პოსტ-კეინსიანური ეკონომიკური თეორია

 

პოსტ-კეინსიანური თეორია არის ეკონომიკური აზროვნების სკოლა, რომელიც ეფუძნება ჯონ მეინარდ კეინსისა და მიხაილ კალეცკის არგუმენტს, რომ ეფექტური მოთხოვნა არის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. პოსტ-კეინსიანური თეორია უარყოფს მეთოდოლოგიურ ინდივიდუალიზმს, რომელიც მეინსტრიმული ნეო-კლასიკური ეკონომიკური თეორიის მთავარი საფუძველია. ამის ნაცვლად, პოსტ-კეინსიანური თეორია ამტკიცებს, რომ ეკონომიკაში არსებული ფუნდამენტური გაურკვევლობა და სოციალური კონფლიქტი მოითხოვს სპეციფიური ინსტიტუციური კონტექსტებიდან გამომდინარე ინდივიდების ქცევის ანალიზს. სოციალური ურთიერთქმედებები წარმოშობს მკაფიო სისტემურ მახასიათებლებს მაკროეკონომიკურ დონეზე. მაგალითად, თუ ყველა ინდივიდი ცდილობს ერთდროულად გაზარდოს დანაზოგი, მთლიანი დანაზოგი შეიძლება არა გაიზარდოს, არამედ შემცირდეს, რადგან ერთობლივი მოთხოვნა და საერთო ეკონომიკური გამოშვება შემცირდება (მომჭირნეობის პარადოქსი).

ეფექტური მოთხოვნის პრინციპი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური აქტივობის დონე ძირითადად განპირობებულია ხარჯების გადაწყვეტილებებით. კერძოდ, ინვესტიცია ითვლება მოთხოვნის, ეკონომიკური გამოშვებისა და დასაქმების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად. ნეოკლასიკური (მეინსტრიმ) მიდგომისგან განსხვავებით, ინვესტიცია არ არის შეზღუდული დანაზოგებზე ხელმისაწვდომობით, მაგრამ შეიძლება შეზღუდული იყოს კრედიტის ხელმისაწვდომობით. საინვესტიციო გადაწყვეტილებები განიხილება, როგორც ნაწილობრივ მაინც ე.წ. „animal spirits”-ით განპირობებული. როგორც ასეთი, ეკონომიკური აქტივობა დამოკიდებულია მოლოდინებზე და განწყობაზე, შემოსავლის განაწილებაზე და ფინანსურ პირობებზე. პოსტ-კეინსიანურ თეორიაში შემოსავლის განაწილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ხარჯებისაკენ მიდრეკილება განსხვავდება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებსა და ფირმებს შორის. მოხმარებისადმი მიდრეკილება განსხვავდება შემოსავლის დონის ან შემოსავლის კლასების მიხედვით, ხოლო საინვესტიციო მიდრეკილებებზე გავლენას ახდენს ფირმის ზომა და ძალა. შესაბამისად, შემოსავლისა და სიმდიდრის განაწილების ცვლილებები გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე.

პოსტ-კეინსიანურ ეკონომიკას ასევე აქვს გამორჩეული შეხედულება მონეტარული თეორიის მიმართ. ეს მიდგომა აქცენტს აკეთებს ფულის ფლობაზე, როგორც შესაძლო გაურკვევლობისგან დაცვის საშუალებაზე (ლიკვიდურობის უპირატესობა), ფულის როგორც კონტრაქტების საზომისა და ფულის, როგორც გადახდის საშუალებად გამოყენებაზე. ფული თანამედროვე ეკონომიკაში ძირითადად შედგება საბანკო დეპოზიტებისგან, რომლებიც შექმნილია კომერციული ბანკების მიერ, როგორც მათი დაკრედიტების გადაწყვეტილების თანმდევი ეფექტი. ამიტომ ფულის მასა არ არის ცენტრალური ბანკების ან მთავრობების უშუალო კონტროლის ქვეშ. მონეტარული და ფინანსური სისტემის მოქნილობა განაპირობებს კაპიტალისტური ეკონომიკის დინამიურობას –  ვინაიდან კრედიტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ინვესტიციების დასაფინანსებლად – მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური არასტაბილურობა და საკრედიტო ბუშტები. გაურკვევლობის დროს ლიკვიდობისკენ სწრაფვამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და აქტივების ფასების დაცემა და, შესაბამისად, ფინანსური არასტაბილურობა.

პოსტ-კეინსიანური თეორია თანამედროვე ეკონომიკას განიხილავს, როგორც ფულადი სახსრების ნაკადების სისტემას და არა ეკონომიკის რეალურ ცვლადებს შორის წონასწორობის სისტემას. ამდენად, უარყოფილია ისეთი ცნებები, როგორიცაა „ბუნებრივი“ საპროცენტო განაკვეთი (და მის მსგავსად უმუშევრობის „ბუნებრივი“ დონე) – საპროცენტო განაკვეთი არ არის წონასწორული ფასი აწმყოსა და მომავალი მოხმარების მიმართ, არამედ არის ლიკვიდობის ფასი, ფულადი ცვლადი, რომელსაც დიდი ეფექტი აქვს შემოსავლების განაწილებაზე, რომელზეც ძლიერ გავლენას ახდენს ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები.

ნეოკლასიკური ეკონომიკისგან განსხვავებით, პოსტ-კეინსიანური ეკონომიკური თეორია ხელფასების მოქნილობასა და შრომის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმებს არ განიხილავს, როგორც გზას სრული დასაქმებისკენ, არამედ დასაქმების დონე განპირობებულია საქონლის ბაზარზე არსებული მოთხოვნის დონით. როგორც ასეთი, კაპიტალისტურ ეკონომიკას არ გააჩნია სრული დასაქმების ავტომატური მექანიზმი. პოსტ-კეინსიანური ეკონომიკური თეორია უარყოფს მოსაზრებას, რომ ხელფასების შემცირება შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უმუშევრობის შემცირების საშუალება, რადგან ასეთი შემცირება გამოიწვევს სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას და, შესაბამისად, მთლიანი მოთხოვნის შემცირებას. პოსტ-კეინსიანური თეორია თვლის, რომ ეს ასეა არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ უფრო ხანგრძლივ პერიოდებშიც ისეთი მექანიზმების გამო, როგორიცაა სოციალური ხელფასის ნორმები და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტიულობის ზრდა. მიწოდების მხარე არ შეიძლება განიხილებოდეს იზოლირებულად, რადგან მასზე გავლენას ახდენს მოთხოვნის მხარეს არსებული გარემოებები.

პოსტ-კეინსიანური ეკონომიკური თეორია ეფუძნება ჯონ-მეინარდ კეინსის, ისევე როგორც სხვა საკვანძო ეკონომისტების – მიხაილ კალეცკის, ჯოან რობინსონის და ნიკოლას კალდორის შრომებს. ტერმინი „პოსტ-კეინსიანური“ პოპულარული გახდა 1970-იანი წლებიდან, როდესაც მეინსტრიმული ეკონომიკური თეორიის („ნეოკლასიკური სინთეზის“) შესუსტებამ გამოიწვია პოსტ-კეინსიანური აკადემიური ჟურნალებისა და კონფერენციების ჩამოყალიბება. პოსტ-კეინსიანური ეკონომიკური თეორია თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა მეინსტრიმის მიერ ჯონ-მეინარდ კეინსის იდეების მცდარ ინტერპრეტაციას. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი პერიოდის ანალიზში გარკვეული მსგავსებაა ე.წ. „ნიუ-კეინსიანურ“ სწავლებასთან, მათ შორის ასევე არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები: პოსტ-კეინსიანური თეორია უარყოფს მიკროეკონომიკურ საფუძვლებზე აგებული მაკროეკონომიკური ჩარჩოს საჭიროებას და მიწოდების მხარის გრძელვადიანი წონასწორობის კონცეფციას. ის ხაზს უსვამს ფინანსური არასტაბილურობის შესაძლებლობას და იძულებით უმუშევრობას განიხილავს, როგორც საბაზრო ეკონომიკისთვის ბუნებრივად დამახასიათებელ ნორმას, რომელიც ახსნას საჭიროებს. პოსტ-კეინსიანური თეორია ამტკიცებს, რომ ერთობლივი მოთხოვნა მნიშვნელოვანია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

პოსტ-კეინსიანური ეკონომიკური თეორიის შესახებ საკითხავი ძირითადი ლიტერატურის ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.