ახლაც მახსოვს ჩემი IV და ჩემი დის II კლასში ყოფნის ჟამს, რომ ვკითხე ამ უკანასკნელს რა ერჩივნა – შემოქმედს ადამიანებისთვის შეუზღუდავი დროით არსებობის უნარი დაემადლებინა თუ ცხოვრებით ტკბობის უფლება მხოლოდ რამდენიმე ათწლეულით მოეცა. მან კიდევ მიპასუხა, რომ პირველი იდეა უფრო კარგად ჟღერდა მისთვის. სახლის გვერდით, ფანჯარასთან ვიდექით იმ დღეს. ისიც მახსოვს, რომ პასუხის მოსმენისთანავე ერთადერთი სიტყვა გავიფიქრე, არც არაფერი მითქვამს, მხოლოდ გულში გავივლე – ”დებილი”.
ეს სამყარო არაადამიანურად მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმითაა შეკოწიწებული, ყველაფერი გენიალური, ყველაფერი საოცარი ხანმოკლეა. დაწყებული სიცოცხლით, დასრულებული ხელოვნების ისეთი ვარიაციებით როგორებიცაა წიგნი, ფილმი, მუსიკა.
იმ დღეს მივხვდი, რომ მომავალში მაგარი ეგზისტენციალისტი ტიპი გავხდებოდი, მერე ისიც გავაცნობიერე, რომ ჩემი ღვიძლი და, ერთადერთი მდედრი, რომელთან თამაშიც ძალმიძდა ბავშვობაში უბანში ბავშვების ნაკლებობის (ან თითქმის არარსებობის) გადამკიდე არ იქნებოდა ის პიროვნება, ვისთანაც მომავალში მომეცემოდა ჩემი იდეებისა და აზრების სააშკარაოზე გამოტანის უნიკალური შესაძლებლობა.
არ შევმცდარვარ.
ისე, კარგი ბავშვია, რას ვერჩი, საოჯახო კონფლიქტის დროს მშვიდობის მტრედად მევლინება ხოლმე, უბრალოდ, ის ტიპი არაა, ვისთანაც ჩემი პერსონალურობის დემონსტრაცია ოდნავ მაინც შემიძლია. არა, ასეთ შემთხვევაში ან არ მომისმენს, ან საპასუხოდ ჩვეულ ჩლუნგ იდეას დააბრეხვებს ან კიდევ თავისი ჭკუით გამომაჯავრებს.
საოჯახო კონფლიქტი – ეს არის ჩემსა და რომელიმე მშობელს შორის ( დედა, მამა, ბაბუა) არსებული დავა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ჩემი დასჯით სრულდება. დასჯა კიდევ თავის მხრივ ცალკე განზომილებაა. ესაა პარალელური სამყარო გაჟღენთილი შეზღუდვების უხვი ასორტიმენტით. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, ერთი სიტყვით, დროის გარკვეულ მონაკვეთში თავისუფლების (ვაი ასეთ თავისუფლებას) ნაწილს მართმევენ. ამ უკანასკნელს დიდად არ განვიცდი, საბოლოოდ, უკან მაინც მიბრუნებენ, ოღონდ ბოდიშს ვიხდი და ეგეთი საცოდავი რაღაცები არა, რაღაცნაირად თვითონ გვარდება ყველაფერი, მეტყვიან:
– მარიამ, არ გინდა შენი ტელეფონი?
– მარი, ხომ არ გინდა გარეთ გაისეირნო?
– მარიამ, ფული მაგიდაზე დაგიტოვე. – და მორჩა, სულ ესაა.
არა, ბავშვობა, მთელი თავისი ბანალურობით, სილაღით, სიგიჟით მაგარი რამეა რა. ისე მივახლიდი კაცს პირში სიმართლეს, რომ არც დავფიქრდებოდი. რა ვიცოდი მაშინ რა ხილი იყო ზრდილობა, დახვეწილი მანერა და ეგეთები. პატარა რომ ხარ ამას ვერ აცნობიერებ, შენი ტვინის მუშა მხარე ვერაა მთლად მზად ამ ცნებების გასაგებად. ისე, ცოდვა გამხელილი ჯობს და სიმართლის თქმას ახლაც არ ვერიდები, მაგრამ საშინლად მახინჯად გამომდის, კი ვცდილობ დამუღამებას, მაგრამ რავი, ჯერ პროგრესს მე პირადად ვერ ვხედავ და სხვა თუ ამჩნევს მშვენიერი. ჰოდა, ეს ტალანტი რომ დაემადლებინა შემოქმედს უაღრესად მადლობელი ვიქნებოდი, სხვა თუ არაფერი, უკვე მეცოდინებოდა ცივილიზებულად, მშვიდად როგორ შეიძლებოდა გამომეცხადებინა ჩემი ოჯახისთვის, რომ ჩემი მოწოდება მიმტანობაა. ხო იღადავე შენ და მართლა ეგრე მინდა: წავალ მონაკოში, მივადგები რომელიმე რესტორანს და გავხდები მონაკოს მთავარი მიმტანი – მარიამ კვინიკაძე.
წარმოდგენა არ მაქვს რა რეაქცია ექნებათ, მარტო ერთი ვიცი, ეს რეაქცია დადებითის გარდა ყველანაირი იქნება. არაუშავს, შეეგუებიან (იმედია), ორ თვეში 18-ის ვხდები და კიდევ ამის იმედი მაქვს.
თუ გავითვალისწინებ ჩემს გეგმაზე დახარჯულ დროს, საკმაოდ ობიექტურად შეგვიძლია შევამკოთ იგი ისეთი ეპითეტებით, როგორებიცაა: ანომალიური, საცოდავი, იმბეცილური და ა.შ. თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მსგავს საკითხებზე ვმუშაობ. ისღა დამრჩენია ველოდო როდის იქნება ვახშამი, რომელსაც ტრადიციისამებრ სრული შემადგენლობით ვესწრებით კვინიკაძეების ოჯახი.
რავიცი, მგონი არ მოეწონებათ ჩემი ჯერ ხო მიმტანობის და მერე მონაკოში წასვლის იდეა. მაგრამ, ვეცდები ავუხსნა ყველაფერი რა, როგორ და რატომ მინდა.
– მარი, ჩამოდი, ვახშამი მზადაა. – მაგარია პირდაპირ, ვცდილობ დინჯი სახე მივიღო და შევაბიჯო ოთახში აუღელვებლად.
ირგვლივ ჩუმი ხმაურია, არაფერი განსაკუთრებული, ცოტა მისტიკური აურა კია, მაგრამ დიდი ალბათობით მეჩვენება. ჰე დროა დაიწყო-თქო გავიმხნევე თავი და დავიწყე.
* * *
ვახარე ოჯახს ჩემი მონაკოში მიმტანობის ამბავი, ჰოდა, ტელეფონი ცოტა ხნით აღარ მაქვს…
არაუშავს, გავიზრდები და მოვემსახურები ხალხს, გავხდები მონაკოს მიმტანი!
ანი დიდიშვილი
18 წლის