ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ორთქლმავალი გემი იყო, რომელმაც გლობალურ ვაჭრობაში რევოლუცია მოახდინა. იალქნიანი გემისგან განსხვავებით, ორთქლმავალს შეეძლო ყველაზე მოკლე მარშრუტებით ესარგებლა, რადგან ქარზე დამოკიდებული არ იყო. შედეგად, როგორც ცნობილია, ზღვით გადაზიდვის დრომ 50%-ით დაიკლო.
შემდეგი მოვლენა, რომელმაც საზღვაო გადაზიდვების დრო კიდევ 10%-ით შეამცირა, სუეცის არხი იყო, რომელიც 1869 წელს ფრანგების ინიციატივით და შემდგომში ბრიტანეთის ჩართულობით გაიხსნა. სწორედ სუეცის არხი იქცა მთავარ გზად ევროპული ძალებისათვის, დაჰკავშირებოდნენ თავიანთ კოლონიებს აღმოსავლეთ აფრიკასა და აზიაში.
მომდევნო გარღვევა კი თითქმის ერთი საუკუნით გვიან მოხდა, როდესაც ამერიკელმა სატვირთოს მძღოლმა, მალკოლმ მაკლინმა, გემის მისასვლელთან გაუთავებელი რიგებით დაღლილმა, ტვირთის ერთ ყუთში, კონტეინერში მოთავსება მოიფიქრა. კონტეინერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ტვირთი სათითაოდ გადაიტანო გემიდან სატვირთო მანქანაში, სატვირთო მანქანიდან მატარებელში და ა.შ., კონტეინერში სათითაოდ მოთავსება მხოლოდ თავდაპირველად გიწევს, შემდეგ კი ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებებზე ერთიანად გადაგაქვს. ეს კი ზოგავს დროს, და ადამიანურ რესურსსაც. მაგალითად, 1956 წელს, ტვირთის ხელით გადატანა ტონაზე 6 დოლარამდე ჯდებოდა, კონტეინერით კი – მხოლოდ 16 ცენტი. დროითი დანაზოგი კი, თავის მხრივ, ტრანსპორტირებას აიაფებდა. მალკოლმმა, ამ მიგნების შემდგომ თავად დააარსა სატრანსპორტო კომპანია. კომპანიის მთავარი კლიენტი მალე ამერიკის სახელმწიფო გახდა, რომელსაც ვიეტნამის ომის დროს, სამხრეთ ვიეტნამის სწრაფი მომარაგება სჭირდებოდა. მალკოლმის კომპანიის ცნობადობა გაიზარდა, კონტეინერების უპირატესობაც ცხადი გახდა პორტებისთვის თუ სხვა კომპანიებისთვის, რამაც მათაც უბიძგა მუშახელი კონტეინერებითა და ტვირთამწეებით ჩაენაცვლებინათ. მალე კონტეინერების სტანდარტიზებაც მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტეინერების ზომასა და ფორმაზე გლობალურ დონეზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, დღეისათვის კონტეინერის ერთი წერტილიდან მეორეში გადაზიდვა ერთსა და იმავე ხარჯებთან არის დაკავშირებული, არ აქვს მნიშვნელობა შიგნით რა არის მოთავსებული.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ადრეინდუსტრიალიზებული ქვეყნების მიერ დანერგილმა ამ და სხვა მრავალმა ახალმა ტექნოლოგიამ უზრუნველყო ის, რომ დედამიწის ერთი უკიდურესი წერტილიდან მეორეში ტვირთის გადაზიდვა ძალიან იაფი ჯდება. ერთი შეხედვით, რთულია, არ აღფრთოვანდე მოწინავე ქვეყნების ამ მონაპოვრით, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ განვითარებას ჩამორჩენილ ქვეყნებს, რომლებიც არც რაიმე ერთიან სავაჭრო სივრცეში არიან გაერთიანებულები და არც თავად აქვთ დიდი ბაზარი, ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა წარმოება განევითარებინათ. ამგვარ ქვეყნებში კი საქართველოც მოიაზრება. ადგილობრივი კომპანიებისათვის რთულ ამოცანად იქცა გლობალურ ბაზარზე კონკურენციაში შესვლა, სადაც უცხოური კომპანიები უკვე წლებია ოპერირებენ და დიდ კაპიტალს და ტექნოლოგიებს ფლობენ. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის ტრანსპორტირების ხარჯების მკვეთრმა კლებამ შეზღუდა იმ პროდუქტების სია, რომლებიც შესაძლებელია რომ ადგილზე იწარმოებოდეს. მაგალითისათვის კი მინდა ერთი ქართული ბიზნესის შესახებ გიამბოთ.
როდესაც ბიზნესის დაწყებაზე იწყებ ფიქრს, რა თქმა უნდა, პირველი რასაც განიხილავ არის ის, თუ რა აწარმოო ან მომსახურების რომელ სფეროში შეხვიდე. როგორც წესი, ადგილობრივი სერვისი ადგილობრივი კომპანიებისათვის შედარებით მარტივი წამოსაწყებია. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით წარმოებაზე, რადგან ამ შემთხვევაში უკვე იმპორტულ პროდუქციასთან კონკურენციაა საჭირო. იაზრებდა-რა ამ სირთულეს ლევანი (კომპანიის დამფუძნებელი, რომლის ისტორიასაც გიზიარებთ) გამოსავალს იმგვარი პროდუქტის წარმოებაში ხედავდა, რომლის ტრანსპორტირებაც ძვირი ჯდებოდა. ლოგიკა მარტივია: რაც უფრო ძვირი დაჯდებოდა პროდუქტის უცხოეთიდან შემოტანა, მით უფრო კონკურენტუნარიანი იქნებოდა ლევანი, რადგან მას ტრანსპორტირების ხარჯი არ ექნებოდა. ლევანმა ამგვარ პროდუქტს მიაგნო და ეს პროდუქტი ღრუბელი აღმოჩნდა, რომელსაც მატრასების და რბილი ავეჯის წარმოებაში იყენებენ. ღრუბლის იმპორტირება შედარებით ძვირი იმიტომ ჯდება, რომ იაფფასიანი პროდუქტია და ამავე დროს კონტეინერში დიდ ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ერთეული ღრუბლის ფასში ტრანსპორტირების წილი დიდია. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ ღრუბლის წარმოების ტექნოლოგია მარტივი იყო, ასევე ნედლეულის არამოცულობითობის გამო, ამ უკანასკნელის იმპორტირება დიდ ხარჯებთან არ იყო დაკავშირებული. გადაწყდა, ლევანს ღრუბლის ბიზნესში უნდა ეცადა ბედი. 2014 წელს კომპანია დენოლა დააარსა და მალე იმპორტირებული პროდუქციის 80 პროცენტი ჩაანაცვლა კიდეც.[1]
ლოგიკა, რომლითაც ლევანი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ღრუბელი ეწარმოებინა, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ადგილობრივი ბიზნესი მრავალი მიზეზის, და მათ შორის იაფი ტრანსპორტირების გამო, შეზღუდულია საწარმოო შესაძლებლობების მხრივ. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ადგილობრივი წარმოება ადგილობრივ ბაზარსაც კი ვერ ემსახურება, მაშინ როგორღა გაიზრდება ის ისე, როგორც უცხოური კონკურენტები გაიზარდნენ წლების წინ? ან კი ქართულ ბაზარზე ოპერირება საკმარისია კი კომპანიის იმგვარი ზრდისთვის, რომ შემდგომში მან ექსპორტირება შეძლოს? დაბოლოს, თუ ადგილზე ვერ ვუწევთ იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას, სხვა ბაზრებზე როგორღა შეიძლება რომ ვაჯობოთ მათ?
[1] დღეისათვის კომპანია აღარ ფუნქციონირებს, ავტორისათვის დახურვის მიზეზი უცნობია.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას