ღია სტუდია - ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება
ღია სტუდია - ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება

„14-84 – ცხელი ხაზის ამ ნომერზე შეგვიძლია ინსპექტირების ცენტრების შესახებ ინფორმაციის მიღება და ინსპექტირების დაჯავშნა“.

„ავტომანქანას საქარე მინაზე ბზარები და ლაქები არ უნდა ჰქონდეს. გამართული უნდა იყოს საბურავები და სანათი მოწყობილობები. მწყობრში უნდა იყოს სამუხრუჭე სისტემა და ავტომობილს არ უნდა ჰქონდეს გამონაბოლქვი. ამ და კიდევ სხვა დამატებითი კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლებს ხელმეორე ინსპექტირების გავლა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ამჟამად ადმინისტრირების ერთადერთი მექანიზმი პატრულის ხელშია, რაც არაეფექტურია. მარტო საპატრულო ეკიპაჟები ვერ მოახერხებენ ყველა ავტომობილის შემოწმებას. აუცილებელია ამ პროცესში ჭკვიანი კამერების ჩართვა, რაც დაგეგმილია“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

„შავი გამონაბოლქვი ქუჩებში რეფორმის შავ ლაქას წარმოადგენს. ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროც აქტიურად უნდა ჩაერთოს. ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესების გარეშე რეფორმას ჩავარდნა ემუქრება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი შედეგი თავიდან ავიცილოთ. ქუჩებში გამონაბოლქვის კონტროლი არის უმნიშვნელოვანესი და ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ. ინსპექტირების ცენტრებში მძღოლები სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართავენ და ახერხებენ სასურველი დასკვნის მიღებას, თუმცა უკვე ქუჩებში მოძრავი ავტომობილები გამონაბოლქვზე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და აბინძურებენ გარემოს. ამიტომ კონტროლის გამკაცრების გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მაგ. მიმდინარე წელს გამონაბოლქვზე მხოლოდ 5 მძღოლი დაჯარიმდა“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

სტუმრები: ვაჟა იორდანიშვილი„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე.

სატელეფონო ჩართვით: ეკა ლალიაშვილი – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე .