“არ მცალია, არ ვიცი” – ტონშერყევით თვალები დამიბრიალა, ის თვალები, დილაობით რომ მიყვარდა მათი ცქერა, გულისფიცარს წამოვახტებოდი და ველოდებოდი როდის გაიღვიძებდნენ, ასე ხომ პირველი მე დამინახავდნენ. ხმაში შეეტყო, სხვა რამის თქმაც უნდოდა, ოღონდ ბრაზმორევით, შეიძლება ზიზღითაც, სავარძლის უკნიდანაც კი უღიმღამოდ გამომიყვანა – “კარგი გეყოფა არ მინდა ფარდას ატუზულს გიყურო”. ჩანთის ჩალაგება მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, ასე ხომ არათუ ჩემი საქციელი, არამედ ჩემი მისდამი წყენაც უფრო ძლიერი წარმოჩინდებოდა. არადა, არ ვიყავი ნაწყენი, უფროსწორად არ მინდოდა მეწყენინებინა. გან… ხმა ჩამიწყდა წამით, გულის ხმა, განა რა ვკითხე ასეთი? იქნებ კითხვა არასწორად დავუსვი? ან არასწორ დროს… არ მინდა დავიჯერო, თავიდან იმიტომ მომიშორა, რომ ხალხი ამ საკითხზე საერთოდ არ დარდობს. მასაც ხომ ჰქონდა თვალები, მართალია ცოტა ცრემლიანი, მაგრამ თითქოს ყველას უღიმოდა. ვერასდროს ვიფიქრებდი საბნის გარეშე როგორ უნდა გეძინოს. მემგონი ჩემზე პატარა უნდა იყოს, ასე ალბათ მისი სიგამხდრე მაფიქრებინებს, უსიცოცხლო ქუჩისთვის რომ ეძღვნა გასამრჯელოდ, მარტო როგორ დატოვეს? განა ამ სიცივეში მოკლემკლავიანებში ჩაცმულ, შავ დიდ პარკებზე მჯდარ ბიჭს რომ დაინახავ, რომელიც პურის ყუას ჩაბღაუჭებია ღიმილის მოლოდინში, როგორ უნდა შეისწორო გაყინულ ცხვირზე შენი შარფი, ან მუხლებიდან ყელამდე როგორ უნდა აჰყვე მზერით შენს პალტოს, რომ დარწმუნდე რომელიმე ღილი ხომ არ დაგრჩენია შესაკრავი. დავიჯერო, ჯიბეში რომ ხელი აქვთ ჩაყოფილი, მის წინ გავლისას თითებს მაინც არ შმუშნიან სირცხვილისაგან?! მინდოდა მისთვის მეკითხა, მე რატომ მაქვს თბილი სახლი და ყოველ დილით გამზადებული საუზმე, მას კი … კიდევ ერთხელ ჩამიწყდა ხმა. ჩემს თავსაც ვეღარ შევხედე, სარკეს მოვშორდი და კედელს შუბლით მივეყრდენი. მას თვალების გარდა არაფერი აქვს, ან იქნებ მე თბილი სახლისა და ყოველ დილით ზუსტად 8:00-ზე გამზადებული საუზმის მეტი არაფერი მაქვს?
დერეფნის ბოლოსკენ წავედი. დაწკრიალებული კედლები თვალს მჭრიდა, თითქოს იქიდან ანარეკლი მიქნევდა ხელს, მაგრამ არა. მწვანე დაკლაკნილი ხაზების მეტს ვერაფერს აღვიქვამდი. კარი გავაღე და თბილმა სიომ მაშინვე შემომიარა კისერზე, ჩემმა ნახტომმა კიბის ბოლო საფეხურებიდან, ალისფერ ფოთოლთა ზღვა აახმაურა, რომელსაც ჯერ კიდევ ემატებოდა ნარნარით ბუნების მშვენება. პატარა ქვაფენილიან რიგს მივადექი, ბოლოსკენ ერთი სკამი მოჩანდა და მარტო რომ არ ყოფილიყო, გადავწყვიტე მივსულიყავი. გრძელი სკამი ყოფილა… გრძელი კია, მაგრამ საზურგე მხოლოდ ნახევარზე აქვს. თუმცა იმ ცარიელ სივრცეს ფონად მოხდენილი ლამპიონი ავსებდა. მისი ფორმები ერთ ორნამენტს მახსენებდა, წიგნის ყდას რომ ალმაცერად გასდევდა შეფარვით. ზევიდან ნაცნობი ხის შიშველი ტოტები გადმოხრილიყვნენ, ალბათ ის მიხატული ფოთოლიც ჩამოვარდა თორემ ასეთი მოწყენილი არ იქნებოდა. ფეხის ირიბი ბაკუნი მესმის, ცოტა ხანს ვუსმინე, შემდეგ ავხედე და მომღიმარი ქალი შეეჩეხა ჩემს მზერას. სკამს რომ ჩაუარა გაჩერდა და ხელი ლაბადისკენ წაიღო. ხელმოჭიდული ოდნავ წინ წავიწიე, ძველ ფოსტის ყუთთან მდგარა. გულის ჯიბიდან ფითქინა, პატარა კონვერტი ამოიღო, თვალის დახუჭვით აკოცა და დედასავით ნაზი თითები გადაუსვა მის გახუნებულ ზედაპირს. დაღონებული სახით ვიჯექი, ფიქრებს ვერ გავურბოდი ან შეიძლება საჭირო არც იყო მისთვის თავი დამენებებინა. თავში აზრების წამოყრისას ჯერ კიდევ მისი ხმა ლაპარაკობდა. ამ ყუთისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება ბედისწერას. მას ხომ ყველა ადამიანის კარგად ესმის, ყველა ანდობს თავის საიდუმლოს, ტკივილს თუ სიხარულს და ვინ იცის, თვითონაც წუხს, რომ ამას სხვას ვერ უყვება, ყოველ დილით კი ისევ იგივე ადგილას დგას სადაც წინა დღეს მარტო დატოვეს.
ჭრიალის ხმა გაისმა, გვერდზე ბიჭს ძველი ველოსიპედი გაჰყავდა და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ის ხმა კიდევ არხევდა ჩემი ყურების ნიჟარებს. ისევ გადავიწიე ხელჩაბღაუჭებული, ფოსტის ყუთის ენა ირხეოდა.
– გამარჯობა პატარავ – უცებ ხმა გაისმა და შიშისგან შარვლის აჭიმებიც კი ამწყდა. წრიულად მიმოვიხედე, ახლომახლო არავინ ჩანდა, არც ბავშვი არც ვინმე სხვა.
– ნუ გეშინია პატარავ! – ისევ ჩამესმის მოკლე ფრაზები სათნო ხმით. აქეთ-იქით ვიყურები გაოგნებული.
– აქეთ მოიხედე! – რაღაცნაირმა ემოციამ მოიცვა ჩემი სხეული, გარშემო თითქოს ერთი დიდი გონგის ხმით სამარე გაბატონდა და ყველაფერი კაშკაშა თეთრმა სხივებმა მოიცვა. დრო არ გაჩერებულა, მაგრამ ყველაფერი ძალიან ნელა, მშვიდად მიდიოდა. არანაირი შფოთი.
– აქეთ-აქეთ… მე გეძახი.
თავიდანვე გავიფიქრე მაგრამ, ეჭვიანი შეწუხებული იერი ნაკვთებიდან არ მშორდებოდა. მივბრუნდი და უჩვეულო ინტონაციით გამარჯობა ვთქვი, ჩემი შიშიც, ინტერესიც და დაბნეულობაც იგრძნობოდა იმ უცნაურ ბგერაში.
– გამარჯობა მეგობარო, მე გელაპარაკები, აი, შემიძლია ხელიც ჩამოგართვა.
ფეხზე ნელა წამოვდექი, თითქოს მინდოდა, მაგრამ ის განცდა რომ რაღაც არარეალური ხდებოდა, არ მაძლევდა უფლებას ნაბიჯი გადამედგა.
– აქეთ მოიწიე, მე არ შემიძლია…
– ვინ ხარ?
– ფოსტის ყუთი, განა ვერ მხედავ?!
– კი მაგრამ…
ნაზად ჩაიცინა.
– არაუშავს, ერთ შენნაირ ბიჭთან ვცადე ერთხანს დალაპარაკება, მაგრამ ხმა როგორც კი ამოვიღე კოსრისტეხით გაიქცა.
– არა, მე მიყვარს ლაპარაკი. რა გქვია?
– არაფერი, მაგრამ შეგიძლია რამე დამარქვა.
წუთით დავფიქრდი და თავი ჩავღუნე.
– ლაპარაკი როგორ ისწავლე?
– ოცდათექვსმეტი წელია უკვე აქ, კეროსაკიში ვდგავარ, უამრავი ადამიანი მოსულა ჩემთან და ხშირად მელაპარაკებიან, როცა წერილს მაბარებენ. რომ იცოდე როგორი თბილები და გულახდილები არიან. თავიანთ დარდს რომ მიყვებიან ვცდილობ ჩუმად ვიყო, რომ უფრო მეტად არ დავამწუხრო ისინი. რომ იცოდე რა წერია იმ წერილებში, შეყვარებულები უგზავნიან ერთმანეთს სითბოთი სავსე ტექტსებს და მაშინვე გული მითბება. ამას არაფერში გავცვლიდი, მათი წაკითხვისას სულ მავიწყდება რომ მოძრაობა არ შემიძლია.
– ანუ ყველა ადამიანისს გესმის? ნეტა, მეც მესმოდეს ჩემი კითხვების დროს უფროსები რატომ იკატუნებენ თავს ხოლმე, თითქოს არაფერი მითქვამს.
– შენ რა, არავინ გელაპარაკება?
– იშვიათად
– შენც ჩემნაირი ყოფილხარ, ჩამოჯექი ხოლმე, მე ყოველთვის მოგისმენ.
ღაწვები ყურებისაკენ ამეწია და წვეთმა ცრემლმა დამისველა ვარდისფერი ლოყები. მაშინვე მივვარდი მას და ხელები სადამდეც გამწვდა იქამდე მოვეხვიე, რკინისაა მაგრამ არაა ცივი, არ გეგონოთ ამ ხალხივითაა, გული ნამდვილად უფეთქავს, ისეთი თბილია როგორიც ჩემი საბანი.
დავემშვიდობე და სიხარულით სახლისკენ გავიქეცი, აჭრელებული ხალიჩა ისევ მაძლევდა მუხტს ლურჯი კარის გზაზე. ოთახში როგორც კი ავედი, მამას ძველი ფუნჯი ავიღე და ჩემს დიდ რვეულში მთელ გვერდზე ჩავხატე. არამგონია მისთვის მეთქვას, რომ ჩემი უსაყვარლესი მოგონებების დიდი რვეული მაქვს, იქვე იყო ის დღე, უშველებელი წითელი მანქანა რომ მოადგა ჩვენს ეზოს და ბავშვებს უთვალავი ტკბილეულობა დაგვირიგა. არ დამავიწყდება ის სიცილი. შაქარყინულები და შოკოლადები ცხვირამდე მეყარა. უკვე ოდნავ დაღამებულიყო, უცებ ჩავხტი ჩემს საბანში, ხვალ ბევრი მქონდა მოსაყოლი მეგობრისთვის.
ფანჯრიდან ვიყურები, ლურჯად მობრიალე ცის ღრუბლებზე მთვარე დასეირნობდა. ის ლამპიონები დაღონებულ ხეებს ებაასებოდნენ და ართობდნენ, დილით არცერთია მხიარულად ამ ცივი ხალხის შემხედვარე.
ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, მაგრამ უკვე კარგად ფხიზელივით თვალები დაჭყეტილი მქონდა. ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი, ჩემი მწვანე ჟილეტი მოვიხვიე, რვეულს ხელი ჩავჭიდე და კარებისაკენ გავეშურე. ჯერ ყველას ეძინა, ვცდილობდი ჩემი ფხაკუნით არავინ გამეღვიძებინა. ნელა გავედი გარეთ და ნაზი ნახტომებით გავიქეცი ყუთთან. ნაცნობი ხმები არ მტოვებდნენ და ფეხს მიწყობდნენ. მივედი ფოსტასთან. რამდენიმეჯერ მივესალმე.
– მეგობარო, მოვედი. როგორ ხარ? ძალიან თბილი ღამე იყო არა?! არც კი იცი რა უნდა გაჩვენო. შეხედე ჩემი გაკეთებულია.
წამით გავჩუმდი, მივხვდი რომ არ მისმენდა. ხელი მოვუსვი გვერდებზე რამდენჯერმე.
– მეგობაროო, მეგობაროო – უკვე ხმადაბლა ყურთან ვუჩურჩულებდი. ალბათ ეძინა, ხომ არ გავაღვიძებდი. ცოტა არ იყოს, მეწყინა, მაგრამ მორჩილად ავედი ოთახში. ისევ ყველას ეძინა. ისევ ჩემს საბანს მივეხუტე და ისევ დავიძინე.
რაღაც ცუდი მესიზმრება, ასე მახსოვს, შეჭმუხნული სახე ძილშიც არ მომშორდა. კარგად არ მახსოვს, ან შეიძლება უბრალოდ არ მინდა რომ გავიხსენო, თუმცა დარწმუნებული ვარ არც ის მენდომებოდა მხსომებოდა. რაღაც ჩემთვის უჩვეულო იყო. მართალია მაინც არავინ მისმენდა, მაგრამ ძალიან მიხაროდა ტკბილი სიზმრები.
დედის ძახილმა ქუთუთოები შემირხია. ბუნდოვნად მესმოდა, მგონი, მითხრა, ჩამოდი, საუზმის დროაო. ჯერ გამოფხიზლება, თვლემა, ტანსაცმელი, ხელ-პირი და 10 წუთში უკვე გავაანალიზე, რომ ჩასასვლელად მზად ვიყავი. მაგიდას როგორც კი მივუჯექი, მარჯვენა ლოყაზე მაკოცა, ეტყობოდა ჩქარობდა, კარისკენ წაიწია.
– ჭკუით იყავი! – ჩანთას ხელი დაავლო და თითების მოხრით დამემშვიდობა. საუზმობა დავიწყე, ჩემი საყვარელი სენდვიჩი მოუმზადებია, ის და ატმის ჩაი ჩემი ყოველდღიური ზღაპარი იყო დილაობით. მარცხენა მხარეს მუქი ფარდების უკან, დიდი შუშაბანდიდან მშვენივრად მოჩანდა ეზო და პარკი. თვალებს აქეთ-იქით ვაფაციცებ. ყველა სახლის აივანს გავხედე, და იმ კიდევ მწვანე ბუჩქების დანახვისას ტანში თბილმა ტალღებმა დამიარეს. ხალხმრავლობას ვერ დავარქმევ, მაგრამ დაახლოებით 6 ერთნაირად გამოწყობილი მამაკაცი მოჰხვეოდა ჩემს მძინარა მეგობარს. ერთს რაღაც მუყაოს ყუთი ეჭირა, მეორე კი ფოსტიდან წერილებს იღებდა და ყუთში ყრიდა. თითქოს ავნერვიულდი. პირი მოვიწმინდე და არ ვიცი, რამ მიბიძგა, მაგრამ კარებთან მივედი. თხელი ფარდა გადავწიე და გადიდებული თვალებით კარი გავაღე. იმ კაცებს ჩემი თბილი თანამოსაუბრე რაღაც მაღალ მანქანაზე შეუსვამთ.
კიბეები უკვე ჩავიარე. ძრავის დაქოქვის ხმა გაისმა. უკვე მივრბოდი. მანქანა დაიძრა. ვყვირი ბოლო ხმაზე.
– საით მეგობარო, არა, არაა…
კვლავ მივბივარ პატარა ნაბიჯებით, ცრემლიც მეპარება წამწამებზე. ის უკვე მშორდება,ვეღარ ვეწევი. არ მინდა ისე წავიდეს, რომ არ დავემშვიდობო და ჩემი ნახატი არ ვანახო. უკვე ვეღარც ვხედავ.
– არა! რატომ?!… არა!
ძირს დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. მინდოდა არავის შევემჩნიე, მაგრამ მაინც არ მოვიდოდნენ რომ ეკითხათ რა მოხდა, მე კი მაინც ვერ ვეტყოდი რაც მოხდა. ისევ ვტირი, დაწყნარება მინდა მაგრამ არა… თვალები დავხუჭე და ვეცადე არ წარმომედგინა… გავჩუმდი…
იმ დღის მერე, ვინმე თუ ელაპარაკებოდა ის აღარ სცემდა პასუხს. აწითლებული თვალები და ჩაშავებული ფოსოები. ოთახში ჩაიკეტა და კარგა ხანი გარეთ ცხვირს არ ჰყოფდა.
დრო კი ყველაფერს განაგებს, ადრე თუ გვიან ყველაფერს ასწორებს, ან ანადგურებს. მას ვინ შეედავება, აწიკწიკებს საათებს და ამოჰყავს მთვარე. ხან არ გყოფნის ხან ბევრია. მას ყველაფერი შეუძლია შეცვალოს, მაგრამ… დღე, კვირა, თვე, წლები მიილია მის ბატონობაში. იმედიც და მოქმედებაც უძლური აღმოჩნდა მის წინაშე. ყველაფერი შეცვალა, თუმცა ის დაღდასმული გული ჯერ კიდევ არ გამთელებულა. არც არავიზე ფიქრობს, არც არავის დახმარება შეუძლია და არც ფიქრობს, რომ ვინმეს დაეხმაროს. “რამხელა ბიჭი გაზრდილა, უკვე კაცია”. ყალბია ეს ემოცია. იმ წართმეულ წუთებს და მოგონებებს დრო აგინზღაურებს? ვერა, ან იქნებ – არა. დრო ყველაფრის მკურნალია? უკან წაიღე ეგ სიტყვები. იმედი აღარ ღვივდება ნახევარ გულში. ამ ბიჭისთვის ვის ადარდებდა ეს? ამაოებასა და უიმედობაში ოცზე მეტი წელი გასულა უკვე. რა დრო გასულა არა? საუკუნე კი არა ერთი ამოსუნთქვაც აღარაა ცხოვრება ბედისწერისდანაჩასობილ, ერთ დროს სიხარულით მფეთქავი გულისთვის.
ყოველ დილით სამსახურში მიდის და ქაღალდებს კინძავს. ჩუმ სასაფლაოს დამსგავსებია კეროსაკი. აღარ აქვს მნიშვნელობა მზეს და მწვანე ბალახს. აღარც ხელოვნურ ღიმილს.
ერთი რუტინული დილა დაიწყო. ძველი ქაღალდების და წებოს სუნი არ შორდებოდა სახელოსნოს კედლებს. მოდის და მოდის ქაღალდები ვერ გაიგებ რა რის შემდეგ. ახალმა თანამშრომელმა ახალი ფურცლების მთელი ყუთი შემოიტანა. მაგიდაზე დააწყო და დაღლილობისაგან ამოიხვნეშა. ყუთს ზევიდან რაღაც უცნაურმარკიანი წერილი ედო. ახალგაზრდამ დაუყონებლივ გახსნა და მისი ადრესატი ამოიკითხა.
– აქ ვინმე მალკოლმი არიის? – თან ინტერესით ირგვლივ იყურება.
– კი, მე ვარ, რა ხდება?
– წერილია შენს სახელზე მეგობარო.
დაბნეული და მოულოდნელი სახით, ნელა გამოართვა წერილი, გახსნა და გულში კითხვა დაიწყო. ნაწერი ძლივს ირჩეოდა. მასში ეწერა:
” გამარჯობა, მეგობარო! გახსოვარ? შეიძლება აღარც, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ეს ასე არაა, რადგან შენ თუ არ გაწუხებს მარტოობა მე ჩუმად ყოფნის მეტი აღარაფერი დამრჩენია. ჩემი ხელით დავწერე, როგორც შემეძლო. არც იმის დიდი იმედი მაქვს ეს შენამდე ჩამოვა თუ არა, მაგრამ თუ ოდესმე ამას წაიკითხავ მინდა, ბოდიში მოგიხადო, რომ მარტო დაგტოვე!
შენი მოგონების დეტალი- ფოსტის ყუთი. ”
მალკოლმს სიხარული არ შეტყობია სახეზე, თუმცა აფორიაქებულობას ნამდვილად ამოიკითხავდით მის ქცევებში. წერილის მარკას რამდენჯერმე დახედა და ბოლოს პეიზაჟის უკანა ფონზე დახატული ყვითელი კოშკი დაინახა. ამჯერად სიხარულით წამოიყვირა.
– ბიგრიმი!
წამოხტა და სასწრაფოდ სახლში წასვლა გადაწყვიტა.
– რა მოხდა მეგობარო? რა ბიგრიმი?
მათთვის ყურადღება არც მიუქცევია.
ვიზუალურად ყველაფერი ისევ ისეა მშობლიურ უბანში. ისევ ის კიბეები, ის ლურჯი კარი, ის მწვანე ორნამენტებიანი კედელი, და ისევ თბილი საბანი. ოთახში როგორც კი შევიდა, მარჯვენა კუთხესთან მაღალი სკამი მიადგა. ზედ ავიდა ჭერში რაღაც სათავსო გააღო, და ძველი მტვრიანი სკივრი ჩამოიტანა. დროს მასზეც უმოქმედია, ერთმა სულის შებერვამ ვერ უშველა. ზედაპირი ისევ მტვრით ჰქონდა დაბინდული. სკივრიდან ფული ამოიღო, ის ის იყო უნდა დაეკეტა, რომ კუთხეში შუაზე გადაკეცილი ამოწეული ფურცელი შენიშნა. ამოიღო და გახსნა. ეს ის ნახატი იყო მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ რომ დახატა დიდი ხნის წინ. ქაღალდი გულის ჯიბეში ჩაიდო. საკიდრიდან ცილინდრი ქუდი აიღო და სადგურში წავიდა. სადგურში მისვლამდე, მიღებულ წერილს მარკა მოაძრო და პასუხად ყუთს გაუგზავნა წერილი. მასში ეწერა:
“მოვდივარ!
მალკოლმი”.
ბილეთი წამებში იყიდა და მეორე დილისვე მატარებელს გაჰყვა, რომელსაც გზად ბიგრიმიც უნდა გაევლო. ვაგონში ყოფნისას ოცდახუთივე მგზავრი ბორტგამცილებელმა გააფრთხილა, რომ ზამთრის პირობების გათვისწინებით, დანიშნულების ადგილამდე მისვლას დაახლოებით 1 თვე დასჭირდებოდა. თქვა და თვითონაც მემანქანის კუპისკენ წავიდა. მატარებელი დაიძრა და ერთ კვირაზე მეტია, არსად გაჩერებულა. გზა მართლაც დამღლელი იყო მაგრამ მოლოდინი მალკოლმს ენერგიას აძლევდა დღიდან დღემდე გაეძლო. გაგზავნიდან ცხრა დღის შემდეგ მისი წერილი ფოსტის ყუთში მოხვდა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი დღე გახარებული იყო. იმ დღეს ბევრი სტუმარი ჰყავდა, საკმაოდ ბევრი წერილი დაუგროვდა, რომელთა უმეტესობა რაღაც ტრაგედიას ეხებოდა. უკვე გვიანი საღამოა, ფოსტის ყუთთან ერთი თეთრებში გამოწყობილი ბიჭი მოვიდა, წერილს მარკა დააკრო და ყუთში ჩააგდო. საქაღალდეს ბიგრიმისა და კეროსაკის მარკები ეკრო. წერილი გახსნა…
” გაცნობებთ, რომ დღეს ბიგრიმის ხეობასთან ჩამოწოლილმა ზვავმა, აქ მომავალი მატარებელი მთლიანად დაფარა, სამწუხაროდ დაღუპულია 27 ადამიანი…”
ავტორი: ი. ვეკუას სახელობის, ფიზიკა-მატემატიკის, N42 საჯარო სკოლის მოსწავლე – ალექსანდრე გუნია, 15 წლის