იძულებითი გართობა
იძულებითი გართობა

დღეს, ანუ დღევანდელ პოლიტიკურად, სოციალურად თუ ეკონომიკურად, მორალურადაც კი, ურთულეს დროში, როცა ყველა ჩვენგანს გვიწევს ცხოვრება, სუნთქვა, მეგობრობა, სიყვარული, დაბადება, გარდაცვალება, მუშაობა, ურთიერთობა ერთმანეთთან, როცა ასე ძნელია ბრძოლა გადარჩენისთვის – არადა, ადამიანი ხომ საკუთარი ბიოლოგიური ინსტინქტით გადარჩენისთვის იბრძვის, უბრალოდ სხვადასხვა გარემოში ეს ბრძოლა განსხვავებულ ფორმებს იძენს… ჰოდა როცა ასე ძნელია-მეთქი დღევანდელ სამყაროში, და მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება, ბოლო დროს გამუდმებით მაწუხებს სრულიად არარელევანტური, ნაივური და შესაძლოა ბრიყვული შეკითხვაც კი: რითი გავერთოთ?.. ჰო, აი, რითი გავერთოთ ჩვენ – ადამიანები? იმაში მაინც ხომ მეთანხმებით, რომ ადამიანებს გაჩენის დღიდან სჭირდებოდათ გართობა, გულის გადაყოლება, ყურადღების გადატანა, განტვირთვა, მოლხენა… ჰოდა, რითი გავერთოთ-მეთქი, დღეს, 21 საუკუნის საქართველოში, ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი ეს გვჭირდება?.. დროულად დასმული შეკითხვაა? თუ მაინც სიბრიყვეა?..

ზოგადად, რა არის გართობა? გართობის ურიცხვი სახე არსებობს – დაწყებული ჩვილი ბავშვის გართობიდან, სიკვდილის სარეცელზე მიჯაჭვული იმპერატორის გართობამდე. არსებობს მასობრივი გასართობი – დიდებისთვის, პატარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ცხოველებისთვის და ქვეწარმავლებისთვისაც კი. არსებობს ეროტიკული გასართობის უთვალავი სახეობა, გართობა მასმედიის დახმარებით, გართობა სპორტის მოყვარულთათვის და გართობა პარლამენტის დეპუტატებისთვისაც კი. როგორც ხედავთ, გასართობის სიას დასასრული არ უჩანს და სათვალავი არ აქვს, ამიტომ სჯობს აქვე დავხუროთ ეს თემა და გადავიდეთ მთავარზე: გასართობის ასეთი წარმოუდგენელი არჩევანის ფონზე, რითი შეიძლება გაერთოს საშუალოსტატიკური ქართველი ადამიანი? ქალი, მამაკაცი, მოსწავლე, სტუდენტი, ბავშვი, პენსიონერი ან სექსმუშაკი, რომელიც 2018 წლის თებერვლის თვეში, დღეს, ცოცხალია, თავს კარგად გრძნობს და საქართველოში ცხოვრობს. რითი? რითი შეიძლება გაერთოს?.. ვერაფრითო, – ასეთი იქნება თქვენი ცალსახა პასუხი, მაგრამ ეს ერთი შეხედვით შეიძლება მიიჩნიოთ ან მოგეჩვენოთ ასე. არადა, არ იქნებით მართალი. მოდი, საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ, ანუ მაგალითად მოვიყვან ერთ რიგით დღეს, როცა შინიდან გამოვდივარ და სამსახურში მივდივარ, შემდეგ სამსახურში ვარ, საღამოს კი ისევ შინ ვბრუნდები, შემდეგ შინ ვარ და ბოლოს ვიძინებ. რას ვხედავ ერთი ჩვეულებრივი დღის განმავლობაში შინ, გარეთ, სამსახურში, ისევ გარეთ, და ბოლოს – ისევ შინ. და რაც მთავარია – რითი ვერთობი მთელი ეს პერიოდი? რა მართობს და ზოგჯერ საოცრად მახალისებს კიდეც? ახლავე გიამბობთ.

მაშ ასე: დავიწყოთ დილით. ვიღვიძებ, ვდგები, ვსაუზმობ, ვემზადები სამსახურში წასასვლელად. ამ დროს, ჩვეულებისამებრ, ტელევიზორი ჩართულია და ოჯახის წევრები, ძირითადად, ცალი თვალით რომელიღაც ქართულ არხზე, მეტწილად ერთ-ერთ რეიტინგულზე, უყურებენ ყოველდღიურ დილის საინფორმაციო-გასართობ გადაცემას. პირველი, რაც დილიდან მართობს, ეს გადაცემაა, რომელიც თითქმის ყველა ქართულ არხზე, სადაც მსგავსი ფორმატის გადაცემა გადის, საოცარი უგემოვნობის, დილეტანტობის, და ბოლოს და ბოლოს – სრული სიდებილის დემონსტრირებაა ყველა კრიტერიუმით. მართობს იმიტომ, რომ ვხედავ – წამყვანებს და სულაც გადაცემის მთელ შემოქმედებით ჯგუფს როგორ ჰგონიათ, რომ ხარისხიან გადაცემას ამზადებენ, არადა სრული უმეცრებისა და არაპროფესიონალიზმის განსახიერებაა, თანაც წლებია უკვე ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. ერთი სიტყვით, მე ძალიან ვერთობი და ვიცინი. დილიდან. შემდეგ ქუჩაში გავდივარ, სადაც როგორ წესი, მხვდება ჩვენი უბნის მეეზოვე ქალი. ოთხკუთხედი ფორმის, ხუჭუჭთმიანი, ფარისეველი გამომეტყველების ზორბა პროვინციალი დეიდა, რომელსაც ჩემთვის, გულში, „ჭორის ღვთაება“ შევარქვი, რადგანაც ეს ქალი, თუ კაბიანი კვადრატი, პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს ქუჩის დაგვისა თუ დასუფთავების გარდა: იცნობს აბსოლუტურად ყველა მობინადრეს, რომელიც მის სამუშაო არეალში ცხოვრობს; იცის, ვინ ვინაა, ვინ სად მუშაობს, ვინ როდის მიდის სამსახურში, ვის როგორ უყვარს თავისი ქმარი ან ცოლი; ვის ჰქონდა წუხელ ბობოქარი სექსი და ვინ ოცნებობს გათხოვებაზე; თუ ცოცხიანმა „ჭორის ღვთაებამ“ დაგინახათ, წამსვე შეწყვეტს ქუჩის ვითომ დაგვას, მოგესალმებათ და თხემით ტერფამდე შეგათვალიერებთ, შეაფასებს თქვენს დრესკოდს, თმის ვარცხნილობას, გაგატარებთ სპეციალურ სკანერში, სადაც დაინახავს, თუ რა რაოდენობის ნაღდი ფული გიდევთ საფულეში, რომელ ჯიბეში ჩქმალავთ პრეზერვატივს, რა ჩახეთქეთ დღეს დილით და გულის რა სიღრმეში ინახავთ ბავშვობისდროინდელ სიყვარულს. თქვენ მიდიხართ სამსახურში, ის კი გიყურებთ, გრძელტარიან ცოცხზე დაყრდნობილი, და მისი მზერა ზუსტად ისეთია, როგორიც გვინახავს ტერმინატორის სუბიექტურ კამერაში. ესეც მეორე გასართობი მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოვდივარ.

მის შემდეგ კი, სანამ სამსახურში მივალ, მოკლეხნიანი გასართობების მთელი რიგი მხვდება: ტროტუარზე გადათხლეშილი მანქანები; თქვენი და ჩვენი ცაკალელი ცუგრიკოების ნაირფერი ქაქები მანქანებისგან სამადლოდ მოტოვებულ ტროტუარის ფრაგმენტებზე; ჩემ წინ მიმავალი ვიღაც იმბეცილის მიერ გამოშვებული უზარმაზარი კვამლი ელექტრონული სიგარეტის მოწყობილობიდან, რომელიც პირდაპირ სახეში მეფრქვევა; შუქნიშნის მწვანე შუქზე, ზებრაზე გადასვლისას სრულიად შემთხვევით შემჩნეული, არამიწიერი სისწრაფით მომავალი უძვირფასესი ე.წ. შავი ჯიპი, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფრისთვის მიუფურთხებია, რაც კი ყოფილა, არის და იქნება ამ სამყაროში და კაცობრიობის ისტორიაში, და სანამ ამ სიტყვებს ვიტყვი, ის უკვე აღარსად ჩანს, რადგანაც 260 კმ/სთ სიჩქარით გაიელვა; შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, ან სამარშრუტო ტაქსი: რომელიღაც მდედრის ან ბიძიას დაუსრულებელი ენის ჭარტალი ან ბურდღუნი მობილურ ტელეფონზე; თინეიჯერების უტიფარი, მოურიდებელი, ხმამაღალი ლაპარაკი და სიცილ-ხორხოცი; კონტროლიორის მიზანთროპიით, ნიჰილიზმით აღსავსე მზერა და ქცევები; ჰიგიენასთან სამუდამო კონფლიქტში მყოფი სუბიექტის მიაზმებამდე მიახლოებული, გულყრის ან კონვულსიის გამომწვევი სხეულის „ნელსურნელება“, მძღოლის სადიზმი ავტობუსის ან სამარშრუტოს მართვისას, და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი გასართობია – ვიზუალური, სმენითი, ყნოსვითი ან შეგრძნებითი. ფლუიდების სახითაც კი, ტელეპათიურად აღქმული გარშემომყოფების მხრიდან. რაც უნდა გაგიკვირდეთ, ესეც მართობს და ზოგადად, ეს გართობაა – მასობრივი, საერთო-სახალხო გასართობი, რომელსაც ხალხი თავისდაუნებურად ყოველდღე აწყობს. უბრალოდ, ამას დანახვა, აღქმა და შეცნობა სჭირდება.

შემდეგი ეტაპი სამსახურია. აქ უკვე სულ სხვა გასართობ ნომრებს, სულ სხვა პერფორმანსებსა და ეტიუდებს, ოპუსებსა და სკეჩებს იხილავთ: ფარისევლობა, სიყალბე, უაზრო პროვინციალური ამბიციები, უმეცრება, უტაქტობა, უმადურობა, სიბრიყვე, მრუშობა და სიმდაბლე. აქაც, როგორც სხვაგან, მახვილი მზერა, ჯანსაღი ყურები და კარგი ალღოა საჭირო. სხვაგვარად ვერ გაერთობით. დასასრული არ აქვს ქლესობას და მატრაკვეცობას, სიცრუეს და თავშეუკავებლობას. ამით განა იმის თქმა მინდა, რომ იქ, სადაც მე ვმუშაობ, ან ზოგადად, ნებისმიერი თქვენგანი მსახურობს, მხოლოდ ეს მანკიერებანი სუფევს. რასაკვირველია, არა! მაგრამ სიკეთე, უანგარობა, ღირსება და კეთილშობილება, რასაც თქვენც და მეც, ასევე ვხედავთ და ყოველდღე ვგრძნობთ, როგორ შეიძლება გასართობი და განსაქიქებელი იყოს?! კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ, რომ გართობაზე ვლაპარაკობთ, და უფრო ზუსტად – იმაზე, რაც მე მართობს და რაც შესაძლოა თქვენც გართობდეთ. ერთი სიტყვით და მრავალი მნიშვნელობით, ეს ისაა, რაც სამსახურში მართობს, თანაც ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. ამასობაში საღამოვდება და შინ დაბრუნების დროც დგება. უკანა გზაც თითქმის იდენტურია, რაც დილით იყო, იმ განსხვავებით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაცილებით მეტი ხალხია, ყველანი უფრო აგრესიულები, დაღლილები, მშივრები და სასტიკები არიან. კონტროლიორს უკვე ფრანკენშტეინის სახე აქვს, ხოლო მძღოლს – ჰალკის, ფენტეზის ჟანრის საკულტო ფილმებიდან; ავტობუსში გაცილებით მეტია ჰიგიენასთან სამუდამო კონფლიქტში მყოფ სუბიექტთა რაოდენობა, და ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ შეთქმულების თეორიის შავ ხვრელში ვარ, რომ ჩემ ირგვლივ თავისუფალ აქოთებულ კალატოზთა ბრბო დგას, რომლებსაც შინ კი არა, მასუნიანთა ლოჟისკენ მივყავარ… მაგრამ ამ დროს, ბედად, ჩემი გაჩერებაა, კარი იღება და ავტობუსიდან კისრისტეხით ჩამოვდივარ. ცოტა ხანს ვჩერდები. პულსს ვიწყნარებ, სხეულიდან გაუგონარი ავსურნელების უხილავი, მომწვანო-მოიასამნისფრო გარსი მცილდება, და გზას შინისკენ ვაგრძელებ. გართობითა და სანახაობით კმაყოფილი.

გართობა ამით როდი მთავრდება. შინაც ბევრია გასართობი. ძირითადად ტელევიზორში და ინტერნეტში – სოციალურ ქსელებში. იქაც იგივე დომხალია: დილეტანტიზმი, პროვინციალიზმი, აშვებულობა, მარაზმში გადაზრდილი თავისუფლება, უგემოვნობა, გაუნათლებლობა და სისასტიკე. რა თქმა უნდა, იკითხავთ – ეს თუ გართობს და გახალისებს, შე უბედურ დღეზე გაჩენილო, ფინთათ ყოფილა შენი საქმეო, მაგრამ დამისახელეთ ვინმემ ყოველივე ზემოთქმულის ჯანსაღი, პროფესიული, გემოვნებიანი, დახვეწილი, ორიგინალური ალტერნატივა, და პირობას გაძლევთ – წამსვე დავივიწყებ ყველაფერს, რაც აქამდე მართობდა და მახალისებდა. თქვენც ხომ შესანიშნავად იცით, რომ ასეთი რამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს… ბოლოს და ბოლოს კი, ყოველივე იმას, რაზეც ვილაპარაკე, და სადაც შესაძლოა ბევრი საერთო იპოვეთ, ასეთი სახელი დავანათლე: იძულებითი გართობა! ვინც გაერთო, გაუმარჯოს!