ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას მეორე წრეშია

მსოფლიოს მე-20 ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით გაიარა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრე. მან ოთხ სეტში დაამარცხა რეიტინგის 171-ე ნომერი, ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი – 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3.

პირველ სეტში იუბენქსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა პირველი მოწოდების სიზუსტესთან (55) და მეორე მოწოდებაზე ქულების აღების მხრივ (46). ბასილაშვილს, ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა – პირველ მოწოდებაზე ქულების 75 პროცენტი (15/20) აიღო, მეორე მოწოდებით – 78 პროცენტი (7/9).
მიუხედავად ბასილაშვილის ასეთი უპირატესობისა, მეტოქეებს თანაბარ რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ – თითო-თითო. ქართველმა თავისი შანსი მეხუთე გეიმში გამოიყენა, იუბენქსმა კი ეს ვერ შეძლო მეექვსეში.

მეორე სეტის სცენარი ძალიან დაძაბული გამოვიდა. პარტიის სტარტი ბასილაშვილმა მთლიანად ჩააგდო და 0:4 ჩამორჩა. მან მალე დაიბრუნა ერთი დაკარგული მოწოდება, 3:5-ზე სამი სეტბოლი მოიგერია და ამის შემდეგ, მეორე უკუბრეიკი შეასრულა. თითქოს ამას სეტში გარდატეხა უნდა მოეტანა, მაგრამ ბასილაშვილმა მეათე გეიმში მესამედ წააგო საკუთარი გეიმი და მასთან ერთად სეტი. ქართველმა მეორე სეტში ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მესამე სეტმა აჩვენა, რომ ხასიათის სიმტკიცის მხრივ, ბასილაშვილს ყველაფერი წესრიგში აქვს. პარტიის შუაში, ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს – ჯერ იუბენქი გავიდა წინ და იქვე ნიკამ უკუბრეიკი შეასრულა. ამერიკელი ვალდებული იყო სეტებში წინ გასულიყო, რადგან მე-10 და მე-12 გეიმებში ერთბაშად ხუთი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა შეძლო ყველა ამ საფრთხის მოგერიება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. ქართველს იქაც ჰქონდა ერთი კრიტიკული მომენტი, როცა 2:4 ჩამორჩა, თუმცა აქაც გადარჩა, მეორე სეტბოლზე პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა და სეტებში ისევ დაწინაურდა.
არადა, სამი სეტის შემდეგ, ბასილაშვილი ბევრ სტატისტიკურ კომპონენტში აგებდა იუბენქსთან: ეისები – 5:19, ორმაგი შეცდომები – 8:6, ბრეიკ-პოინტები – 7:14, პირველი მოწოდების სიზუსტე – 60%-61%, პირველი მოწოდებაზე მოგებული ქულები – 70%-79%, “ვინერსები” – 30:42.

ბასილაშვილს არც მეოთხე სეტის დასაწყისი გამოუვიდა ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა. საბოლოო დარტყმა მეტოქეს მან პარტიის შუაში მიაყენა, როცა 1:2-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა. მატჩი ორი საათი და 45 წუთი გაგრძელდა.
უკვე ცნობილია ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში. ეს იქნება იტალიელი სტეფანო ტრავალია, რომელმაც ოთხ სეტში მოუგო არგენტინელ გვიდო ანდრეოცის – 6:7, 6:2, 6:3, 6:2.