მიმზიდველად საუბრობს იოსიფ ბროდსკის პიროვნებაზე და შემოქმედებაზე პოეტი იური კუბლანოვსკი. მის კეთილგანწყობას ბროდსკისადმი ბუნებრივად ერწყმის ის აზრი, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებაზე სიჭაბუკიდანვე ოცნებობდა. ეს ოცნება მას საბოლოოდ აუხდა. ბროდსკის იზიდავდა არა ევროპის მცირე ქვეყნები, არამედ ისეთი სუპერსახელმწიფო, როგორიც შტატებია. ბროდსკი ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი დაბადების ადგილი ვიწრო პროვინციული ჩიხი იყო და სადაც კი არსებობდა ნათელი, ცივილიზებული, განსხვავებული სუპერსახელმწიფო.

არ ვიცი, რამდენად მართალია ეს აზრი. ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას ბროდსკის ერთგვაროვანი, ჩვეულებრივი, პარადოქსულობასმოკლებული შეხედულება თითქმის არასდროს არა აქვს. ვთქვათ, როცა სხვა ინტერვიუში (გავიხსენოთ ინტერვიუების მთელი სერია, რომელიც ვლადიმირ ვოლკოვმა მოამზადა) პოეტი თავისი გადასახლების პერიოდზე საუბრობს და საკმაოდ მძიმე ყოფა-ცხოვრებით პირობებს აღწერს, მოულოდნელად დაასკვნის, რომ ეს წელიწადნახევარი მისთვის სწორედ პოზიტიური ნიშნით იყო დაუვიწყარი.

ასე რომ, შეიძლება ის რამენაირად, თუნდაც ქვეცნობიერად ისწრაფვოდა ფროსტის, ელიოტის, ოდენის ქვეყნისკენ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია მას შტატებში გადასახლებაზე ეოცნება. მახსენდება მისივე წრის ერთ-ერთი პოეტის ალექსანდრ კუშნერის მოგონება, სადაც აღწერილია ბროდსკის შტატებში გამგზავრების მომენტი (პოეტი საბჭოთა კავშირიდან 1972 წელს გაასახლეს). იმ წუთებში პოეტი საოცრად დათრგუნულია და აშკარად ჩანს, რომ თავისი ცხოვრების საბედისწერო გზაჯვარედინზე იმყოფება.

მე ზემოთ შევეხე ბროდსკის ენასთან დამოკიდებულების აქცენტს. ამის თაობაზე კუბლანოვსკიც ლაპარაკობს. როგორღაც ბროდსკის კუბლანოვსკისთვის უთქვამს, შენ პასტერნაკის შემდეგ რუსულ პოეზიაში ყველაზე მდიდარი ლექსიკური მარაგი გაქვსო. კუბლანოვსკი ოდნავი ირონიით დასძენს, რომ მისი ენის ფორმირება პროვინციაში მოხდა, მას ბროდსკისგან განსხვავებული ენა აქვს, მაგრამ ეს ფაქტი ამ ენის განსაკუთრებულ სიმდიდრეზე არ მეტყველებს.

ჩემი მხრივ, მინდა ერთი რამ დავძინო: ბროდსკის ენაში შერწყმულია მწიგნობრული, ყოფითი, ჟარგონული და სხვა ლექსიკური კომპონენტი. ასეთი სიჭრელე ლირიკული პერსონის ხასიათით არის განპირობებული. ამასვე ამბობს, ოღონდ სხვა სიტყვებით კუბლანოვსკი: „ეს არის პიტერის, ნაბოკოვის დროის ენა, ამასთანავე აქ საბჭოთა ენაც არის, სადაც ჟარგონს სხვაგვარი ელფერი აქვს“.

რუსი ემიგრანტი პროზაიკოსი ფრიდრიხ გორენშტეინი დასძენს, რომ მისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია ენა, რომლის მეშვეობითაც რიტმია გადმოცემული. მისი აზრით, უმთავრესი სწორედ რიტმის გრძნობაა, პოეტისაგან განსხვავებით პროზაული რიტმის გრძნობა არც მანდელშტამს აქვს და არც ბროდსკის.

ზოგიერთი ემიგრანტი მწერალი ბროდსკის სნობიზმში ადანაშაულებდა. ამის გამო ისიც ითქვა, რომ სნობიზმის გაჩენას თავისი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა. პოეტს უნდა დაეძლია რუტინა, მას რაღაც უნდა დაეპირისპირებინა რუტინისთვის და ამიტომ წარმოიშვა მისი სნობიზმი. ეს ნათქვამი ადრეულ ბროდსკის ეხება. სნობიზმში აქ, ჩემი ვარაუდით, პოეტის ლიტერატურისადმი დამოკიდებულება, მისი ექსცესური, ზედმეტად ორიგინალური გამონათქვამები იგულისხმება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს დაკვირვება გარკვეულწილად შეიცავს კიდეც ჭეშმარიტების მარცვალს, მაგრამ ბროდსკის ესეისტიკის წრფელი ინტონაცია იმთავითვე გამორიცხავს რამენაირ გონებაჭვრეტითობას და ხელოვნურობას. ეს მისი ბუნებრივი აზროვნების წესია, როგორც ესეებში, ისე პოეზიაში.

იოსიფ ბროდსკის მიერ განხორციელებული ნოვაცია მისი არაორდინარული აზროვნების შედეგია. ამას გულისხმობს ვიქტორ ეროფეევი, როცა ამბობს, რომ მან ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ შეუთანადა ერთმანეთს: ავანგარდი შეაერთა ერთგვარ კლასიციზმთან, აბსურდის სამყარო წესრიგის სამყაროსთან შეანივთა.

რაც შეეხება ბროდსკის ესეიზმს, ძალზე საყურადღებო აზრს გამოთქვამს ასევე ემიგრანტი მწერალი ბორის ხაზანოვი. ის ამბობს, რომ ბროდსკი პოეტი-ესეისტია. მისი აზრით, ესეიზმი მსოფლმხედველობის თავისებური ტიპია. ხაზანოვის გამოთქმას „პოეტი-ესეისტი“ გარკვეული მიზეზი აქვს. კერძოდ, მწერალი-ემიგრანტი უარყოფს ბროდსკის ლირიკულ ხასიათს და ამის საპირისპიროდ აღიარებს მის ესეისტურობას.

მე მინდა დავსვა ასეთი კითხვა: იქნებ ეს გადაჭარბებული, რადიკალური აზრია?

ამა თუ იმ პოეტის ლირიკული წყობა სხვადასხვაგვარია, არსებობს აგრეთვე ლირიკული ხარისხის მეტ-ნაკლებობა და იქნებ ბროდსკი თავისებური წყობის ლირიკოსია და არა ანტილირიკოსი? და თუ ის „ანტიაკმეისტების მემკვიდრეა“ , ეს ჯერ კიდევ არ მეტყველებს „ლირიკული სტიქიისადმი“ მის სრულ გაუცხოებაზე. არადა, ბორის ხაზანოვი ჯიუტად იმეორებს და ასკვნის კიდეც: „ბროდსკი, ჩემი აზრით, პირველი და ერთადერთი დიდი პოეტია რუსულ პოეზიაში, რომელიც არ უნდა მივიჩნიოთ ლირიკოსად“.

არგუმენტები ასეთია: „ბროდსკის პოეზიაში ვერ იპოვით ემოციურ გამოძახილს სულიერი და გარეგნული ცხოვრების წვრილმან მოვლენებზე, რაც განსაზღვრავს კიდეც ლირიკოსის სახეს“, „ბროდსკი გულგრილია რუსულ პოეზიაში არსებული ლირიკული ნაკადისადმი, მას არ უყვარს ალექსანდრ ბლოკი“, ძალზე ძნელია მისი ლექსების ზეპირად დამახსოვრება“ და ა. შ.

შეიძლება ამ გამონათქვამებში სიმართლის წილი იყოს კიდეც, მაგრამ სამყაროს აღქმის სირთულე, რომელიც ბროდსკის მონაპოვარია და რომელზეც საუბრობს ოპონენტი, ტრადიციულ ლირიკულ ჟღერადობას ვერ შეუთავსდებოდა. მე მგონი, ესეც უნდა ითქვას.

 

 

 

1 2