ლიბერალების წვლილი უკრაინა-რუსეთის კრიზისში

ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

 

მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აკადემიურ სივრცეში უამრავი სტატია დაიწერა დასავლეთის ტრიუმფალურ გამარჯვებაზე. იწერებოდა ისტორიის დასასრულზე, როგორც კაპიტალისტურ-დემოკრატიული სამყაროს საბოლოო გამარჯვებაზე სხვა სისტემებთან მიმართებაში. საბოლოოდ, სიკეთემ ანუ დემოკრატიამ გაიმარჯვა ბოროტებაზე. ჰორიზონტზე ახალი საფრთხეები მოჩანდა, თუმცა დემოკრატიული ქვეყნებისთვის ეს საფრთხეები სახელმწიფოებთან აღარ ასოცირდებოდნენ, რადგან სისტემაში დიდი მოთამაშე მხოლოდ შეერთებული შტატები დარჩა.

სამწუხაროდ, ლიბერალები გაჰყვნენ ზემოთ აღნიშნული აზროვნების დინებას. შედეგად მივიღეთ კლინტონის ნატოს გაფართოების იდეა, როგორც მსოფლიოს მომავალი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცის ათვისებას გულისხმობდა. (თუ ამ ფაქტს გეოპოლიტიკურად შევაფასებთ) მაშინ რუსეთისთვის არაფერი უკითხავთ , ვინაიდან ის თავის ჭაობში იყო ჩაფლული და მას სერიოზულ ძალად არავინ აღიქვამდა.  პარადოქსულად, მაშინდელი რუსეთი დასავლეთის მოკავშირედ უფრო განიხილებოდა, ვიდრე მოწინააღმდეგედ. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველ წლებში, უფრო კონკრეტულად 2003 წლამდე. იყო მომენტები, როდესაც პუტინს ღიად უკითხავს მაშინდელი ნატოს გენერალური მდივნისთვის, თუ როდის მიიღებდნენ რუსეთს ნატოში.

ლიბერალების[1] მთავარი შეცდომა სამწუხაროდ მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ შექმნან უალტერნატივო რეალობა. სწორედ, მათი ჩანაფიქრები, რომლებიც სხვის ინტერესებს უარყოფს, წარმოქმნის ხოლმე გაუაზრებელ კრიზისებს.

სტეფან ვოლტი, რომელიც რეალიზმის სკოლის წარმომადგენელია, სწორედ ლიბერალებს აბრალებს უკრაინაში მიმდინარე კრიზისს. 2014 წელს აღნიშნული განწყობით გამოირჩეოდა მეარშაიმერიც, რომელიც დასავლეთს ადანაშაულებდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებში.

სამწუხაროდ, სოციალურ სივრცეში ამა თუ იმ მოვლენის მხოლოდ ცალსახა ანალიზი ხდება. რუსეთის შემთხვევაში, რაც ვლადიმერ პუტინს და რუსეთს უკავშირდება, ყოველთვის რაღაც ბოროტებასთან გვაქვს საქმე და ეს ადამიანები ცოცხალ დემონებად წარმოგვიდგენია, რომლებსაც მხოლოდ ის სურთ, რომ როგორმე სხვებს გაუმწარონ საქმე. სინამდვილეში, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც მოქმედებენ რეალობით, ეროვნული ინტერესების კარნახით. სახელმწიფოების ქცევას თუ გადავხედავთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შეერთებული შტატების კრიტიკაც გარკვეულწილად ტაბუდადებულად ითვლება, თუმცა გადახედეთ აშშ-ს პასუხს, როდესაც საბჭოელებმა კუბაზე რაკეტები განათავსეს. თუმცა დასავლური პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ხრუშჩოვს გამოიყვანდა მსოფლიო მშვიდობის ანტაგონისტად და არა კენედის. ან საკმარისია, გაეცნოთ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას ცივი ომის პერიოდში, როდესაც დემოკრატიული ფასეულობები ხშირ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი იყო, და შტატები თანამშრომლობდა დიქტატორებთან, ავტოკრატებთან და ა.შ.

რაც შეეხება ისევ რუსებს, დიახ, ისინი თამაშობენ ბინძური მეთოდებით, ისინი ერევიან არჩევნებში, ცდილობენ ევროპული ერთიანობის გარღვევას და ასე შემდეგ. თუმცა საუბარი, რომ ეს ძველი საუკუნის მეთოდებია და რუსეთი დროს ჩამორჩა, უბრალოდ ისევ ლიბერალური არშემდგარი რეალობისგან გამოწვეული შფოთვაა. სინამდვილეში, სანამ იარსებებენ სახელმწიფოები, ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც ეთანხმებიან არსებულ მსოფლიო წესრიგს და ისინი, ვინც ეცდება შეცვალონ ის (ჩვენ მათ ჩელენჯერებს ვეძახით , ან რევიზიონისტებს). ასე რომ, გაუგებარია, რატომ უნდა ითამაშოს ჩინეთმა, ან რუსეთმა  აუცილებლად  ლიბერალური დღის წესრიგის წესებით.  დიახ, იქნება წითელი ხაზები და დიახ, მას მოჰყვება აგრესიული ნაბიჯები.  რუსეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში და უკრაინაში ბაზების არგანთავსებას. დასავლეთს აქვს არჩევანი, წავიდეს რისკზე და მიიღოს აღნიშნული ქვეყნები ნატოში.

დღეს ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ვინაიდან რუსული მხარე ითხოვს წერილობით გარანტიებს (ის, რაც თავის დროზე არ გააკეთა გორბაჩოვმა) და დასავლეთისთვის იმის თქმა, რომ ნატოს კარი ჩაკეტოს, შეუთავსებელი იქნება საკუთარ ფასეულობებთან, ვინაიდან ამ შემთხვევაში მთავარი პრინციპი სუვერენულობაზე გადის და ქვეყნის სურვილზე .

თუ დასავლეთი დათმობს, ეს გარკვეულწილად გაგვახსენებს ეგრეთწოდებულ დაშოშმინების პოლიტიკას, როდესაც ადოლფ ჰიტლერი ითხოვდა და უსრულებდნენ, მაგრამ შემდეგ ისევ ითხოვდა. ამან არ იმუშავა, თუმცა მეორე შემთხვევაში, არავინ არ იცის, თუ რას მოითხოვს შემდგომში ვლადიმერ პუტინი. ერთი მხრივ, რუსეთს შეუძლია გაუძლოს სანქციებს და ამის გამოცდილება უკვე აქვს, თუმცა ომის შემთხვევაში საინტერესოა რომელ სტრატეგიას აირჩევს ის.  ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში შეჭრისთვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავის ფასს გადაიხდის, ეს იქნება ეკონომიკური თუ ადამიანური რესურსი, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთმა მთლიანი უკრაინის ოკუპირება გადაწყვიტოს, რომელიც ყველაზე წამგებიანი ვარიანტი იქნება.

გამოსავალი ჩემი აზრით უკრაინის ნეიტრალიტეტშია. დიპლომატიას, რომელსაც ომის დას უწოდებენ, აუცილებლად უნდა შეაჩეროს უკანასკნელი. მიუხედავად იმისა, რომ ოვაციებით იწერება რომ დასავლეთი დახმარებას უგზავნის უკრაინას, ომის შემთხვევაში სურათი დიდად არ შეიცვლება სამწუხაროდ.

 უკრაინა უნდა განვითარდეს ეკონომიკურად და გახდეს ძლიერი სახელმწიფო და მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ნატოში მისწრაფება კარგია სამხედრო და უსაფრთხოების კუთხიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც ამ მისწრაფებამ შეიძლება საერთოდ გაგანადგუროს, შეგიძლია და უკეთესია, რომ ის შეცვალო. ჯერჯერობით, სანამ რუსეთს აქვს ძალა, ის არაფრის ფასად არ დაუშვებს უკრაინის ნატოში მიღებას, შესაბამისად დასავლეთი უნდა დაელოდოს რუსეთის დასუსტებას ან პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას. თუმცა ამ შემთხვევაშიც, უკრიანის ნატოში მიღება რუსეთის რევიზიონისტული ძალის გაღვივების საფუძველი გახდება (თუ დემოკრატიულ მთავრობას ისევ ავტოკრატები ჩაანაცვლებენ). ასე რომ ლიბერალებმა გარკვეულწილად უნდა იგრძნონ საკუთარი ბრალიც.

შეთანხმება ასევე უნდა მოიცავდეს გარანტიებს რუსეთისგანაც, რომ ის არ დაესხმება თავს უკრაინას. მართალია რუსეთმა უკვე დაარღვია მსგავსი შეთანხმება, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა , თუმცა ამ შემთხვევაში გარანტორი ნატოს კონტინგენტის მცირე ნაწილი უნდა გახდეს, რომელიც საზღვართან შეიძლება განთავსდეს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ლიმიტირებული რაოდენობით.

ჩვენ მორალურად, რა თქმა უნდა, გვერდში უნდა დავუდგეთ და არ დავუვიწყოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მათ გამოგვიცხადეს 2008 წელს, თუმცა აკადემიური ჩარჩოებიდან აუცილებლად უნდა მივიღოთ შიშველი სიმართლე, რომელიც გვაიძულებს მოვლენებს სხვადასხვა კუთხიდან დავაკვირდეთ და შესაბამისი დასკვნა გამოვიტანოთ. სტატიის მიზანი არ ყოფილა ამ შემთხვევაში რუსეთის აგრესიული ქმედებების რაიმე სახით დაცვა. მსგავსი მიდგომა ავირჩიე წინა სტატიაშიც, სადაც რუსეთის გეოპოლიტიკურად გაანალიზება ვცადე. ჩემი აზრით, პუტინი იქნება თუ სხვა ლიდერი რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში,  საკუთარი ინიციატივით თუ არა, მაშინ გარე იმპულსების ფონზე ის აუცილებლად ეცდება იმპერიული პოლიტიკის გატარებას. თუნდაც რუსეთში პოლიტიკური წყობა დემოკრატიულით შეიცვალოს, საკმარისია მცირე ეკონომიკური კრიზისი და გამოჩნდება პოპულისტი ლიდერი, რომელიც შეეცდება რუსეთის იმპერიულ რელსებზე დაბრუნებას. როგორც ცნობილი გეოპოლიტიკოსი ალექსანდრე დუგინი ამბობს, რუსეთს არ შეუძლია იცხოვროს იმპერიის გარეშე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი აუცილებლად უნდა შეეგუოს ჩრდილოელი დათვის პოლიტიკას, არამედ სტატიაში გამოთქმული გამოსავლის იდეა ითვალისწინებს კომპრომისის გამოძებნას იმ კრიზისის გადასაჭრელად, რომელშიც გარკვეული წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის უკრაინასთან და რუსეთთან ერთად.

შესაბამისად სოლიდარობა უკრაინას და არა საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალურ სკოლას!

 

[1] ვგულისხმობ საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალური სკოლის წარმომადგენლებს.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.