ანა ტეფნაძე - დღეს, ხვალ, ზეგ...
ანა ტეფნაძე - დღეს, ხვალ, ზეგ...

ცხოვრება რთულია. ჰო, რთულია. ყოველდღიურად უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით. გვიწევს სხვადასვხა პრობლემასთან ჭიდილი. ხანდახან გვგონია, რომ აღარაფრის ძალა აღარ შეგვწევს. გვინდა ამ სამყაროს მოვწყდეთ და სადღაც შორს, უცნობ ადგილას, სრულიად მარტო წავიდეთ. არ გვინდა ჩვენს პრობლემებზე სხვას ვესაუბროთ. ხშირად, სხვა გზა რომ აღარ დაგვრჩენია, თავს ჩვენს ოცნებებს ვაფარებთ. მხოლოდ იქ ვართ ბედნიერები. მხოლოდ იქ გვიხარია. წარმოვიდგენთ, რომ ოცნება რეალობაა, ხოლო რეალობა არ არსებობს. უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით, ,,ოცნების კოშკებს’’ ვაგებთ. იქ სადღაც, ტუჩის კუთხეში ღიმილი გვეპარება. უაზროდ ვიღიმით. ხანდახან ცხოვრებაზე ხელსაც ჩავიქნევთ. ვიტყვით, რომ სიცოცხლემ აზრი დაკარგა. შემდეგ ვფიქრდებით, წარმოვიდგენთ იმ მომავალს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს და სწორედ ეს გვაძლევს სიცოცხლის ძალას. ამ დროს წარმოუდგენელი ძალა გვენიჭება. ვფიქრობთ, რომ რაც არ უნდა დავისახოთ მიზნათ, საწადელს აუცილებლად მივაღწევთ. ეს შემართება მხოლოდ რამდენიმე დღე გაგვყვება, შემდეგ კი კვლავ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდებით. გვინდა რაღაცის გაკეთება, თუმცა არ ვიცით რისი. არ ვიცით რატომ, რისთვის, როგორ, რანაირად. თავში ათასი აზრი ირევა. ზოგი ისე მალე მიფრინავს, გააზრებასაც ვერ ვასწრებთ. წამიერად გაგვიელვებს ხოლმე. ამ წამიერ გაელვებაზე კი შეიძლება მთელი დღე ვიფიქროთ, თუმცა მაინც ვერ გავიხსენოთ. თავი ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული ჰგონია და სჯერა, რომ წინ დიდი მომავალი ელის. არა, კი არ სჯერა, ჰგონია რომ ასეა, ან უარესი, უნდა რომ ასე იყოს. ყველაზე მწარე ის მომენტია, როცა ოცნებები გენგრევა და იმედები გიცრუვდება. სასოწარკვეთილი უიმედო ვითარებაში ვარდები და კვლავ არაფრის ძალა აღარ შეგწევს. თავს ისევ შენს სამყაროს, შენს ოცნებებს აფარებ და ასე გრძელდება დაუსრულებლად. არა მარტო ეს, არამედ სხვა ყველაფერიც ასე გრძელდება. ყოველ დასასრულს ახალი დასაწყისი მოზდევს, რომელიც საბოლოოდ კვლავ სრულდება. ხანდახან დასასრული დასასრული არ არის. ეს ჩვენ გვგონია რომ რაღაც დამთავრდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ განმეორდება. გვინდა ცხოვრებისგან მაქსიმუმი მივიღოთ. გვინდა ვარსკვლავები მოვწყვიტოთ. შეუძლებელი შევძლოთ. ვიყოთ საუკეთესოები და ყველა ოცნება რეალობად ვაქციოთ. ოცნება ოცნებად არ უნდა დარჩეს. რაღაცაზე ოცნება, არ ნიშნავს მის ახდენას. ის ერთგვარი მიზანია, რომელსაც ადამიანი ისახავს. მანამდე ვერ მოვისვენებთ, სანამ საწადელს არ მივაღწევთ. ჩვენ ამას შევძლებთ, რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა აღგვიდგეს წინ. შევძლებთ კი? ამდენ ფიქრში ყველაზე მნიშვნელოვანს, დროს, ვივიწყებთ. გვავიწყდება, რომ დრო სწრაფად გარბის და არ გველოდება. არ დაგველოდება ჩვენ, არ დაელოდება ჩვენი ოცნებების ახდენას. დღეს, ხვალ, ზეგ… არავინ იცის როდის შევწყვეტთ სუნთქვას. ჩვენ კი სიკვდილის სარეცელზე აღმოვაჩენთ, რომ ვერ გავაკეთეთ ის რისი გაკეთებაც გვინდოდა, ვერ გავხდით ის, ვინც გვინდოდა. სწორედ ამ დროს მივხვდებით, რომ ცხოვრება ფუჭად გავლიეთ. დროს კი უკან ვერ დავაბრუნებთ. ეს უკვე დასასრულია, რომელსაც ვერ შევცვლით.

 

ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის X კალსის მოსწავლე ანა ტეფნაძე