სიზმარი
სიზმარი

ამ ორიოდე დღის წინ ერთი ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე. თან უცნაური, თან შინაარსიანი, თან საცნაური. მოკლედ, მე სიზმარს გიამბობთ, და დანარჩენი თვითონ განსაჯეთ – გაიცინოთ, იტიროთ თუ დაფიქრდეთ.

ვითომ ქალაქგარეთ, ერთ კარგად მოწყობილ და მოყუჩებულ დუქანში გახლდით. ამ დუქანს ვითომ „შიოს მარანი“ ერქვა და მეპატრონეც თავად შიო გახლდათ – დაბალი, ჩასუქებული, მუგუზალივით შავი და წვერგაბურძგნული. კუპრივით შავი ულვაშები იმოდენაზე გაეზარდა და აეპრიხა, რომ გაბაჯგვლულ ყურის ნიჟარებამდე სწვდებოდა, ყურებში უღიტინებდა და წამდაუწუმ ყურებს კოტიტა, ქონიანი თითებით ისრესდა. ხელადით ტაბლაზე წითელი ღვინო დაედგა, დედას პური გაეტეხა, ბღუჯა ნიგოზი დაეყარა და ორიოდე ჩურჩხელაც გვერდზე დაეწყო – ღვინოსთან მისაყოლებლად.

ბუხარში ცეცხლი აეგიზგიზებინა. ფარდაგდაფენილ ტახტზე წამოკოტრიალებულიყო და ირგვლივ მუთაქები შემოეწყო, თან ულვაშების ცმაცუნით წითელ ღვინოს წრუპავდა და ნიგოზს აკრატუნებდა.

მიდიო, მკითხე რაც გინდაო, ყველაფერზე მაქვს ბრძენის პასუხიო. თუ გინდა გიმკითხავებ რა გელის მომავალშიო, თუ გინდა იმ მთისა მკითხე, თუ გინდა ამ ბარისაო. ყველაფერზე მაქვს ჭკვიანური პასუხიო.

კაი-მეთქი. აბა მითხარი, შიო ბატონო, ეს ჩვენი ობლად დარჩენილი ლარი რომ უფასურდება დღითი დღე, ეს რა მოვლენაა, ან რატომ დაიწყო და აღარ ჩერდება, ან რა ეშველება, რითი ვუწამლოთ-მეთქი?

ამხელა კაცი ხარ შენცა და სხვა შენნაირი ყაზილარებიც, და დედაკაცებივით ჩამოგიშვიათ ცხვირი. აჰყოლილხართ ვიღაც-ვიღაცეების მინაჩმახ-მონაბოდს და ვიშვიშებთო – უცებ გაწყრა შიო მედუქნე. ლარის გაუფასურებას კი არა, საკუთარი თავის გაუფასურებას რომ ვერ ამჩნევთ, იმიტომ გეცლებათ ხელიდან ეგ თქვენი ცინგლიანი ლარია თუ დღლარიო. კი მაგრამ, რა ვქნათ, მაშ გვიხაროდეს და ტაში შემოვკრათ-მეთქი, შევიცხადე. ტაში კი არ უნდა შემოკრაო, – გვერდი შეიცვალა და პირი გააწკლაპუნა, – თოხი ან ბარი უნდა აიღოთ ხელში, მამითქვენისა და პაპითქვენის მიტოვებულ მიწასა და ყანას უნდა დაუბრუნდეთ და ეგ თოხი თუ ბარი მიწას უნდა დაჰკრათო. მერე-მეთქი? მერე ისაო, რომ მიწაზე თოხის ყოველ დაკვრაზე ეგ თქვენი ლარია თუ დღლარი, 0,001 პუნქტით გამყარდებაო. აბა რას ამბობ, მე სერიოზული კაცი მგონიხარ-მეთქი. მე და შენს შორის არასერიოზული კაცის დედაცაო, – უცებ იფეთქა შიომ და ტახტზე ალმურწაკიდებული წამოჯდა. რასაც გეუბნები, თუ შენ შაყირი და მასხრად აგდება გგონია, ახლავე მოუსვი აქედან, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოსო.

კარგი, შიოჯან, დამშვიდდი. საწყენად კი არ მითქომს, უბრალოდ გამიკვირდა და ჩაგეკითხე-მეთქი. ჰოდა ბევრს ნუ ლაპარაკობ, შემეკითხე და რასაც გიპასუხებ, ხმაამოუღებლივშეისმინეო.

მაშ შენ ამბობ, რომ ლარის კურსის გამყარება თოხისა და ბარის მიწაზე დაკვრით შეიძლება-მეთქი? ზუსტად ეგრეა, მაგრამ ამის გამკეთებელი, თუნდაც საცდელად, არავინააო. იმიტომაც მაგ საქმეს არაფერი ეშველება და შემდეგი შეკითხვა დამისვიო.

ამ ხალხს რაღა ეშველება, ვისაც ბანკის სესხი დოლარში აქვს და ყოველთვე მათი ფული ჰაერში ქრება უკანმოუხედავად-მეთქი. ჩემდა გასაოცრად, ამ შეკითხვაზე შიო მედუქნე ჩაფიქრდა, კარგახანს მდუმარედ იწვა მხართეძოზე, ბუხარში ცეცხლს მიშტერებოდა, მერე ამოიოხრა, პირი გააწკლაპუნა და წამოჯდა, ღვინო ჩამოასხა. გაგვიმარჯოსო, – მომიჭახუნა და ჭიქა ბოლომდე გამოსცალა. სველ ულვაშებზე მსუქანი, ბანჯგვლიანი ხელი გაისვა. ვერ ვბედავდი ბოლო შეკითხვა ხელახლა დამესვა. თითქოს ფიქრს მიმიხვდაო: მე თუ მკითხავ, თუ სხვა გამოსავალი აღარ არსებობს და თუ თოხისა და ბარის ხელში დაჭერა არავის უნდა, მაშინ მთელი ეს ხალხი უნდა გაერთიანდეს, შექმნან კოალიცია სახელწოდებით „უდარდელი მოვალეები“, უნდა დაიჭირონ ხელში ტრანსპარანტები წარწერით „ბალიათიშაური“, და თავთავიანთ ბანკებთან კონცერტები და კიდევ სხვა აქციები უნდა გამართონო. მაინც რა უნდა გააკეთონ, შიოს ვენაცვალე-მეთქი – სმენად ვიქეცი. რა უნდა გააკეთონ და უნდაიმღერონ, ლექსები თქვან, იცეკვონ, წარმოდგენები დადგან, ხელნაკეთი ნივთები გაყიდონ, თან არაფერზე იდარდონო.

რაც ფული შემოუვათ, დღის ბოლოს რესტორანში ან თუნდაც ჩემს დუქანში დაამღერონო. აბა ბანკის გასასტუმრებელ ფულს ეგენი მაინც ვერ მოაგროვებენ და ქეიფი და დროსტარება მაინც შერჩებათო. კი მაგრამ, სადამდე გაგრძელდება ასე, ის ბანკები ხომ სათითაოდ ყველას წაართმევენ უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც გირაოდ აქვთ ჩადებული-მეთქი. აი, სად ვეღარ გიჭრის გონება და ვეღარ ხვდები ამ საქმის მთავარ ძარღვსო. ამ კონცერტებით და სახალხო ხმაურით ეს ხალხი დღითი დღე უფრო და უფრო მეტ ადამიანს შემოიერთებს და ბოლოს საქმე იქამდე მივა, რომ „უდარდელი მოვალეები“ მთელი ქვეყანა გახდებაო. მთელი ქვეყანა რომ მათ წინააღმდეგ დადგება, რაღას იზამენ ეგ შენი ბანკებიო. ცოტა ხანს გაჩუმდა. მერე ღრმად ჩამჯდარი, ავად მოელვარე თვალები გაუბრწყინდა და წამოდგა, აგიზგიზებულ ბუხარს მიაშტერდა. რა ვარ მაინც ამისთანა გენიოსი და მოზროვნე, ამას მოფიქრება ხომ უნდაო. ადექი ახლა და წადი, აღარაა საჭირო მეტი შეკითხვა, ხალხში გაერიე და ეს ჩემი ბრწყინვალე იდეა გაავრცელეო. წამომაგდო, ცალ ხელში ჩურჩხელა დამაჭერინა, მეორეში ნიგოზი ჩამიჩხრიალა და კარისკენ გამიძღვა. წადი, და რაც გელაპარაკე, ხალხში თქვი, იქნებ ერთი-ორი კაცი მაინც აიყოლიოო. გამომისტუმრა დუქნის ჭიშკარს იქით და ალაყაფის კარები ფეხებთან მძიმედ მომიჯახუნა.

ვიდექი ასე, გაბითურებული და დაბნეული – ცალ ხელში ჩურჩხელით, მეორეში ნიგოზჩაბღუჯული, და ვფიქრობდი – ნეტავ ეს შავი კაცი ვინ იყო, რა უნდოდა, ან ეს რეები მელაპარაკა-მეთქი… მერე ჯერ ერთი ხელი გავითავისუფლე – ნიგოზი გადავყარე, შემდეგ მეორე ხელით ჩურჩხელა მოვისროლე, ბოლოს ხელისგულები დავიფერთხე და ამასობაში გამომეღვიძა კიდეც.

რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, ვინმეს შეუძლია მითხრას? ან ის თოხი და ბარი რა იყო, ან ეს „უდარდელი მოვალეები“ რაზე მიანიშნებდა. და შიოს მარანი რაღამ დამასიზმრა, თავის ჩაკურატებულ მედუქნესთან ერთად. იქნებ საბანგადახდილს მეძინა და ამის ბრალია ყველაფერი?

თოხი, ბარი, ლარი, ჩურჩხელა და ნიგოზი როგორ დავაკავშირო ერთმანეთთან, მეტყვის ვინმე?…