ანი დიდიშვილი - ვენგენი
ანი დიდიშვილი - ვენგენი

თუ ოდესმე ისეთ საზოგადოებაში მოხვედრის ღირსი გახდებით, სადაც იდიოტი იდიოტურს როშავს, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია.

მართლაც, ყველა ადამიანი უნიკალურია… (ნებისმიერ ასპექტში).

*   *   *

იოანე, რომლის არსებობაც დედამიწაზე ორიოდ ათეულ წელს ითვლის, კომფორტულად წამოჭიმულა პუფში და თვალს ადევნებს მის წინ მსხდომ მისსავე თანამემამულეებს, რომელთაგან ერთ-ერთი საკუთარი ლექსიკური მარაგის მინიმუმ 80%-ს იყენებს, რათა მის წინ გადაშლილი მინდორ-ველის ესთეტიურობა ობიექტურად აღწეროს. აღწერს რა ყოველივეს, აღმართავს კუთვნილ სასმისს, წამიერად დატკბება თავისი ნაბოდვარით, თვალს ირგვლივ, მართლაც რომ მისტიური სილამაზით შესუდრულ არემარეს მოავლებს, შემდეგ ბრძნული,  სიამაყეშეპარული და ცალყბაგაღიმებული იერით, ომახიანად ჩაილაპარაკებს: რა ლამაზია ეს დედამოტყნულიო და დაცლის ,,განსხვავებულს,, უკანასკნელ წვეთამდე, დანარჩენებიც წინამძღოლის საქციელს გაიმეორებენ, ვითარცა მისაბაძ, ღირსეულ ჟესტს.

ეს ალგორითმი სადღეგრძელოა, მეგობრებო. სადღეგრძელო, რომელმაც გაიჟღერა დავითისა და თამარის, აკაკისა და ილიას, გურამიშვილისა და რუსთველის ქვეყანაში, იმ მიწაზე,  სადაც ოდესღაც ფეხშიშველი უვლია წმინდა ნინოს…

მართლაც, ღმერთმანი, რა საკადრისია იმის არცოდნა, თუ რაში მდგომარეობს ღიპიან, სამშობლოს სიყვარულით აღგზნებულ, ფსევდოპატრიოტ, ჭამა-სმის უზადო მოყვარულ მამრთა დაუწერელი კანონი: ნუთუ შეზარხოშების ჟამს დასაშვებია სადღეგრძელო დაილიოს გინების გარეშე?!

ნააჰ, არაუშავს, ყველა ადამიანი უნიკალურია.

საზოგადოდ, სადღეგრძელოს წარმოთქმის კულტურა რამდენიმე ასწლეულის წინ იღებს სათავეს. ბაგეებიდან იმ   სიტყვების ნიაღვარი ჩქეფს, რომელთა წყალობითაც ვლოცავთ ყველას და ყველაფერს, ყველასთან და ყველგან, ყველანაირად, ყოველთვის და ყველაფრით. მოკლედ, გააჩნია სად და როდის აღმოჩნდება ჩვენი, სხვა მოკვდავთაგან განსხვავებული სხეული. სამწუხაროდ, დრო ამ ფენომენს მისი დინების პარალელურად უფროდაუფრო ამახინჯებს. ზემოთ წარმოთქმულის მსგავს სადღეგრძელოთა ზეობაა XXI საუკუნე, პარადოქსული ანომალიით დახუნძლული: უფლის, ბუნების, სამშობლოს, ერის, ბერის თუ დედის სადღეგრძელოს ბონუსად მოჰყვება მამაპაპური გინება. ეს არის ჩვენი სამყაროსადმი სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი (უჩვეულო) ფორმა.

ვერაფერს დავამატებთ. იოანეს ცხოვრების აგერ უკვე მერამდენე დღე 0%-იანი მონოტონურობით დაიწყო. გაგონილითა და ნანახით აღფრთოვანებული ბიჭის გულს ერთადერთი რამ ედებოდა მალამოდ. სასიამოვნო ფაქტი, რომ ამ კამპანიასთან ახლოს პირველად და, დიდი ალბათობით, უკანასკნელად უწევდა რამდენიმეწუთიანი თანაარსებობა. ადგა, სიგარეტს მოუკიდა, დაიწყო ნელი, მსუბუქი ნაბიჯებით სვლა იდუმალი ილტოს ქვა-ღორღიან, ველური მშვენიერებით შემკულ, ვიწრო შარაგზაზე და დაიწყო ფიქრი – უმთავრესი საქმიანობა მისი არსობის ჟამს. უფიქრია ყველაფერზე, რაც მის დიდრონ თვალებს ყოფიერებაში დაულანდავს, რასაც სათავე ან მოლეკულური სტრუქტურა აქვს, რაც სამ განზომილებაში თუ ილუზიაში უხილავს, რასაც მისი გონებრივი დიაპაზონი წამის მეასედში მისწვდომია. მისი გონება კი, ამდენი რომ ძალუძს, უსაზღვროდაა დასაზღვრული. ეს არის გალაქტიკის მიერ შთანთქმული სივრცე, სადაც სიტყვას ,,უტოპია,, მნიშვნელობა დაუკარგავს და საერთოდაც გამქრალა, ერთადერთი ადგილი, სადაც უსარგებლია თავისუფლების ნეტარი უფლებით, სადაც შეუძლებელია რაიმე შეუძლებლის დღეგრძელობა. ესა ვაკუუმი, რომელიც იძლევა, მისი კუმირის, ილონ მასკის მსგავსად საკუთარი მანქანის მარსზე გაშვების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მისი მიღწევები შემოიფარგლება ალისფერ პლანეტაზე სახელის ,,იოანე შერვაშიძე,, გაგზავნით. ამ უკანასკნელს კიდევ არაუშავს, თუ ყურადღების ღირსად ჩავთვლით იოანეს შესაშურ თვისებას, საკუთარ თავს პერიოდულად შეახსენოს უბრალო და ესოდენ მარტივად შესამჩნევი ჭეშმარიტება – თუ ერთმა შეძლო, შეძლებს მეორეც! სწორედ ეს განაპირობებს ჯერ კიდევ მკრთალად მოკიაფე იმედის სხივის არსებობას მის გულში. დაარტყა ერთი ნაფაზი, მეორე, მესამე და ა.შ. პარალელურად გადაეშვა აზრთა მორევში. წყნარი ოკეანის ფსკერზე ჩაძირული მზის შუაგულში აღმოჩნდა. უნებლიედ, დაუკითხავად გაიფართოვა თვალსაწიერი. სადღაც, ყოფიერების 90 გრადუსიან კუთხეში დალანდა დაბურული, ძლივსშესამჩნევი დროის მნიშვნელობა.

ჩვეული, დინჯი ნაბიჯებით მიიკვლევს მდინარისკენ მიმავალ გზას იოანე და აანალიზებს, რომ დრო დედამიწაზე გრავიტაციის ძალით მოსიარულე, გონებრივად განვითარებული ინდივიდების, ადამიანების შემოქმედების ნაყოფია. შთაგონებული არაფრისგან არაფრით – ყველანაირი მიწიერი ხელსაწყოსა და რესურსის გარეშე. ისე, უბრალოდ, ბრახ! და, ჰოი, საოცრებავ!  ადამისა და ევას შთამომავლებმა, ამოუცნობი, იდუმალი ძალის ძლიერი ბიძგით სული შთაბერეს დროს – კოსმოკრატორს უდიდესი გზნებით მოჯადოებულ, ქაოსურ ყოფიერებაში, იმას რაც დღემდე მარადიული რევანშით ასრულებს ანარქიასთან მუდმივადგანახლებად ბრძოლას… უცნაურია, მატერიამ, რომლის გაცამტვერებაც, მისი ირეალური არსიდან გამომდინარე, არაფერს ძალუძს (შავი ხვრელი დააიგნორეთ, ეგ არ ითვლება), მატერია, რომლის დაბადების მაგიური წამიც და ადგილიც დედამიწის პირმშოთათვის შეუცნობელია, როგორ ახერხებს ასე ღრმად შემოჭრას ამ უკიდეგანო სამყაროში? ნეტავ, როგორ…

ის წუთი გაშეშებულიყო, როცა იოანეს ყოველ ორგანოს უჯრედითურთ, განურჩევლად ფუნქციისა, მიეღწია იდეალური, წამიერი იდილიისთვის, რომ ტანში უსიამოვნო ჟრჟოლა იგრძნო, ერთბაშად გამოვიდა ექსტაზიდან ასე ანაზდად რომ შეცურა. ვიბრაციაზე დაყენებული ტელეფონი რეკავდა, უფრო სწორად ლუკა. რეკავდა, რადგან დასახმარებლად გამოწვდილ თუნდაც ერთ ხელს საჭიროებდა. ეს უბრალო და ჩვეული ოპერაციაა ამ ჟამიანობაში, მხოლოდ მაშინ ამოტივტივდება ხსოვნა შენი არსებობისა ვინმეს გონების მიუწვდომელ ადგილას, როცა შენივე შესაძლებლობები, თუნდაც მწირი, სასარგებლოა, ახსენდები ჭირში. აბა ლხინის დროს ჯანდაბამდეც გზა გქონია, არავის კომპეტენციას არ წარმოადგენს ბედნიერების ვინმესთვის გაზიარება. დღევანდელობა ხომ ასეა გაჟღენთილი ეგოისტებით.  სევდა კიდევ სხვა განზომილებაა, სევდის დროს ილხინე, იმდენს უნაწილებენ, მერე თვითონაც აღარ რჩებათ თავიანთი ულუფა ჭირი.

ამ ორ, პოტენციურ ახალგაზრდას შორის გამართული დიალოგი იმდენად ხანმოკლე და ფუჭი გახლდათ, რომ არ ღირს მისი დეტალურად გადმოცემა.

მდინარისკენ მიმავალი გზის სურნელი არასდროს შთანთქმულა უგზო-უკვლოდ იოანეს ხსოვნაში. ეს იყო ვანილის, ალუბლის,  მაგნოლიისა და სტრატოსფეროდან მონაქროლი თბილი, ონდავ სიგრილეშეპარული სიოს ფაქიზი სურნელების ნაზავი. იმდენ ფლაკონში ჩატუმბავდა ამ არომატს იოანე, რამდენი ვარსკვლავიც გაეჯიბრებოდა მთვარეს კიაფობაში ვენგენის ცაზე შეღამებისას, რამდენი ადამიანიც გაირჭობდა ყურებში ყურსასმენებს და გაივლიდა ხარისხიანი, ღირსეული მუსიკით გაჩენილ ტრანსში, რამდენი ადამიანიც ეტყოდა იმ საღამოს მეორეს, სიტყვას ,,მიყვარხარ,,.  ვენგენში ასეთები ალბათ უხვად იარსებებდნენ.

მდინარეს ისე მიუახლოვდა იოანე, რომ უკვე დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა კამკამა წყალში საკუთარი ანაგობის ხილვა.  შორიახლოს, ასი გაზაფხულის მნახველი მუხის ჩრდილში სადღაც თხუთმეტიოდე წლის გოგონა, ქერა კულულები რომ ჩამოშლოდა ზურმუხტისფერ კაბაზე, დიდი ენთუზიაზმითა და მოთმინებით ეთამაშებოდა ქათქათა ბალნით დაფარულ ძაღლს.

ამ მომხიბვლელი სცენის შემყურე იოანეს გონებამ თვითნებურად აიღო ფრთა, მსუბუქად ამოავლო რძისფერ, ოდნავ შინდისფერგადაკრულ მელანში და დაიწყო წერა: დედამიწის შვილობილთაგან ბევრს ხელეწიფება მშვენიერებით ტკბობა, თუმცა იმ მოკვდავთა პროცენტული მაჩვენებელი, ვისთვისაც სილამაზის აღქმა და გათვიცნობიერება მრავალჯერ ნაგემი ხილია, ალბათ რომელიმე ციფრის იდენტურია. სამწუხაროა, ხალხი ხედავს, რომ ლამაზია, მაგრამ უფრო შორს არ მიდის, არ აინტერესებს რა განაპირობებს მშვენიერებას. ზოგს არ აინტერესებს, ზოგს ეზარება ფიქრი, არიან ისეთებიც, ვინც ეძიებენ, თუმცა როდი ჰპოვებენ პასუხს. ეს უკანასკნელნი გახლავთ ნაკლებად ერუდირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელთა ფაქიზი სულისთვის ერთხელაც არ შემოუტევია ეგზისტენციალიზმს.

ნააჰ, რა გაეწყობა, ყველანი უნიკალურები ვართ.

იოანესთვის ყოველი ძაღლი შორეული წარსულის, უკვე კარგად მიძინებულ მოგონებას აღვიძებდა. ლავასავით ამოფეთქავდა ძაღლის, წლების წინ ნანახი, ქათქათა ეშვების ლანდი, წამებში რომ ჩაესო მარცხენა ფეხში. ახლაც, ეს ძაღლი ეტყობა დიდი სიმპათიით არ განიმსჭვალა უცნობის მიმართ, რადგან გადაწყვიტა უეცრად, სწრაფი ნაბიჯებით მიგებებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს. რასაკვირველია, იოანე არც განძრეულა, გაბრუებულიყო და ხედავდა, საშიში (იმ წუთას) არსება მისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით როგორ მირბოდა, საეჭვოა კეთილი ზრახვებით. ისევ იდგა იოანე და ელოდა იმ ნანატრ წუთს, წარსულის გადახვეული კადრივით რომ ჩაივლიდა აწმყოში, კანში ჩასობილი ეშვები ტკივილის უსიამო გაელვებას სხეულში, ხმამაღლა ღრიალს, მიწაზე გაშხლართვასა და უცნობ ადგილას გაღვიძებას უქადდა.

– ,,ჰოლდენ, სწრაფად დაბრუნდი, უზრდელობაა ეგ!“ – დინჯი, ბრაზშეპარული ხმით მიმართა გოგონამ ადამიანთა ერთგულ არსებას. ძაღლი თვინიერი აღმოჩნდა, წამის მეასედში დაემორჩილა პატრონს და ზანტი ნაბიჯებითა და უკმაყოფილო სახით გოგოსკენ გაემართა.

იოანე გადაურჩა უფრო თავის ილუზიურ შიშს,  ვიდრე რეალურ საფრთხეს. გოგონამ კი ალბათ შეამჩნია მასზე წლებით უფროსი ვაჟის შეშინებული გამომეტყველება, რომელშიც, თავის მხრივ ერთიანდებოდა ჯერ კიდევ დაღებული პირი და გაფართოებული თვალები. ამიტომაც, მისკენ წავიდა დასამშვიდებლად.

– ,,ბოდიში, საერთოდ ასე არ იქცევა ხოლმე“  – ისეთი ხმითა და გამომეტყველებით წარმოთქვა ამ სიტყვათაგან ყოველი, რომ დედამიწის ზურგზე სულიერი ვერ ამოიცნობდა, გულწრფელი მოტივები ამოძრავებდა თუ ზრდილობის მიზნით განახორციელა ეს ჟესტი.

იოანეს გონება კი მოენუსხა ქალიშვილის უმანკო თვალებს, რომლისთვისაც შემოქმედს არ დაჰნანებია უხვი წამწამები და რომელსაც ჯერ კიდევ არ უხილავს ამ წუთისოფლის ნაკლოვანებანი. ლამაზი თვალები იოანეს სუსტ მხარეს წარმოადგენდა, ამიტომ სახის დანარჩენი ნაკვთები ბიჭის ყურადღების მიღმა დარჩა. თვალები უყვარდა, რადგან თანამოსაუბრეს მუდამ უშუალოდ იქ უცქერდა და ყოველ ჯერზე ცდილობდა დაენახა მათში მესაკუთრეთა სულის ანარეკლი. მას არ სწამდა, რომ ადამიანები, რომელთათვისაც ბუნებას დაუმადლებია მრავლისმეტყველი თვალები, რომელთაგან ესთეტიკურობა უხვად ჟონავდა, შეიძლებოდა ავხორცნი ყოფილიყვნენ. თვალები ხომ სწორედ კეთილშობილების მეოხებით ანათებენ. გოგონამ (რომელსაც მოგვიანებით გაირკვა, რომ ბარარე ერქვა) დადებითი ემოცია აღუძრა ვაჟს. ზოგადად, იოანესთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც სხვა დედის პირმშო დაუტოვებს პირველად ხილვისას. მისი გადასაწყვეტია ღირს თუ არა ვინმესთან ჩაძმაკაცება. ზურმუხტისფერკაბიანი ბარბარე კიდევ კარგი ტიპი ჩანდა (ჯერ-ჯერობით, ყოველ შემთხვევაში), სხვა თუ არაფერი, ისიც ხომ უნიკალურობის ნიმუშს წარმოადგენდა.

– ,,არაუშავს. ძაღლს ჰოლდენი რატომ ჰქვია?“ – მართლაც, ნუთუ კოლფილდს უკავშირდება ზემოთხსენებული სახელი.

გოგონამ ცალყბად გაიღიმა და მიუგო:

– ,,შეგიძლია მითხრა, სად მიდიან იხვები“

– ,,როცა ზამთარში ტბორი იყინება“ – ღიმილით გაწყვეტინა იოანემ აწ უკვე დასრულებული ფრაზა. – ,,ახლა გასაგებია, ბევრს კითხულობ?“ – ეს უკანასკნელიც სპონტანურად ჰკითხა.

– ,,ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში.“ – წუთიერი დუმილის შემდეგ კვლავ განაგრძო – ,,ჩვენი ცხოვრების საბოლოო რიტმს პატარ-პატარა ნიუანსები აყალიბებენ. ერთხელ, მთელი სკოლიდან ავდექით ბავშვები და მივდივართ თბილისში. სპრინტერში ყოფნისას გვერდით დამიჯდა პარალელური კლასელი, ათოსანი გოგონა. ავდექი და ჩემო ელენე, რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული-თქო, ერთი ორმოცდაათი? ვკითხე. ელენემ გაიკვირვა, კი, კაცო ორმოცდაათი როგორ არ მაქო. კარგი, ახლა ცოტა შევშინდი. ეს იმაზე მაგარი ბავშვი ყოფილა ვიდრე მე მეგონა-თქო გავიფიქრე და მეორედ ვკითხე: ,,აბა ასი?“ კი, ასი მექნებაო. ჩამოვედით თბილისიდან, მივედი სახლში< მივუჯექი მაგიდას და ჩამოვწერე ჩემ მიერ წაკითხული წიგნების სათაურები და საკმაოდ სოლიდური რიცხვი მივიღე, საკმაოდ! მთელი ოცი წიგნი. შემრცხვა, მარტო ვიყავი და მაინც შემრცხვა, საკუთარი თავის შემრცხვა, როცა გავაცნობიერე რომ იმ ადამიანს, რომელსაც დედამიწაზე ჩემზე რამდენიმე ათეული დღით ნაკლები ჰქონდა გატარებული, წაეკითხა ჩემზე 5-ჯერ მეტი წიგნი, არც 2-ჯერ არც 3-ჯერ, 5-ჯერ მეტი. მეორე დღეს გავედი ბიბლიოთეკაში გამოვიტანე ერთი წიგნი, მერე მეორე, მესამე და მაგის მერე ვისრუტავ ყველაფერს შეძლებისდაგვარად.

იოანე ყოველ გოგოს საკუთარი შეყვარებულის, მაგდას ემოციური დიაპაზონით ზომავდა. ამიტომ უკვირდა, რატომ იყო ბარბარე ასე გულწრფელი 15 წუთის წინ გაცნობილ ბიჭთან, მაგდა ახლაც კი არ ანდობდა თავისი მეობის ზოგიერთ ფრაქტალს,  ჯერ კიდევ შეუვსებელი ფაზლი იყო.  და მაინც, მოეწონა ლიბერალი ბარბარე ალტრუისტული, და ამავდროულად, ჰედონისტური ელემენტებით თავის ხასიათში, რომლისთვისაც ჰოლდენ კოლფილდი სრული აპოთეოზი აღმოჩნდა.

,,ილტო კიდევ ვენგენივით საინტერესო და იდუმალი ადგილია, რომლის მკვიდრნიც მარტის ამინდივით ცვალებად ხასიათს ფლობენ“ – ნახევარდღიანი ვოიაჟის კვალობაზე სწორად დაასკვნა იოანემ.

შინ დაბრუნებულ იოანეს კიბეზე მჯდომი მაგდა დახვდა, იცოდა, გოგონა სიგარეტს სთხოვდა ამიტომ დაასწრო და თავად მიაწოდა.

 

მაგდა, იოანეს 18 წლის სატრფო, ჩვენი პლანეტის კიდევ ერთი პირმშო, რომლისთვისაც ბუნებას დაემადლებინა მომხიბვლელი, გარშემო უხვად ჭორფლებმოყრილი თვალები, აღსავსე პაციფისტური იდეებითა და ჰიფსტერული შტრიხებით ხასიათში. თუმცაკი ეს მსგავსება თავად დიდად არ ხიბლავდა. ჰიფსტერებს ხომ ორად ორი რამ სურდათ და საბოლოოდ ორივე თვითონ დაამსხვრიეს. მათ უნდოდათ, სამყაროში სიყვარულს დაემყარებინა ჰეგემონობა, მაშინ როცა არცერთ ჰიფსტერ გოგოს არ სწამდა ქალვაჟური სიყვარულის არსი და ხშირ შემთხვევაში, არც ის ახსოვდათ, წინა ღამით სარეცელი რომელ მამრთან გაიყვეს. ან კიდევ, მათი დაუცხრომელი სურვილი იყო ყველასგან განსხვავებული სამოსი ცმოდათ, თუმცა ორიოდ თვეში ქალაქის ყოველი მეორე მაცხოვრებელი ჰიფსტერი იყო და შესაბამისად, საბოლოოდ,  ყველას ერთნაირად განსხვავებულად ეცვა. ამიტომაც, ერთადერთი მსგავსებას ჰიფსტერებსა და მაგდას შორის პაციფიზმი და მუსიკისა და წიგნების უკიდეგანო სიყვარული წარმოადგენდა.

წიგნი და მუსიკა – ერთი ფერის ორი ტონალობა, ორად-ორი რამ, რასაც მაგდას ცხოვრებაში ისეთივე როლი უჭირავს როგორც  სიგარეტს ან კუსტარულად დამზადებულ ბულბულატორს მწევლის ცხოვრებაში, აეროზოლს ასთმით დაავადებულთათვის, ყავარჯენს კოჭლისთვის და ა.შ.  საგანი, რომელმაც მისი თვალები კალეიდოსკოპად აქცია და შეუძღვა უცნობ, პროტაგონისტების გონით დანახულ სირცეში.

მაგდა, როგორც ყველა, უნიკალურია. სიყალბე მინიმუმადე, გროტესკულობა და თვითირონია კი მაქსიმუმამდე ჰყავს დაყვანილი, თუმცა გულახდილობის საუკეთესო მაჩვენებელი დღემდე 60%-ზეა გაყინული.

– ,,ჰედა, როგორ მოგეწონა ილტო?“ – ჰკითხა და ჩვეული სარკაზმნარევი, და ამავდროულად, სითბოშთანთქმული მზერით ახედა იოანეს.

– ,,უცნაური ადგილია, ნუ, პრინციპში ხალხი უფრო უცნაურია ვიდრე საკუთრივ ადგილი. დილა ფსევდოპატრიოტი კაცის გვედით გავატარე, შუადღეს ვიღაც ბარბარე გავიცანი ვეებერთელა ძაღლით, არ ვიცი ბინდი რას მიქადის. ისე, ეს იქით იყოსდა  საინტერესო ბავშვობა გექნებოდა“. – ჩაილაპარაკა ვაჟმა.

– ჰო, რა, მე, პირადად, ზედმეტად სპეტაკი ბავშვობა მქონდა.  სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი,  გზაზე, ერთ-ერთი სახლის ეზოში, პატარა ბუტკა იდგა. აი, ეგერ, ხომ ხედავ? – თავისი ნატიფი საჩვენებელი თითი გაიშვირა შენობისკენ. – არ მახსოვს ოდესმე ამ გაუქმებული ნაგებობისთვის ისე ჩამევლოს, რომ არ მეფიქრა : მაგდა, რომ გაიზრდები ქალაქში რომ მათხოვარი დედაშვილია, მათ მოჰკიდებ ხელს, წამოიყვან, ამ ბუტკის პატრონს მოელაპარაკები რომ აქ აცხოვროს ისინი, ყოველდღე კოლას და შორენას ბუფეტში ნაყიდ ხაჭაპურს ან პიცას მოუტან, ცოტა ხანს ეჭორავები-მეთქი.. და ასე ვფიქრობდი, წლები ვაყალიბებდი გეგმას, როდის, რა საჭმელს მოვიტანდი და როდის, რაზე ვისაუბრებდით. ეს იყო ჩემი ბავშვური, გულუბრყვილო გულისწადილი, რომელიც გულს იმდენჯერ მიღრღნიდა, რამდენჯერაც სკოლიდან წამოსვლისას ბუტკას ვნახავდი. მანამდე კიდევ, ერთხელ მასწავლებელმა დავალებად მომცა აღმეწერა ის სიკეთე, რომელიც ჩემი 10-წლიანი ცხოვრების მანძილზე ჩამედინა. დიდხანს ვიფიქრე, რა დამეწერა და არანაირი სიკეთე არ მომაფიქრდა გარდა წარსულში მათხოვრისთვის გამეტებული ორიოდ ხურდისა. რა თქმა უნდა ეს დავწერე. მეორე დღეს ტაძარში მიმავალმა ეზოში დაგდებული კელაპტარი ვიპოვე, მრევლთაგან ყველას სათითაოდ ვკითხე, თუ ვისი იყო და, საბოლოოდ, დაკარგული ნივთი პატრონს ჩავაბარე. ამ დღიდან დიდხანს მოუთმენლად ველოდი აწი როდის მომცემდნენ დავალებას ჩადენილი ქველმოქმედების შესახებ, თუმცა ამაოდ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ცხოვრებას რეალურად შევხედე და ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ოცნებებს ვიხსენებ, მეცინება. მეცინება საკუთარ უტოპიურ მიზნებზე, რომელიც ასეთი წმინდა და სპეტაკი იყო, ბავშვობა ჩვენი ცხოვრების ყველაზე სუფთა, ქათქათა პერიოდია. ახლა ასეთი იდეები არ მაწუხებს, შეძლებისდაგვარად რეალისტი შევიქენი. და საერთოდაც, ამ ბოლო დროს ძაან მიზანთროპი გავხდი. – უკმაყოფილო სახით დაარტყა ნაფაზი.

– ,,ვააჰ, მაგდა, ნახე შეენ. აბა მე ნახევარი ბავშვობა მეზობელ გურამთან ერთად ნარდის თამაშში მაქვს გატარებული. აბაა ბიჭოს, დღემდე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ამხელა კაცი ვიღაც ღლაპს მეთამაშებოდა საათობით“ – უკნიდან დაიჭექა ლაზარეს ხმამ.

,,აგერ, კიდევ ერთი გადარეული ილტოელი“ – გაიფიქრა იოანემ.

ლაზარეც, სხვებივით უნიკალური, ილტოელი ახალგაზრდა გახლდათ, რომლის გონებაც მუდმივად აღსავსე იყო ინოვაციური იდეებით.

-,,ვაახ, ამის დედაც, წყეული, სნობი, იამაიკურ სლენგზე მოჭიჭიკე ბიჭობა.“ – ზიზღით ჩაილაპარაკა, როცა თვალი ჰკიდა ქუჩის ბოლოდან გამომავალ ბიჭებს. – ,,აუ ხალხნო, რამე ბანძი ვიდეო მაქ გადასაღები და იდეები მომაწოდეთ“ – არ ცხრებოდა ლაზარე – ,,მითხარით ერთი, როგორ წარმოგიდგენიათ პარალელური სამყარო ჰაა? აუუ მაგდა მიდი რაა“

-,,მოკლედ, ვზივარ მოედანზე და ჩრდილოეთით ვუყურებ, როგორ წვავს ჭიანჭველა ძროხას გავარვარებულ ტაფაზე, გვერდით სპილო ტრანკვილიზატორებს ჰყიდის საბითუმო ფასებში, სუმოებს გასუქების ეშინიათ და უმკაცრეს დიეტას იცავენ, ყველა გოთური სახლი თეთრია, აღმოსავლეთით ბარიგები მარიხუანას ლეგალიზაციას აპროტესტებენ, სემპლერი და სინთეზატორი დუეტში გაჰკივიან და მათი ხმის ფონზე პრასები ნელ ვალსს ცეკვავენ“ – თქვა მუღამში შესულმა მაგდამ და იოანესაც სთხოვა უფრო სრულეყო თავისი პარალელური სამყარო.

-,,სეზამებს უხვად აყრია ბუბლიკები, ღრუბლები მტვრის სქელ ფენებად ედება ჩემს ბოტასებს, კატანებს მეტალოპლასტმასისგან ამზადებენ, შაქარყინულს მხოლოდ აუქციონზე თუ იხილავ, გეტოები ქალაქის უმდიდრეს უბნებად ქცეულა, რასტამანი ხალხს მოწევის გამო ტუქსავს, კარაბადინში კონსტიტუციაზე წერია უამრავი რაღაც, ბაზარში იასამნისფერი მომპასის გარდა არაფერი იყიდება, 1919 წელია და ალესილი კეპები პოლიციელებს კანონის გამკაცრებას ემუდარებიან, მაგდა წიგნებს ცეცხლის დასანთებად იყენებს და ა.შ“ – ესეც იოანეს და მაგდას შეკოწიწებული პარალელური სამყარო.

-,,ვააჰ ბიჭოოს, თქვენ რა თესლები ხართ“ – აღმოხდა ლაზარეს და ახალი იდეით შთგონებული გაიქცა სახლისკენ.

-,,ჰომ, ასეთებთან ერთად ვატარებდი ბავშვობას. არა, სერიოზულად, მართლა მაგარი წლები მქონდა“ – სიხარულით აღსავსე თვალები გააყოლა მაგდამ შინისაკენ მოძუნძულე ლაზარეს. – კაი, შევალ მე თორემ ცივა უკვე.

-,,ავალ მეც ოთახში.“ – დაემშვიდობა იოანე და განაახლა ღამეული ზმანების ჩვეული ციკლი.

,,ყველანი უნიკალურები ვართ, მაგრამ მაგდა განსაკუთრებით“, – ფიქრობს იოანე –  მ,,ისი ადგილი ვენგენშია, მისი თვალები სულ უნდა ტკბებოდეს იქაური პანორამის ცქერით, ყურები ჩიტების ჟღურტულის  სმენით და ფეხები ნამიან ბალახზე მსუბუქი, ჰაეროვანი შეხებით“. – უკვე გვიანი იყო, დაწვა.

საერთოდ, ფიქრისთვის იდეალური ადგილი სააბაზანოა, იდეალური დრო მოწევის ჟამი და იდეალური პოზა საწოლზე ღამით გაშხლართვა.

იოანეც იწვა და ფიქრობდა, ისევ და ისევ ფიქრობდა. მისი და დედამიწის ოცწლიანი თანაცხოვრების მანძილზე რა და რა ჯურის ხალხს არ შევხვედრია (დღევანდელის ჩათვლით). უნახავს: პაციფისტი, პოხუისტი, მაზოხისტი, პესიმისტი,  ჭკვიანი, ჰედონისტი, თავდაჯერებული, ფილანთროპი, ალტრუისტი, ნიჰილისტი, ფსევდოპატრიოტი, აგნოსტიკოსი, კომუნიკაბელური, მიზანთროპი, სნობი, ქეროფობი, სინესთეზი და ა.შ არცერთი მათგანი არ ყოფილა სხვა, რომელიმეს იდენტური, ყველანი უნიკალურები, ერთადერთნი იყვნენ.  კიდევ, ფიქრობდა, რომ ხვალ ახალი დილა გათენდებოდა, ისიც, თავის მხრივ გამორჩეული, აჩუქებდა მორიგ  შანსს თავისი რიმელიმე უტოპიური იდეის განსახორციელებლად, გაჩნდებოდა ახალი ალტერნატივა შემდეგი უნიკალური ადამიანის აღმოსაჩენად. ვენგენშიც ანალოგიური სიტუაცია იქნება. ხვალ, აგერ უკვე მერამდენედ, იხილავენ იქაურები აისს და მთვარის შუქიც მერამდენედ მიინავლება ვენგენისა და ილტოს საზიარო ცის კამარაზე…

ყველანი უნიკალურები ვართ.

დატოვე კომენტარი