კვლევა სოციალური სტრატიფიკაციის შესახებ

1 წელია რაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობს საინტერესო კვლევა ქართული საზოგადოების სოციალური სტრუქტურის შესახებ. აღნიშნული კვლევა ტარდება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის მხარდაჭერით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სოციალური სტრატიფიკაცია, როგორც მას უწოდებენ წარმოადგენს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებად და კლასტერებად დაყოფის და გაანალიზების მცდელობას.

აღსანიშნავია რომ აღნიშნული კვლევა წარმოადგენს პრაქტიკულად პირველ მცდელობას მოხდეს ქართული საზოგადოების სტრუქტურის დახასიათება, ახალ, ტრანზიციულ პერიოდში. ჩვენ ვესაუბრეთ ამ კვლევის ავტორებს რათა უკეთ გაგვეგო რა მიზნებს და ამოცანებს ემსახურება კვლევა და როგორია მისი პროგრესი.

ბატონი ზაზა რუხაძე წარმოადგენს ქართულ-ამერიკული უნივერსტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ვიცე-პრეზიდენტს და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანს. იგი გამორჩეული და აღიარებული სპეციალისტია სამართლის დარგში, რომელიც ხელმძღვანელობს აღნიშნულ კვლევას და მის გუნდს.

სწორედ მას დავუსვით პირველი კითხვა ნო ზაზა, პირველ რიგში გკითხავთ სამეცნიერო პროექტის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვლევითი პროექტი ქართულამერიკული უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრებისთვის და როგორია თქვენი თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან?

თავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ ეს პროექტი წარმოადგენს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ კვლევას, თავისი ამბიციური შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე. თავად პროექტი ჩვენი უნივერსიტეტისთვის წარმოადგენს პირველ რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის, ფუნდამენტურ კვლევით მხარდაჭერილ კვლევას, რაც კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. არ შეიძლება არ გამოვხატო ფონდის მიმართ მადლიერება მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ, რაც არის მეცნიერების მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში. მათ განსაკუთრებული როლი ეკისრებათ როგორც სასწავლო-სამეცნიერო სივრცის მხარდაჭერაში, ისევე ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, რასაც ვფიქრობ ღირსეულად და სამართლიანად უძღვებიან. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო თავიდანვე გვეთანამშრომლა ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულ უნივერსიტეტთან და გაგვეერთიანებინა სამეცნიერო პოტენციალი აღნიშნული კვლევისთვის. ზოგადადაც, ვფიქრობ ყველა უნივერსიტეტმა და თავის მხრივ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს უნივერსიტეტებს და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის მეტი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ნო ზაზა, თქვენ წარმოადგენთ სამართლის აღიარებულ სპეციალისტს, თუმცა კვლევა მეტად ფოკუსირებულია სოციალური გარემოს აღწერაზე. როგორ მოხდა ასეთი თანამშრომლობა?

ჩვენი კვლევის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარეა მისი ინტერდისციპლინარულობა. ვფიქრობ, ეს ფონდის და იმ უცხოელი კოლეგების მიერ, რომლებმაც ჩვენი პროექტი შეაფასეს მიჩნეული იყო ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობად. ჩვენს გუნდში არიან სხვადასხვა პროფილის და გამოცდილების ძალიან კარგი სპეციალისტები სხვადასხვა დისციპლინიდან. სწორედ ეს მრავალკუთხოვანი მიდგომა სოციალური სტრატიფიკაციის და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების აღწერის და ანალიზის მიმართ აქცევს ამ კვლევას მეტად კომპლექსურს და ღრმას. სამართალი წარმოადგენს ქვეყნის და საზოგადოების ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელს, სწორედ ამ კუთხით ვუყურებთ ჩვენ სამეცნიერო დისციპლინების გათვალისწინებას. დიდი მადლობა ბ-ნო ზაზა წარმატებებს გისურვებთ აღნიშნულ კვლევასა და საქმიანობებში.

 

 კვლევა მნიშვნელოვანწილად ითვალისწინებს საქართველოს ტრანზიციული პერიოდის შესწავლას. 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოხდეს საზოგადოების ახალ სტრუქტურაზე თუ ღირებულებებზე. სწორედ აღნიშნულ საკითხებზე ვესაუბრე კვლევის ერთ-ერთ ავტორს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორს ბაქარ ბერეკაშვილს.

ნო ბაქარ თქვენი სამეცნიერო პროფილი მნიშვნელოვნად გაჯერებულია საერთაშორისო თანამშრომლობებით და თქვენი მონაწილეობით საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში. რამდენად აქტუალურია სოციალური სტრატიფიკაციის კვლევა სხვა ქვეყნებში და როგორ ხედავთ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს უცხოელი კოლეგებისთვის ამ კვლევის შედეგები?

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი სამეცნიერო პროექტი თავიდანვე ითვალისწინებს ძალიან ინტენსიურ საერთაშორისო თანამშრომლობას და მათ ჩართულობას. ეს კომპონენტი გამორჩეულ უპირატესობად იქნა აღიარებული მისი შეფასებისას. შემთხვევითი არ არის რომ არა ერთი მაღალი რანგის და დონის მეცნიერი ჩართულია როგორც კონსულტანტი ამ კვლევაში და შემდგომი 2 წლისთვის დაგეგმილ აქტივობებში მათი როლი გათვალისწინებულია, მათ შორის კონფერენციების და საერთაშორისო სიმპოზიუმში. ძალიან მაღალია საერთაშორისო ინტერესიც, ტრანზიციულ პერიოდში მყოფი ქვეყნების სოციალური სტრუქტურის შესახებ. განვითარებული, სტაბილური საზოგადოებებისთვის არსებობს ამ ქვეყნებშივე შექმნილი მრავალი ანალიზი და აღწერა საკუთარი სოციალური სტრუქტურისთვის, თუმცა ახალ ჩამოყალიბებულ საზოგადოებებში ასეთი ანალიზის მკვეთრი სიმწირეა. სწორედ ამ განსხვავების შევსება გვინდა ჩვენი კვლევით, რაც საბოლოოდ საშუალებას მოგვცემს ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად შევადაროთ და შევაფასოთ თუ რამდენად მსგავსი და განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფებია ჩვენთან და მათთან.

დიდი მადლობა ბ-ნო ბაქარ და დაველოდები დიდი ინტერესით კვლევის შედეგებს.

შემდეგი რამდენიმე კითხვით გადავდივარ დოქტორატებთან, ალექსანდრე ცაგარელსა და ანა პაპიაშვილთან. კვლევის შედარებით ახალგაზრდა ავტორები წარმოადგენენ საკუთარ სფეროებში გამორჩეულ მკვლევრებს, რაც გულისხმობს სოციალურ ანალიზს და მონაცემთა ანალიტიკას.

ნო ალექსანდრე მაინტერესებს უფრო მეტად გავიგო რა მეთოდოლოგიას იყენებს კვლევა საკუთარი მიზნის მისაღწევად, აღმოაჩინოს და დაახასიათოს სოციალური ჯგუფები, რომლებიც საბოლოო ჯამში კრავენ ჩვენ საზოგადოებას?

 ჩვენი კვლევის უნიკალურობას, გარდა იმისა რომ ეს იქნება ალბათ პირველი სიტყვა ქართულ სოც-მეცნიერებებში, რათა დახასიათდეს ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა არის სწორედ მეთოდოლოგიურ, კონცეპტუალური მიდგომა. მოგეხსენებათ სოციალური სტრატიფიკაციის შესწავლის მრავალი მეთოდი და მიდგომა არსებობს, მაგრამ ჩვენი გასაღები კვლევისთვის არის სოციალური მილიოების კონცეპტის გამოყენება. სოციალური მილიო წარმოადგენს მსგავსი ღირებულებები, შეხედულებების, ყოველდღიურობის და თქვენ წარმოიდგინეთ დასვენების დროის მსგავსად გატარების მქონე საზოგადოებრივ ჯგუფს, ერთობას. ცხადია, ერთმანეთისგან შეიძლება მნიშვნელოვნად დაშორებულს გეოგრაფიულად, ასაკობრივადაც და სხვა სოციალური თუ დემოგრაფიული მახასიათებლებით. ჩვენი კვლევის ერთ-ერთ შედეგად წარმოგვიდგენია, რომ დავძლიოთ ეს ბანალური და არა მეცნიერული მსჯელობა ჩვენი საზოგადოების ე.წ. ბნელ და ნათელ, ტრადიციულ და ლიბერალ ჯგუფებად დაყოფა. აშკარაა, ყველა საზოგადოება და მათ შორის ჩვენიც, ბევრად მეტ შრეს და ნიუანს მოიცავს. საზოგადოებრივი ჯგუფების დაყოფა ბევრად კომპლექსულ ანალიზს მოითხოვს, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკის უკეთ დასაგეგმად იყოს გამოყენებული, მას შემდეგ თუ გვეცოდინება რა ჯგუფები არსებობს და რაც არის მათი მთავარი ღირებულებები. ასეთი მიდგომის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებები უკვე არსებობს.

ნო ანა, ალექსანდრეს მიერ დასახელებული კონცეპტუალური მიდგომების ანალიზისთვის აუცილებელია ძალიან დიდი მონაცემები და კომპლექსური ანალიზი, როგორია თქვენი სტრატეგია ამ მიმართულებით და რა წყაროებს ეყრდნობა კვლევა?

ჩვენი კვლევა ნამდვილად დიდწილად გაჯერებულია მონაცემთა ანალიზით, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის მონაცემებით, როგორიც არის მაგალითად European Value Study ან Eurobarometer და სხვა. აღნიშნული კვლევები გარდა იმისა რომ წარმოადგენენ საერთაშორისოდ რევიზირებულ და აღიარებულ უმაღლესი სამეცნიერო სტანდარტის მონაცემებს, ასევე საშუალებას გვაძლევს რომ ჩვენი შედეგების ანალიზი მოხდეს სხვა საზოგადოებებთან შედარებითობის კუთხით. ანუ ეს მონაცემები მოიცავს როგორც საქართველოს ისე ევროპის თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებების შედეგებს. ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმით გამოყოფილი გვაქვს გარკვეული ქვეყნების რიგი, რომელთან შედარებაც ჩვენი სოციო-ეკონომიკური თუ კულტურულ-რელიგიური ნიშნების თანხვედრით შეიძლება საინტერესო იყოს. ამას ცხადია მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჭირდება უზარმაზარ მონაცემთა ბაზებში საჭირო ცვლადების შერჩევის და შემდეგ მისი სხვადასხვა ჭრილში გაანალიზებისთვის. ჩვენ სწორედ აღნიშნულ ეტაპს გავდივართ ახლა და დროთა განმავლობაში დარწმუნებულები ვართ გავაანალიზებთ ჩვენი საზოგადოების ფართო კომპოზიციას.

დიდი მადლობა ანა და ალექსანდრე.

 კვლევა ნამდვილად მნიშვნელოვან მიზნებს ისახავს, რასაც აქვს პოტენციალი გავლენა მოახდინოს სხვა კვლევებზე და საქართველოში სამეცნიერო მუშაობის სტანდარტზე. როგორც რესპონდენტებთან საუბრიდან გამოჩნდა ახლა კვლევა შემდგომ, ახალ ეტაპზე გადადის, რომლის შედეგები წლის ბოლოსთვის იქნება ნათელი. ჩემი მხრიდან წარმატებას ვუსურვებთ აღნიშნულ წამოწყებაში მკვლევრებს. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ კვლევაზე ყურადღებით თვალის მიდევნებას და თქვენ ინფორმირებას.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას