გაზაფხულის საღამოა მშვიდი... - ნატალია მათურელი
გაზაფხულის საღამოა მშვიდი... -  ნატალია მათურელი

გინახავთ ისეთი მოსწავლე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სკოლა რომ ეკიდოს წამწამებზე? ასეთი მე ვარ. სკოლის ეზოს ესაზღვრება ჩვენი სახლი, ხოდა ან სკოლას შევყურებ, ანდაც იქ ვარ. ზოგჯერ თვალი ფეხბურთელთა ბაზის სტადიონისკენ გამირბის, ისიც ჩვენს სახლს ესაზღვრება, მაგრამ დაჟინებით იქით ყურება არ შემიძლია! ვერავის დავაჯერებ, რომ ამ მოქუფრულ ზამთარში ძალიან მსიამოვნებს სტადიონის მწვანე ფერი, ჩემთვის სიცოცხლის, ბედნიერებისა და სიმშვიდის მომნიჭებელი. იქ მოვარჯიშე ბიჭებიდან ბევრს ეგონება, ეს გოგო მითვალთვალებსო. ვერ მოგართვით, ბატონებო!

სააღდგომო დღეებში ბაზაც ცარიელი იყო და სკოლაც. ამინდიც მშვენიერი გახლდათ, ხოდა ვიხელთე დრო, შევედი ცარიელ სტადიონზე და მთელი მწვანე ხალიჩა ჩემს საკუთრებად დავიგულე. ჯერ დავჯექი, შემდეგ წამოვწექი და ნება-ნება ვიყურებოდი აქეთ-იქეთ.

მზის სხივები მეფერებოდნენ, სუსტი ნიავიც თითქოს მათ ეჩურჩულებოდა. ძალიან ნუ შეაწუხებთო თქვენი სიმხურვალით (აუ რა თავში ავარდნილი ვარ ნწ, ნწ). სკოლის ფანჯრებს გავხედე, ზოგი მტვრიანი იყო, ზოგიც შიგნიდან მოურთავთ ქაღალდის ორნამენტებით. მზის სხივების ანარეკლი შუშებზე საოცარ მოზაიკას ქმნიდა. მოულოდნელად ცაში თვითმფრინავი გამოჩნდა. ყურებში საკუთარი ხმა ჩამესმა დედაა, დედააა. სწორედ ასეთი რეაქცია მქონდა ღრმა ბავშვობაში, როდესაც პირველად დავინახე იგი და ჩემმა ღრიალმა ყველას ყურადღება მიიქცია. გამეცინა, ფიქრმა კი გზა გააგრძელა და სამყაროს მოვწყდი, წარსულში გადავსახლდი და ბავშვობისდროინდელმა (თითქოს ახლა დიდი ვიყო) ბევრმა კურიოზმა ნავივით დაიწყო ტივტივი მეხსიერების მდინარეში.

გამახსენდა საბავშვო ბაღის პერიოდი, როდესაც მინდოდა ყველაზე განსხვავებული ვყოფილიყავი. რასაც მეტყოდნენ არაფერს არ ვიჯერებდი და საწინააღმდეგოდ ვიქცეოდი. ალბათ, ეს მეგონა განსხვავებულობა.

ერთხელ, როდესაც მასწავლებელი მარჯვენა-მარცხენას გარჩევას გვასწავლიდა, გვთხოვა ყველას აგვეწია მარჯვენა ხელი. მე, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო გავაკეთე და მარცხენა ავწიე, აბა მარჯვენას ხომ არ ავწევდი ისე, როგორც ყველა. მე განსხვავებული ვიყავი დანარჩენებისგან. მასწავლებელმა ვერაფრით ვერ დამიმორჩილა და თავი დამანება. ალბათ, ისიც მიხვდა, რომ სხვანაირად ვაზროვნებდი. ხმამაღლა გამეცინა საკუთარ თავზე და კიდევ იცით რაზე? ვაღიარებ, რომ ახლაც ასეთი ვარ, ისევ ძალიან მინდა, რომ ყველასგან განსხვავებული ვიყო. არ ვიცი როგორ, მაგრამ მინდა, არავის ვგავდე. (ერთადერთი და განუმეორებელი,- დავცინე საკუთარ თავს)

-რას ჭიხვინებ ნატა? ვერ ხედავ შენი წყალობით ხეებს ერთი ჩიტიც არ შერჩა.- შემომიტია უცებ ვიღაცის ხმამ. შევკრთი, ჩემი სკოლელი იყო. არ მესიამოვნა მოგონებებისგან თავის დაღწევა. თითქოს ვიღაცამ კარი შემოგლიჯა ჩემს თავში, მაგრამ ხომ არაფერს შევიმჩნევდი. ვეღარც იქ დავრჩებოდი, არც საუბრის სურვილი მქონდა, ამიტომ ავდექი ფეხზე, გავუღიმე და წავიღიღინე „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.“

ნატალია მათურელი, 16 წლის. თბილისის მე-6 საჯარო სკოლა.

დატოვე კომენტარი