რამ გამოიწვია გაზაფხულზე ეკონომიკის მაღალი ზრდა?

 

 

აპრილსა და მაისში ეკონომიკა 44%-ით და 25%-ით გაიზარდა

 

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის მძიმე გამოდგა. ქვეყნების უმრავლესობამ წელი ეკონომიკური რეცესიით დაასრულეს. გამონაკლისებიდან აღსანიშნავია ჩინეთი და თურქეთი. ამ უკანასკნელმა პანდემიურ წელს ეკონომიკური ზრდის გაორმაგება შეძლო.  განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2020 წელი განვითარებადი ქვეყნებისთვის. საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 6%-ით შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკის კლება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით შემოღებული ლოქდაუნის შედეგი იყო. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, ხოლო აპრილში ეკონომიკის წლიური ზრდის რეკორდული 44,8%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა მაისშიც, როდესაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25,8%-ით გაიზარდა, შედეგად 2021 წლის პირველი ხუთი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 11,5% მივიღეთ.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში მნიშვნელოვნად მოიმატა საგარეო ვაჭრობამ. 2021 წლის იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი 24,4%-ით, ხოლო იმპორტი 15,7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18,2%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის მაისში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 12,5%-ით, 3 581-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 50,3%-ით 8,2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად გამოწვეულია ე.წ საბაზისო ეფექტით, რადგან მიმდინარე წლის მაჩვენებელი 2020 წლის მძიმე ლოქდაუნის პერიოდს შედარდა — შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 13,5%-ით შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის მაისში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 8,8%-ით არის გაზრდილი. ასევე მაღალი კლება დაფიქსირდა 2020 წელის აპრილში, როდესაც ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ თვესთან მიმართებით, ზრდა 20.8%-ია.

2021 წელს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში თავისი წვლილი საბიუჯეტო ხარჯების ზრდასაც ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ გასულ და მიმდინარე წელს, მიუხედავად საგადასახადო შემოსავლების კლებისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. 2020-21 წლების ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსება მთავრობამ საგარეო და საშინაო ვალის შედეგად მოახერხა.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 26 წლის წინ, 1994 წელს დაზარალდა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით შემცირდა. ეკონომიკური კლება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მაშინ საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა.

რაც შეეხება პროგნოზებს, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ეკონომიკის 6,5%-იან ზრდას ელოდება. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ოპტიმისტური სცენარი განვითარდება, შესაძლებელია, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10,2%-იანიც იყოს. მსოფლიო ბანკი კი, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ით გაზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი კი 4.3%-იანი ზრდის პროგნოზითაა დაგეგმილი, მთავრობა ბევრად ოპტიმისტურადაა განწყობილი. მაისში ეკონომიკის 25%-იანი ზრდის შემდეგ ხელისუფლება მიმდინარე წელს 8%-იან ზრდას ელოდება, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს 2020 წელს გამოწვეული კლება მთლიანად აღმოიფხვრას და ქვეყნის ეკონომიკა პანდემიამდე დროინდელ მონაცემებს დაუბრუნდეს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.