ანა ყაფლანიშვილი - უკან დაბრუნებით ახდენილი ოცნება
ანა ყაფლანიშვილი - უკან დაბრუნებით ახდენილი ოცნება

,,თუ ცხოვრება ლიმონს გარგუნებს ,გააკეთე მისგან ლიმონათი“-დეილ კარნეგი.

მაგრამ რა ვქნათ მაშინ,თუ ლიმონი იმაზე მჟავე აღმოჩნდა ,ვიდრე გვეგონა?!

*    *    *

აფხაზეთი, 2005 წ.

– მივიღე გადაწყვეტილება.. ვიცი,რთულია,მაგრამ ეს ჩემი შვილისთვის უნდა გავაკეთო.. -ამბობს დედა სევდანარევი სიმტკიცით.

– საბოლოოა? კიდევ დაფიქრდი,გთხოვ, იქნებ,არსებობს გამოსავალი,იქნებ..

-იქნებ, იქნებ,სულ იქნებ, დავიღალე ,გესმის? ჩვენ ისედაც ორნი დავრჩით ,მან მამა დაკარგა ,მე ქმარი, ჩვენ საძირკველი დავკარგეთ.. არ მინდა,რომ იგრძნოს დანაკარგი, არ მინდა ,რომ ეტკინოს ,გესმის? არ მინდა ,რომ ეტკინოს…- ამბობს და შეკავებული ცრემლები ახლა უკვე ჩანჩქერივით მოედინებიან მისი თვალებიდან. მას უკვე ეტკინა.

-კარგი, დაწყნარდი ,გთხოვ – დედას მჭიდროდ ეკვრის- არ მინდოდა, განერვიულებულიყავი ,მე უბრალოდ არ მსურს ასეთი რთული გზა აირჩიოთ..

-ვიცი ,ნინო ,უკვე რამდენი წელია ერთმანეთს ჭირსა თუ ლხინს ვუზიარებთ.. რითიც შეგეძლო,ყველაფრით გვეხმარებოდი,მაგრამ შენ ოჯახი გაქვს ,აღარ მინდა სულ ასე ვიღაცას ველოდე,გესმის..?  ახლა ერთადერთი გზაა და მე ის უნდა გავიარო.- ცრემლებს იწმენდს დედა და მთელი სიმტკიცით ამბობს.

-გეგას უთხარი?

-ჯერ არა.. ვიცი,თავიდან ძალიან გაუჭირდება,მაგრამ შეეჩვევა .. ჩვენ წავალთ და ის ბედნიერი იქნება.. მაგრამ როგორც კი საშუალება მოგვეცემა ,მაშინვე დავბრუნდებით..

კართან მდგარს სახე მეყინება,ვშეშდები,გული რაც შეიძლება სწრაფად მიძგერს ,თითქოს სადაცაა,ამოვარდება და ისიც შავ-ბნელ უსასრულობაში შთაინთქმება.ვეღარ ვითმენ, კარს ვაღებ ,არ ვიცი რას ვაკეთებ ,მაგრამ ვიცი,რომ ვაკეთებ:

-დედა,ჩვენ მივდივართ? – ვეკითხები და თითქოს თვალებით ვემუდარები უარყოფითი პასუხი მივიღო.

-გეგა.. გვისმემნდი?- მუდარის კილოთივე მპასუხობს.

-დედა,მივდივართ?- არ ვეშვები.

-დე, შენ ბედნიერი იქნები- სწრაფადვე მოდის ჩემთან და ახლა უკვე მისი ხელის სიმხურვალეს ვგრძნობ.

-ჩვენ მხოლოდ აქ ვიქნებით ბედნიერები!! -მტკიცედ ვპასუხობ და თვალის კიდეზე გაქვავებული ცრემლის შეკავებას ვცდილობ.

-ჩვენ დავბრუნდებით ,დე..- სწრაფად მიკრავს გულში,ვგრძნობ , როგორ მეცემა ცრემლი კისერზე ,მყინავს ,თუმცა მალევე მწვავს.

წამოვედით.გადმოვაბიჯეთ მშობლიურ ზღურბლს იმ იმედით,რომ უკან სიღარიბესთან ბრძოლაში გამარჯვებულები დავბრუნდებოდით ,უკან -აფხაზურ ოცნებაში.

თბილისი ,2008 წ. , აგვისტო.

ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ ,პატარაა,თუმცა ჩვენთვის საკმარისი. მუშაობა დავიწყე რედაქციაში. თითქოს ის ვიპოვე,რაც მჭირდებოდა ,როცა ვწერ ,ვგრძნობ,რომ მე ვარ , 19 წლის სევდანარევი ისტორიით და თავისი წილი აფხაზეთით. ვცდილობ,ყველაფერი დავწერო,რაც მახსოვს,მტკივა,მძაგს,მიხარია,მიყვარს..ყველაფერი სამყაროს შესახებ,რომლის ერთ-ერთ პროტაგონისტად ვიქეცი, სამყაროს შესახებ,რომელიც სავსეა დაქსელული ეკლებით ,გტკივა,მაგრამ უნდა  გაიარო ოცნების მწვერვალზე მისაღწევად. იმარჯვებს ის ,ვინც ძლიერია..ზღაპარში აღმოვჩნდი,რომელიც  კეთილად უნდა დავასრულო- ქატო იქ წავიღო, ფქვილი აქ წამოვიღო.

სამი წელი გავიდა,თუმცა ისევ ისე ვგრძნობ,როგორც სამი წლის წინ.

დილით ადრე გადავწყვიტე სამსახურში მისვლა. მთელი ღამე არ მეძინა ,თითქოს აფორიაქებული ვარ ,გამუდმებით ვშფოთავ ,ამიტომ მირჩევნია ვწერო,ვწერო უსასრულომდე. კაბინეტის კარს ვაღებ ,ის იყო, ნაძალადევი ღიმილი დავაპირე,გამახსენდა,რომ ჯერ ძალიან ადრეა და მხოლოდ მე და სიჩუმე ვართ. სკამს ვწევ ,დაჯდომას ვაპირებ ,რომ უკნიდან ხმა მესმის:

-გეგა, ძალიან გაკვირვებული ვარ!!- ამბობს მთავარი რედაქტორი.

მივტრიალდი და თთქოს ელდა მეცა ,იმდენად მოულოდნელი იყო მისი დანახვა, ცოტა დავიბენი,ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა,ყველაფრის გახსენება დავიწყე მუშაობის დაწყებიდან დღემდე,თუმცა ბინდი კვლავ ბინდად რჩებოდა.

-ვერ მიგიხვდით, ბატონო ზურაბ!!- ვეუბნები გაუბედავად.

-გუშინ თქვენი სტატია წავიკითხე და სახლში ვეღარ გავჩერდი.. ,,აფხაზური ოცნება“ ასე ერქვა ,ხო?

-დიახ.. მე..მე უბრალოდ..- სუნთქვა შემეკრა,თითქოს სადაცაა, გავსკდებოდი.არ ვიცოდი,რა მეთქვა.

-არაფრის თქმა არ არის საჭირო. აღფრთოვანებული ვარ თქვენით,გეგა!! ვკითხულობდი და მტკიოდა.

ტკივილზე უნებურად გამეღიმა ,მისი ტკივილი რა მოსატანი იყო ჩემს ტკივილთან ,რომელსაც წვა სდევდა თან.

-ვიცი,რომ თანხა ძალიან გჭირდებათ ახლა-კვლავ განაგრძო- რითიც შემიძლია, დაგეხმარებით ..უი,მართლა, ანგარიში შეამოწმეთ დღეს- თქვა ღიმილით და წასასვლელად მოემზადა.

ერთ ადგილას გავშეშდი,არ ვიცოდი,უნდა გამხარებოდა ,თუ მწყენოდა.

-გმადლობთ!- მივაძახე მოულოდნელად ,თითქოს ახლახან გამეღვიძოს ზამთრის ბურნიდან.

ღიმილით დამიქნია თავი და კარისკენ გაემართა.წამით შეყოვნდა:

-და მაინც , მე მჯერა თქვენი აფხაზური ოცნების !!- თქვა ალერსიანი კილოთი და გასცდა ჩემს თვალთახედვას.

უცებ გამოვფხიზლდი,ანგარიში გადავამოწმე,იმაზე მეტი იყო,ვიდრე მეკუთვნოდა ,ჩავრთე მათემატიკური აზროვნება,რაც ასე ძალიან მაკლდა.თუ შეგროვებულ თანხას დავუმატებდი ,აფხაზეთში წავიდოდით .. წავიდოდით მე და დედა.

სწრაფად სახლისკენ გავეშურე,ერთი სული მქონდა,როდის ვახარებდი ამბავს დედას,რომელიც ,ალბათ, იჯდა და უსასრულობისკენ იყურებოდა.ავირბინე სადარბაზოს კიბე ,სწრაფად შევაღე კარი ,დედა მართლაც სავარძელში იჯდა და სივრცის განჭვრეტას ლამობდა:

-დედა, ჩვენ მივდივართ!!-ვთქვი აჟიტირებულმა.

-მივდივართ? სად?- მეკითხება გაოცებული.

-აფხაზეთში.. დღეს იმაზე მეტი ჩამერიცხა,ვიდრე ვიღებ.

-გეგა,ჩვენ ვერ წავალთ..-წარმოთქვა ღრმად შეჭრილი სევდით.

-როგორ არა,ახლავე დირექტორს დავურეკავ და..- არ ვუსმენ და კვლავ ერთსა და იმავეს ვიმეორებ, თუმცა დედა მაწყვეტინებს.

-გეგა!!- ამბობს რაც შეიძლება ხმამაღლა- ომი დაიწყო!!!-წარმოთქვა ცრემლშეპარული კილოთი – შეიძ₾ება..შეიძლება..

-შეიძლება რა,დედა??- ახლა უკვე აგონიაში მყოფი ვკითხულობ და ვხვდები,რომ ხმის ტონი მეცვლება.

-შეიძლება ,აფხაზეთი დავკარგოთ..- ახლა უკვე ვეღარ შეიკავა ცრემლები. ქაღალდის კუპიურები,რომლებსაც ოცნება უნდა აეხდინათ, ხელიდან მიცვივდება.სწრაფად ვიკრავ მკერდზე დედას და ვგრძნობ,როგორ მახრჩობს ზვირთად ქცეული ცრემლები.

იმ დღის შემდეგ ჩვენც ტელევიზორში ვცხოვრობდით. აგვისტოს ხუთი დღე 5 წლად იქცა,დრო ჩერდებოდა. მე მტკიოდა.

28 აგვისტო.2008 წ.

 რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.   რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებ..

დედა სწრაფად რთავს ტელევიზორს ,მუხლებზე ეცემა.მზერა ერთ ადგილას აქვს გაშეშებული

-დავკარგეთ-წარმოთქვამს აგონიაში მყოფი.ვეღარ ტირის. სწრაფად მივვარდი.ახლა უკვე ერთმანეთის ცრემლებში ვცურავდით.

ვინ თქვა ,ადამიანი მხოლოდ ერთხელ კვდებაო.ჩვენ დავიხოცეთ და მხოლოდ სხეულით ვცოცხლობდით.

დედამ დაიძინა.გარეთ გავედი,ქვაზე ჩამოვჯექი. ვგრძნობდი,როგორ ვილეოდი,როგორ მახრჩობდა ყელში გაჩხერილი ბურთი.

-რატომ ტირი,დაკარგე რამე?- მეკითხება სრულიად უცნობი ბავშვი.

-სულის ნაწილი დავკარგე.-წარმოვთვქი ნაძალადევი ,სევდანარევი ღიმილით. კვლავ ბურთი მახრჩობდა.

-მე რომ სათამაშოს ვკარგავ-ხოლმე ,ყოველთვის ვპოულობ,შენც იპოვი და დაიბრუნებ ,არ იტირო..- თქვა და ახლა უკვე მისი ხელის სიახლოვე ვიგრძენი.

-თავი ავწიე ,ცრემლები გაქვავდენ ,თითქოს წამი გააჩერდაო…

-დავიბრუნებ !!- წარმოვთქვი და პატარა ბიჭუნა ჩემკენ მივიზიდე, ბიჭუნა თავისი წილი გალაქტიკით.

იმ წუთების შემდეგ მივხვდი ,რომ  ერთი წამითაც  არ მაქვს ნაბიჯის უკან გადადგმის უფლება,უნდა ვიბრძოლო, ვიბრძოლო ჩემი,ჩვენი წილი აფხაზეთისთვის.და მე მჯერა ამის.

თბილისი,2017წ.

-იცი,ხანდახან ვამჩნევ საკუთარ თავში,რომ მავიწყდება..

-რა?- მეკითხება დედა.

-ყველაფერი აფხაზური…სახლი, ქუჩები ,ეზო.. და გული მეთანგება..ვიწვი,ტკივილს ვგრძნობ გულის არეში.

-იქნებ ,ამით განთავისუფლდე?

-როგორ შეიძ₾ება ,განთავისუფლდე იმით ,რაც ყველაზე მეტად გიყვარს?!

სიჩუმემ კვლავ მედგრად გაილაშქრა უსაშველო სივრცეში.

-დე,გჯერა?-გავარღვიე მდუმარება.

-რისი,რომ დავიბრუნებთ?

-კი..

-შენ გჯერა?

-ასიდან ასივე პროცენტით.

-მაშინ მეც მჯერა .-წარმოთქვა ღიმილით ,სევდანარევი ღიმილით.

სამსახურში მივედი.რამდენიმე დღე ტელევიზორი არც ჩამერთო სახლში.

-გაიგეთ ,ოკუპაციის ხაზის გახსნასთან დაკავშირებით არის საუბარი..-ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

-და გჯერა ამ სისულელის?-პასუხობს მეორე.

-რუსეთი არ დათმობს .. -მხარს უბამს მესამე.

-და თქვენ ,ჩვენ დავთმობთ?- ვპასუხობ მოულოდნელად .თითქოს იმედის თხელი ძაფი გამოჩნდა და მას ვებღაუჭები.

სახლში მისვლისთანავე ტელევიზორი ჩავრთე.გაფაციცებით ვუყურებდით მე და დედა.დღეები კვლავ ისე მისდევდა ერთმანეთს ,როგორც მანამდე.                                                                    სამსახურიდან ადრე მოვედი .კარი გავაღე და დედა დავინახე,დედა,რომლი სახეზეც ღიმილი კაშკაშა ვენერასავით გამოკრთოდა

-გეგა..-წარმოთქვა და თვალებით მანიშნა,ტელევიზორისთვის შემეხადა:

რუსულმა ჯარებმა დატოვეს 2008 წლის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები.აფხაზეთი  და ოსეთი კვლავ  საქართველოს კუთვნილებაა

მხოლოდ ეს სიტყვები გავიგე,იმდენად მძლავრად შემომესხა ემოციების ტალღა.

ჩვენ ვტიროდით,ჩვენ აფხაზეთს ვგრძნობდით.

* * * * *

როგორც იქნა,მატარებელი გაჩერდა. მატარებელში ასობით ჩემნაირი ბედნიერი ადამიანი ისხდა თავიანთი წილი აფხაზეთით. კვლავ ჩვიდმეტი წლის წინ დავბრუნდით. მშობლიურმა ჰაერმა გამყინა,თუმცა მალევე სითბო ვიგრძენი.სახლში შევედით ,ვიდექით და ცრემლები ერთიმეორეს ენაცვლებოდნენ:

– და მაინც,რა არის ეს ?- ამბობს ბედნიერებისგან ატირებული დედა.

-ეს აფხაზური ოცნებაა, დაბრუნებით ახდენილი ოცნება- ვთქვი და მზერა კვლავ სახლისკენ მქონდა მიპყრობილი,რომელიც თავისკენ მიხმობდა.

ცრემლი ზანტად ჩამოგორდა სახეზე.

 

„ ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია“.