ალექსანდრე გუნია
ალექსანდრე გუნია

მოცლილო მკითხვ… არა, არა ძველია. უკვე საკმაოდ ავიტოკე ნერვი… მართალია არც ბუენდია ელოდება კედელთან დახვრეტას, არც დედა მომკვდარა და არც იშმაილი უნდა დამიძახოთ, მაგრამ მე მაინც ბევრი ვიფიქრე, როგორი უნდა ყოფილიყო პირველი აბზაცი.

თავიდან ყველაფერი რთულად იწყება. გეჩვენება აბდაუბდა, გონებაში წამოსროლილი ფრაზების მთელი ანშლაგი, მაგრამ არ ვიცი რაა განსაკუთრებული იმ კაცის მოწოდებაში რომ იშმაილი დაუძახო, რომელიც მთელი 964 გვერდის განმავლობაში ვეშაპთა ჯიშებზე გესაუბრება. მთელი ორიგინალურობა ეგაა – დეფისი. საიდუმლო ამაში ყოფილა. პირველი ნაბიჯის გადადგმა რთულიაო ხო? – ამბობენ, მაგრამ არც მერე მიდის ლიწინით. ჯობია თავად არმსტრონგს ჰკითხოთ თორემ მე თავს ვერ დავდებ, რომ მისი “გამაოგნებელი ისტორია” არგუმენტად მოვიყვანო. თუმცა შედარებით მარტივი გადაწყვეტილებები, მაგალითად ურთიერთობის ჩასახვა, იწყება ყავით ნესკ… მმმ ბოდიში, იწყება თავაზიანი მისალმებით რომელიც შეიძლება ითქვას რომ უკვე თავისთავად მოიცავს იმ კითხვას, რომელზეც სწორი და არასწორი პასუხი არ არსებობს. და სწორედ ამ უწყინარი შეკითხვის ამჟამინდელმა ზეპოპულარულმა სტატუსმა, გადამადგმევინა ის დაუგეგმავად დაგეგმილი, კინეტიქსის 43 ზომა წვრილზოლებიანი ნაბიჯი, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა, სანიმუშო წინადადებების ისეთივე უსასრულო სახით, როგორიც უილიამ თეკერეის შემოქმედებაა.

“როგორ ხარ?” – როცა ამ კითხვას ისმენ, თავში წამიერად შეიძლება ჩაგიფრინოს იმ ფაქტმა, რომ საგანი გეტენება, უიმედოდ შეყვარებული ხარ, ბანკი სახლს გართმევს, გუშინ ერთმა გაგისხა, პაატა თედიაშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, ან თუნდაც ტყვია გაისროლე და შენს ძმას მოხვდა, მაგრამ პასუხი მაინც არის – კარგად. ან თუ ზემოთჩამოთვლილთაგან მსგავსი არაფერი ხდება და თავს ოდნავ მოწყენილად გრძნობ, პასუხობ – ცუდად, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ორიგინალური და სასაცილო პასუხი გგონია. ასეთი უსიამოვნო სიტუაციების ჩამონათვალი კი იმდენად უსაზღვროა, რამდენადაც იმ მწერლის ფანტაზია, რომელიც თუნდაც მხოლოდ ჰიუგოს შემხედვარე, წიგნის სათაურს მაინც დაიწყებს ვარიაციით სიტყვათშეწყობისა – “კაცი, რომელიც…”. მაგრამ, ეს პირველი საფეხურია, ის რთულია, აბა რა.

შთაბეჭდილების მოხდენა კარგია, მაგრამ ხშირად თვალთმაქცობის ლაითი მაგალითი შეიძლება მივიღოთ. აი სიტყვაზე, კოელიომ თქვა, რომ არაფერია ცხოვრებაში აბსოლუტურად მცდარი და გაჩერებული საათიც კი დღეში ორჯერ სწორ დროს უჩვენებს. ხომ, საყვარელი და ბრძნული ფრაზაა ერთი შეხედვით. კოელიომ ეს გითხრა მაგრამ ის არასდროს უთქვამს, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, სამივე სამკურნალო კურსის დროს გაიქცა და შემდგომში სამივეჯერ უკან მობრუნდა. ჰოდა, როდესაც გეკითხებიან როგორ ხარ? უბრალოდ უთხარი თუნდაც მწარე სიმართლე, და მართალია მანდ ვერაფერს გახდები, მაგრამ ადრე თუ გვიან გაიგებს რომ სიმართლე უთხარი და გულწრფელობის ვარიანტში მაინც დაგაფასებს. და ზუსტად ახლა ამ წამს შენსავით რომ მკითხონ როგორ ხარ? უბრალოდ თამამ ნაბიჯს გადავდგამ და ჩემი ფსიქოლოგიური მდგრადობის დასტურად ამ ტექსტს ვაჩვენებ.

ფარდა

ავტორი: ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე

ალექსანდრე გუნია