ღია სტუდია - სოფო ასათიანი: თუ რეფორმაზე შეთანხმდებიან სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება რეალური გახდება
ღია სტუდია - სოფო ასათიანი: თუ რეფორმაზე შეთანხმდებიან სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება რეალური გახდება

საქართველოში კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას სასამართლო სისტემის რეფორმა. პოლიტიკური მართლმსაჯულების მიუღებლობაზე განცხადებები ამ 2 დღის წინ გაკეთდა სენატში საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განხილვისას. სასამართლო სისტემის რეფორმას გულისხმობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გეგმაც, სადაც ცალკე პუნქტად არის შესული უზენაესი სასამართლოს დანიშვნის საკითხი და იუსტიციის საბჭოს არჩევნები.
ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლის სოფო ასათიანის აზრით, ამ ორ საკითხზე პარტიების მხრიდან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რეალური გახდება სასამართლო სისტემაში არსებული კლანისგან გათავისუფლება.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ადამიანებზე, ჩვენ სისტემის ისეთ ცვლილების აუცილებლობაზე გვაქვს ყურადღება გადატანილი, რომელიც არ დაუშვებს სასამართლოში ნებისმიერი კლანის არსებობას“ – ამბობს ფონდის ღია საზოგადოება-საქართველოს თანამშრომელი სოფო ასათიანი.
ის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთნ ერთად ავტორია „სასამართლო სისტემის რეფორმის კონცეფციის“, რომელიც სასამართლოს არა ფრაგმენტულ, არამედ თანმიმდევრულ რეფორმას გულისხმობს. სოფო ასათიანის ცნობით, კონცეფციას ეთანხმებიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. მისი განცხადებით, თუ მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პროცესის შედეგები ძალიან მალე გამოჩნდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: