ანა ტეფნაძე - მამერკუს, გაიღვიძე
ანა ტეფნაძე - მამერკუს, გაიღვიძე

-გაიღვიძე მამერკუს, იმპერატორი არ გაგიწყრეს. -ნუ ღელავ, კორნელია, მღვიძავს.

-უპასუხა ახალ გაღვიძებულმა ქმარმა ცოლს. -დროზე ადექი, არ დაგაგვიანდეს. ხომ გახსოვს იმპერია დანგრევის პირასაა და თითოეული მეომარი მეტად მნიშვნელოვანია.

-მამერკუსი უსიტყვოდ ადგა და მომზადება დაიწყო.

-საჭმელს არ წაიღებ? -მივარდა კორნელია აწ უკვე კარებში გასულ ქმარს.

-შენთვითონ არ თქვი ქვეყანა რთულ სიტუაციაშიაო?! საჭმელად როდისღა მოვიცლი, ვინ იცის, იქნებ დღეს ჩემი უკანასკნელი ტრაპეზობა იყო.

-სისულელეებს ნუ ამბობ! -დაუბღვირა ცოლმა. მამერკუსმა საპასუხოდ ჩაიცინა და სასახლის კარზე გაეშურა.

იმპერატორ ნუმერიუსს ყველა აღჭურვილობა მოემზადებინა და თავად მიუძღვებოდა ჯარს წინ. ირანის წინააღმდეგ ბრძოლას ეხუმრებით?! თან ჯარის განახევრებული რაოდენობით.

ბიზანტიის დიდებული იმპერია მეტად რთულ სიტუაციაში ჩავარდნილიყო. ეს იყო დღე, როცა გადაწყდებოდა მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხი.

კორნელია ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა, ქმარზე დარდობდა: “ვაი, თუ ვეღარ დაბრუნდესო”.

გადიოდა დღეები, კვირები და ვინ იცის იქნებ თვეებიც კი გასულიყო. არავისგან არაფერი ისმოდა. დიდი ხნის ლოდინისა და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა. ამდენი ბრძოლისგან დაუძლურებულმა ბიზანტიამ და ირანმა ზავი დადეს. მეომრებმაც უკან იწყეს დაბრუნება. დიდი ხნის უნახავ ცოლ-შვილს გულში იკრავდნენ და ბრძოლის ამბებს უყვებოდნენ. კორნელია იდგა და ელოდა თავისი ძვირფასი მამერკუსის დაბრუნებას. სხვისი ბედნიერების შემყურეს, თვალზე ცრემლი ადგებოდა და უფროდაუფრო უძლიერდებოდა ქმრის ნახვის სურვილი . ცოტა ხნის შემდეგ, მის სახლთან მეომრების მცირე რიცხოვანი ჯგუფი გაჩერდა.

-თქვენ კორნელია ბრძანდებით? -ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა.

-დიახ, მე გახლავართ.

-მწუხვარ! -მხოლოდ ეს თქვა მეომარმა და წინ მისი ქმრის გვამი დაუსვენა.

კორნელია გაფაციცებით უყურებდა მეუღლის გვამს. მის სახეზე ცრემლები გზას იკვალავდნენ და ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდნენ. მუხლებზე დაემხო და ქმრის სხეული გულზე მიიხუტა, შუბლზე აკოცა და ჩასჩურჩულა – “მამერკუს, გაიღვიძე! გთხოვ გაიღვიძე! მარტო არ დამტოვო! ადექი, გთხოვ!” სასოწარკვეთილი ქალი მის გაღვიძებას ამაოდ ელოდა. თუმცაღა იცოდა რა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაინც განაგრძობდა ძახილს – “მამერკუს, გაიღვიძე”.

ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის XI კლასის 15 წლის მოსწავლე ანა ტეფნაძე