მსოფლიოს ამბები - აქციები, ძალადობა, რასიზმი - ჯორჯ ფლოიდის საქმე
მსოფლიოს ამბები - აქციები, ძალადობა, რასიზმი - ჯორჯ ფლოიდის საქმე
  • გასულ კვირას მსოფლიო მედიის ყურადღება მიპყრობილი იყო აშშ-ისკენ, სადაც პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასობრივი უთანასწორობის საწინააღმდეგო აქციები 26 შტატის 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ქალაქ მინეაპოლისში, თეთრკანიანი პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველი 8 წუთის განმავლობაში კისერზე მუხლით აწვება უიარაღო და ბორკილდადებულ ფლოიდს, აშშ-ის აღშფოთება გამოიწვია. აქციები გაიმართა ნიუ იორკში, კალიფორნიაში, დენვერში, დეტროიტში, ჩიკაკოში, პორტლენდში და ვაშინგტონში. აშშ-ის დედაქალაქში სიტუაცია 1 ივნისს დაიძაბა, როდესაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. გამოცხადდა კომენდანტის საათი, მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. დონალდ ტრამპმა კი ქალაქში წესრიგის დასამყარებლად მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების გამოძახებით დაიმუქრა. კვირის ბოლოს ვითარება შედარებით განიმუხტა, თუმცა აქციები გრძელდება. ვაშინგტონში აქციებში მონაწილეობდა 22 წლის სტუდენტი შელბი შაპირო, რომელსაც დემონსტრაციების შესახებ ვესაუბრეთ.
  • მინეაპოლისში გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის საქმის განხილვა სასამართლოში 8 ივნისს უნდა დაიწყოს. 9 ივნისს კი გაიმართება ფლოიდის დაკრძალვა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ რასობრივი უთანასწორობა აშშ-ში მართლაც წარმოადგენს პრობლემას, თუმცა საპროტესტო აქციებზე ძალადობა და მოროდიორობა, რაც გასულ კვირას ბევრ ქალაქში მოხდა, მიუღებელია როგროც რესპუბლიკელებისთვის, ისე დემოკრატებისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა გუბერნატორებს მოუწოდა უფრო ხისტად იმოქმედონ და ფედერალური ძალები ან ეროვნული გვარდია დაიხმარონ. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა კი განაცხადა, რომ ლეგიტიმური მიზეზით დაწყებულ პროტესტს ულტრამემარცხენე ექსტრემისტები და ანარქისტები საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ. აშშ-ში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს რამდენიმე თვით უსწრებს წინ, ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს შოთა თხელიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: