ღია სტუდია - ვინ შემოდის რუსეთიდან - დეზერტირი, დევნილი თუ მიგრანტი I 29.09.2022
ღია სტუდია - ვინ შემოდის რუსეთიდან - დეზერტირი, დევნილი თუ მიგრანტი I 29.09.2022

კვლავ დიდი რიგებია საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის მონაკვეთზე – რუსეთის მოქალაქეები ყველა საშუალებით ცდილობენ რუსეთის ტერიტორიის დატოვებას, რომ გაწვევას დააღწიონ თავი.

რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე საქართველოში ბევრს აშფოთებს. ადამიანების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ახალ გამოწვევებს მოუტანს.

ჯიპა-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებში საფრთხის დანახვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პუტინი მათი დაცვის საბაბით დაიწყებს ომს საქართველოში, ალოგიკურია.

„პუტინს ომის დაწყება თუ დასჭირდა – მას არანაირი საბაბი არ სჭირდება. გარდა ამისა, „ჩანერგილი“ კადრები რუსეთს აქ ისედაც ეყოლება – და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შორის“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძის აზრით, უცხო, არც თუ მეგობრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლა ახალ საფრთხეებს ქმნის.

„საქართველო ასეთ პრობლემებს ჯერ არ შეჯახებია. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად იმუშავებენ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ამ გამოწვევას გაუმკლავდებიან“, – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: