მსოფლიოს ამბები - საპარლამენტო არჩევნები რუსეთში
მსოფლიოს ამბები - საპარლამენტო არჩევნები რუსეთში

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. პანდემიის გამო მიღებული ახალი წესის მიხედვით, დუმის არჩევნები სამი დღის განმავლობაში გაიმართება. პირველი უბნები უკვე გაიხსნა კამჩატკის მხარესა და ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. სულ პარტიულ სიებში დარეგისტრირებულია 3 812 ადამიანი, ხოლო ერთმანდატიან ოლქებში – 2 020. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სულ 450 დეპუტატს ირჩევენ. წელს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „არასისტემური ოპოზიციის“ წარმომადგენელთა ნაწილის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმეები, რის გამოც ისინი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა. მაისში ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრებს. სწორედ ასეთ ორგანიზაციად გამოაცხადეს ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, რის გამოც ნებისმიერ პირს, ვისაც კავშირი ჰქონდა აღნიშნულ ფონდთან, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საბაბით, რუსეთის ხელისუფლებამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას არჩევნების მეთვალყურეობის მიზნით, მხოლოდ 60 ადამიანის გაგზავნის უფლება მისცა, რის გამოც ეუთო-მ საერთოდ უარი თქვა რუსეთში მონიტორინგის მისიის გაგზავნაზე. რუსეთში არსებულ წინასაარჩვენო გარემოზე ვესაუბრეთ რუს პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: