ღია სტუდია - ადამიანი სისტემის წინააღმდეგ და ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში
ღია სტუდია - ადამიანი სისტემის წინააღმდეგ და ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში

„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების რეალური მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რეალობა არის ის, რომ ვითარება ყოველწლიურად უარესდება. სხვა უფლებებთან ერთად დარღვეულია იქ მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულენოვანი განათლების მიღების უფლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ყოველმხრივ შეზღუდულები არიან“.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია კვლევის შედეგებს ორ თვეში გამოაქვეყნებს. არსებობს საფრთხე, რომ გალის რაიონის მოსახლეობამ იქაურობა.მასიურად დატოვოს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემურია გადასასვლელები და ქართულენოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩვენს შორის ურთიერთკომუნიკაციების პრობლემაა. აბსოლუტურად დარღვეულია იქ მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. არანაირი სამართლებრივი მექანიზმები ადგილზე არ მოქმედებს“.

„უშუალოდ თამართან ჩვენს ორგანიზაციას კომუნიკაცია არ გვქონია, აუცილებლად დავუკავშირდებით და დავინტერესდებით მისი მდგომარეობით. ვფიქრობ , სახელმწიფომ მას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. ერთის მხრივ, რეალურად უნდა შევაფასოთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. გასაანალიზებელია, რამდენად შესაძლებელია მისი ადვოკატისთვის ჰონორარის გადახდა. ციხელაშვილის უწყება ცალკეულ შემთხვევებს ინდივიდუალურად სწავლობს ხოლმე. მიმაჩნია, რომ საკითხი ინციდენტების პრევენციის და რეაგირების ფორმატთან ერთად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზეც უნდა დადგეს. თუმცა, მოლოდინი იმის, რომ ჟენევაში რაიმე შედეგი მივიღოთ, მცირეა“, – განაცხადა მაკა ტოხიშვილმა.

„თუკი ციხეში ჩამსვამენ, პოლიტიკური ვაჭრობისთვის კარგი მასალა ექნებათ. სასამართლო პროცესი იანვრის ბოლოსთვის არის ჩანიშნული. ამჟამად ჩემი მდგომარეობა მძიმეა და ვითხოვ ადვოკატის დაქირავებას, რისთვისაც თანხა აღარ მაქვს. ჩემი ადვოკატი რუსეთიდან ჩამოდიოდა და მისი ხარჯების დაფარვა ჩემთვის დიდი ფინანსური ტვირთი იყო, რასაც ვეღარ ვახერხებ. ძალიან გამიჭირდა და ამიტომ მივმართე ღიად პრემიერ მინისტრს, რაც გარკვეულ საფრთხეს შეიცავს ჩემთვის. მე პროკურატურა კანონს მიღმა ენით მესაუბრება. სასამართლო პროცესებზე პროკურორი მტრად მომიხსენიებს ხოლმე. ჩემი პრობლემები ჩემს აქტიურობას და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რეალურ ვითარებაზე ხმამაღლა საუბარს უკავშირდება. ამჟამად სასამართლოს მიერ გადაადგილების უფლება შეზღუდული მაქვს. მე ვიდევნები იმიტომ, რომ დისკომფორტს ვუქმნი ადგილობრივ ე.წ ხელისუფლებას. ჟენევის არცერთ ფორმატში ჩემი საკითხი არ დაუყენებიათ“, – განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

სტუმრები: მაკა ტოხიშვილი – საქართველოს მდგრადიო განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ მეარაყიშვილი – ახალგორის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი.

  

დატოვე კომენტარი