ზაფხული, ეს წელიწადის ყველაზე ცუდი დროა. რატო?! იმიტომ რომ მამაჩემი ზაფხულში ფულს არ მიგზავნის, საქმე არ გაქვს უნდა იმუშაოო, დამოუკიდებელ ცხოვრებას მაჩვევს მაშინ, როცა არც კი იცის რამდენი წლის ვარ. ოცდაერთი აგვისტოა და ჯერ ვერცერთ კაფეში ვერ დავიწყე მუშაობა. სადაც კი გასაუბრებაზე მივდივარ, ყველას გიჟი ვგონივარ. განა იმიტომ რომ ნორმალურად მოქცევა არ შემიძლია, არა, უბრალოდ ვიცი, კაფე ჩემი საქმე არაა. ყველა გასაუბრების შემდეგ მეუბნებიან, რომ დამიკავშირდებიან, ჩემს ტელეფონსაც კი იწერენ, თავი რომ მომაჩვენონ თითქოს მართლა აპირებდნენ დარეკვას. ჰოდა ასე, რა ვიღონო არ ვიცი. ვზივარ ნაქირავებ ბინაში (ქირა ორი თვეა არ გადამიხდია და მეპატრონეს ვემალები) სკამზე და ვწერ რაღაც სისულელეებს იმის მაგვივრად, რომ სამსახური ვეძებო. მოკლედ, უნდა წავიდე, რამე მოვნახო, თორემ სულ წასულია ჩემი საქმე.
გარეთ გავდივარ და ვნანობ, რომ დავიბადე. რატომ გამაჩინა ნეტავი დედაჩემმა?! რას მერჩოდა, ამ ცხოვრებისთვის რომ მიმეტებდა?! საშინელებაა პირდაპირ. ზაფხული, აგვისტოს მწველი მზე, საშინლად ცხელი ქარი, რომელსაც ქვიშა მოყვება და თვალებში გეყრება. რაღა ჯოჯოხეთში ვყოფილვარ და რაღა აქ. ცხოვრება რომ საშინელი რამაა ამაზე არ შემეკამათოთ და არ დამიწყოთ ახლა ფილოსოფოსობა და ამბავი…. თუ იბადები განწირული ხარ უბედურებისთვის. თუ არ იბადები, უბრალოდ არ ხარ, არც ცხოვრება გიწევს და არც სიკვდილი. დამიჯერეთ, ასე ჯობია. ძნელია სიკვდილი, ცხოვრებას რომ შეიყვარებ და იგრძნობ. მოკლედ, ქუჩაში უბედური გავდივარ და უფრო ვუბედურდები. ერთი მოხუცი ქალი მეკიდება და მთხოვს დავეხმარო. მე მთელ ხმაზე ვხარხარებ და ბებოს ვაშინებ, ამიტომ მშორდება და სხვა მსხვერპლს ირჩევს. მე გზას ვაგრძელებ და ორ წამში, გვერდით ვიღაც მიდგება.
-ჰეი, კარგი სტრატეგიაა მათხოვრების მოსაცილებლად.
გოგოა. ასე ოცი-ოცდაერთი წლის იქნება. ჩემზე ოდნავ მაღალია და შავი, ჩახუჭუჭებული თმა, სასიამოვნო ყავისფერი კანი და მწვანე თვალები აქვს. გაშტერებული ვუყურებ. გოგო თითებს ატკაცუნებს და ფიქრებიდან მაფხიზლებს.
– გიცნობთ?- ვეკითხები თავაზიანად.
– ნწ. პირველად გხედავ, ისევე როგორც შენ მხედავ პირველად. უბრალოდ საინეტრესო ტიპი ჩანხარ. ყველას ხომ არ აცვია ცალ-ცალი ფეხსაცმელი.
ფეხებზე ვიხედები. გოგო არ ტყუის. სიჩქარეში ალბათ ამერია, ერთ ფეხზე შავი, მეორეზე კი წითელი კონვერსები მაცვია, ან სულაც შეიძლება ყოველდღე ასე მაცვია. ზუსტად ვერ გეტყვით.
– ჰეი, მისმენ?
– კი, კი.
-მე ნინა მქვია, შენ?
– ნოე.
– მაგარი სახელია. ნოე, რას საქმიანობ?
-რავი, არაფერს. ახლა მივდიოდი სამსახურის საშოვნელად,- გზას ვაგრძელებთ და ისე ვსაუბრობთ ,-უი, თუ იცი რამე მითხარი…
– ჰმ, არაა, არსად მეგულება. კაფეში წადი მანდ სულ სჭირდებათ ვინმე.
– ვცადე, მაგრამ ჩემი საქმე არაა, ხომ გესმის?!
– ჰოო, ეგ ცუდია, ან კარგი.
– წამო, წამომყევი. მარტო სიარული მეზარება.
-არ მიცნობ, იქნებ კრიმინალი ვარ.
-მომკლავ? ამდენ ხალხში? რაღაც არ მგონია.
– კარგი, წამო. მერე ისევ გაგიმეორებ კითხვას.
– რომელ კითხვას? -პასუხს არ მცემს.
დაახლოებით ორი კვარტლის იქით, ზებრა გადასასვლელთან ნინა ფეხმოტეხილ ბეღურას ამჩნევს. მისკენ მირბის და ხელში აჰყავს. ბეღურა მეცოდება, მაგრამ ახლა ჩემი უმუშევრობის ამბავი უფრო მადარდებს. ამას, რაღა თქმა უნდა, არ ვამბობ. ბეღურას ახლა მე ვიყვან ხელში და ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს ძალიან მანაღვლებს მისი ფეხი. წამით მსახიობობაზეც ვფიქრობ.
– ნახე რა საწყალია. ძალიან მეცოდება, ლამისაა იტიროს, აქვე ცხოვრობ?
– კი და მერე რა?
– იქნებ შენთან წაგვეყვანა და ფეხი შეგვეხვია?
-ესღა მაკლდა….
რა უნდა ვთქვა, მე ხომ ბეღურების გადამრჩენელი სუპერგმირი ვარ. სახლში მიგვყავს და ფეხს ვუხვევ. ნინა ტელევიზორს რთავს და ბეღურისთვის „საწოლს“ ამზადებს. ჩემს საქმეს ვრჩები და ბეღურას დივანზე ვასკუპებ.
– კარგია, ნამდვილი გმირი ხარ, -მეუბნება ნინა, -ახლა მოდი, შენს სამსახურს მივხედოთ. კომპიუტერი გაქვს?
ლეპტოპს ვაწვდი. ის მტვერს აშორებს და რთავს. ცოტათი მიკვირს, რომ ირთვება. ორი წამი შიგ იქექება.
-აი, ვიპოვე. თეატრში, ამ ქუჩის ბოლოს, დეკორატორი სჭირდებათ.
– იცი რა, მე…
– არაფერი შენ.. აბა ეს ყველაფერი ვინ გააკეთა?-ოთახზე მანიშნებს, რომელიც სავსეა ჩემი დეკორაციებით… რას არ ნახავთ.
– ჰო, კარგი, მაგრამ იცოდე თუ გამომაგდებენ, შენი ბრალი იქნება.
– ჯერ მიგიღონ,-იცინის და კართან დგება.
ქუჩაში გავდივართ და ყველაფერი თავიდან იწყება. ისევ ფეხნატკენი ფრინველი. ამ ბეღურებს ნამდვილად არ სურთ, რომ სამსახური ვიშოვო. გვერდს ვუვლი და არაფერს ვიმჩნევ იმ იმედით, რომ ნინაც ვერ შეამჩნევს ჩიტს, მაგრამ ამაოდ. ამ ბეღურასაც ვმკურნალობ და წინას ვუსვამ გვერდით, რომელიც რემბოს უყურებს. მოკლედ, ცხოვრების რიტმს ვიცვლი, უფრო სწორად ჩიტები მიცვლიან. სანამ თეატრამდე მივალთ კიდევ ოთხ ბეღურას ვაწყდებით. ნინა არ იმჩნევს, მაგრამ სახეზე ეტყობა ძალიან დაიღალა აქეთ-იქით სიარულით. დღე მიდის, მე კი ყველაფერს ვაკეთებ სამსახურის ძებნის გარდა. ბეღურებს ფეხს ვუხვევ და მერე რემბოს ვაყურებინებ, სადარბაზოში ჩემი ჭორიკანა მეზობელი ცოლ-ქმარის ლაქლაქს და გაუთავებელ შეკითხვებს ვუძლებ და ნინას დამცინავ კომენტარებს ვიტან. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს თეატრამდე ვაღწევთ და შიგნით შევდივართ. თანამშრომელს, რომელიც ბუბლიკს მიირთმევს, ვეკითხები, სად უნდა გავიარო გასაუბრება დეკორატორის ვაკანსიაზე. ის რეჟისორის კაბინეტამდე მაცილებს. რეჟისორის კაბინეტი ყუთს გავს, ერთი ფანჯრით, რომელსაც ნახევრად მთელი მინა ამშვენებს. რეჟისორი უზარმაზარი კაცია, თავზე სომბრეროთი და ფართო ყვავილებიანი შარვლით. გვესალმება და მორყეულ სკამებზე მიგვითითებს- დაბრძანდითო. როცა უსაფრთხო პოზიციას ვპოულობთ და ვრწმუნდებით, რომ არ გადავქანდებით, რეჟისორს ვეუბნები ვინ ვარ და რა მინდა.
– ოო, ბატონო ნოე. ჩვენ მართლაც გვჭირდება დეკორატორი, მაგრამ თქვენი ნამუშევრები უნდა შევაფასოთ ჯერ. -ვიბნევი.
რა სულელი ვარ, ეს როგორ გამომეპარა. პირს ვაღებ რაღაცის სათქმელად, მაგრამ ნინა მასწრებს.
– დიახ, ახლავე.
-ჩანთიდან ჩემს ლეპტოპს იღებს და მას ჩემს ნამუშევრებს აჩვენებს. რეჟისორს მოსწონს ჩემი დეკორაციები და მეუბნება, რომ დამიკავშირდება. მე და ნინა სახლში მივდივართ.
– ნოე, ცოტათი ჩქარა იარე. ბეღურები ცოდოები არიან მარტო.
– რატომ? არამგონია რემბო ჯერ დაესრულებინათ.
– კარგი რა! სწრაფად იარე!
ვოხრავ და ნაბიჯებს ვაჩქარებ. სახლის კარი ღია გვხვდება. ნინა შიშობს ქურდი არ იყოს შიგნითო, მე კი თითებს ვაჯვარედინებ, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლდეს. მაგრამ არაფერი გამოდის. ბინაში მეპატრონე გვხვდება, რომელიც ბეღურებთან ერთად ტელევიზორს უყურებს,
-გამარჯობა მისის დაუტ, როგორ ბრძანდებით? -ვეკითხები შეშინებული. ფეხზე დგება და ჩემკენ მოდის.
– გამარჯობა მისტერ ნოე. არამიშავს. მაგრამ უკეთ ვიქნები თუ ჩემს ბინაში შენს მტვერს აღარ ვნახავ.
– იცით რა, მის დაუტ ძალიან ვწუხვარ….
– არა, ძვირფასო, შენ კი არა მე ვწუხვარ აქედან რომ გაგდებ. ახლავე ჩაალაგე შენი ნივთები და ვეტერინარული კლინიკა სხვაგან გადაიტანე.
შეწინააღმდეგებას ვერ ვუბედავ. ნინა ჩალაგებაში მეხმარება. მისის დაუტი ბეღურებისთვის ყუთს მჩუქნის და ბინიდან გამოვდივართ. ვაცნობიერებ, რომ ღამეა მე კი წასასვლელი არსად მაქვს. ნინას ავტობუსის გაჩერებასთან მივყავარ.
– სად მივდივართ? -ვეკითხები ნინას.
– ჩემთან.
– არ არის საჭირო..
– სხვაგან გაქვს წასასვლელი?! -ვჩუმდები,-ჰოდა ასე, გადაწყვეტილია.
ავტობუსში ავდივართ და ერთი ხანშიშესული ქალბატონის გვერდით ვსხდებით, რომელიც აშკარად უკმაყოფილოა ამით. დგება და უკანა რიგში ჯდება. ნინას უხარია ბეღურებისთვის ადგილის გამოჩენა. ჩემი ტელეფონი რეკავს და ჰოი, საოცრებავ, რეჟისორია. თურმე მართლა ურეკავენ ხალხს გასაუბრების შემდეგ. მეუბნება, რომ სამსახურში აყვანილი ვარ და ორშაბათს არ დავაგვიანო.
– აგიყვანეს? -მეკითხება ნინა.
– კი.
– ასეც ვიცოდი. მაგარია.
– უფრო სასწაული.
ეცინება, მაგრამ უცებ სერიოზულ სახეს იღებს და მეკითხება.
-აბა, ბატონო ნოე, შეგიძლიათ მცირე ინფორაცია მომაწოდოთ თქვენი საქმიოანობასთან შესახებ?
მე მეღიმება და ვპასუხობ: -იცით რა, მე ერთ-ერთ პრესტიჟულ და ცნობილ თეატრში ვმუშაობ, დეკორატორი ვარ.
– ვაუ, მართლა? და კიდევ?
– კიდევ? კიდევ ბეღურებს ვუვლი, – ამაზე ხარხარებს და დასერიოზულებას აღარ აპირებს.
ვგრძნობ, რომ ამ დღის გამო ღირდა ცხოვრება. ყველას გისურვებთ, იმ დღის მალე დადგომას, რომელიც ცხოვრებას შეგაყვარებთ. კეთილი სურვილებით, ნოე.
2017 წლის 21 აგვისტო.
ანა ციხელაშვილი 15 წლის
ბათუმის კერძო სკოლა ევრო 2000