ეგზისტენციალური ჰოროსკოპი 2018 წლისთვის
ეგზისტენციალური ჰოროსკოპი 2018 წლისთვის

გაეცანით 2018 წლის ეგზისტენციალურ ჰოროსკოპს, ყოველგვარი შინაარსისა და ახსნა-განმარტებების გარეშე.

მაშ ასე: ვერძი – ახალი, 2018 წელი ვერძებისთვის ქართული შოუბიზნესის რესტორნებსა და ღამის კლუბებში გადაბარგების გაგრძელებით იქნება გამორჩეული. შოუბიზნესი, რომელიც არასოდეს ყოფილა არც შოუ და არც ბიზნესი, ძვირფასი ვერძებისთვის არასოდეს იყო, არ არის და არც იქნება საყურადღებო, ფასეული მოვლენა და ამდენად, არც მისი საბინადრო ადგილის შეცვლას ექნება განსაკუთრებული რეზონანსი. 2018 წელს ქართული შოუბიზნესი სარესტორნო აუდიტორიისთვის გააგრძელებს გალობას, თუმცა ვერძების ყურადღებას არც ამჯერად მიიქცევს.

 

 

 

კურო – ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ახალი წელი უფრო ინტენსიური, გაცილებით ისტერიკული, უარყოფითი სენსაციებით სავსე, მაგრამ რეიტინგული იქნება რამდენიმე კონკურენტუნარიანი სატელევიზიო არხის შემთხვევაში, რომელთათვისაც ადამიანთა დრამა, ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კრიზისი, პოლიტიკური რყევები, მოქალაქეთა ისტერიული განწყობა, ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სიბრიყვე და უგუნურება, უაზრობისა და ალოგიკურობის ზეიმი და უმეცრება უკვე საარსებო ჟანგბადი, და მეტსაც გეტყვით – დღესასწაულია. იმიტომ, რომ რაც უფრო განწირული ხმით ყვირის ბინიდან გამოსახლებული 3 შვილის დედა, რაც უფრო ღატაკია უნარშეზღუდული ხეიბარი, რაც უფრო არაადეკვატურად ისჯება ახალგაზრდა ადამიანი მართლმსაჯულების მიერ, და რაც უფრო მეტ ფულს ართმევს სახელმწიფო ისედაც გაჭირვებულ ხალხს, მით მეტი შემოსავალი და რეიტინგი აქვს ზემოთ აღნიშნულ ტელეკომპანიებს, რომელთა ცქერაზე პათოლოგიური დამოკიდებულებით იტანჯება კურო. და თან მაინც ბედნიერია.

ტყუპები – ვინაიდან ისინი ორნი არიან, 2018 წლის პროგნოზიც ორმაგად სასიხარულო მაქვს: ამ წელიწადში ტყუპებისთვის ყველაფერი ორმაგდება – კომუნალური გადასახადები, ლიტრი ბენზინის ფასი, პურის ფასი, ტარიფები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფასები მედიკამენტებზე და თქვენ წარმოიდგინეთ – ბავშვის სათამაშოებზეც კი. ასე რომ, ტყუპებო, ისიამოვნეთ ცხოვრების გაორმაგებული ხარისხით, გადასახადები და ხარჯები კი, შეგიძლიათ გაიყოთ. ორნი ხართ, ბოლოს და ბოლოს!

 

 

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა გასახარად მინდა ვთქვა, რომ 2018 წელი მტაცებლობის, ვერაგობისა და გაუმაძღრობის განსაკუთრებული გამოვლინებებით იქნება გამორჩეული, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენელთა მხრიდან. მაღალჩინოსნებს ამ წელიწადში კიდევ უფრო გაეზრდებათ ხელფასები, პრემიები, დანამატები და რუდიმენტული წანაზარდები, რათა საკუთარ კეთილდღეობას ერთი მორიდებული აგური შემატონ. ასე რომ, გიხაროდენ, კირჩხიბებო!

 

 

 

ლომები – ლომი აბა რისი ლომია, თუ ვაჟკაცურად არ გაუძლო შიმშილსაც, უფულობასაც, უსამართლობასაც და უმუშევრობასაც. 2018 წელი ამით იქნება გამორჩეული, ძვირფასო ლომებო, და აბა თქვენ იცით, გამაგრდით! მთავარი ხომ მაინც სახელია – ლომები გქვიათ და ამ წოდებას ხომ დედამიწის ზურგზე ვერავინ წაგართმევთ. დანარჩენზე კი, სჯობს აღარც იფიქროთ – ის ტურებმა, აფთრებმა, მელაკუდებმა და ეშმაკის ფეხებმა წაიღეს.

 

 

 

 

ქალწული – ამ ნიშნის წარმომადგენლებსაც ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და შესაძლოა ბობოქარი წელიწადიც ელოდებათ. პერფექციონიზმი და იდეალისტობა, რაც ქალწულთა უპირველესი დამახასიათებელი ნიშნებია, დიდი გამოცდის წინაშე დადგება, რადგან მათი საპირწონე, ბოჰემურობა, დარდისა და კაეშნის ღვინოში ჩახრჩობა და ზოგადი მოუწესრიგებლობა იქნება ახალ, 2018 წელს. ერთადერთი და ხელშეუხებელი, რომელსაც ვერცა ჟამთასვლა და ვერცა ამა ქვეყნის შფოთვანი ვერაფერს დააკლებს, ქალწულთა ქალწულობაა. ესეც – ქალწულობის ინსტიტუტის ძლიერების წყალობით!

 


სასწორი
– აი, რასაც ჰქვია ნამდვილი დილემა, შინაგანი დიალოგი, კამათი, დისკუსია და ყველა სიტყვის თუ ქმედების აწონ-დაწონვა, მხოლოდ თქვენთან უნდა მოვიკითხოთ, ძვირფასო სასწორებო! თუმცა ერთი შეკითხვა არ მაძლევს მოსვენებას და იქნებ თქვენ გქონდეთ პასუხი ამ ახალი, 2018 წლისთვის: რა უნდა აწონოთ, რა უნდა მიიჩნიოთ სიმართლედ და რა – სიცრუედ, ვინ უნდა გაამტყუნოთ ან ვინ გაამართლოთ, როცა დღეს, და განსაკუთრებით ამ ახალი წლის განმავლობაში, კაციშვილი ვეღარ არჩევს ვერც მტყუანს და ვერც მართალს, ვერც პრივილეგირებულ ოჯახისშვილს და ვერც პატიოსან მღვდელს, ვერც პირწავარდნილ ნარკომანს და ვერც წერას ატანილ უგუნურს, ვერც ქალს, ბოლოს და ბოლოს, და ვერც მამაკაცს…

 

მორიელი – სიფრთხილითა და სისწრაფით, სიბრძნითა და თავშეკავებით, თავგანწირვითა და ბრძოლისუნარიანობით, ბედისწერითა და ხშირად დაუნდობლობით განთქმულო მორიელებო! ამ ახალ, 2018 წელს ეგ თქვენი ყველა ღირსება და უნარი თქვენთვის, ბალიშის ქვეშ, ან თუ გნებავთ მუთაქაში შეინახეთ – თქვენ ირგვლივ ისეთი სიფრთხილე და სისწრაფეა, ისეთი სიბრძნე და თავშეკავება ზეიმობს, იმგვარი თავგანწირვა და ბრძოლისუნარიანობა გამოიხატება, რომ თქვენი შავი თუ წითელი კუდის ქნევა და უაზრო დაგესვლა აბა რა მოსატანია. ფრთხილად იყავით, ემანდ კინკრიხოში არ მოირტყათ ეგ თქვენი შხამიანი ნესტარი!


აი, მშვილდოსნების დროც დადგა – მართალია, და მესმის, რარიგ გაგიჭირდათ, რომ ერთადერთი ქონების – თქვენი მშვილდ-ისრის მშრალ ხიდზე წაღება და ე.წ. ბარახოლკაზე გაყიდვა გინდოდათ, მაგრამ მე უკეთესს გირჩევთ – ეგ მშვილდ-ისარი პურს შეგაჭმევთ და მშიერს არ დაგტოვებთ. ტყეში წადით და ნადირობა ისწავლეთ. რამე მოინადირეთ და შიმშილსაც ეს გადაგარჩენთ. უბრალოდ, ნადირობის სეზონზე გააკეთეთ ეს ყველაფერი, თორემ შესაძლოა სულაც ციხეში ამოყოთ თავი. ხო, მართლა, ოჩოპინტრეს თუ გადაეყრებით სადმე, აუცილებლად მომიკითხეთ!

 

 



თხის
რქა – ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვისო, ასე ამბობენ, ეს ახალი 2018 გამოწვევების, შერკინების, საკუთარი უპირატესობის დამტკიცების წელიწადი იქნებაო. ამავე დროს, ირგვლივ იმდენი ცდუნება და მრუშობაა, იმდენი მავნე ჩვევის მქონე სუბიექტი დაიარება, რომ თხის რქებს ვურჩევდი, ეგ რქა თავზე არ დაიდგან ან ყანწად არ გამოიყენონ, თორემ წახდება კაცი და ცოდვაა. ამითაა სახიფათო 2018 წელი.

 

 

 

 


მერწყული
– 2018 წელს თითქმის ყველა ტიპის კომუნალური გადასახადი იზრდებაო, ამბობენ, ამიტომ მერწყულებს მეტი ეკონომია და კეთილგონიერება მართებთ წყლის გამოყენებისა და ხარჯვის დროს. გარდა ამისა, არც ის იქნება ურიგო, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიაჩვიოს და უფრო ბევრს შეაყვაროს ბანაობა. ეს ერთგვარი გამოწვევა იქნება – მომავალი წელიწადი ასეთი – ბანაობისმოძულე ადამიანთა მკვეთრი ზრდით იქნება გამორჩეული.

 

 

 


თევზები
– ამ ამბივალენტური, წინააღმდეგობრივი, სპონტანური ნიშნის წარმომადგენელთათვის 2018 წელი საკვებ პროდუქტებზე ზრდის საზეიმო წლადაა გამოცხადებული, ამიტომ, თევზებო, საკუთარი ხუშტურები და კაპრიზები დროებით მაინც გადადეთ და თავს უშველეთ – ემანდ ბრაკონიერების ნავში არ ამოყოთ თავი ორთავემ, და მერე იძახეთ, მე იქით მივცურავ და ის კი აქეთო. ის იქით ექაჩება და მე ჩემკენო. ტაფაზე ამბივალენტური შებრაწვა ხომ გსმენიათ, რა არის?..

 

 

ეს გახლდათ სახუმარო, ცოტა ირონიული, ცოტაც ცინიკური და ცოტაც ბრიყვული, მაგრამ მაინც გულწრფელი და რეალისტური ეგზისტენციალური ჰოროსკოპი 2018 წლისთვის.

 

მინდა გითხრათ, რომ ზოდიაქოს არცერთი ნიშნის, ასევე არცერთი მათი წარმომადგენლის დაკნინება ან დაცინვა აზრადაც არ მომსვლია თავში და ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია. ისევე, როგორი შემთხვევითიცაა ჩვენი ყოფა-ცხოვრება, ამქვეყნად მოვლენა და ჩვენი დაშვებული შეცდომები ბოლო 20-25 წლის განმავლობაში.

უბრალოდ, გაიღიმეთ, ან სულაც გაიცინეთ. ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ხომ მართლაც სასაცილოა – სატირალი რომ არ იყოს!