* * *
ხომ დაბრუნდები, მეგობარო, ხომ დაბრუნდები?!
გულს ხომ არ დასწყვეტ დაღონებულ, მოხუც მამაშენს?
ნისლად ქცეულან წყალჩამდგარი ხოდაბუნები,
წყალს წაუღია გიორგობა, ქირსე, მარაშნა…
შენ არყოფნაში სულის ფსკერი, მოუთოხნავი,
ხშირი წვიმებით გაჟღენთილა, ხშირი ელჭექით…
მამაშენის ხმას მუდამ ახლდა სევდა ოდნავი
და გაცილებით, როცა სნეულს თავთან ვეჯექით.
შენ არყოფნაში ამინდებმა ჯავრი იყარეს
და ისე წვიმდა, არ იწვიმებს ისე ათას წელს.
მე, შენზე მეტად, პოეზია გადავიყვარე
და ამიტომაც, ამიტომაც იშვიათად გწერ.
ხომ დაბრუნდები, მეგობარო, ხომ დაბრუნდები?!
გულს ხომ არ დასწყვეტ დაღონებულ, მოხუც მამაშენს?
ნისლად ქცეულან წყალჩამდგარი ხოდაბუნები,
წყალს წაუღია გიორგობა, ქირსე, მარაშნა…
ესხერი
სველ ლიანდაგებს უხმოდ დავყურებ
და დგას ესხერში თეთრი სადგური.
თოვლში ვიპოვე ქარვის საყურე,
თოვლში, რომელმაც გამანადგურა.
შენ გაზაფხული გინდა იპკურო,
ან რაღა რჩება გაზაფხულამდე.
მე გშორდებოდი, როგორც საკურას
და ჯიხურებსაც უკვე ხურავდნენ.
ახლა კორდიდან ქალაქს შევსცქერი-
ცათამბრჯენები უნდა ვუშენო…
იდგა სადგურში თეთრი ესხერი
და თეთრ ესხერში თოვდა უშენოდ.
დაპირებული შენი მარადის,ამოძახილი შენი სულიდან,
ყველა დაბლობი შენისლული და
დამარცხებული ბრძოლა მარაბდის,
არაფერია ასეთ თოვაში.