2666
2666

იყო ერთი კაცი, სახელად – რობერტო, გვარად – ბოლანო, წარმოშობით – ჩილელი, გარდაიცვალა 2003 წელს, 50 წლისა. მასზე ამბობდნენ, ისეთ დროს დაიწყო წერა, როცა ლათინურ ამერიკას უკვე აღარ სჯეროდა უტოპიების, სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა, ხოლო მთელი ეს საშინელების შეგრძნება – ლიტერატურულ იმპულსადო. ასე დაიწერა რობერტო ბოლანოს მრავალი ნაწარმოები და მათ შორის, მისი ყველაზე ცნობილი და გახმაურებული რომანი “2666”. ტექსტი უკვე მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს გამოქვეყნდა, თანაც არა ისე, როგორც ავტორი აპირებდა. რობერტოს ჩაუფიქრებია, 5 ნაწილად დავწერ, ჩემ ოჯახსაც მეტი შემოსავალი ექნება 5 წიგნისგან, ვიდრე ერთისგანო. მაგრამ ოჯახმა, გადაიკითხა რა “2666”, ასე თქვა, ეს ისეთი კარგი წიგნია, მისი დაშლა-დანაწევრება არ ეგებისო, ჰოდა ერთ წიგნად გამოიცა “2666”, ხუთ ნაწილად, თუმცაღა.

 

ეს მართლა საოცარი წიგნია, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟების ამბებით წარმოგვიდგენს მე-20 საუკუნის საშინელებათა რეტროსპექტივას. წიგნის მთავარი კრიმინალური თემა ფემიციდია. მკვლელობათა ციკლი, რომელსაც ქალები ეწირებიან გამოგონილ ქალაქ სანტა-ტერეზაში ხდება. როგორც ამბობენ ბოლანოსთვის ინსპირაცია იყო რეალურ მექსიკურ ქალაქში, სიუდად ხუარეზში განვითარებული ცნობილი მოვლენები, რომელთა დროსაც, 1993 წლიდან 2003 წლამდე, 10 წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ქალი მოკლეს სხვადასხვა მიზეზებით. ეს ჯოჯოხეთი “2666”-ში სხვადასხვა რაკურსითაა ნაჩვენები.

საერთოდაც, წიგნის პირველ ნაწილში გერმანული ენის ოთხ მასწავლებელს ვხვდებით: ფრანგს, ესპანელს, ინგლისელს და იტალიელს. ოთხივე შეპყრობილია ვინმე გერმანელი მწერლის, ბენო ფონ არჩიმბოლდის შემოქმედებით. არადა, ეს კაცი არავის უნახავს, არც გამოჩენილია ჯილდოებითა თუ სხვა ჩინ-მენდლებით და საერთოდაც, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ბოლოს სწორედ სანტა-ტერეზასკენ მიმავალი შეამჩნიეს. შემდეგ ნაწილებში ვხვდებით დიქტატურისგან დევნილ ჩილელ პროფესორს, ამალფიტანოს (რომლის პროტოტიპიც, როგორც ვარაუდობენ, თავად ბოლანოა), ასევე უცნაურ ნიუ-იორკელ ჟურნალისტს, ვხდებით საშინელი მკვლელობების მოწმეები და ბოლოს ვეცნობით თავად ბენო ფონ არჩიმბოლდისაც, რომელიც სანტა-ტერეზას ეწვევა.

 

ჰო, მართლა, რატომ 2666? არ ვიცი.. ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა თავად ბოლანოს ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.. წიგნშიც აღნიშნული რიცხვი ან თარიღი საერთოდ არ გვხვდება, სამაგიეროდ ბოლანოს სხვა ნაწარმოებებში არის მინიშნება ამაზედ. მაგალითად, რომანში “ამულეტი”, ბოლანო ახსენებს მექსიკის ქუჩებს, რომლებიც 2666 წლის სასაფლაოს დაემსგავსნენ.. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სათაური მკითხველის ყურადღებას იქცევს და წიგნსაც ისე აკითხებს, თითქოს მთელ ამ ისტორიას მის თვალწინ ჩაერბინოს, გნებავთ 1993, გნებავთ 2018, ან გნებავთ – 2666 წელს.