გაეცანით: მოზარდთა ბოროტმოქმედების მორფოლოგია
გაეცანით: მოზარდთა ბოროტმოქმედების მორფოლოგია

ამბავი, შემთხვევა, რომელიც ამ ბლოგში მინდა განვიხილო, რეალურად მოხდა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ საჯარო სკოლაში. იმ სკოლაში, რომელში მოსახვედრადაც ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას მშობლები და მათი შვილები ნემსის ყუნწში ძვრებიან, შეუძლებელის შეძლებას ცდილობენ, ქვეყანას აწუხებენ და საბოლოოდ ეს ან გამოდის ან არა. სკოლაში, სადაც სწავლა პრესტიჟის, ღირსების, ცოტა უფრო ქუჩურად თუ ვიტყვი – ბლატის საქმეა და მხოლოდ რჩეულების ხვედრია. ეს არის სკოლა, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია თავისი პრესტიჟულობის გამო, არადა თავს დავდებ, რომ ზოგადი მომზადებით, პედკოლექტივის ინტელექტით, მენტალობით, ბავშვების ერუდიციით, მასწავლებლების კომპეტენტურობით და კიდევ უამრავი კრიტერიუმით საქართველოს რომელიღაც რეგიონის, რაიონის ან რიგითი ქალაქის მოწინავე სკოლას კონკურენციას ვერ გაუწევს.

ვერ გაუწევს, იმიტომ, რომ სკოლის კონტინგენტი – გნებავთ მასწავლებლების და გნებავთ მოსწავლეების მხრიდან არაფრისმთქმელია. უფრო სწორად ბევრისმთქმელია, მაგრამ კარგი არაფრის. შემთხვევა, რომელიც ამ სკოლის ერთ-ერთ კლასში მოხდა, უფრო სწორად – ერთ-ერთი კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს შეემთხვა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლისთვის სავსებით სიმპტომატური, თვისებრივი გახლდათ, და ამდენად, სულაც არ იყო მოულოდნელი, თუმცა თავად ფაქტი გახლდათ შემზარავი, ამაზრზენი და საგანგაშო. აი, რა მოხდა: სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელმაც გამიზნულად შექმნა ფეისბუქის ე.წ. აქაუნთი, გამოგონილი სახელით და გვარით, თავისსავე სკოლელის (შემდგომში მსხვერპლის) მეგობრებს, დაახლოებით 5-6 მოსწავლეს, დაუგზავნა გაუგონარი შინაარსის მქონე, სიბინძურითა და სიბილწით სავსე წერილი, სადაც მათი ოჯახის წევრების მიმართ გინება, შეურაცხყოფა და დამამცირებელი შინაარსის მქონე წინადადებები იყო. წერილი იდენტური გახლდათ ყველა ადრესატისთვის, ხოლო შექმნილი აქაუნთის ე.წ. პროფაილში, სადაც მომხმარებლის პირადი მონაცემები იწერება, ინკოგნიტო ბოროტმოქმედმა თავისი მსხვერპლის სახელის მქონე ასევე ყალბი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერა, აქაუნთის ე.წ. ქავერზე კი ამავე ბავშვის ერთ-ერთი, ფარულად გადაღებული ფოტო დადო, რომელიც კლასში, გაკვეთილის დროსაა გადაღებული საკმაოდ უხერხულ დროს, უფრო კონკრეტულად – როცა აღნიშნული ბავშვი სასაცილო პოზაშია და ამდენად ამ ფოტოს გამოქვეყნება მისთვის დამატებითი დამცირება აღმოჩნდა. ამგვარად, ბოროტმოქმედმა ბავშვმა-ინკოგნიტომ წარმოუდგენლად დიდი დარტყმა მიაყენა თავის მიზანში ამოღებულ მსხვერპლს, დაუგზავნა რა საშინლად შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე წერილი ამავე ბავშვის თანაკლასელებს, რასაც უკიდურესი აგრესია და აჟიოტაჟი მოყვა.

ადრესატი მოსწავლეების მიერ წერილის წაკითხვისა და წერილის „ავტორის“ იდენტიფიცირების შემდეგ, დაიწყო მსხვერპლი ბავშვის მისამართით შეურაცხყოფილი მოსწავლეების საშინელი, მძაფრი აგრესია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ამ აჟიოტაჟში ჩაერთო კლასის დამრიგებელი, ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი და სკოლის სასწავლო ნაწილი. კონფლიქტი გადაიზარდა საქმის კოლექტიურ გარჩევაში, სადაც კლასის მოსწავლეთა დაახლოებით 70% ცალსახად ადანაშაულებდა მსხვერპლ მოსწავლეს თავხედობაში, არაადამიანობაში.
ის სცემა რამდენიმე თანაკლასელმა, მასზე იძალადეს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად და სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას. მსხვერპლი მოსწავლის მიერ საპასუხო თავის მართლებამ, ემოციურმა დარწმუნებამ, რომ ის საერთოდ არ არის ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი, რომ ასეთ უზნეო საქციელს არასოდეს იკადრებდა, დაბოლოს – გულწრფელმა ცრემლებმა, ოდნავ განმუხტა აგრესია და დაძაბულობა, რითაც ეს დღე დასრულდა. მსხვერპლი მოსწავლე შინ დაბრუნდა და საკუთარ მშობლებთან ერთად ძალების მოკრება, გონზე მოსვლა და თავის ხელში აყვანა სცადა.

თუმცა, სამწუხაროდ, ეს ინციდენტი ასე არ დამთავრებულა: მომდევნო საღამოს, რომელიც დასვენების დღე იყო, მსხვერპლმა მოსწავლემ გახსნა საკუთარი ფეისბუქის გვერდი და წამსვე გახდა რამდენიმე, ერთდროულად 4-5 თანაკლასელის აგრესიის მოწმე, რომლებიც შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი შინაარსის მქონე მესიჯებს უგზავნიდნენ, თანაც – უწყვეტ რეჟიმში და ყველანი ერთდროულად. რასაკვირველია, ეს ის თანაკლასელები იყვნენ, რომლებმაც ინკოგნიტო ბოროტმოქმედისგან შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილი მიიღეს. მსხვერპლი მოსწავლე კიდევ ერთხელ დადგა დიდი განსაცდელის წინაშე, როდესაც ერთდროულად 4-5 აგრესიული, თავზეხელაღებული და გაცოფებული თანაკლასელი გოგონებისა და ბიჭების დარწმუნებას ცდილობდა საკუთარ უდანაშაულობაში და უბრალოებაში. ამავე დროს, საინტერესოა ის ნიუანსიც, რომ მსხვერპლი მოსწავლის წერილს, რომელიც მან ზემოთ აღნიშნულ საგანგებოდ შექმნილ აქაუნთზე გაგზავნა, ინკოგნიტო ბოროტმოქმედმა უპასუხა. მოგვიანებით, მიმოწერისას მან მსხვერპლ მოსწავლესთან საკუთარი დანაშაული აღიარა, გამოთქვა დიდი სინანული ჩადენილი ამაზრზენი ქმედების გამო და დაპირდა საკუთარ მსხვერპლს, რომ მომავალ კვირაში, სასწავლო კვირის პირველსავე დღეს, გამოცხადდებოდა სკოლაში და უპირველესად მსხვერპლს, შემდეგ კი იმ მოსწავლეებს მოუხდიდა საჯაროდ ბოდიშს, რომლებსაც შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილები დაუგზავნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, და როგორც მსხვერპლი მოსწავლე, ასევე მისი მშობლები ვარაუდობდნენ, ბოროტმოქმედი არ გამოჩნდა, არ გაამჟღავნა საკუთარი ვინაობა, და შესაბამისად, ბოდიშიც არავის მოუხდია ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო. ამან გამოიწვია ერთგვარი სკეპსისი მსხვერპლი მოსწავლის თანაკლასელებს შორის, ისევ გაჩნდა ეჭვი, რომ წერილის ავტორი მსხვერპლი მოსწავლეა და არა სხვა, ინკოგნიტო ბოროტმოქმედი, რითაც გამიზნულად გაღვივებული კონფლიქტი ისევ განახლდა. ყოველივე ამის შემდეგ, ამ საკმაოდ ჩახლართული ამბის ფონზე, ამ გაუგონარი სისასტიკის, ბავშვების მხრიდან გამაოგნებელი აგრესიის შემხედვარე, მიჩნდება უამრავი შეკითხვა – დაწყებული ჩვენი ხელისუფლების თავკაცებიდან, განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებით გაგრძელებული, და სკოლის პედკოლექტივით, ხელმძღვანელობით, მოსწავლეებით და მათი მშობლებით დამთავრებული:
ოდნავ მაინც თუ გაქვთ წარმოდგენა, რა ხდება ჩვენ ირგვლივ, როგორი დამოკიდებულებაა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის, თავად მოსწავლეებს შორის; საიდან მოდის ასეთი გაუგონარი აგრესია, დაუნდობლობა ბავშვებს შორის, ასეთი დამამცირებელი, უკიდურესად შეურაცხმყოფელი მიდგომა საკუთარი თანატოლის მიმართ; მასობრივი მზადყოფნა, რომ თუ რომელიღაც მათგანს სადმე ფეხი დაუცდა, ყოველგვარი დაზუსტების, ჩაძიების გარეშე ჩაქოლონ, გაწირონ, გაანადგურონ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, არ აპატიონ, არ შეეცადონ, რომ მათი სუსტი, შედარებით განუვითარებელი უნარჩვევების მქონე თანაკლასელი წინ წამოსწიონ, დაეხმარონ, გვერდით დაუდგნენ და ამით, საბოლოოდ ერთიანად გაძლიერდნენ. რატომ მძვინვარებს დღევანდელ ჩვენს სკოლებში მგლური კანონები და შავ-ბნელი 90-იანებიდან ჯერ კიდევ ცოცხალი, ავისმომასწავებელი, ე.წ. შავი, ანუ ქურდული გაგება, ე.წ. „კაი ბიჭის“ ინსტიტუტი და მიჩმორების ვნება, ბულინგის აბსოლუტურად უნიკალური, ერთადერთი და განუმეორებელი ფორმა, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ასეთია დღევანდელი ქართული სკოლების უმრავლესობათა ანატომია. და ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის.

ყოველივე იმის შემდეგ, რაც ზემოთ მოვყევი, რამაც ჩემი გაოგნება, ბრაზი და სინანული გამოიწვია, რატომ გვიკვირს ხორავას ქუჩაზე დატრიალებული დიდი ტრაგედია, რატომ გვიკვირს სულ ახლახან მომხდარი მოსწავლეების დაჭრის ფაქტი, რატომ შევიცხადეთ სამეგრელოში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა და კიდევ ბევრი ფაქტი, რომელიც დაჭრას, მკვლელობას, სხეულის განზრახ დაზიანებას, ჩაგვრას და შეურაცხყოფას უკავშირდებოდა. საერთოდ, რა არის გასაკვირი? ჩვენი შვილების არასრულფასოვნებას, მოსწავლეების ერთმანეთთან ლამის პათოლოგიურ ურთიერთობას და მათი აღზრდა-განათლების სიმწირეს მშობლები სკოლას, ხოლო სკოლა მშობლებს რომ აბრალებს, ამის ფონზე რამე უნდა გვიკვირდეს? როცა ქართული განათლების სისტემა შეგნებულადაა ჩიხში მოქცეული, როცა ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების შიგთავსი აბსოლუტური იდიოტიზმია და როცა დღევანდელი ქართველი სკოლის მოსწავლის თვალსაწიერი და ინტერესი სოციალურ ქსელებს და მობილური თუ კომპიუტერული თამაშების სამყაროს არ სცდება; როცა ირგვლივ ამდენი უმეცრება და ასეთი სიცარიელეა… ნუ გიკვირთ… გაიკვირვეთ, მაგრამ ნუ შეიცხადებთ… შეიცხადეთ, მაგრამ ნუ გაახმაურებთ… გაახმაურეთ, მაგრამ ნუ გააპროტესტებთ… გააპროტესტეთ, მაგრამ ნუ მოითხოვთ… მოითხოვეთ, მაგრამ ნუ იბრძოლებთ… იბრძოლეთ, მაგრამ ბოლომდე ნუ გაჰყვებით… ბოლომდე გაჰყევით, მაგრამ რასაც ბოლოში ნახავთ, ნუ გაიკვირვებთ… ნუ გაიკვირვებთ – ეს ლაბირინთია, მეგობრებო!