, ასეა წესიო, მერე დაამატებდა ხოლმე: მარტიც მოვტყან, აპრილიც და ნახევარი მაისიცო” – ამაზე ყველა იცინოდა და ბოლოს ბებია იტყოდა ხოლმე, შეკაცო რა სიტყვებს ამბობ ბოვშთანო.
დღემდე მჯერა, რომ ბებიას ეგონა, იმ ძერაში, რომელიც წიწილებს პარავდა ხოლმე, ერთი ჩვენი მეზობელი იყო ჩასახლებული და იმ უღმერთოს ჩვენი წვრილ-ფეხის მიტაცება უნდოდა. მისი დასკვნები კიდევ ერთ რამედ ღირდა და მთელი დღე შეგეძლო აღსაშფოთებელი ამბების მოსმენა.
ბებია სახლში სააღდგომოდ კვერცხებს ღებავდა და უცებ შუქი ჩაქრა. ეეჰ, უშუქობაო, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა და მოყოლა დაიწყო 1968 წლის ამბების. ჩვენ დროს არ იყო ბებია შუქიო, – მერე პაუზა გააკეთა და გააგრძელა – არც ეს გასართობები იყოო. ოცდაოთხი საათი რო ხარ შემძვრალი იქანა, კომპიუტერში, – სად იყო მაგო. გეიხედე იქანა ვაშლის ძირში – მითხრა და ხელით ფანჯარაში ვაშლისხისკენ მიმითითა. – ბარს და თოხს ხო ხედავ მიყუდებულს, ეგ იყო ჩვენი თამაშობა და საქმეო. ყანაში ვიმუშავებდით და კოლექტივი შრომა დღეებს გვიწერდა, მოსავალი კიდე იმათ მიქონდათო. ასე კიარ იყო, ჰარი-ჰარალოზე რო აბარებენ უნივერსიტეტში, შრომა დღე თუარ გქონდა, ვერც უნივერსიტეტში ჩააბარებდი და კაპიკი იყო შენი ფასიო.

მიყვარდა საღამოობით ძველი ამბების მოსმენა, ყველა ერთად რო ვიკრიბებოდით ხოლმე აგიზგიზებულ ღუმელთან და ხან ნადირობის ამბებს ვისმენდი, ხან კიდევ ბაბუას ჯარის ისტორიებს. კაი მოშარაფე კაცი იყო ბაბუაჩემი და ეს მის ისტორიებშიც მკვეთრად გამოხატული მხარე იყო, თითო პოლიტრა სულ ქონდა გადადებული.
მერე ბაბუამ მუშაობა დაიწყო. ღამით მორიგეობა უწევდა და სახლში დღეების განმავლობაში არ მოდიოდა ხოლმე. ამის გამო, ნელ-ნელა ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ყველას ბაბუასთან. როცა ის სახლში მოდიოდა სულ კამათი იყო. მერე ის მარტო იჯდა ხოლმე და ასე რამდენიმე წელი გაგრძელდა. მერე ისევ წავიდოდა და  დიდხანს აღარ დაბრუნდებოდა ხოლმე სახლში. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მენატრებოდა, მაგრამ მისი სახელის ხსენებაც აღარ შეიძლებოდა უკვე. ერთხელ, კარგა ხნის შემდეგ ბაბუა სახლში მოვიდა. ჩუმად ფარდა მქონდა გადაწეული და ვუთვალთვალებდი, მასთან მისვლა და ხელის ჩამორთმევაც კი არ შეიძლებოდა, ის ხომ სახლში არ იყო ხოლმე, სხვაგან ცხოვრობდა. მეშინოდა მასთან მისვლის, თან მინდოდა, მაგრამ ფარდის უკან ვიმალებოდი.
ამის შემდეგ ბაბუა კარგა ხანს არ გამოჩენილა, არც აღარავის ახსოვდა. მეზობლები თუ იკითხავდნენ ხოლმე ხანდახან, სად არისო, მაგრამ ისინიც წინასწარ ნავარჯიშები, შეწუხებული სახით და თან დაამატებდნენ “დედა, შვილო, შვილო” – დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს, ალბათ ერთ-ერთი ტექსტია იმ ტექსტებიდან, რომელსაც ადამიანს “შეცოდების” გამოსახატავად ეუბნებიან.

მამიდასთან ვიყავი სტუმრად, როდესაც ტელეფონმა დარეკა, მამაჩემი იყო. ძალიან უცნაური ხმა ქონდა. რა ხდებათქო – ვკითხე და ბაბუა გარდაიცვალაო – მითხრა. ელდა მეცა, ვეღარაფერი ვუთხარი, სახე გამეყინა. ტელეფონი ვიღაცას მივეცი, აღარც კი მახსოვს ვის და ერთ წერტილს ვუყურებდი. ვერ წარმომედგინა, ბაბუა, რომელსაც სულ სევდიანი სახე ჰქონდა, როგორ შეიძლებოდა მომკვდარიყო. დიდი კაცი იყო, სიგარეტი და ღვინო უყვარდა, შვილები უყვარდა, შვილიშვილები უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით არასდროს გამოუხატავს ეს. მე კი ვიცოდი, რომ ასე იყო.
შემდეგ მანქანაში ჩავჯექით და ზესტაფონისკენ წავედით, გზაში ხმა არავის ამოუღია. ჩავედით და არც იქ არ გაუღია ვინმეს ხმა. ყველა ჩუმად იჯდა, ყველა ნელ-ნელა იბერებოდა და გასკდომის პირას იყო. ტირილის მოსმენა არ შემეძლო, ამიტომაც სადღაც წავედი. იქ ყველა ძალიან უხეშად იქცეოდა, ამიტომაც მარტო ყოფნა მერჩივნა.
ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა სამძიმარზე. მიკვირდა, ბაბუა როგორ ყვარებიათ-მეთქი.  ექვსი კაცი კუბოს ქვემოდან შესდგომოდა და ეზოში ჩამოიტანეს, უკვე დაკრძალვის დრო იყო და მაშინ სასწაული მოხდა. ეზოში ბებია გამოვიდა და ტირილი დაიწყო. სასწაული სიტყვები თქვა, სასწაული სიყვარული ჩააქსოვა. ერთიანად ჟრუანტელი მივლიდა, ვერ წარმომედგინა ბებია ასეთ ტკივილს თუ გრძნობდა. ბებია და ბაბუა სულ ჩხუბობდნენ, ის სახლში არ იყო, ეს კიდევ ამაზე ლანძღავდა ხოლმე, ერთ ოთახშიც კი არ ეძინათ, ახლა კი ქალი გამოვიდა და ისეთი ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში და სიტყვებში, რომ ყვავილებჩაბღუჯული ეზოში ვიდექი და ცრემლები მომდიოდა. ჭიშკრისკენ შევტრიალდი და პირველი გავვარდი სასაფლაოზე, არ მინდოდა ჩემი ცრემლები ვინმეს შეემჩნია, ეს ძალიან უცნაური იქნებოდა. უკან რომ მოვიხედე მამა და მამიდა ბებიას ეხვეოდნენ, ამან უფრო შემიკუმშა გული და მთელი ხმით ავბღავლდი, ბავშვივით, მაგრამ შვებას მგვრიდა. მერცხლებიც ადრე დაბრუნდნენ თბილი ქვეყნებიდან და იმ დღეს უცნაურად ჭიკჭიკებდნენ.

ისევ ის დრო მინდოდა ყოფილიყო, პატარა რომ ვიყავი და სააღდგომოდ შესაღებ კვერცხებს ვითვლიდი. ბებია ენდროს ამზადებდა შესაღებად, ბაბუა კი იქვე იჯდა და „ასტრას“ ეწეოდა. კვერცხები რომ შეიღებებოდა, ბაბუა კბილით მაგარ კვერცხს ამომირჩევდა და მეც დავურტყამდი ხოლმე.
მერე სასაფლაოზე წავიდოდით ყველა ერთად, ბებია და ბაბუა შვილის საფლავთან ჩაიმუხლავდნენ და გულამღვრეულები სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობდნენ. მე იქვე ვიჯექი და ყველაფერს ვუყურებდი, მერე ბაბუა მოვიდოდა და კვერცხს დაიჭერდა ხოლმე, მანიშნებდა დამიტყიო, მეც ვურტყამდი და რომ ვტეხავდი, ძალიან მიხაროდა.

აღდგომის დღესასწაული იყო, ისევ სასაფლაოზე მივდიოდით და მაშინ გადავაგორე პირველად ბაბუას საფლავზე წითელი კვერცხი. ახლა დარწმუნებული ვიყავი, რომ მამა-შვილი ერთად იყვნენ და ერთმანეთს ღვინის ჭიქებს უჭახუნებდნენ. მერე ხმები მომესმა, „მოგონება იყოსო“. ბევრი ხალხი მოდიოდა და იქ დიდხანს აღარ გავჩერებულვარ. სახლისკენ წავედი, მაგრამ გზას არ გავყოლილვარ, გორაკის ფერდობზე თავქვე დავეშვი და იქ ერთი მოხუცი კაცი შემხვდა, ხელში ჯოხი ეკავა და ქოშინებდა, შემდეგ „ქრისტე აღსდგაო“- გაღიმებული სახით მითხრა. მეც „ჭეშმარიტად“-მეთქი ვუპასუხე.

გიორგი მერკვილიშვილი. 16 წლის.
ზესტაფონი.