ღია სტუდია - საქართველოში ქალებს ისევ კლავენ - უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახის წევრები
ღია სტუდია - საქართველოში ქალებს ისევ კლავენ - უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახის წევრები

მაისის თვე საქართველოში, სამწუხაროდ, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებით გამორჩეული იყო. ამ რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მიყოლებით ფემიციდის რამდენიმე შემთხვევა მოხდა – ყოფილმა ქმარმა ქალი ავტობუსში, შვილების თვალწინ მოკლა. რამდენიმე დღეში, ისევ ყოფილმა ქმარმა ამჯერად ავტობუსის გაჩერებაზე კვლავ შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლს დანით 6 ჭრილობა მიაყენა. საბედნიეროდ, ქალი გადარჩა. მაისის დასაწყისში ბორჯომში ქმარმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა. სამივე მამაკაცი დაკავებულია. ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ თანამშრომელი ანა თვარაძე ამბობს, რომ კანონმდებლობის თვალსაზრისით, საქართველოში ვითარება ბოლო წლების მანძილზე გაუმჯობესდა. ახლა მთავარი ამ კანონების აღსრულების აუცილებლობაა, რომელიც ქალს დაიცავს. „ ეს კომპლექსური საკითხია – როგორც წესი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები არ არიან ეკონომიკურად დამოუკიდებლები, არ აქვთ ოჯახის მხარდაჭერა. მათ დახმარების იმედი არ აქვთ“ – ამბობს ანა თვარაძე. იურისტი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში გაზრდილია არა მხოლოდ ფემიციდის შემთხვევები, არამედ ქალების თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებიც. „ აუცილებელია, პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლად აღიარების პროცედურა გამარტივდეს. რომ ქალს ჰქონდეს საშუალება, თავი დაიცვას მოძალადისგან“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

სტუმრები: ანა თვარაძე, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ და გიორგი ხატიაშვილი, იურისტი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: