განათლების პოლიტიკა, გლობალური ინტეგრაცია და სუვერენული ინტერესები: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს სტრატეგია

ავტორი: ზაზა რუხაძე
პროფესორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი,
„სამეცნიერო პლატფორმა – განათლება განვითარებისა და სტაბილურობისათვის“ თავმჯდომარე
შენიშვნა:
წინამდებარე კვლევა თავდაპირველად წარმოდგენილი იყო მოხსენების სახით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლება და მეცნიერება 21-ე საუკუნეში: გამოწვევები და ახალი პერსპექტივები“, რომელიც გაიმართა თბილისში, საქართველოში, 2025 წლის 14 მარტს.
შესავალი
- კვლევის მიზანი და თეორიულ-პრაქტიკული ჩარჩო
თანამედროვე გლობალური დინამიკის პირობებში, განათლება იქცა ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ და დაუცველ სფეროდ, რომელიც ერთდროულად ექვემდებარება გლობალურ პოლიტიკურ ზეწოლებსა და ლოკალურ კულტურულ თვითგამოხატვის პროცესებს (Altbach & Knight, 2007; OECD, 2022). ეს დუალიზმი ქმნის სისტემურ სირთულეს განათლების სუვერენულობის განსაზღვრაში, რაც საჭიროებს სიღრმისეულ თეორიულ და პოლიტიკურ ანალიზს (Foucault, 1977; Bourdieu, 1986).
კვლევის მიზანია განათლების სუვერენიტეტის ცნების კონცეპტუალიზაცია სახელმწიფოებრივი ინტერესების, გლობალური ინტეგრაციისა და თეორიული ანალიზის ერთიან ჩარჩოში. მთავარი კვლევითი კითხვა შემდეგია: როგორ შეიძლება განათლების სუვერენულობა განისაზღვროს, როგორც სამართლებრივი კომპეტენცია და ასევე, ღირებულებით-კულტურული ავტონომია? (Gramsci, 1971; Durkheim, 1893).
კვლევის ჰიპოთეზა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ განათლების სუვერენულობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა იგი განიხილება არა ფორმალურ-იურიდიულად, არამედ როგორც თეორიულად დამოუკიდებელი ღირებულებითი კონსტრუქცია, რომელიც ინტეგრირებულია კონსტიტუციურ წესრიგში (Wallerstein, 2004; Coppieters, 2023).
მეთოდოლოგიურად, კვლევა ეფუძნება თეორიულ-კომპარატივისტულ ანალიზს, რომელიც აერთიანებს გლობალური პრაქტიკის ანალიზს საქართველოს მაგალითთან მიმართებაში. გამოყენებულია მიშელ ფუკოს, ანტონიო გრამშის, ემილ დიურკჰაიმის, პიერ ბურდიესა და იმანუელ ვალერსტაინის თეორიები, რომელთა კონცეფციები უზრუნველყოფენ თეორიულ ინტეგრაციას (Foucault, 1977; Gramsci, 1971; Bourdieu, 1986).
2024 წლის 20 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიის განათლების სამინისტრომ დროებით შეაჩერა ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობა. აღნიშნული ფაქტი მკაფიოდ ასახავს იმ გლობალურ და პოლიტიკურ დინამიკას, რომელიც განათლების სფეროზე ახდენს ზეგავლენას. ამ ფონზე, როცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო ინტეგრაციისა და ეროვნული ინტერესების დაბალანსება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის პოზიცია, იყო პრაგმატული პოლიტიკური ხედვის კარგი პრაქტიკული მაგალითი, რომელიც სწორედ ამ ბალანსის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.
ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი გამოხმაურება სოციალურ მედიაში, როგორიცაა ფრაზა: ,,განათლების სუვერენიტეტი ხომ გინდოდათ, აი მიიღეთ!’’ მიუთითებს საკითხის ემოციურ ჩარჩოზე და კიდევ უფრო ცხადყოფს თეორიული ანალიზის აუცილებლობას.
განათლების სუვერენიტეტი კვლევაში ორ განზომილებაში განიხილება: ა. სამართლებრივი სუვერენიტეტი – სახელმწიფოს უფლება განსაზღვროს საგანმანათლებლო პოლიტიკა (Ryngaert & Sobrie, 2011); და ბ. აკადემიური და კულტურული ავტონომია, რაც მოიცავს განათლების საშუალებით ეროვნული ღირებულებების გადაცემის უნარს (March, 2014; Sahlberg, 2015).
გლობალურ ინტეგრაციასა და ეროვნულ სუვერენიტეტს შორის არსებული დაძაბულობის დასაძლევად, აუცილებელია ჰიბრიდული მოდელის შექმნა, რომელიც მოიცავს როგორც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებას, ისე კონსტიტუციური თვითმყოფადობის შენარჩუნებას (Khuntsaria, 2014; Lanahan, 2020).
ეს თეორიული ჩარჩო ემყარება ხუთ ანალიტიკურ კომპონენტს:
1) ცოდნის, ძალაუფლებისა და განათლების სუვერენიტეტის ურთიერთმიმართება (Foucault, 1977);
2) ჰეგემონია და სოციალური სოლიდარობა (Gramsci, 1971; Durkheim, 1893);
3) განათლების როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში (OECD, 2022);
4) განათლების პოლიტიკა ეკონომიკურ მდგრადობაში (Altbach & Knight, 2007); და
5) ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელი საქართველოსთვის (Gorgodze, 2016; Dooley, 2014).
- ანალიტიკური კომპონენტების სტრუქტურირებული განხილვის საჭიროება
შესავლის განაზღვრის საფუძველზე ცხადად გამოიკვეთა, რომ განათლების სუვერენიტეტის ფენომენი ვერ განისაზღვრება ერთი განზომილებით, იგი წარმოადგენს კომპლექსურ და მრავალშრიან სტრუქტურას, რომელიც დაკავშირებულია როგორც საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებასთან, ისე ეროვნული სახელმწიფოს შიდა მოწყობასთან.
განათლების სისტემა, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ქვაკუთხედი, ფუნქციონირებს იმპლიციტური იდეოლოგიური მექანიზმების, სამართლებრივი ჩარჩოების, კულტურული ჩვევების და ეკონომიკური რესურსების გადაკვეთაზე. შესაბამისად, განათლების სუვერენიტეტის კვლევა საჭიროებს არა მხოლოდ ზოგად თეორიულ მიმართებებს, არამედ მის სტრუქტურულ კომპონენტებად გაშლას, რაც შესაძლებელს ხდის მის სიღრმისეულს ანალიზს ცალკეულ მახასიათებელზე ფოკუსირების გზით.
აღნიშნული მეთოდური მიდგომით, კვლევა გამოყოფს ხუთ ძირითად ანალიტიკურ კომპონენტს, რომელთაგან თითოეული წარმოაჩენს განათლების სუვერენობის ერთ კონკრეტულ განზომილებას და ერთად ქმნის სრულ ანალიტიკურ ჩარჩოს. ეს კომპონენტებია:
ცოდნის, ძალაუფლებისა და განათლების სუვერენიტეტის ურთიერთმიმართება — შემოგვაქვს მიშელ ფუკოს თეორიული ჩარჩო, განათლების იდეოლოგიური და ინსტიტუციური ფუნქციის გასაშიფრად.
ჰეგემონია, კულტურული დომინაცია და სოციალური სოლიდარობა — გამოყოფილია გრამშის და დიურკჰაიმის ხედვები განათლების სტრუქტურული და ინტეგრაციული ფუნქციის შესაფასებლად.
განათლების როლი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში — ასახავს განათლებას როგორც უსაფრთხოების სტრატეგიულ ინსტრუმენტს, საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს კონტექსტში.
განათლების პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ და მდგრად განვითარებაზე — წარმოადგენს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარების პარამეტრების განათლებასთან ინტეგრაციას.
ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელის საჭიროება საქართველოსთვის — ანალიზდება მოდელი, რომელიც აერთიანებს გლობალურ სტანდარტებსა და ეროვნულ თვითმყოფადობას.
შესაბამისად, მომდევნო თავები მიზნად ისახავენ თითოეული ამ კომპონენტის დეტალურ გაანალიზებას, როგორც თეორიულად, ისე სტრატეგიულ-პრაქტიკული თვალსაზრისით, რათა ჩამოყალიბდეს განათლების სუვერენიტეტის ის კომპლექსური ხედვა, რომელიც აუცილებელია თანამედროვე გლობალურ და პოლიტიკურ რეალობაში სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად.
- ცოდნა, ძალაუფლება და აკადემიური სუვერენიტეტი: ფილოსოფიურ-პოლიტიკური ანალიზი
თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში, ცოდნისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართების საკითხი აღარ წარმოადგენს მხოლოდ აბსტრაქტულ თეორიულ ჩარჩოს. იგი გარდაიქმნა სახელმწიფოს სუვერენული ფუნქციონირების ერთ-ერთ ფუნდამენტურ განზომილებად, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა, მათ შორის, საქართველო. ფუკოსეულ მოდელში (Foucault, 1975), საგანმანათლებლო სივრცე აღიქმება როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმი, სადაც დისციპლინა და ნორმატიულობა იქმნება არა იძულებით, არამედ ცოდნის სტრუქტურით — განსაზღვრულია, რა უნდა ვისწავლოთ, როგორ, და ვისგან.
ამ კონცეფციის მიხედვით, ის ვინც აკონტროლებს საგანმანათლებლო შინაარსს, რეალურად განსაზღვრავს საზოგადოების განვითარების პარადიგმას. ფუკოსეული ძალაუფლების დინამიკა – „მიკროფიზიკა ძალაუფლებისა“ – განსაკუთრებით ეფექტურად ვლინდება განათლებაში: შეფასების სტანდარტები, სერტიფიკაცია, სასწავლო რესურსები, კურიკულუმები – ყველა მათგანი ქმნის ცოდნის ისეთ რეპროდუქციულ სისტემას, რომელიც აფორმირებს ქცევას და იდენტობას.
საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფო, რომელიც კულტურული გლობალიზაციისა და გეოპოლიტიკური კონკურენციის ზღვარზე იმყოფება, საგანმანათლებლო დღის წესრიგზე კონტროლის გარეშე შესაძლოა აღმოჩნდეს იმ პირობებში, თუ მისი ღირებულებითი სტრუქტურა ჩაანაცვლა გლობალურად წამყვანმა იდეოლოგიურმა პარადიგმებმა (Ball, 2012). ეს უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ თეორიული საფრთხეს, არამედ პრაქტიკულად არსებული რეალობაა. OECD-ის მონაცემებით, განვითარებადი ქვეყნების ციფრული რესურსების 85–90% წარმოიქმნება გლობალური კორპორაციების მიერ, რომელთა ინტერესები არ არის ერთსულოვანი ეროვნული განვითარებისა და თვითმყოფადობის დაცვასთან (OECD, 2022, p. 34).
სტივენ ბოლი გვთავაზობს ფუკოს თეორიის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კონტექსტში გადმოტანას და განათლების პოლიტიკას განიხილავს, როგორც გლობალური ხელისუფლების ნაწილს (Ball, 2020). მისი აზრით, დონორი ორგანიზაციები, კორპორაციები და ტრანსნაციონალური ქსელები არამხოლოდ სთავაზობენ დახმარებას მცირე სახელმწიფოებს, არამედ მათზე რეალურად ახდენენ იდეოლოგიურ ზეწოლას, აკონტროლებენ სასწავლო პრიორიტეტებს, განსაზღვრავენ „ეფექტურობის“ კრიტერიუმებს და თავს ახვევენ სტანდარტიზებულ ღირებულებებს, რომლებიც უმეტესად აცდენილია ადგილობრივ სოციალურ საჭიროებებს.
საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ ბოლის შეხედულების ლოგიკური რეალიზაცია. 2004 წლიდან დღემდე, განათლების პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიები დაფინანსებულია მრავალმხრივი უცხოური პროგრამების მეშვეობით — USAID, Millennium Challenge, EU-ENEI, World Bank და სხვ. ამ პროცესში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება შინაარსობრივ-ღირებულებითი ჰეგემონიის რისკები, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივი ექსპერტიზა არ არის სრულფასოვანი თანაშემოქმედი, არამედ შემსრულებელია.
უფრო საგანგაშოა ის, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე შექმნილი კურიკულუმები არ ითვალისწინებს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ სპეციფიკას, რაც იწვევს განათლების დეჰუმანიზაციასა და ეროვნულ ნარატივზე უარის თქმის საფრთხეს. UNESCO-ს 2022 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ განვითარებადი ქვეყნების პედაგოგთა 70%-ზე მეტი აღნიშნავს საგანმანათლებლო რესურსების სოციალური და კულტურული შეუსაბამობის პრობლემას (UNESCO, 2022, p. 52).
აქედან გამომდინარე, მცირე სახელმწიფოს მიერ განათლების სუვერენობის შენარჩუნება ვერ მოხდება მხოლოდ სამართლებრივი ავტონომიის პრინციპით. აუცილებელია, რომ არსებობდეს შინაარსობრივი სუვერენიტეტი — კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც გამოიმუშავებს ადგილობრივ ცოდნას, აყალიბებს კულტურულ კოდებს და სელექციურად იყენებს გლობალურ მოდელებს.
ფუკოს ძალაუფლების ანალიზი და ბოლის პოლიტიკური ეკონომია გვკარნახობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე სახელმწიფოს, სჭირდება არა გარედან თავსმოხვეული, სტანდარტიზებული რეფორმების მექანიკური იმპლემენტაცია, არამედ განათლების პოლიტიკის ისეთი სტრატეგიული არქიტექტურა, რომელიც შიდა კონტექსტის სიღრმისეულ გააზრებასა და გარე გავლენების კრიტიკულ შეფასებას დაეფუძნება. მხოლოდ ამგვარი მიდგომით შეძლებს ქვეყანა საგანმანათლებლო სისტემის მეშვეობით თვითგანსაზღვრას და გლობალურ პროცესებში ღირსეულ მონაწილეობას.
- ჰეგემონია, სოციალური სოლიდარობა და განათლების სუვერენიტეტი: ანტონიო გრამში და ემილ დიურკჰაიმი
განათლება, როგორც ინსტიტუციური ფენომენი, ისტორიულად არასდროს ყოფილა ნეიტრალური. იგი ყოველთვის წარმოადგენდა მექანიზმს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფდა სახელმწიფოს ღირებულებითი საფუძვლების გადაცემას და ამავე დროს, განსაზღვრავდა იმ სოციალურ და კულტურულ ჩარჩოებს, რომელთა მეშვეობით დგინდებოდა პოლიტიკური წესრიგის ლეგიტიმაცია. სწორედ ამ როლის დუალიზმი ხდება კვლევითი ყურადღების ცენტრში მაშინ, როდესაც განათლების პოლიტიკა განიხილება არა ტექნიკურ ან მენეჯერულ დონეზე, არამედ როგორც ღირებულებითი და იდეოლოგიური კონსტრუქცია.
ამ საკითხის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური გაშლა შეუძლებელია ანტონიო გრამშისა და ემილ დიურკჰაიმის ნაშრომების ანალიზის გარეშე. ორივე მოაზროვნე გვთავაზობს ერთმანეთისგან განსხვავებულ, მაგრამ კომპლემენტარულ თეორიებს: გრამში — იდეოლოგიური ჰეგემონიის სტრუქტურის თაობაზე, ხოლო დიურკჰაიმი — სოციალური სოლიდარობისა და ინტეგრაციის დინამიკის შესახებ.
ანტონიო გრამშის მიხედვით განათლება უნდა დავინახოთ როგორც ჰეგემონიური კონტროლის ინსტრუმენტი. იგი თავის ნაშრომში Prison Notebooks (1971) კულტურულ ჰეგემონიას განიხილავს როგორც თანმიმდევრულ და ინსტიტუციონალიზებულ პროცესს, რომლის მეშვეობით დომინანტური ჯგუფები ახდენენ იდეოლოგიური წესრიგის ბუნებრივად წარმოჩენას საზოგადოებრივ სივრცეში. განათლება, ამ თეორიაში, არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის მექანიზმი, არამედ ქვეცნობიერი დამორჩილების სტრუქტურაა, რომელიც ახდენს გლობალურ ან ელიტარულ ღირებულებათა ნორმალიზებას (Gramsci, 1971, pp. 258, 263).
გრამშის მიხედვით, ის, ვინც აკონტროლებს განათლებას, განსაზღვრავს არა მხოლოდ თაობათა ცნობიერებას, არამედ ქმნის საზოგადოებრივი თანხმობის – კონსენსუსის – ისეთ კონსტრუქციას, რომელიც დომინანტური კლასების ინტერესებს საყოველთაო ჭეშმარიტების ფორმას ანიჭებს. სწორედ ასეთ ოპერაციულ ჩარჩოში იქცევა განათლება ჰეგემონიური იდეოლოგიის რეპროდუქციის ინსტრუმენტად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე აქტიურ ზეწოლას ახორციელებენ საერთაშორისო ფონდები და გლობალური პლატფორმები.
ჰეგემონიური რისკები ქართულ კონტექსტში
საქართველოს კონტექსტში, გრამშის ჰეგემონიური ჩარჩო განსაკუთრებულ პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს. საგანმანათლებლო რეფორმების პროცესში, განსაკუთრებით ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების საერთაშორისო მოდელების შემოტანისას, ხშირად დასავლური სტანდარტების პირდაპირი, მექანიკური გადმოტანა ხდება, ადგილობრივი სოციალურ-კულტურული თავისებურებების ადეკვატური ანალიზისა და გათვალისწინების გარეშე. მსგავსი სტანდარტიზებული მიდგომა შესაძლოა ეფექტური იყოს ქვეყნებში, სადაც საგანმანათლებლო სისტემა მჭიდროდ არის ინტეგრირებული შესაბამის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ გარემოსთან. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, მსგავსი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სტანდარტების პირდაპირი გადმოტანა ხშირად იწვევს სისტემურ შეუსაბამობას, საზოგადოებრივ გაუცხოებასა და იდენტობის კრიზისს. ასეთი პროცესის დროს, გარკვეული იდეოლოგიური ღირებულებები — როგორიცაა ინდივიდუალიზმი, კონკურენცია, ბაზარზე ორიენტირებული ცოდნა თუ ნეიტრალური მოქალაქეობის პრინციპი — ავტომატურად აღიქმება როგორც ბუნებრივი და საყოველთაო მოცემულობა, მაშინ, როდესაც ისინი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს საზოგადოებრივ ღირებულებებთან, ისტორიულ გამოცდილებასთან და კულტურულ თავისებურებებთან. ეს ტენდენცია ქმნის კულტურული დისბალანსისა და იდენტობის კონფლიქტის რისკებს, რაც საბოლოოდ აფერხებს საგანმანათლებლო სუვერენიტეტის ეფექტურ განხორციელებას, ასუსტებს ადგილობრივი კულტურის როლს და არღვევს საზოგადოებრივი თანხმობისა და კულტურულ-იდენტური ერთიანობის პრინციპებს.
ემილ დიურკჰაიმის მიხედვით კი, განათლება უნდა განვიხილოთ, როგორც სოციალური სოლიდარობის საფუძველი (ან სისტემა), რომელიც საზოგადოების წევრებს საერთო ღირებულებებისა და ნორმების ირგვლივ აერთიანებს.
ემილ დიურკჰაიმი, როგორც სოციოლოგიური კლასიკოსი, საგანმანათლებლო სისტემას განიხილავს არა როგორც კონტროლის მექანიზმს, არამედ როგორც სოციალური ინტეგრაციის მორალურ ღერძს (Durkheim, 1951, p. 243). მისი თეორია ეფუძნება პოზიტივისტურ აზროვნებას, სადაც განათლება ქმნის საერთო ღირებულებებს, სტანდარტებს და ქცევის მოდელებს, რომლებიც გრძელვადიანად აყალიბებს საზოგადოებრივ თანხმობას.
დიურკჰაიმის პოზიციით, სოციალური სოლიდარობა მიიღწევა იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდები იზიარებენ საერთო მორალურ ნორმებს და იდენტობას, ხოლო განათლება ამ ღირებულებების ინსტიტუციური გამტარია. ეს მიდგომა არ გამორიცხავს სისტემურ დისბალანსს, მაგრამ მიანიშნებს, რომ განათლება უნდა იყოს ერთიანი კოდის გამტარი არხი, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას.
ქართული რეალობა და სოციალური სოლიდარობა
დღევანდელ ქართულ რეალობაში, სადაც საზოგადოებრივი სეგმენტაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია და იდენტობის კრიზისი განსაკუთრებულად გამწვავდა, ემილ დიურკჰაიმის თეორია, განათლების სოციალური როლის შესახებ, განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. სახელმწიფოსთვის განათლების სისტემა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენისა და კულტურული მდგრადობის უზრუნველყოფისთვის. ამისთვის, აუცილებელია შეიქმნას ისეთი სასწავლო გეგმები და საგანმანათლებლო ხედვა, რომლებიც მკაფიოდ ეფუძნება ადგილობრივი კულტურის ღირებულებებს, ისტორიულ მეხსიერებასა და საზოგადოებრივ გამოცდილებას. განათლების პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს და აძლიერებს ადგილობრივ იდენტობასა და კულტურულ თავისებურებებს, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცებას, არამედ შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებისთვის, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია გარე ზეწოლის და კულტურული გლობალიზაციის პირობებში.
წინამდებარე მსჯელობის ფარგლებში განხილული თეორიული მიდგომების შეჯერებით (ანტონიო გრამში და ემილ დიურკჰაიმი), ვიღებთ კომპლექსურ კვლევით ჩარჩოს, რომელიც განათლების სოციალურ ფუნქციას ორ ურთიერთდამაკავშირებელ, თუმცა განსხვავებულ პერსპექტივაში განიხილავს. გრამშისეული მიდგომა განათლებას განიხილავს, როგორც იდეოლოგიური ჰეგემონიის, კონტროლისა და დომინაციის ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს არსებული ძალაუფლების სტრუქტურების შენარჩუნებას. ამის საპირისპიროდ, დიურკჰაიმის თეორია განათლებას განიხილავს, როგორც სოციალური და კულტურული ინტეგრაციის მექანიზმს, რომელიც აერთიანებს საზოგადოების წევრებს საერთო ღირებულებების, ნორმებისა და იდენტობის ირგვლივ.
ამ ორი განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი თეორიული ჩარჩოს შეჯერებამ, საშუალება მომცა საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიული ტრანსფორმაციის მიმართულებები უფრო ნათლად და სიღრმისეულად გამეაზრებინა. საბოლოოდ, აღნიშნულ სტრატეგიულ მიმართულებებს დაინტერესებულ საზოგადოებას შემდეგი ფორმით წარვუდგენდი:
ა) დომინაციისა და კონტროლის ლოგიკიდან გადასვლა თანაზიარობისა და ჩართულობის პრინციპზე;
ბ) იდეოლოგიური მანიპულაციისა და იძულებითი იდენტიფიკაციის ლოგიკის შეცვლა სოციალური სოლიდარობისა და კულტურული ერთიანობის განმტკიცების პრინციპით;
გ) გარე ზეწოლისა და სტანდარტიზებული მიდგომების პირდაპირი იმპორტის ნაცვლად, განათლების სისტემაში შიდა თვითრეგულირების მექანიზმების განვითარება და ადგილობრივი კულტურული სპეციფიკის პრიორიტეტული გათვალისწინება.
წინამდებარე მსჯელობის ფარგლებში განხილული თეორიული მიდგომების შეჯერებით, ვიღებთ კომპლექსურ კვლევით ჩარჩოს, რომელიც განათლების სოციალურ ფუნქციას ორ ურთიერთდამაკავშირებელ, თუმცა განსხვავებულ პერსპექტივაში განიხილავს. ეს მიდგომები საშუალებას გვაძლევს, განათლება განვიხილოთ ერთდროულად როგორც იდეოლოგიური და კულტურული დომინაციის, ასევე სოციალური სოლიდარობისა და კულტურული ერთიანობის განმტკიცების ინსტრუმენტი. აღნიშნული ინტეგრირებული მიდგომა ქმნის საფუძველს, განათლების პოლიტიკამ უპასუხოს თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს, გაითვალისწინოს ადგილობრივი და რეგიონული კონტექსტები და უზრუნველყოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მდგრადობისა და სოციალური სოლიდარობის ეფექტური მხარდაჭერა.
მეთოდოლოგიური ჩარჩო, რომელსაც ვუწოდებ „თეორიული წყვილების“ მეთოდს, გულისხმობს კლასიკური ფილოსოფიური და სოციოლოგიური კონცეფციების ინტეგრაციას თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებთან. კვლევის პროცესში განხილული და გაანალიზებული კონცეფციები, შერწყმულია საგანმანათლებლო თეორიის თანამედროვე მიმართულებებთან, რაც შესაძლებელს ხდის განათლების პოლიტიკის სიღრმისეულ, მრავალგანზომილებიან და სტრატეგიულ ანალიზს. ასეთი მიდგომის მიზანი იყო საგანმანათლებლო სისტემის არსებული გამოწვევების კომპლექსური და სიღრმისეული გააზრება, რათა წარმოჩენილიყო განათლების პოლიტიკური და სოციალური როლის მრავალფეროვანი განზომილებები და არსებული მიდგომების შესაძლო ტრანსფორმაციის მიმართულებები.
ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი აჩვენებს თეორიულ წყვილებს და მათ შორის არსებულ მთავარ მაკავშირებელ კონცეპტუალურ მომენტებს, რომლებიც ერთიანად ქმნიან აღნიშნული მეთოდოლოგიური ჩარჩოს საფუძველს:
თეორიული სინთეზის სქემა: ფილოსოფიური და საგანმანათლებლო წყვილები
| ფილოსოფიური თეორია | განათლების თანამედროვე თეორია | მთავარი მაკავშირებელი მომენტი |
| ანტონიო გრამში (კულტურული ჰეგემონია) | მაიკლ ეფლბი (კრიტიკული განათლება) | იდეოლოგიური და კულტურული დომინაცია |
| ემილ დიურკჰაიმი (სოციალური სოლიდარობა) | ენდი ჰარგრივზი (განათლების მდგრადი განვითარება) | სოციალური ერთიანობა და ინტეგრაცია |
| მიშელ ფუკო (ცოდნა და ძალაუფლება) | ფილიპ ალტბახი (განათლების ინტერნაციონალიზაცია) | აკადემიური სუვერენიტეტი და კონტროლი |
| ჯონ დიუი (დემოკრატიული მოქალაქეობა) | გერტ ბიესტა (დემოკრატიული განათლება) | დემოკრატია და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა |
აღნიშნული თეორიული წყვილები არა მხოლოდ აყალიბებენ ანალიტიკურ მოდელს, არამედ ქმნიან სტრატეგიულ ჩარჩოს განათლების სისტემის შეფასებისა და განვითარებისათვის, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. საქართველოს კონტექსტში ამ ჩარჩოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან:
რეალურია გარე სტანდარტიზაციისა და იდეოლოგიური ზეწოლის საფრთხე, რასაც ეფექტურად პასუხობს გრამშისა და ეფლბის წყვილი;
ჯერ კიდევ სუსტია ეროვნული იდენტობის კონსოლიდაცია და სოციალური ინტეგრაცია, რასაც დიურკჰაიმისა და ჰარგრივზის მიდგომის ინტეგრაცია პასუხობს;
აკადემიური ინტერნაციონალიზაციის პროცესში ხშირად ხდება სუვერენიტეტის შეზღუდვა, რასაც ნათლად აანალიზებს ფუკოსა და ალტბახის წყვილი;
დემოკრატიული განათლების პრინციპები სრულად არ არის ინტეგრირებული სისტემაში, რასაც უშუალოდ ეხმიანება დიუისა და ბიესტას შეჯვარება.
საბოლოო ჯამში, ინტეგრირებული ანალიტიკური მოდელი, რომელიც წარმოდგენილია „თეორიული წყვილების“ სახით, ქმნის კომპლექსურ და მრავალგანზომილებიან საფუძველს, რაც საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვის, შეფასებისა და განვითარების არსებითი ინსტრუმენტია საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნებისათვის, რომლებიც თანამედროვე გლობალური გამოწვევებისა და რეგიონული კონტექსტების ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
ემპირიული მაგალითი: დიურკჰაიმი და ჰარგრივზი საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში
იმისათვის, რომ ნათლად ვაჩვენოთ „თეორიული წყვილების“ მეთოდის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა, გავაანალიზოთ კონკრეტული მაგალითი ემილ დიურკჰაიმისა და ენდი ჰარგრივზის კონცეფციების საფუძველზე.
დიურკჰაიმის სოციალური სოლიდარობის თეორიის მიხედვით, განათლება არის არა მხოლოდ ცოდნის ტრანსლაციის საშუალება, არამედ საზოგადოების სოლიდარობის ფუნდამენტური ინსტრუმენტი, რომელიც ქმნის საერთო ღირებულებებს, მორალურ ნორმებსა და კოლექტიურ იდენტობას (Durkheim, 1951). ჰარგრივზი, თავის მხრივ, თავის ნაშრომში Teaching in the Knowledge Society (2003), ამტკიცებს, რომ განათლების სისტემის მდგრადობა არ არის მიღწევადი მხოლოდ სტრუქტურული და ტექნიკური რეფორმებით, თუკი ისინი არაა ღრმად ინტეგრირებული საზოგადოების კულტურულ და სოციალურ სპეციფიკასთან (Hargreaves, 2003).

ზაზა რუხაძე
რეალური ინტერპრეტაცია საქართველოს კონტექსტში
საქართველოს საგანმანათლებლო რეფორმები, მათ შორის 2018 წლის ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი, ძირითადად განისაზღვრა საერთაშორისო დონორების, მათ შორის მსოფლიო ბანკის, UNICEF-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. მიუხედავად სტრუქტურული გაუმჯობესებისა, ამ რეფორმებს ხშირად აკრიტიკებდნენ იმ საფუძვლით, რომ ისინი სათანადოდ არ ითვალისწინებდნენ საქართველოს კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს. შედეგად, ისეთი ცენტრალური თემები, როგორებიცაა ეროვნული თვითმყოფადობა, ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური მეხსიერება, საგანმანათლებლო სტანდარტებში მარგინალიზებული აღმოჩნდა, რამაც შეასუსტა სოციალური სოლიდარობის იდეის რეალიზაციის შესაძლებლობა.
ამგვარ ვითარებაში, დიურკჰაიმისა და ჰარგრივზის თეორიების სინთეზური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მდგრადი საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ლოკალური, კულტურულ-ისტორიული სპეციფიკისა და გლობალური საგანმანათლებლო პრაქტიკების ეფექტური ბალანსირება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს განათლების სისტემის კონცეპტუალურ გადახედვას ისე, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმოს ეროვნულ ღირებულებებსა და ისტორიულ-კულტურულ იდენტობას, რაც გააძლიერებს სოციალურ ერთიანობას და მდგრადობას.
დასკვნითი ანალიზი: კვლევითი ჩარჩოს ფუნქციური მნიშვნელობა
დიურკჰაიმისა და ჰარგრივზის მაგალითზე განხილული მიდგომა ნათლად გვიჩვენებს „თეორიული წყვილების“ მეთოდის პრაქტიკულ ღირებულებას, რაც მოიცავს:
ა) სუსტი კულტურული კონსოლიდაციისა და სოციალური სოლიდარობის დეფიციტის დიაგნოსტირებას;
ბ) საგანმანათლებლო პოლიტიკის კულტურულ-ღირებულებითი შეფასების ინსტრუმენტს;
გ) საგანმანათლებლო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული სუვერენიტეტისა და გლობალური ინტეგრაციის დაბალანსებას.
ამ მეთოდოლოგიური ჩარჩოს გამოყენება შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ თეორიულ ანალიზს, არამედ საგნობრივი და პრაქტიკულად ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებას.
განათლების პოლიტიკის მნიშვნელობის აღიარება და მისი სტრატეგიული როლის განსაზღვრა განათლების სუვერენიტეტის კვლევის კონტექსტში
განათლების სუვერენიტეტის კვლევის პროცესში, გარდაუვალია განათლების პოლიტიკის საკითხზე შეჩერება, როგორც ინსტიტუციურ-სტრუქტურულ მექანიზმზე, რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს საგანმანათლებლო სისტემის მიზნებს, სტრატეგიულ მიმართულებებსა და ღირებულებით პარადიგმებს. საგანმანათლებლო პოლიტიკა სწორედ ის სივრცეა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნება გარდაიქმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებად, განსაზღვრავს განათლების შინაარსს, მის ორგანიზაციულ სტრუქტურას და სისტემის სუვერენიტეტის ხარისხს.
თუმცა, წინამდებარე კვლევა არ მოიცავს განათლების პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოების ან სტრატეგიული დოკუმენტების დეტალურ ანალიზს. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მიზანმიმართულ მეთოდოლოგიურ პოზიციას, რომელიც ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან თეორიულ და ანალიტიკურ არგუმენტს:
- საქართველოს განათლების პოლიტიკის ზოგადი მიზნები და პრიორიტეტები, როგორიცაა ინტერნაციონალიზაცია, ხარისხის ზრდა და ადამიანზე ორიენტირებულობა, უკვე მკაფიოდ არის განსაზღვრული და ფართოდ გაცხადებული შესაბამის სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა 2022–2030 წლების განათლების განვითარების გეგმა. ამიტომ, მოცემული კვლევის მიზანი არ არის უკვე დეკლარირებული მიზნების ანალიზი.
- ბოლო პერიოდში განათლების პოლიტიკაში მკვეთრად გამოხატულია ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც მკაფიოდ აისახება პრემიერ-მინისტრის განცხადებებში, სადაც ხაზგასმულია საგანმანათლებლო სისტემის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ ბერკეტად პოზიციონირება. ეს კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკის ფორმალური მიმართულებები სრულ შესაბამისობაშია ამ კვლევის საერთო კონცეპტუალურ ჩარჩოსთან.
- ყველაზე არსებითი კი ის ფაქტორია, რომ ამ კვლევის ცენტრალური ამოცანა მდგომარეობს არა პოლიტიკის დეკლარირებული მიზნების განმეორებაში, არამედ პოლიტიკისა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის პროცესებს შორის არსებული კრიტიკული და ანალიტიკური სივრცის გამოკვლევაში. სწორედ აქ, პოლიტიკის რეალური შედეგებისა და პრაქტიკის კრიტიკულ გადაკვეთებზე, წარმოიშობა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია განათლების სისტემის სუვერენულობასთან და მის ფაქტობრივ მდგრადობასთან.
ამდენად, განათლების პოლიტიკაზე შეზღუდული მასშტაბით შეჩერება აუცილებელია, რადგან ამ გზით ხდება კვლევის მეთოდოლოგიური სიზუსტისა და ანალიტიკური სიღრმის შენარჩუნება. კვლევის ფოკუსი კი უშუალოდ გადადის იმ სტრატეგიულ და პრაქტიკულ კომპონენტებზე, სადაც:
ა) განათლების სისტემა უშუალოდ განსაზღვრავს ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტის ხარისხს;
ბ) მკაფიოდ წარმოჩინდება დაძაბულობა ეროვნულ ღირებულებებსა და გლობალურ სტანდარტებს შორის;
გ) საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ ღირებულებით-შინაარსობრივი თვალსაზრისით.
ამ მეთოდოლოგიური და ანალიტიკური არჩევნის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება განათლების სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკული და საფუძვლიანი შეფასება, რომელიც აკმაყოფილებს კვლევის საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტებს.
განათლების პოლიტიკის თემიდან გადასვლა კვლევის მთავარ მიზანზე
განათლების პოლიტიკა რჩება ქვეყნის მომავლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად, მაგრამ მისი დეტალური განხილვის ნაცვლად, აქ მთავარ ინტერესს წარმოადგენს მისგან გამომდინარე კრიტიკული სივრცის განსაზღვრა და სუვერენულობასთან დაკავშირებული სტრატეგიული რისკების იდენტიფიცირება.
შესაბამისად, კვლევის ფოკუსი გადადის კონკრეტულ კომპონენტებზე, რომლებიც აჩვენებენ:
- როგორ გამოიყენება განათლება ეროვნული თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების კონტექსტში;
- სად ვლინდება ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი რისკები;
- როგორ შეიძლება თეორიულად და პრაქტიკულად გადაიჭრას არსებული გამოწვევები.
თანამედროვე გლობალურ პოლიტიკურ დინამიკაში, განათლების როლი გაცილებით მეტად აღემატება სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციას და უშუალოდ უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ განათლება იქცა არა მხოლოდ კულტურული, არამედ სტრატეგიული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ნაწილად: ციფრული სუვერენიტეტი, კულტურული მდგრადობა და დემოკრატიული კონსოლიდაცია — ყველა ეს კომპონენტი უშუალოდ საგანმანათლებლო პოლიტიკას უკავშირდება.
შემდეგ თავებში განიხილება სწორედ ეს პარადიგმა, საერთაშორისო მაგალითებისა და საქართველოს სპეციფიკური კონტექსტის ანალიზის პარალელურად. აქ ნათლად გამოვლენილია ის კრიტიკული მომენტები, სადაც განათლება ან აძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას და მდგრადობას, ან მისი სისუსტის შემთხვევაში, თავად ხდება მოწყვლადობის წყარო.
განათლების როლი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს კონტექსტი
იმისათვის, რომ საგნობრივი და კონცეპტუალური სიზუსტით განვიხილოთ განათლებისა და ეროვნული უსაფრთხოების ურთიერთკავშირი, მნიშვნელოვანია ამ თემის ანალიზი განხორციელდეს არა მხოლოდ პოლიტიკური და სტრატეგიული პერსპექტივიდან, არამედ უფრო ღრმა, ფილოსოფიურ-სოციოლოგიური თეორიული ჩარჩოს ფარგლებში. ეს მეთოდოლოგიური არჩევანი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საგანმანათლებლო სისტემა არ წარმოადგენს იზოლირებულ სტრუქტურას; იგი განუწყვეტლივ ურთიერთქმედებს სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ გარემოსთან. სწორედ საგანმანათლებლო სისტემაში ხდება იმ ღირებულებითი პარადიგმებისა და იდეოლოგიური კონსტრუქციების რეპროდუქცია, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს, საზოგადოების და ინდივიდის როლებს, მათ ურთიერთობას და ქცევას როგორც ნორმალურ, ისე კრიზისულ პერიოდში. განათლება შეიძლება ერთდროულად იქცეს საზოგადოების სტაბილურობისა და ერთიანობის მნიშვნელოვან ბერკეტად, ან— საპირისპიროდ—კრიზისის ან პოლარიზაციის პირობებში, პოლიტიკური მობილიზაციისა და დაპირისპირების ინსტრუმენტად
საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ-უსაფრთხოებრივი ფუნქციის ანალიზი მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ან პრაქტიკული ქმედებების შეფასებას, არამედ თეორიული და ფილოსოფიურ-სოციოლოგიური კონცეპტუალური ჩარჩოების გამოყენებასაც. სწორედ ასეთი თეორიული მიდგომა უზრუნველყოფს განათლების, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობის ბერკეტის საფუძვლიან, სისტემურ და მეცნიერულ გაგებას, რომელიც სცდება დეკლარაციული მიდგომის ფარგლებს და უფრო ღრმა ანალიტიკურ დონეზე გადადის.
ამ ლოგიკით, შემდგომ განვიხილავთ რამდენიმე ფუნდამენტურ თეორიულ პოზიციას, რომელთა შორის, ჰანა არენდტის ფილოსოფიური კონცეფცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი მიდგომა განათლებისადმი, საშუალებას იძლევა განათლება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ცოდნის ტრანსლაციის ინსტრუმენტი, არამედ როგორც პოლიტიკური სტაბილურობისა და ღირებულებითი თვითშენარჩუნების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც პირდაპირ კავშირშია თანამედროვე გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე წარმოქმნილ სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებთან.
ჰანა არენდტი: განათლება როგორც პოლიტიკური სტაბილურობის და ღირებულებითი თვითშენარჩუნების ინსტრუმენტი
ჰანა არენდტი განათლებას განიხილავს არა მხოლოდ როგორც სოციალური ინტეგრაციის სივრცეს, არამედ როგორც ისტორიულად პასუხიმგებელ საჯარო ქმედებას, რომელიც ერთდროულად ასახავს და აწარმოებს საზოგადოების ღირებულებით ბაზას. თავის კლასიკურ ესეში The Crisis in Education (1958), არენდტი მიუთითებს, რომ განათლების მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური ცოდნის ტრანსფერი ან ახალი თაობის ადაპტაცია არსებულ სისტემაში. მისთვის, განათლება არის აქტიური ჩართვა სამყაროში – ერთგვარი პასუხისმგებლობის აღება ახალი თაობის მიმართ, რასაც იგი უწოდებს დედამიწის საერთო პასუხისმგებლობას (Arendt, 1958, p. 182).
მისი აზრით, როდესაც საზოგადოება წყვეტს თაობებს შორის მორალური და ღირებულებითი ბმების გადაცემას, იგი თავად კარგავს საკუთარ გრძელვადიან მმართველობით შესაძლებლობას და დემოკრატიული სისტემის მდგრადობას. ამ ხედვით, განათლება არის არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი, არამედ ღირებულებითი იმუნიტეტის ფორმირების მექანიზმიც.
ამ პოზიციის თანამედროვე ინტერპრეტაციაში, განათლება იქცევა იმ სისტემურ მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება ახორციელებს საკუთარ „თვითდაცვას“ – არა მხოლოდ გარე საფრთხეების, არამედ შიდა ღირებულებითი რღვევების წინააღმდეგ (Biesta, 2011). მაგალითად, დემოკრატიული კულტურის დაცვა, ინფორმაციულ ომებთან გამკლავება, ახალგაზრდებში დეზინფორმაციის მიმართ მედეგობის ამაღლება – ეს ყველაფერი სწორედ იმ ტიპის პასუხისმგებლობებია, რომელიც არენდტის თვალსაზრისით საზოგადოებამ არ უნდა გადააბაროს მხოლოდ სახელმწიფოს.
აქედან გამომდინარე, არენდტის მიდგომა სრულიად თავსებადია საქართველოს კვლევით კონტექსტთან, სადაც განათლების სისტემის კრიზისი არ გამოიხატება მხოლოდ შინაარსობრივი სტანდარტებით ან ფინანსური ნაკლოვანებით, არამედ ღირებულებითი და იდენტობითი ინტეგრაციის პრობლემით. საქართველო იმყოფება იმ მდგომარეობაში, სადაც განათლების სისტემამ უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გაერთიანება, რათა ეროვნული სუვერენიტეტი იყოს – არა მხოლოდ ფორმალური, არამედ ღირებულებითად სტაბილური და შინაარსობრივად დაცული.
არენდტის ხედვა იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ის არ აუქმებს სახელმწიფოს როლს, არამედ ავრცელებს მას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ველში: სწორედ მაშინ, როდესაც საზოგადოება იღებს მონაწილეობას თაობათა ცნობიერების ფორმირებაში, იქმნება განათლების ის მოდელი, რომელიც სუვერენულობაზე არ არის მხოლოდ სამართლებრივი განაცხადი, არამედ საზოგადოებრივი ნება.
ასეთ პირობებში, განათლება მართლაც იქცევა იმ ინსტიტუციად, რომელიც ქმნის „ფუნდამენტურ დემოკრატიულ სტაბილურობას“ – როგორც ღირებულებითი თანხმობის მექანიზმს, ისე პოლიტიკური გამძლეობის საფუძველს კრიზისების, კონფლიქტების და გარე ზეწოლის პირობებში (Biesta, 2009; Bernstein, 1996).
ჯონ დიუი: დემოკრატიული განათლება, საზოგადოებრივი ერთიანობა და სტრატეგიული გამძლეობა
განათლებისა და ეროვნული უსაფრთხოების ურთიერთკავშირის გააზრებისას, ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ თეორეტიკულ საყრდენ გვაწვდის ჯონ დიუი – ამერიკელი ფილოსოფოსი და პედაგოგი, რომლის ნაშრომმა Democracy and Education (1916) განათლების ანალიზს ტრანსფორმაცია გაუკეთა ინდივიდუალისტური ან კოგნიტური მიდგომიდან სოციალურ-სტრუქტურულ ჭრილში.
დიუის თანახმად, განათლება უნდა იქცეს დემოკრატიული საზოგადოების თვითგანახლებად პროცესად – მექანიზმად, რომლის საშუალებითაც თაობები არა მხოლოდ ინარჩუნებენ ცოდნას, არამედ ავითარებენ ისეთ ღირებულებით-კოგნიტურ კომპეტენციებს, რაც მათ ზრდის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე და კოლექტიურ კონსტრუქციაზე (Dewey, 1916, pp. 87–88).
მისი მოდელი ეყრდნობა მონაწილეობრივ საზოგადოებას, სადაც მოქალაქეები მხოლოდ მომხმარებლები ან ამომრჩევლები კი არა, არამედ თანაშენების სუბიექტები არიან. დიუი არ განიხილავს განათლებას მხოლოდ ინდივიდუალური განვითარების სივრცედ – ის ხედავს მას, როგორც პოლიტიკური გამძლეობის სტრუქტურულ საყრდენს.
ამ თვალსაზრისით, კრიტიკული აზროვნების განვითარება – რაც დიუისთვის განათლების ფუნდამენტია – არ არის მხოლოდ ანალიტიკური უნარი, არამედ ნიშნავს ინდივიდის საზოგადოებრივი აქტივობის კოგნიტურ მზადყოფნას, რომელიც საჭიროა კრიზისებზე ეფექტურად რეაგირებისთვის – იქნება ეს დეზინფორმაცია, რადიკალიზმი, პოლიტიკური პოლარიზაცია თუ სოციალურ-კულტურული დესტაბილიზაცია.
დიუის შეხედულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთაც სურთ განათლების სისტემას მიანიჭონ საზოგადოებრივი გამძლეობისა და დემოკრატიული თანხმობის სტრატეგიული ფუნქცია. ის მკვეთრად განსხვავდება ტექნოკრატიული განათლების მოდელებისგან, რადგან დემოკრატიის დაცვას არ უკავშირებს მხოლოდ ინსტიტუციურ ჩარჩოებს, არამედ მოქალაქეობრივი ინტელექტის შენების პროცესს.
დიუის კონცეფცია იდეალურად ეხმიანება იმ გამოწვევას, რაც დღეს დგას საქართველოს წინაშე: როგორ ჩამოვაყალიბოთ ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც გლობალურ სტანდარტებს მოერგება, მაგრამ არ დაკარგავს დემოკრატიული, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის ველებს?
დიუის მიხედვით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ განათლება დაემყარება არა მხოლოდ სტრუქტურულ რეფორმებზე, არამედ – ღირებულებით ინტეგრირებულ საზოგადოებაზე. დემოკრატიის სიღრმე იზომება არა მხოლოდ ინსტიტუციური მდგრადობით, არამედ იმითაც, რამდენად შეუძლია განათლების სისტემას შექმნას მოქალაქეები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ სახელმწიფოს ღირებულებითი განგრძობადობის მიმართაც.
მაიკლ ეფლი: განათლება როგორც ღირებულებითი პოლიტიკა და უსაფრთხოების ინსტრუმენტი
მაიკლ ეფლი – კრიტიკული პედაგოგიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა – განათლებას არ განიხილავს როგორც ნეიტრალურ სფეროს, რომელიც მხოლოდ ცოდნის გადაცემის ტექნიკურ არქიტექტურაზეა ორიენტირებული. პირიქით, ეფლი განათლებას მთლიანად პოლიტიკურად დაინტერესებულ და ღირებულებითად დატვირთულ სისტემად მოიაზრებს, რომელიც სტრუქტურულად მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების სტრატეგიებთან (Apple, 2013, p. 78).
თავის ნაშრომში Can Education Change Society? ეფლი პირდაპირ ამტკიცებს, რომ განათლების პოლიტიკა მხოლოდ პედაგოგიური საკითხი კი არა, ღირებულებითი ძალაუფლების გადანაწილების ფორმაა, რომელიც განსაზღვრავს, ვის აქვს სოციალური მნიშვნელობის კოდის შექმნის და გავრცელების უფლება. განათლების გზით საზოგადოება განსაზღვრავს – რომელი ნარატივი არის “ნორმალური”, რომელი ღირებულება – “საჯარო”, და რომელი მიზანი – “ეროვნული”.
ამ გაგებით, განათლება არა მხოლოდ “წარმოადგენს” ღირებულებებს, არამედ წყვეტს, რომელი ღირებულებები გახდება პოლიტიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი, ხოლო რომელი – მარგინალიზებული. შესაბამისად, კრიტიკული განათლება, ეფლის გაგებით, არის კონტრჰეგემონიური პედაგოგიკა, რომლის ამოცანაცაა გაუფილტრავად წარმოაჩინოს სოციალური უთანასწორობის სისტემები და გააძლიეროს სამოქალაქო სოლიდარობის კულტურა.
ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების სტრუქტურას ხედავენ არა მხოლოდ სამხედრო და სადაზვერვო სისტემებში, არამედ ღირებულებითი იმუნიტეტის ინსტიტუციონალიზებაში. სწორედ ასეთი კონტექსტია საქართველოსთვის – ქვეყანა, სადაც სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევები მოითხოვს არა მხოლოდ სტრუქტურულ, არამედ კულტურულ-პოლიტიკურ გამძლეობას.
ეფლის თეორია, ამ შემთხვევაში, გვთავაზობს მთლიანობრივ სტრატეგიას: განათლება უნდა იქცეს სივრცედ, სადაც წარმოიქმნება საზოგადოებრივი წინააღმდეგობის (resilience) მექანიზმები – არა მხოლოდ დეზინფორმაციისა და გარე ზეწოლისგან თავდაცვის მიზნით, არამედ ღირებულებითი თვითგადარჩენისათვის.
მათ შორის, ეფლის ხედვა მჭიდროდ იკვეთება იმ თანამედროვე მიდგომებთან, რომლებიც განათლების პოლიტიკას განიხილავენ ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ კომპონენტად – არა ფორმალური ინსტიტუციური ინტეგრაციის, არამედ ღირებულებითად მტკიცე საზოგადოების კონსტრუქციის ჭრილში (Rizvi & Lingard, 2010).
ამრიგად, საერთაშორისო ინსტიტუციური გამოცდილების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ განათლებისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული ურთიერთდამოკიდებულება წარმოადგენს აუცილებელ პირობას საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის. შესაბამისად, საერთაშორისო ანგარიშების საფუძვლიანი ანალიზის გათვალისწინებით, საქართველოში აუცილებელია ჩამოყალიბდეს ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ცოდნის ეფექტურ ტრანსლაციას, ისე ეროვნული სუვერენიტეტის, საზოგადოებრივი მდგრადობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
იმისათვის, რომ მკაფიოდ გავიაზროთ განათლების პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული ურთიერთმიმართება, აუცილებელია, თეორიული კონცეფციების ანალიზთან ერთად, განვიხილოთ იმ ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება, რომლებმაც თავიანთი საგანმანათლებლო სისტემა ეროვნული მდგრადობისა და უსაფრთხოების სტრუქტურულ საყრდენად აქციეს.
თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევებში ფართოდ გამოიყენება ე.წ. „გლობალურ-ლოკალური შედარებითი ანალიზის“ (glocal comparative analysis) მეთოდოლოგია. ამ მეთოდის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე, იდენტიფიცირდეს ისეთი პრინციპები, სტრატეგიები და მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების სისტემის ეფექტიან ინტეგრაციას უსაფრთხოების პოლიტიკასთან (Bray, Adamson & Mason, 2014).
წინამდებარე კვლევაში, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზისათვის შერჩეული ქვეყნები, ისრაელი და ესტონეთი, აკმაყოფილებენ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთო კრიტერიუმს: ა. ისინი არიან მცირე ზომისა და გეოპოლიტიკური მოწყვლადობის მქონე სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად განიცდიან საგარეო და შიდა გამოწვევებს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში; ბ. ორივე ქვეყანამ წარმატებით მოახერხა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება საერთაშორისო ინტეგრაციის პარალელურად; გ. მათი საგანმანათლებლო სისტემები ეფექტურად ინარჩუნებენ ეროვნული თვითიდენტიფიკაციისა და კულტურული ღირებულებების სტაბილურობას გლობალური ტექნოლოგიური, გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში.
იმისათვის, რომ მკაფიოდ გავიაზროთ განათლების პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული ურთიერთმიმართება, აუცილებელია თეორიული კონცეფციების ანალიზთან ერთად განვიხილოთ ისეთი ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება, რომლებმაც საგანმანათლებლო სისტემა ეფექტურად გარდაქმნეს ეროვნული მდგრადობისა და უსაფრთხოების სტრუქტურულ საყრდენად. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საერთაშორისო მაგალითია ისრაელი, რომლის საგანმანათლებლო პოლიტიკა ინტეგრირებულია თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსურ სტრატეგიასთან.
ისრაელის სახელმწიფო, მუდმივი გეოპოლიტიკური დაძაბულობის, უსაფრთხოების რისკებისა და კონფლიქტების ფონზე, აქტიურად იყენებს განათლების სისტემას როგორც ეროვნული გამძლეობისა და თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ისრაელის საგანმანათლებლო პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპად იქცა STEM დისციპლინებში (საინჟინრო, ტექნოლოგიური, მათემატიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) განხორციელებული სტრატეგიული, მასშტაბური და გრძელვადიანი ინვესტირება. ამ საგანმანათლებლო მიმართულებებზე აქცენტი განპირობებულია იმ საჭიროებით, რომ შეიქმნას და მუდმივად განვითარდეს მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვის სტრუქტურების, საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებას (Carnoy, 2019, pp. 132–133; Ben-David, 2020).
ამასთან, ისრაელის განათლების სისტემა ქმნის და მუდმივად აძლიერებს ერთიან ეროვნულ საგანმანათლებლო ნარატივს, რომელიც დაფუძნებულია როგორც ეროვნულ ღირებულებებზე, ისე დემოკრატიულ და საზოგადოებრივ კონსენსუსზე. აღნიშნული საგანმანათლებლო ნარატივი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც გარე საფრთხეების, ისე შიდა სოციალური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის პირობებში, რადგან იგი უზრუნველყოფს საერთო იდენტობის, სოლიდარობისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების გრძელვადიან განმტკიცებას (Zohar, 2019).
ისრაელის განათლების პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი უკავშირდება სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების ეროვნულ სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა პოზიციონირებულია არა მხოლოდ ინსტრუმენტალურ მექანიზმად, არამედ როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად. აღნიშნული სტრატეგია უზრუნველყოფს განათლების სისტემის სიღრმისეულ ინტეგრირებას ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მდგრადობის ინფრასტრუქტურაში (Inbar & Shamir, 2020).
ამრიგად, ისრაელის მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განათლება გამოყენებულ იქნას სტრატეგიული რესურსის რანგში, რომელიც ერთდროულად აყალიბებს როგორც მატერიალურ, ასევე სოციალურ და ღირებულებით საფუძვლებს ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. ეს გამოცდილება, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გამყარებულია მეცნიერულად დამოწმებული წყაროებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად რელევანტურია საქართველოს მსგავსი, გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს ეროვნული უსაფრთხოების ეფექტურ განმტკიცებას განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის სტრატეგიული გამოყენების მეშვეობით.
ჩვენთვის საინტერესოა და ესტონეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მაგალითს, რომელიც ეფექტურად აერთიანებს ციფრულ ტექნოლოგიებს, ელექტრონულ მმართველობასა და განათლების პოლიტიკას ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან (Kalvet, 2020; Kitsing, 2021).
ესტონეთის საგანმანათლებლო პოლიტიკა მიზანმიმართულადაა მიმართული საზოგადოების ციფრული უნარების განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების, კიბერშეტევებისა და საინფორმაციო მანიპულაციების პირობებში (OECD, 2021, pp. 45–47). e-Estonia მოდელი, რომელიც აერთიანებს ციფრულ დემოკრატიასა და ელექტრონულ მმართველობას, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნის გავრცელებას, არამედ კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციული მედეგობის განვითარებას, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სუვერენიტეტის ფუნდამენტური საფუძველია (Kattel & Mergel, 2019).
ესტონური მოდელის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს STEM (საინჟინრო, ტექნოლოგიური, მათემატიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მიმართულებების განვითარებას და „KüberNaaskel“-ის მსგავს ეროვნულ ინიციატივებს, რომელთა მიზანია სტუდენტების მომზადება კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული მედეგობის მიმართულებით (Kalvet, 2020; OECD, 2021). ესტონეთში საგანმანათლებლო პროცესში სისტემურად ინტეგრირებულია კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საკითხები, რაშიც აქტიურადაა ჩართული როგორც სტუდენტები, ასევე მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი.
გარდა ამისა, ესტონეთის განათლების სისტემა უშუალოდ უწყობს ხელს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მდგრადობის ციფრულ გამყარებას, რაც თავის მხრივ, პოლიტიკურ სუვერენიტეტსა და საზოგადოების მაღალი დონის ნდობას უზრუნველყოფს (Kitsing, 2021; Kalvet, 2020). ეს მიდგომა, რომელიც ეფუძნება განათლებისა და ციფრული ტექნოლოგიების სტრატეგიულ ინტეგრაციას, სისტემურად ავითარებს ქვეყნის უნარს, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.
ამდენად, ესტონეთის მაგალითი წარმოადგენს პრაქტიკულ და მეთოდოლოგიურად ღირებულ მოდელს საქართველოსთვის, რომელიც ამ გამოცდილების საფუძველზე, შეძლებს საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკის სტრატეგიული ინტეგრაციის გაღრმავებას — ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი მდგრადობის გასაძლიერებლად.
როგორც ისრაელის, ისე ესტონეთის მაგალითები ნათლად ადასტურებენ, რომ განათლების სისტემა ეფექტურად შეიძლება ინტეგრირდეს ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მდგრადობის სტრატეგიებში. ორივე ქვეყნის გამოცდილება კარგად ასახავს ამ კვლევის ძირითად კონცეფციას, რომლის მიხედვითაც განათლება არ წარმოადგენს ნეიტრალურ, მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ ინსტრუმენტს, არამედ უშუალოდ განაპირობებს სახელმწიფოს გრძელვადიან პოლიტიკურ და უსაფრთხოების მდგრადობას.
საქართველოსთვის, რომელიც რთულ და გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში იმყოფება, ისრაელისა და ესტონეთის მაგალითები ქმნიან მნიშვნელოვან ანალიტიკურ საფუძველს. ამ ქვეყნების გამოცდილება საქართველოს საშუალებას აძლევს შეიმუშავოს ისეთი საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ერთდროულად შეძლებს როგორც გარე გავლენებთან გამკლავებას, ისე შიდა, საზოგადოებრივ-ღირებულებითი კონსენსუსის ეფექტურ შენარჩუნებას.
ისრაელის გამოცდილება განსაკუთრებით გამოსაყენებელია საქართველოსთვის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და STEM განათლების სისტემურ და სტრატეგიულ ინტეგრაციასთან მიმართებით, რაც უზრუნველყოფს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას (Carnoy, 2019; Ben-David, 2020). ეს მიდგომა ეფექტურად აერთიანებს ეროვნულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ კონსენსუსს, რაც ხელს უწყობს მოქალაქეობრივი სოლიდარობისა და ეროვნული იდენტობის მდგრად განვითარებას (Zohar, 2019).
ესტონეთის მოდელი, თავის მხრივ, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას განავითაროს საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ციფრული სუვერენიტეტი და საზოგადოების საინფორმაციო მედეგობა (OECD, 2021; Kalvet, 2020). ესტონეთის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ განათლება შეიძლება იქცეს სუვერენული ინფორმაციული და ციფრული უსაფრთხოების ცენტრალურ საფუძვლად, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც გარე საფრთხეებზე ეფექტურ რეაგირებას, ისე ქვეყნის დემოკრატიული და საზოგადოებრივი მდგრადობის მაღალ ხარისხს.
ორივე მოდელში, ისრაელისა და ესტონეთის, განათლების პოლიტიკა პირდაპირ ასრულებს ეროვნული თავდაცვის ფუნქციას. იგი არ არის მხოლოდ საბაზრო მოთხოვნებით შეზღუდული, არამედ ქმნის ისეთ კრიტიკულად მოაზროვნე, ღირებულებითად ერთიან და დინამიკურ საზოგადოებას, რომელიც თავად უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეროვნული და პოლიტიკური სუვერენიტეტის მდგრადობას. საქართველოს შემთხვევაში, ამ გამოცდილებების პრაქტიკული ადაპტაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემების ინტეგრაციისკენ.
გლობალური მაგალითები, მიუხედავად მათი ანალიტიკური მნიშვნელობისა, ხშირად საკმაოდ ზოგადი და აბსტრაქტულია. ამის საპირისპიროდ, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უშუალო რეგიონული გამოცდილება, რადგან რეგიონში მიმდინარე პროცესები პირდაპირ და პრაქტიკულად მოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზე. სამხრეთ კავკასიის რთული და მრავალმხრივი გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის მაგალითები ქმნის საგანმანათლებლო პოლიტიკის რეალურ, პრაქტიკულ და კარგად შესწავლად კონტექსტს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განიხილოს ზოგადი თეორიული კონცეფციები, არამედ გააცნობიეროს განათლების სისტემის პრაქტიკული ინტეგრაციის მნიშვნელობა ეროვნულ უსაფრთხოებასთან.
რეგიონული მაგალითების ანალიზის მიზანია, მკაფიოდ აჩვენოს, თუ როგორ გამოიყენება განათლება პრაქტიკულად, როგორც სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების და პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი. აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი აქტიურად იყენებენ საგანმანათლებლო სისტემებს როგორც შიდა საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, ასევე საგარეო პოლიტიკური გავლენის გაფართოების საშუალებად, რაც უშუალოდ აისახება რეგიონულ დინამიკაზე.
რეგიონული კონტექსტის მნიშვნელობას ამყარებს საგანმანათლებლო კვლევების საერთაშორისო პრაქტიკაც, რომლის მიხედვითაც, რეგიონის ქვეყნების შედარებითი ანალიზი განსაკუთრებით ეფექტური მეთოდია განათლების სისტემისა და ეროვნული უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულების შესაფასებლად (Bray, Adamson & Mason, 2014). ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, დეტალურად გავიაზროთ, როგორ შეიძლება განათლება გამოიყენებოდეს არა მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე, არამედ სტრუქტურულად და სტრატეგიულად, როგორ მოქმედებს საგარეო საგანმანათლებლო ინიციატივები შიდა სახელმწიფოებრივ მდგრადობაზე და რა რისკებს ქმნის განათლების სისტემის სისუსტე.
საქართველომ მაგალითად რეგიონის სახელმწიფოებისგან უნდა აიღოს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი რამ, ასევე სიფრთხილის გაკვეთილები. აღნიშნული ანალიზი ქმნის საფუძველს, საქართველოს განათლების პოლიტიკა ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი, მდგრადი და სტრატეგიულად გამართული სისტემის სახით, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე პოლიტიკურ და სუვერენულ პოზიციონირებას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
რეგიონული მაგალითების ანალიზში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აზერბაიჯანის საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია როგორც ეროვნული იდენტობის განმტკიცებისკენ, ასევე საგარეო პოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ. აზერბაიჯანის მიდგომა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას:
პირველი, ეროვნული იდენტობის კონსოლიდაცია და ცენტრალიზებული ღირებულებითი კონსტრუქცია. აზერბაიჯანის განათლების სისტემაში ხაზგასმითაა გამოხატული ეროვნული ნარატივები, ეროვნული გმირების კულტივაცია და სამოქალაქო ლოიალობის ჩამოყალიბება, რაც მკაფიოდ აისახება სასწავლო პროგრამებში, სადაც კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკური დისკურსი ერთიანობის სოლიდურ საფუძვლად აღიქმება (Hasanova, 2022).
მეორე, სტრატეგიული ცნობიერების ზრდა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერა. განათლების სისტემა აქტიურად გამოიყენება სახელმწიფოს ოფიციალური ხედვების გასამყარებლად, რაც ხელს უწყობს მოქალაქეთა გეოპოლიტიკურ ცნობიერებას, გაძლიერებულ კოლექტიურ იდენტობასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ეფექტურ მხარდაჭერას (Heydarov, 2020).
მესამე, რბილი ძალის სტრატეგიის განხორციელება საგანმანათლებლო დიპლომატიის გზით. აზერბაიჯანი საგანმანათლებლო სისტემას იყენებს როგორც გავლენის გაფართოების ინსტრუმენტს, რისთვისაც ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტების რეგიონულ ქსელს და საზღვარგარეთ აზერბაიჯანული ენის სკოლების დაფინანსებას, რაც წარმოადგენს გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს (Bayramov & Abbasov, 2018; EDB, 2021).
ამ მოდელის ეფექტიანობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის საგანმანათლებლო სტრატეგიის კრიტიკული შეფასება, რომელიც ამასთანავე ნათლად წარმოაჩენს სისტემურ რისკებს. ეს მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებითი ერთფეროვნების პრინციპზე, მნიშვნელოვნად ზღუდავს პლურალიზმს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და გრძელვადიან სტაბილურობას. განათლების ცენტრალიზებული, მკაცრად იდეოლოგიზებული სისტემა, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით აყალიბებს მოქალაქეობრივ და ეროვნულ იდენტობას, გრძელვადიან პერსპექტივაში ზღუდავს კრიტიკული აზროვნების კულტურას, რაც საბოლოოდ აზიანებს აკადემიურ თავისუფლებასა და ქვეყნის საერთაშორისო ინტეგრაციის პოტენციალს (Huseynov, 2021; Heyneman, 2010; Silova, 2011).
საქართველოსთვის, აზერბაიჯანის მაგალითი ქმნის როგორც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, ისე მკაფიო გაფრთხილებებს. საქართველო, რომელიც ერთდროულად იცავს ეროვნულ იდენტობას და ცდილობს ინტეგრირდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, უნდა მოერიდოს ისეთ ცენტრალიზებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც შეიძლება შეაფერხოს აკადემიური თავისუფლება და ღირებულებითი მრავალფეროვნება. პირიქით, საქართველო უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ღირებულებით ერთიანობას და ხელს უწყობს მრავალფეროვანი, კრიტიკული და ინკლუზიური განათლების კულტურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განათლების სისტემის როლის გაძლიერება რეგიონებში, სადაც სახელმწიფოს პოზიცია შედარებით სუსტია, რათა თავიდან იქნას აცილებული საგარეო იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენის რისკები.
თურქეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის ანალიზი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განათლების სისტემა გახდეს ქვეყნის რეგიონული გავლენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. OECD-ის ანგარიშში „Education Policy Outlook: Turkey“ (OECD, 2021) ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თურქეთი აქტიურად იყენებს საუნივერსიტეტო სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებს რეგიონის, მათ შორის საქართველოს, სტუდენტების მოსაზიდად. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონული პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს (OECD, 2021, გვ. 57).
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით (World Bank Group, 2023, გვ. 45-46), სტრატეგიული ინვესტიციები განათლებაში, დადებითად აისახება ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოების მდგრადობის ხარისხზე. მაღალი საგანმანათლებლო დონის მქონე საზოგადოებაში, მნიშვნელოვნად მცირდება კონფლიქტების ალბათობა და იზრდება სოციალური სტაბილურობა. თურქეთი სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე იყენებს საგანმანათლებლო პოლიტიკას, როგორც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტს, სამხრეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკური და კულტურული გავლენის გასაძლიერებლად (თევზაძე, 2023, გვ. 16-17).
თუმცა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ იდეოლოგიურ ელემენტებს, რომლებიც თან ახლავს თურქეთის საგანმანათლებლო პოლიტიკას. თამარ დევიძის კვლევა ხაზგასმით მიუთითებს თურქულ-თურანისტული ნაციონალიზმის იდეოლოგიურ კომპონენტზე, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის მიზეზი იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროგრამები ადგილობრივ სოციალურ-კულტურულ კონტექსტთან შესაბამისობაში არაა (დევიძე, 2022, გვ. 25-27).
ამ თეორიული რისკებისა და გამოწვევების პრაქტიკული მაგალითია აჭარის რეგიონში მდებარე ხიჭაურის უნივერსიტეტის შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით უნივერსიტეტის არსებობა, ამ რეგიონში, პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, რეალურად აკადემიური და საგანმანათლებლო რესურსების სიმწირე, მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ პერსპექტივებს. შედეგად, რეგიონში არსებული საგანმანათლებლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს სტუდენტების კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომით ბაზარზე.
პარალელურად, თურქეთის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები აძლევს ადგილობრივ ახალგაზრდებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სტამბოლისა და ანკარას პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლებისათვის, რაც მათთვის უკეთეს პროფესიულ და აკადემიურ პერსპექტივას ქმნის. ამასთანავე, ამ პროგრამებს თან ახლავს კულტურული და იდეოლოგიური ელემენტები, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესში ახალგაზრდების კულტურული და იდეოლოგიური ტრანსფორმაციის რისკს ზრდის.
თურქეთში მიღებული განათლების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდების ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს კულტურულად და იდეოლოგიურად განსხვავებულ, ზოგჯერ პოლარიზებულ მდგომარეობაში, რაც პოტენციურად ქმნის სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის წყაროს. ეს გარემოება უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და წარმოადგენს ნათელ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო პოლიტიკის არასწორი მართვა გახდეს სახელმწიფოს სტაბილურობის საფრთხე.
ამრიგად, ხიჭაურის მაგალითი ნათლად ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის აუცილებელია განათლების ეროვნული პოლიტიკის უფრო ეფექტური, მიზანმიმართული და ეროვნული ინტერესების შესაბამისი სტრატეგიული მართვა. ამ პოლიტიკამ უნდა შექმნას ძლიერი ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემები, უზრუნველყოს ახალგაზრდების აკადემიური და პროფესიული კონკურენტუნარიანობა და დაიცვას საზოგადოება შესაძლო იდეოლოგიური მანიპულაციებისგან.
აზერბაიჯანისა და თურქეთის მაგალითების შედარებითი ანალიზი და სტრატეგიული რისკების შეფასება საქართველოსთვის
აზერბაიჯანისა და თურქეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის ანალიზი ნათლად წარმოაჩენს, რომ განათლება აღარ წარმოადგენს მხოლოდ სოციალური განვითარების ან კულტურული ურთიერთობების პლატფორმას; იგი ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული იდენტობის და გეოპოლიტიკური გავლენის განხორციელების სტრატეგიულ ინსტრუმენტად. საქართველოსთვის, რომელიც მდებარეობს გეოპოლიტიკურად სენსიტიურ რეგიონში, ასეთი სტრატეგიების ანალიზი და მათგან შესაბამისი დასკვნების გაკეთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აზერბაიჯანის საგანმანათლებლო პოლიტიკა აშკარად იყენებს ცენტრალიზებულ და ერთიან სახელმწიფოებრივ ნარატივს, რომელიც ეფუძნება ეროვნული იდენტობის მყარ კონსტრუქციას და ისტორიულ მეხსიერებაზე აგებულ საზოგადოებრივ ერთიანობას (Hasanova, 2022). ამის პარალელურად, აზერბაიჯანი საგანმანათლებლო დიპლომატიის მეშვეობით ცდილობს რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოებას, რაც გამოიხატება საზღვარგარეთ აზერბაიჯანული ენის სკოლების დაფინანსებითა და კულტურული ინსტიტუციების გაძლიერებით (EDB, 2021; Bayramov & Abbasov, 2018). აღნიშნული სტრატეგიის შედეგად ხდება ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემების მნიშვნელოვნად შესუსტება, ხოლო აზერბაიჯანული გავლენის წრე რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, საგრძნობლად ფართოვდება. ამან შესაძლოა, დააჩქაროს სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაცია, ასევე შეასუსტოს სახელმწიფოს ერთიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლები.
თურქეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის ანალიზიც ნათლად აჩვენებს, რომ იგი განათლებას იყენებს რეგიონში გავლენის მყარ ინსტრუმენტად. OECD-ის (2021) და მსოფლიო ბანკის (2023) ანგარიშები ხაზგასმით მიუთითებს, რომ თურქეთი ეფექტიანად იყენებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტიპენდიებს სამხრეთ კავკასიაში, რაც მიზნად ისახავს რეგიონული პოლიტიკური და კულტურული გავლენის გაფართოებას. ამ სტრატეგიის ნათელი მაგალითია ხიჭაურის შემთხვევა, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტის სიმცირე და დაბალი კონკურენტუნარიანობა ქმნის სივრცეს თურქეთის უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო ალტერნატივებისთვის. შედეგად, თურქეთის საგანმანათლებლო სტრატეგია წარმატებით აფართოებს კულტურულ-იდეოლოგიურ გავლენას საქართველოს რეგიონებში, თუმცა ეს ერთდროულად ქმნის იდეოლოგიური პოლარიზაციის, სოციალური დაძაბულობის და, საბოლოოდ, ეროვნული უსაფრთხოების რისკებს (თავაძე, 2023; დევიძე, 2022).
ამ ანალიზის საფუძველზე საქართველოსთვის გამოვლინდა სტრუქტურული გამოწვევები და რისკები. ერთი მხრივ, სახელმწიფოს უუნარობა, უზრუნველყოს რეგიონებში კონკურენტუნარიანი, სტაბილური და ღირებულებითი განათლება, ქმნის ვაკუუმს, რომელსაც წარმატებით ავსებენ მეზობელი ქვეყნების საგანმანათლებლო პროგრამები. მეორე მხრივ, ეს გავლენები არა მხოლოდ განათლების, არამედ პოლიტიკური და კულტურული უსაფრთხოების რისკების წყაროა. სტრატეგიულ მიზნად, საქართველოს სახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ უნდა დაისახოს რეგიონებში ისეთი განათლების მოდელების განვითარება, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებენ ადგილობრივ საჭიროებებს, არამედ იცავენ სახელმწიფოს გარე იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენებისგან.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მაგალითის დეტალური ანალიზი. რუსეთის საგანმანათლებლო სტრატეგია აფხაზეთში, წარმოადგენს პირდაპირ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ გავლენის, არამედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის სისტემური დაშლის ეფექტურ მექანიზმად. შესაბამისად, რუსეთის შემთხვევის შესწავლა განიხილება არა როგორც ერთ-ერთი რიგითი მაგალითი, არამედ როგორც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაფრთხილება და პრევენციული სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობა.
ზემოთ განხილულმა რეგიონულმა მაგალითებმა (აზერბაიჯანი და თურქეთი) ცხადად აჩვენა, რომ განათლების პოლიტიკა აღარ შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ სოციალური და კულტურული ინსტრუმენტის სახით. მისი თანამედროვე გაგება მოიცავს პირდაპირ კავშირს სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან და პოლიტიკურ სუვერენიტეტთან. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული ანალიტიკური მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის ფედერაციის მიერ განათლების პოლიტიზაციისა და ინსტრუმენტალიზაციის პრაქტიკას, განსაკუთრებით აფხაზეთის მაგალითზე. აღნიშნული შემთხვევა ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს არა საგანმანათლებლო დიპლომატიის კლასიკურ გაგებასთან, რომელიც მოიცავს განათლების მშვიდობიან გამოყენებას კულტურული ურთიერთგაგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით, არამედ პირდაპირ განათლების ჰეგემონიურ ინსტრუმენტალიზაციასთან, რაც მიზნად ისახავს ღირებულებითი, პოლიტიკური და სტრუქტურული სუვერენიტეტის შეცვლასა და რეგიონზე გავლენის დამყარებას.
შესაბამისად, რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებული საგანმანათლებლო პოლიტიკა წარმოადგენს განათლების გამოყენების მკაფიო მაგალითს, არა როგორც რბილი ძალის, არამედ პირდაპირი პოლიტიკური ძალაუფლებისა და ჰეგემონიური კონტროლის სტრატეგიულ ინსტრუმენტს. ამგვარი საგანმანათლებლო პრაქტიკა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებთან, რადგან ის ემუქრება არა მხოლოდ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ახდენს გავლენას სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციური და დემოკრატიული ფასეულობების დაცულობაზე. ამ რეალობის გათვალისწინება, საქართველოს მხრიდან, მოითხოვს განათლების პოლიტიკის ჰიბრიდული მოდელის შემუშავებას, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ გლობალური ინტეგრაციის გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას, არამედ კონსტიტუციური სუვერენიტეტის, დემოკრატიული მედეგობისა და ეროვნული უსაფრთხოების პრინციპების ერთიან და სისტემურ დაცვას.
ამრიგად, რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებული საგანმანათლებლო პრაქტიკა წარმოადგენს მკაფიო გაფრთხილებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საგანმანათლებლო სისტემის უკონტროლო პოლიტიზაციას, იდეოლოგიზაციას და ინსტრუმენტალიზაციას, როდესაც განათლება იქცევა არა მშვიდობიანი თანამშრომლობის, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული დომინაციის ინსტრუმენტად. საქართველოს კონსტიტუციური და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად აუცილებელია ისეთი ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელის განვითარება, რომელიც შეძლებს გლობალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული სარგებლის მიღებას, მაგრამ ამავდროულად მკაცრად უზრუნველყოფს შიდა სტრუქტურული, კულტურული და ღირებულებითი სუვერენიტეტის დაცვას. სწორედ ასეთი, სტრატეგიულად გააზრებული, ჰიბრიდული საგანმანათლებლო პოლიტიკა გახდება საქართველოს სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საიმედო გარანტია, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
აღნიშნული პრაქტიკა გეგმაზომიერად მიმართულია იდენტობის, ენისა და სუვერენიტეტის ძირითადი პარადიგმების გარდაქმნისკენ. შესაბამისად, რუსეთის მაგალითის დეტალური ანალიზი საჭიროებს ჰეგემონიის, დისციპლინისა და რბილი ძალის თეორიების გამოყენებას (Gramsci, 1971; Foucault, 1977; Nye, 2004), რათა მიღებული დასკვნები იყოს როგორც მეცნიერულად დასაბუთებული, ისე პრაქტიკულადაც სასარგებლო საქართველოსთვის, განსაკუთრებით პრაგმატული პოლიტიკის და რეალიზმის ფილოსოფიური ჩარჩოების გათვალისწინებით.
ანტონიო გრამშის მიხედვით, სახელმწიფო ძალაუფლება განმტკიცდება არა მხოლოდ იძულების მექანიზმებით, არამედ საგანმანათლებლო და კულტურული სივრცის დომინანტური ღირებულებების ინსტიტუციონალიზაციის მეშვეობითაც (Gramsci, 1971). მიშელ ფუკო განათლების სისტემას განიხილავს როგორც ერთ-ერთ ძირითად სივრცეს, სადაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმები, იდენტობები და საზოგადოებრივი ქცევები ყალიბდება და სტაბილურდება (Foucault, 1977). ამ თეორიებს ემატება ჯოზეფ ნაის კონცეფცია „რბილი ძალის“ შესახებ, რომელიც განათლებას განიხილავს არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური გავლენის ცენტრალურ ელემენტად (Nye, 2004). ამ თეორიული სამეულის სინთეზი ნათლად წარმოაჩენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთში განხორციელებული საგანმანათლებლო პოლიტიკის არსს, რომელიც სცდება კლასიკური განათლების პოლიტიკისა და საგანმანათლებლო დიპლომატიის ფარგლებს და პირდაპირ მიმართულია სუვერენიტეტის ტრანსფორმაციისა და ადგილობრივი იდენტობის სისტემური მოდიფიკაციისაკენ. ამ კონტექსტში, საგანმანათლებლო სისტემა გადაიქცა პოლიტიკური და სტრუქტურული კონტროლის მძლავრ ინსტრუმენტად, რომელიც არა მხოლოდ ახდენს გავლენას საზოგადოების თვითაღქმასა და იდენტობაზე, არამედ აქტიურად უწყობს ხელს სტრატეგიული სუვერენიტეტის რეპროდუქციას, რაც საბოლოოდ, რეგიონზე გრძელვადიანი ჰეგემონიური გავლენის დამყარებას ემსახურება.
აფხაზეთის დღევანდელი საგანმანათლებლო რეალობა, როგორც Freedom House (2021) და GCRRI (2020) ანგარიშებშია აღნიშნული, სწორედ ამ სტრატეგიული ჰეგემონიის აშკარა მაგალითს წარმოადგენს. აფხაზეთის სკოლებში, ქართული ენის ფაქტობრივი გამოდევნა და რუსული საგანმანათლებლო კურიკულუმის სრული დანერგვა, პირდაპირ ასახავს რუსეთის პოლიტიკურ და იდენტობით მიზნებს რეგიონში. სტუდენტების რუსეთში განათლების მიღება გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ კულტურულ და ღირებულებით ტრანსფორმაციას უწყობს ხელს, რაც აფხაზეთში ღირებულებითი სუვერენიტეტის სტრუქტურული ეროზიის წინაპირობა ხდება.
საქართველოსათვის, ამ პრაგმატული მაგალითის გაანალიზება აუცილებელია იმ საფრთხეების გასაცნობიერებლად, რომლებიც განათლების სისტემის არასაკმარისად მკაფიო სტრატეგიის ქონით არის გამოწვეული. მიუხედავად აღნიშნულისა, ვფიქრობ, აქ დგას არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ შესაძლებლობაც, რაც გულისხმობს განათლების პოლიტიკის რეალიზმის პრინციპებისა და პრაგმატული პოლიტიკის კონცეფციების მიხედვით ჩამოყალიბებას. საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე რეალისტური მიდგომები (Mearsheimer, 2001; Waltz, 1979), ხაზს უსვამს, რომ საგარეო პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული შიდა სტრატეგიული გადაწყვეტილებები, აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ ეროვნული ინტერესების პრაგმატულ ხედვასა და არსებული რესურსების ეფექტურ გამოყენებას.
ეს მიდგომა არ გულისხმობს რუსეთის, ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ საქართველოს დიპლომატიური არხების შეზღუდვას. პირიქით, იგი გულისხმობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად გამოიყენოს პრაგმატული და რეალისტური დიპლომატია რუსეთის მიმართ არსებული გამოწვევების მშვიდობიანი და ეფექტური მოგვარებისათვის. შესაბამისად, საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა გადაიქცეს როგორც შიდა იდენტობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ეფექტურ ინსტრუმენტად.
ამგვარი პრაგმატული, რეალპოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციაზე დაფუძნებული მიდგომა, საშუალებას მისცემს საქართველოს, არა მხოლოდ გაუძლოს რუსეთიდან მომდინარე სტრატეგიულ ზეწოლას, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში, განამტკიცოს როგორც საკუთარი სუვერენიტეტი, ისე სტრატეგიული მდგრადობა.
საქართველოსათვის ეს ნიშნავს ისეთი განათლების სისტემის განვითარებას, რომელიც: ა. შეინარჩუნებს იდენტობისა და ღირებულებების პლურალიზმს; ბ. უზრუნველყოფს ეროვნულ ერთიანობასა და მოქალაქეობრივ სოლიდარობას; გ. მაქსიმალურად გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო ინტეგრაციის შესაძლებლობებს და ამავდროულად, უზრუნველყოფს ეფექტურ რეაგირებას საგარეო ზეწოლაზე, როგორც რბილი, ისე ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ.
ასეთი მიდგომით საქართველო შექმნის გრძელვადიან სტრატეგიულ კონტექსტს, რომელშიც განათლება იქცევა არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებისა და სტაბილურობის მექანიზმად, არამედ სრულფასოვან ინსტრუმენტად საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიტიური, პრაგმატული და სტრატეგიულად ეფექტური პოზიციონირებისთვის.
განათლების პოლიტიკა ეკონომიკური განვითარების და სახელმწიფოებრივი მდგრადობის კონსტიტუციურ კონტექსტში
ეთანამედროვე სახელმწიფოში განათლება აღარ განიხილება მხოლოდ ადამიანური კაპიტალის ზრდის ტექნიკური ინსტრუმენტად. განათლება იქცა იმ კონსტიტუციურ ღერძად, რომელზეც დგას დემოკრატიული ლეგიტიმაცია, ეკონომიკური მდგრადობა და სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. როგორც 1999 წლის CESCR-ის ზოგად კომენტარშია აღნიშნული, განათლება არ არის მხოლოდ სოციალური სარგებელი, ის არის სახელმწიფოებრივი ვალდებულება, რომელსაც აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შექმნის უნარი (CESCR, 1999).
საქართველოში განათლების სექტორის ეკონომიკური პოტენციალი თვალსაჩინოა: 2022–2025 წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა (NCEQE, 2022), რაც ცხადყოფს ბაზრის მზარდობას. თუმცა ამავე დროს, მათი 90% კონცენტრირებულია სამედიცინო მიმართულებაზე, რაც აჩენს მონოფოკუსურ განვითარებას — სისტემას, სადაც ეკონომიკური სარგებლის მიღმა, ირღვევა განათლების მრავალფეროვნების და თანასწორობის კონსტიტუციური არქიტექტურა. როდესაც საგანმანათლებლო პოლიტიკას მთლიანად ეკონომიკურ სარგებლიანობაზე გადააქვს ყურადღება, სისტემა კარგავს პლურალურობას და გადადის ღირებულებითი ჩაკეტილობის საფრთხეში.
საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეკონომიკური სტაბილურობის და საგანმანათლებლო მდგრადობის სიძლიერე, დგინდება არა მხოლოდ უცხოელი სტუდენტების რაოდენობით ან საბაზრო მოთხოვნაზე რეაგირებით, არამედ საგნობრივი დივერსიფიკაციის ხარისხითაც. UNESCO (2021) ხაზგასმით აცხადებს, რომ მდგრადი საგანმანათლებლო სისტემა ვერ იარსებებს მხოლოდ ერთ მიმართულებაზე კონცენტრირებით — მას სჭირდება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების თანაბარი განვითარება.
ამ კონტექსტში, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საგნობრივი დივერსიფიკაციის პოლიტიკა არ წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო შიდა რეფორმას – ის არის სახელმწიფოებრივი სუვერენულობის გამოხატულება. სისტემა, რომელიც კონსტიტუციურად ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი წვდომა ყველა აკადემიური მიმართულებაზე, ვერ დატოვებს უყურადღებოდ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, მით უმეტეს, როდესაც სწორედ ამ სფეროებში საქართველოში არსებულ პოტენციალს ადასტურებს ქვეყნის პოსტ-ტოტალიტარული გამოცდილება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია და სამოქალაქო საზოგადოების დინამიკა.
მეორე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს განათლების სისტემაში თანასწორობაზე დაფუძნებული წვდომის უზრუნველყოფა, რომელიც მკაფიოდ გამიჯნულია ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების პრინციპებიდან. საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ საბაზრო და ეკონომიკურ გათვლებს, საფრთხეს უქმნის სისტემის პლურალიზმს, იწვევს პროგრამების შინაარსობრივ სეგრეგაციას და მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეთა შესაძლებლობების რეალურ თანასწორობას. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) მიერ განსაზღვრულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის თანასწორობა არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ პრაქტიკული და შინაარსობრივი თვალსაზრისითაც (CESCR, 1999). ასევე, იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან, რომელიც მკაფიოდ მოითხოვს განათლების სფეროში თანაბარი შესაძლებლობებისა და რესურსების მაქსიმალურად ფართოდ გადანაწილებას.
მესამე კომპონენტი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობით გამოირჩევა, საქართველოს განათლების სისტემის პოზიციონირებას გულისხმობს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, საქართველო არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებელ ქვეყანად. პირიქით, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილება, გეოპოლიტიკური მდებარეობა და დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში დაგროვებული ცოდნა, რათა გადაიქცეს ინტელექტუალური გავლენის მქონე რეგიონულ ცენტრად. ამის მისაღწევად, აუცილებელია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების სტრატეგიული მხარდაჭერა და განვითარება, რომლებიც ასახავს საქართველოს უნიკალურ გამოცდილებას: დემოკრატიული ტრანსფორმაცია, მშვიდობის პოლიტიკის პრინციპები, მეზობელ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობების რთული დინამიკა, ისტორიული მრავალკულტურულობა და სოციალური ტოლერანტობა. სწორედ ამ კომპონენტების სტრატეგიული ინტეგრაციით შესაძლებელი გახდება ისეთი უნიკალური საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნა, რომელიც ქვეყანას კონკურენტულ უპირატესობას მისცემს როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
კვლევაში წარმოდგენილი ანალიზი და განხილვა ცხადყოფს, რომ განათლების სისტემის მდგრადი განვითარება, საქართველოს კონტექსტში, მოითხოვს კომპლექსურ, ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ერთიან ჩარჩოში აერთიანებს ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებებს, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და გლობალური პოზიციონირების მოთხოვნებს. აღნიშნული ინტეგრირებული მოდელი ქმნის განათლების პოლიტიკის ისეთ საფუძველს, რომელიც არამხოლოდ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მკაფიოდ ემსახურება ეროვნული სუვერენიტეტის, კონსტიტუციური ღირებულებებისა და სოციალური მრავალფეროვნების დაცვის გრძელვადიან მიზნებს. სწორედ ამგვარი, სტრატეგიულად და მეთოდოლოგიურად გაწონასწორებული მიდგომა უზრუნველყოფს საქართველოსთვის მდგრადი სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ მასშტაბებში.
განათლება ამგვარი მიდგომის ფარგლებში, განიხილება არა როგორც მხოლოდ ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სფერო, არამედ როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული მდგრადობის, სოციალური პასუხისმგებლობისა და კონსტიტუციური სუვერენიტეტის ერთიანი სისტემური მექანიზმი. ამგვარად, განათლება წარმოადგენს სოციალური კონტრაქტის იმ კომპლექსურ ინსტრუმენტს, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სამართლებრივ და ღირებულებით განზომილებებს და ქმნის ქვეყნის მდგრადი, დემოკრატიული განვითარების სტრუქტურულ საფუძველს.
თანამედროვე სახელმწიფოებში, განათლება აღარ განიხილება მხოლოდ ადამიანური კაპიტალის ზრდის ინსტრუმენტად. თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად, განათლება წარმოადგენს კონსტიტუციურად აღიარებულ და დაცულ საჯარო სიკეთეს, რომლის უზრუნველყოფა სახელმწიფოს უშუალო ვალდებულებაა (CESCR, 1999). შესაბამისად, განათლების სისტემაში განხორციელებული ინვესტიციები არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით. პირიქით, სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ლოგიკას, არამედ სოციალური თანასწორობის, კონსტიტუციური პრინციპების დაცვისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცების სტრატეგიულ მოთხოვნებს.
UNESCO (2021) და Tilak (2008) ხაზს უსვამენ, რომ განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა მიიღწევა მაშინ, როცა სისტემა ქმნის პლურალურ, დინამიკურ, ინოვაციაზე ორიენტირებულ საგნობრივ გარემოს, სადაც სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგია, ინჟინერია და ჰუმანიტარული სფერო თანაბრად ხელმისაწვდომია. საქართველოში ეს ბალანსი არ არის სათანადოდ დაცული, რაც კონსტიტუციური თანასწორობის პრინციპის შინაარსობრივ შეზღუდვასაც ნიშნავს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 27).
გარდა ამისა, საქართველოს გააჩნია უნიკალური გეოპოლიტიკური და ტრანსფორმაციული გამოცდილება, რაც სოციალური მეცნიერებების სფეროში შეიძლება გარდაიქმნას სტრატეგიულ საგანმანათლებლო პროდუქტად. ქვეყანა, რომელიც არის პოსტ-საბჭოთა სივრცის დემოკრატიული და ტოტალიტარული ექსპერიმენტების ცოცხალი არქივი, შესაძლოა გადაიქცეს რეგიონულ აკადემიურ ჰაბად სოციალური ტრანსფორმაციის საკითხებში.
ამ ვითარებაში საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განათლების სისტემის ისეთი სტრატეგიული ფორმულირება, რომელიც გააერთიანებს ეკონომიკურ საჭიროებებს, სახელმწიფოებრივ ვალდებულებებს და კონსტიტუციურ ღირებულებებს ერთიან ჩარჩოში. ეს სტრატეგია უნდა ემყარებოდეს სამ მთავარ კომპონენტს: საგნობრივი დივერსიფიკაცია, თანასწორობაზე დაფუძნებული წვდომის მექანიზმი და ქვეყნის საგანმანათლებლო პოზიციონირების გრძელვადიანი ხედვა.
პირველ რიგში, განათლების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს საგნობრივი დივერსიფიკაციის სისტემურ ხედვას. დღეს არსებული მდგომარეობა, რომელშიც 90%-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ერთ სექტორშია (სამედიცინო განათლება), ქმნის მონოფოკუსურ, რისკზე დამოკიდებულ სისტემას. ასეთი მოდელი წინააღმდეგობაში მოდის როგორც განათლების ეკონომიკური სტაბილურობის პრინციპთან, ასევე კონსტიტუციურ ვალდებულებასთან, უზრუნველყოს მრავალფეროვანი და თანაბრად ხელმისაწვდომი განათლება (CESCR, 1999). ამასთან, დივერსიფიკაცია მხოლოდ საგნობრივი არ უნდა იყოს, მას უნდა თან ახლდეს სტრუქტურული ინოვაციები STEM, ჰუმანიტარული, სოციალური და სამართლებრივი მეცნიერებების მიმართულებით, რათა განათლების სისტემა გახდეს ინკლუზიური, ინოვაციური და ეკონომიკურად მრავალწახნაგოვანი.
მეორე გადამწყვეტი მნიშვნელობის კომპონენტია — წვდომის თანასწორობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ საბაზრო მოთხოვნებზე რეაგირებით. განათლება არ შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ როგორც მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედება, ის არის სოციალური კონტრაქტის ნაწილი. როდესაც კონკრეტულ პროგრამებზე წვდომა რეგულირდება მხოლოდ მათი ეკონომიკური სარგებლიანობის პარამეტრებით, ფაქტობრივად ხდება მოქალაქეთა სეგრეგაცია შესაძლებლობების თანასწორობის საფუძველზე. საერთაშორისო სტანდარტების (UN CESCR, 1999) თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს არა მხოლოდ ფორმალური წვდომა, არამედ შინაარსობრივად თანაბარი შესაძლებლობა ყველა აკადემიური მიმართულების ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ სოციალურ მეცნიერებებში, ინჟინერიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში რესურსების განაწილება არ უნდა დარჩეს კერძო ინტერესებზე, იგი უნდა იყოს საჯარო პოლიტიკის ნაწილი.
მესამე საყრდენი ელემენტია ქვეყნის საგანმანათლებლო პოზიციონირება გლობალურ კონტექსტში. საქართველომ არ უნდა განიხილოს საკუთარი განათლების სისტემა მხოლოდ როგორც აკადემიური მომსახურების მიმწოდებელი. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა შეიძლება და უნდა იქცეს ინტელექტუალური გავლენის რესურსად. ამისთვის აუცილებელია ისეთი პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ, დემოკრატიულ და პოსტკონფლიქტურ გამოცდილებას განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებებში. ასეთ მიდგომას არა მხოლოდ ბაზარზე მოაქვს შედეგი, არამედ აღადგენს სახელმწიფოს, როგორც ღირებულებით და აკადემიურად უნიკალური მოთამაშის პოზიციას რეგიონულ და გლობალურ მასშტაბზე.
საბოლოოდ, შესაძლებელია ვთქვათ, რომ განათლება, საქართველოსთვის, არ არის მხოლოდ ეკონომიკის გამტარებელი არხი. ის არის კონსტიტუციურად დაცული სუვერენული ღირებულება, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო რეალურად გამოხატავს საკუთარ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ შრომის ბაზრის მიმართ, არამედ საზოგადოებრივი თანასწორობის, ღირებულებითი სტაბილურობის და პოლიტიკური ლეგიტიმაციის წინაშე.
ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელის აუცილებლობის კონსტიტუციური და სტრატეგიული არგუმენტაცია საქართველოსთვის
ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელის მეცნიერული ანალიზი საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიული კონტექსტის გათვალისწინებით
თანამედროვე გლობალური და რეგიონული პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების ფონზე, საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიული მართვა, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალური, არამედ უშუალოდ ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ინსტრუმენტს. საქართველოს კონტექსტში, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, რასაც განაპირობებს როგორც ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ისე მისი ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური განვითარების სპეციფიკური გამოცდილება.
ამ რთულ და მრავალგანზომილებიან კონტექსტში, საქართველოსთვის აუცილებელი გახდა ისეთი ინოვაციური საგანმანათლებლო პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებდა გლობალური საგანმანათლებლო ინტეგრაციის მოთხოვნებსა და ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპებს ერთიან, პრაგმატულ და რეალისტურ ჩარჩოში. სწორედ ამ ამოცანაზე პასუხად გადავწყვიტე „ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელის“ მეცნიერული და თეორიული საფუძველის შეთავაზება.
აღნიშნული ამოცანიდან გამომდინარე, შემოთავაზებული ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს ორი ძირითადი სტრატეგიული პრინციპის ინტეგრაციულ, მაგრამ ამავდროულად პრაგმატულ და რეალისტურ ბალანსში:
პირველი პრინციპი – გლობალური საგანმანათლებლო ინტეგრაცია: ამ პრინციპის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკა ეფექტურად უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ეს მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას, სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესების უზრუნველყოფას და ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნული პრინციპის პრაქტიკული განხორციელება მოითხოვს არა მხოლოდ ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობას, არამედ საქართველოს უნიკალური გამოცდილების, კულტურული მახასიათებლების, დემოკრატიული და სოციალური ტრანსფორმაციის პრაქტიკების საერთაშორისო საგანმანათლებლო პროდუქტებად გარდაქმნას.
მეორე პრინციპი – ეროვნული საგანმანათლებლო სუვერენიტეტი: ეს პრინციპი გულისხმობს განათლების სისტემის კონსტიტუციური და ღირებულებითი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული იდენტობის დაცვა, საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის რისკების თავიდან აცილება და სისტემის მდგრადი განვითარება. ამ მიდგომის ფარგლებში, განათლების სისტემა აღიქმება როგორც ეროვნული უსაფრთხოების, კულტურული სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვის ინსტრუმენტი.
ამ ორი პრინციპის ურთიერთქმედება და ინტეგრაცია, სწორედ რეალისტური და პრაგმატული პოლიტიკური ფილოსოფიის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. პრაგმატიზმი, მოცემულ მოდელში, გულისხმობს არა მხოლოდ თეორიულ ბალანსს, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურ შედეგებს უზრუნველყოფენ. ეს, ერთი მხრივ, გულისხმობს გარე გამოწვევების და საფრთხეების რეალურ და კრიტიკულ აღქმას (რეალპოლიტიკა), ხოლო მეორე მხრივ – განათლების სისტემის ეფექტურ, მოქნილ და პრაქტიკულ მართვას ქვეყნის შიდა საჭიროებების შესაბამისად.
საქართველოს სინამდვილეში, ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელისადმი მეცნიერული ყურადღება ვლინდება სწორედ იმაში, რომ ის არა მხოლოდ იდეოლოგიურად ან ბაზარზე ორიენტირებული მიდგომაა, არამედ განისაზღვრება ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული პრაგმატული სტრატეგიით, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფოს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების დაცვას, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში ეფექტურ მონაწილეობას. ამგვარად, მოდელი არსებითად წარმოადგენს სახელმწიფოს საგანმანათლებლო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების მეცნიერულ-პრაქტიკულ რეალიზაციას.
დასკვნის სახით, ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელი არის საქართველოსთვის მეცნიერების, პოლიტიკისა და პრაქტიკის ის უნიკალური და ინდივიდუალური სინთეზი, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მდგრადობას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და გლობალურ ინტეგრაციაში მონაწილეობას არა მხოლოდ შესაძლებელს, არამედ რეალურად მდგრადს და ეფექტურს ხდის.
თეორიული და კონსტიტუციური საფუძვლები: რატომ ჰიბრიდული მოდელი?
ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელი საქართველოში უნდა განიხილებოდეს არა როგორც კომპრომისი, არამედ როგორც ფუნქციური პასუხი იმ გეოპოლიტიკურ, ინსტიტუციურ და იდენტობის გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას საქართველო. ეს მოდელი ეფუძნება განათლების კონსტიტუციური ღირებულებებისა და გლობალურ სტანდარტებთან ინტეგრაციის ჰარმონიზაციას.
ანტონიო გრამშის კულტურული ჰეგემონიის თეორია (Gramsci, 1971) გვიჩვენებს, რომ განათლება არ არის ღირებულებრივად ნეიტრალური – ის წარმოადგენს ინსტრუმენტს ღირებულებითი წესრიგის განმტკიცებისთვის. თუ საგანმანათლებლო სივრცე უკონტროლოდ გაიხსნება გარე ძალების ზეგავლენისათვის, სახელმწიფოს საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ კულტურულ სუვერენიტეტში, არამედ დემოკრატიული ლეგიტიმაციის შინაარსში.
მაიკლ ეფლის კრიტიკული პედაგოგიკა (Apple, 2013) ხაზს უსვამს, რომ განათლების სისტემამ უნდა ასახოს ადგილობრივი ღირებულებები და სოციალური კონტრაქტის პრინციპები – წინააღმდეგ შემთხვევაში, განათლება იქცევა იდენტობის დაშლის კატალიზატორად.
ეს ხედვები თანხვედრაში მოდის ფილიპ ალტბახის ინტერნაციონალიზაციის კრიტიკულ შეფასებასთან, რომელიც გვაფრთხილებს განათლების გლობალიზაციის დროს აკადემიური ავტონომიის შესაძლო დაკარგვის რისკებზე (Altbach & Knight, 2007).
ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, არა მხოლოდ უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა, არამედ განსაზღვროს საგანმანათლებლო სისტემის ღირებულებითი და შინაარსობრივი ჩარჩო. Venice Commission-ის 2012 წლის განმარტებით, განათლების თავისუფლება არ გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას – პირიქით, სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ განათლება ემსახურება კონსტიტუციურ წესრიგს.
ამ საფუძვლებზე დაყრდნობით, ჰიბრიდული მოდელი საქართველოსთვის არის არა უნივერსალური ფორმულა, არამედ ოპტიმალური სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს: ა. ეროვნული სუვერენიტეტის შინაარსობრივ დაცვას; ბ. გლობალურ საგანმანათლებლო სტანდარტებთან ინოვაციურ ინტეგრაციას; გ, სახელმწიფოებრივი თვითიდენტობის გაძლიერებას განათლების გზით.
აქ წარმოდგენილი სამი კომპონენტი წარმოადგენს სტრატეგიული მოდელის ზოგად მიზნებსა და არსობრივ ელემენტებს. ამ მიზნების რეალიზაციისთვის კი, აუცილებელია ისინი გადაიქცეს კონკრეტულ სამუშაო პრინციპებად, რათა შესაძლებელი გახდეს სტრატეგიული ხედვის პრაქტიკული და ეფექტური იმპლემენტაცია. შესაბამისად, შემდგომში აღნიშნული პრინციპები არის სტრატეგიული მიზნების ოპერატიული გამოხატულება, რაც უზრუნველყოფს მათ სისტემურ და კონსტიტუციურად თანმიმდევრულ განხორციელებას და მათზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
საერთაშორისო პრაქტიკა როგორც პრიზმა, მაგრამ არა შაბლონი
კვლევის დასკვნით ნაწილზე გადასვლამდე, აუცილებელია საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც ასრულებს მეთოდოლოგიურ ფუნქციას: იგი მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონკრეტულ კონტექსტუალურ ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საქართველოსთვის შემოთავაზებული ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელის ფორმირების პროცესში.
საქართველოს მიერ ჰიბრიდული განათლების მოდელის შემუშავებისას, საერთაშორისო მაგალითების ანალიზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა უშუალო და პირდაპირი სქემების მექანიკური რეპლიკაციისთვის, არამედ როგორც სტრატეგიული გადაწყვეტილებების, პოტენციური რისკების და შესაძლებლობების ანალიტიკური ჩარჩო. ქვემოთ წარმოდგენილი მაგალითები, სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო პოლიტიკის ინტეგრაცია სახელმწიფოს სხვა სტრატეგიულ სფეროებთან და რა საფრთხეებს შეიცავს მსგავსი ინტეგრაცია, თუ იგი არ ექვემდებარება კონსტიტუციურად და ეროვნულად თანმიმდევრულ სტრატეგიას.
ესტონეთი (e-Estonia) გვაჩვენებს, როგორ შეიძლება წარმატებით ინტეგრირდეს ციფრული განათლება და კიბერსუვერენიტეტი ერთიან სტრატეგიაში (OECD, 2019). თუმცა, ესტონეთი არ იმეორებს გლობალურ შაბლონებს — ის ავითარებს საკუთარ შიდა სტრუქტურებს ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით.
ისრაელი, რომელიც განათლებას აერთიანებს ეროვნული უსაფრთხოების სისტემებთან ერთად, ქმნის მოდელს, სადაც განათლება მყარად დაკავშირებულია დემოკრატიული მედეგობისა და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის არქიტექტურასთან.
OECD-ს (2021) ანგარიშის მიხედვით, თურქეთი საკუთარ საგანმანათლებლო სისტემას იყენებს როგორც რბილი ძალის სტრატეგიულ ინსტრუმენტს რეგიონული ჰეგემონიის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ქვეყნის საერთაშორისო გავლენის ზრდას, ამავდროულად ცხადყოფს საგანმანათლებლო სისტემის იდეოლოგიზაციის იმ რისკებსაც, რაც თან ახლავს უკონტროლო საგანმანათლებლო ინტეგრაციას. კერძოდ, იდეოლოგიურად გაჯერებული საგანმანათლებლო პროგრამები ქმნის საფრთხეს შიდა სუვერენიტეტის, განათლების სისტემის დამოუკიდებლობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც კონსტიტუციური ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.
სომხეთი, რომელიც საგანმანათლებლო პოლიტიკაში ძლიერად არის დამოკიდებული საერთაშორისო დონორებზე, კარგავს სტრატეგიულ კურსსა და აკადემიურ დამოუკიდებლობას (UNICEF, 2022).
ზემოთ წარმოდგენილი საერთაშორისო მაგალითების ანალიზი, საქართველოსთვის წარმოადგენს კრიტიკული შეფასების, ანალიტიკური ორიენტირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველს. მათი მნიშვნელობა არა უშუალო მოდელების პირდაპირი და მექანიკური რეპლიკაციის შესაძლებლობაშია, არამედ იმაში, რომ ისინი წარმოაჩენენ განათლების პოლიტიკის ინტეგრაციის როგორც წარმატებულ, ასევე სარისკო პრაქტიკებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საქართველოს ჰიბრიდული საგანმანათლებლო მოდელის ფორმირებისას. საერთაშორისო გამოცდილების ეს კრიტიკული ანალიზი საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, განავითაროს ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციურ ღირებულებებს, ეროვნულ ინტერესებს და, ამავდროულად, პასუხობს გლობალური ინტეგრაციის რეალისტურ საჭიროებებს.
სამუშაო პრინციპები, რაც უნდა დაეფუძნოს ჰიბრიდულ მოდელს:
როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოდგენილი სამი კომპონენტი ასახავს საქართველოს განათლების სისტემის სტრატეგიული მოდელის ზოგად მიზნებს და არსობრივ ელემენტებს. თუმცა, ამ სტრატეგიული ხედვის მხოლოდ დეკლარირება არ არის საკმარისი: პრაქტიკული განხორციელება მოითხოვს მიზნების ტრანსფორმირებას ოპერაციულ სამუშაო პრინციპებში.
სამუშაო პრინციპების დონეზე სტრატეგიული მიზნები იძენს კონკრეტულ, პრაქტიკულად გაზომვად და რეალიზებად ფორმას, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიული ხედვის სისტემურ იმპლემენტაციას და კონსტიტუციური პასუხისმგებლობის სრულფასოვან განხორციელებას.
ამგვარად, სტრატეგიული მიზნების ამ კონკრეტულ სამუშაო პრინციპებში ტრანსფორმირება არა მხოლოდ მეთოდოლოგიური გამართულობის, არამედ სამეცნიერო კვლევების საერთაშორისოდ აღიარებული ლოგიკის ნაწილია: სტრატეგიულად განსაზღვრული მიზნები, მათი რეალიზების მექანიზმები და ოპერატიული პრინციპები ქმნის მთლიან მეცნიერულ-მეთოდოლოგიურ ჯაჭვს, რომელიც აუცილებელია განათლების პოლიტიკის სრულყოფილი სტრუქტურისთვის.
ამ მეთოდოლოგიურ საფუძველზე, ჰიბრიდული მოდელის სამუშაო პრინციპები ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:
ა. საგნობრივი დივერსიფიკაცია: ხელშეწყობა არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ტექნოლოგიური, სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებების.
ბ. კონსტიტუციურად თანაბარი წვდომა: განათლების პოლიტიკა ვერ იმართება მხოლოდ ეკონომიკური ეფექტიანობით. აუცილებელია შინაარსობრივად თანასწორი წვდომის მექანიზმის პრაქტიკული განხორციელება.
გ. საგანმანათლებლო პოზიციონირება გლობალურ დონეზე: საქართველო უნდა იქცეს ინტელექტუალურ პროდუქტად იმ უნიკალური რეგიონული გამოცდილებების საფუძველზე, რაც გააჩნია პოსტ-საბჭოთა, დემოკრატიულ და კონფლიქტურ კონტექსტში.
ზემოაღნიშნული პრინციპების ფონზე თუ განვაზოგადებთ, ჰიბრიდული მოდელი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ფუნქციური, პრაქტიკული რეაგირება არსებულ გამოწვევებზე და არა როგორც იდეალური, უნივერსალური ჭეშმარიტება. მისი მეთოდოლოგიური და მეცნიერული ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფს ბალანსს გარე (საერთაშორისო) სტანდარტებთან ინტეგრაციასა და შიდა კონსტიტუციურ სუვერენიტეტს შორის. შესაბამისად, ჰიბრიდული მოდელი საქართველოში უნდა განისაზღვროს არა როგორც თვითმიზანი, არამედ როგორც კონსტიტუციური პასუხისმგებლობის პრაქტიკული განხორციელებისა და გლობალურ ინტეგრაციაზე რეალისტური, ეფექტური პასუხის კომპოზიცია.
ბიბლიოგრაფია
- Bernstein, B. (1996). Pedagogy, Symbolic Control and Identity: Theory, Research, Critique. Taylor & Francis.
- Biesta, G. (2009). Good Education in an Age of Measurement. Routledge.
- Biesta, G. (2011). Learning Democracy in School and Society. Sense Publishers.
- Bourdieu, P. (1986). The Forms of Capital. In J. Richardson (Ed.), Handbook of Theory and Research for the Sociology of Education (pp. 241–258). Greenwood.
- Bray, M., Adamson, B., & Mason, M. (2014). Comparative Education Research: Approaches and Methods. Springer.
- Carnoy, M. (2019). Globalization, educational trends and the open society. Open Society Institute.
- Coppieters, B. (2023). Sovereignty and Conflict Resolution in Post-Soviet Spaces. Routledge.
- Dewey, J. (1916). Democracy and Education. Macmillan.
- Dooley, K. (2014). Globalization and Education: The Complexities of Global Capitalism. Peter Lang.
- Durkheim, E. (1893). The Division of Labour in Society. Free Press.
- Durkheim, E. (1951). Moral Education. Free Press.
- Foucault, M. (1975). Discipline and Punish: The Birth of the Prison. Pantheon Books.
- Foucault, M. (1977). Discipline and Punish: The Birth of the Prison. Pantheon.
- Freedom House. (2021). Reports on Abkhazia.
- Gorgodze, N. (2016). Challenges to Sovereignty in Post-Soviet Georgia. Caucasus Social Science Review, 2(1), 75–88.
- Gramsci, A. (1971). Selections from the Prison Notebooks. International Publishers.
- Hargreaves, A. (2003). Teaching in the Knowledge Society. Teachers College Press.
- Heyneman, S. P. (2010). Education and Social Cohesion. Palgrave Macmillan.
- Kakachia, K., & Minesashvili, S. (2015). Georgia’s Foreign Policy: Between Pro-Western Strategy and Pragmatism. Caucasus Analytical Digest, 71, 2–5.
- Kattel, R., & Mergel, I. (2019). Digital Transformation in the Public Sector. Public Management Review, 21(7), 967–976.
- Khuntsaria, T. (2014). The Europeanization of Georgia’s Education Policy. Center for Social Sciences Working Paper Series, (12), 1–29.
- Lanahan, L. (2020). Sovereignty and Education in a Globalized World. Global Policy, 11(S2), 45–56.
- March, J. G. (2014). The Ambiguities of Experience. Cornell University Press.
- Marginson, S. (2011). Higher Education and Public Good. Higher Education Quarterly, 65(4), 411–433.
- Nye, J. S. (2004). Soft Power: The Means to Success in World Politics. Public Affairs.
- (2022). Education at a Glance 2022: OECD Indicators. OECD Publishing.
- Rizvi, F., & Lingard, B. (2010). Globalizing Education Policy. Routledge.
- Ryngaert, C., & Sobrie, S. (2011). Non-state actors and enforcement in international law. Leiden Journal of International Law, 24(3), 601–622.
- Sahlberg, P. (2015). Finnish Lessons 2.0: What Can the World Learn from Educational Change in Finland? Teachers College Press.
- Silova, I. (2011). Globalization on the Margins: Education and Post-Socialist Transformations in Central Asia. IAP.
- Tilak, J. B. G. (2008). Higher education: A public good or a commodity for trade? Prospects, 38(4), 449–466.
- Torres, C. A. (2009). Education and Neoliberal Globalization. Routledge.
- (2021). Futures of Education: Learning to Become. UNESCO Publishing.
- (2022). Education in Crisis Situations. UNESCO Publishing.
- (2022). Education Sector Analysis for Armenia. UNICEF Armenia.
- UN CESCR. (1999). General Comment No. 13: The Right to Education. United Nations Committee on Economic, Social and Cultural Rights.
- Venice Commission. (2012). Report on the Relationship between Freedom of Expression and Freedom of Religion. European Commission for Democracy through Law.
- Wallerstein, I. (2004). World-Systems Analysis: An Introduction. Duke University Press.
- World Bank. (2021). Azerbaijan Education Sector Review.
- World Bank. (2023). Education for Development: Strengthening Education Systems for Security and Stability.
- Zohar, A. (2019). The role of education in shaping national identity: The Israeli case. Mediterranean Journal of Educational Studies.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.