ალექსანდრე გუნია - ჩანახატი
ალექსანდრე გუნია - ჩანახატი

 

შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. მაგრამ რატომ ჩვეულებრივი. ბუნების ასეთ სილამაზეს ხომ მხოლოდ თავჩაქინდრული ადამიანები ვერ ამჩნევენ. ყოველთვის ეჩქარებათ სადღაც, თავის გასწორებაც არ უნდათ, რომ შემხვედრს გაუღიმონ.

საღამო ხანის, მეორე ნახევრის, ორმოცდაოთხნახევარგრადუსიანი საათის ისრების პოზიცია იდგა. ოცი საათი და ორმოცდათორმეტი წუთი… ან ცხრის შესრულებამდე ექვსწუთნახევარი და ოთხმოცდაათი წამი დარჩა, ან ცხრას ხუთი უკლია, როგორც ქუჩაში გაჩერებული, დამრგვალების უუნარო ადამიანები გეტყვიან, ან რვა საათს ორმოცდათორმეტი მესამოცედი საათით გადასცდა, ან უბრალოდ ცხრას რვა უკლია. დროის უაზრობას და მათ შემხედვარე შექმნილ განწყობას, თან ერთვოდა, თითქოს, ჩაბნელებული სურათი. თუმცა მასშიც იყო ერთი პატარა წერტილი, ერთი ბედნიერების ნაპერწკალი, რომელიც თავის სილამაზით და სიდიადით, ყველაფერ არსებულზე უზარმაზარი ჩანდა. ასეთი ამაღელვებელი არემარე, დაუფიქრებლად გაფიქრებს.

საზღვრებიც კი უსაზღვროა როდესაც ტვინის ერთი სფერო ფიქრის რეჟიმს რთავს. ჰორიზონტსაც აქვს საკუთარი ჰორიზონტი რომ უყუროს და ჩარჩოსაც არ აქვს ჩარჩოები. ფიქრი თავისუფლებაა…

მზის საოცარი ჩასვლის ყურებას, მხოლოდ მეორე სილამაზე თუ შეგიშლიდა. ფენებად დაწყობილი მანათობელი ღრუბლები, ქაფივით ადღვებილი. თითქოს უბრალო ღამეა, ბნელა, მაგრამ ზეცა ანათებს ამ უსიცოცხლოდ უსასრულო წყვდიადს და ხალისს ჰმატებს. თითქოს ღმერთს ცეცხლი მოუკიდებია ცისთვის ადამიანთა ცივი გულების გასათბობად. ყველა ჩუმად არის და ზეცა ხმაურობს თავისი სიდიადით. მაგრამ ისინი ამას ვერ ამჩნევენ, ვერ ამჩნევენ რადგან მათთვის ეს ცა ისეთივე შავი და ბნელია როგორიც მათი გულები. მათ უბრალოდ არ უნდათ მათი შემოშვება. მათი გულიც, თვალიც, ყველაფრისთვის დახურულია.

ცუდია ამ გრძნობის გასაზიარებლად, რომ არავინ გყავს, ვერც მას ამჩნევენ და ვერც მათ. მათი თვალიდან ეს ჩვეულებრივი ძველი ფილმის ფირს ჰგავს, მხოლოდ შავ-თეთრი, მის იქით არაფერი. კმაყოფილია იმით რასაც ხედავს და არ უნდა შეცვლა. და ვინ იცის, რომ იმ ბნელი, მტვრიანი, ფარდის იქით შემოდგომის ნაზი ფერები იმალება…

 

 

ავტორი: ალექსანდრე გუნია, 15 წლის

ი. ვეკუას სახელობის, ფიზიკა-მათემატიკის, N42 საჯარო სკოლის მოსწავლე