ალტერნატივა არსებობს!

 

 

1671 წლის 17 ნოემბერს, ლონდონის ეკონომიკური ელიტა, გემის მფლობელები, ვაჭრები და საფონდო ბირჟის ბროკერები მნიშვნელოვანი ახალი ამბის გასაგებად, პოპულარულ თავშეყრის ადგილზე, ყავის სახლში შეიკრიბნენ. სიახლე მაღალხარისხიანი თახვის ბეწვს ეხებოდა, რომელსაც ორ კვირაში ამ ადგილზე მოიტანდნენ გასაყიდად. დიდებული ამბავი იყო, რადგან ლონდონს მანამდე მხოლოდ კონტინენტური ევროპის დაწუნებულ ბეწვეულზე თუ მიუწვდებოდა ხელი, რომელიც იქ რუსეთიდან შავი და ბალტიის ზღვების გავლით ხვდებოდა. საიდან, როგორ გაჩნდა ლონდონში ხარისხიანი თახვის ბეწვის შემოტანის შესაძლებლობა? აი სწორედ ამ ისტორიის შესახებ მოგიყვებით ამ სტატიაში და შემდგომ გარკვეულ დასკვნებსაც შემოგთავაზებთ.

ორი ფრანგი ახალგაზრდა, ენას რომ მოიტეხ ისეთი სახელებითა და გვარებით, პიერ-ესპრი რედისონი და მედარდ შუარტ დე გროსილიერსი საფრანგეთიდან დღევანდელი კანადის ტერიტორიაზე გაემგზავრნენ, ინდიელებისაგან თახვის ბეწვის შესასყიდად. მაგრამ, რადგან საფრანგეთის მონარქისაგან სავაჭრო ნებართვა არ ჰქონდათ, მალევე დაიჭირეს და ციხეში უკრეს თავი. ციხიდან გამოსულებს ბრწყინვალე იდეა დაებადათ თავში. გადაწყვიტეს ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მეორის ძმისშვილთან,  პრინც რუპერტთან მისულიყვნენ და ახალი სავაჭრო გზის გაკვალვაში დახმარება ეთხოვათ. სანაცვლოდ, ნავაჭრს პირდაპირ ლონდონში მოიტანდნენ და თან მოგებასაც უწილადებდნენ. თავგადასავლების მოყვარული პრინცი რუპერტი დათანხმდა და ვაჭრებს მეფესთან შუამდგომლობა გაუწია.

მეფე ჩარლზსაც ბევრი არ უჭოჭმანია, ვაჭრებს მფარველობას დაჰპირდა და თავდაპირველი ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინა. ამ ფულით მათ პატარა გემის შესყიდვა შეძლეს და ინდიელებს ჩრდილოეთიდან, ფრანგების მიერ ჯერ კიდევ აუთვისებელი ჰიუდსონის ყურის გავლით მიადგნენ. ინდიელებმა თახვის ბეწვი, რომელიც ჭარბად ჰქონდათ და არ სჭირდებოდათ,  სიამოვნებით გაცვალეს იარაღსა და ბრენდიზე. ბრენდი ისე მოეწონათ, შემდგომ ჯერზე კიდევ უფრო მეტი თახვის მონადირებას დაჰპირდნენ ევროპელებს.

ჩრდ. ამერიკა

 

მოკლედ ექსპერიმენტულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ არავინ იცოდა შემდეგში ისევ გაამართლებდა თუ არა, რადგან შესაძლოა, საფრანგეთს ეს ტერიტორიაც კოლონიად ექცია. იმისათვის რომ ვაჭრობა უსაფრთხოდ წარემართათ და გაეფართოებინათ, საჭირო იყო ტერიტორიის სამხედრო დაცვა, სავაჭრო შეთანხმებების აღსრულების უზრუნველყოფა, ფულის ერთეულის შექმნა, რომელზეც პროდუქცია გაიცვლებოდა. ასევე უნდა შესწავლილიყო, თუ რის გასაცვლელად იყვნენ მზად ინდიელები, რასაც დღევანდელ ენაზე ბაზრის ანალიზს ვუწოდებთ. ამ ყველაფრის გაკეთებას კი დიდი საწყისი ინვესტიცია დასჭირდებოდა. კერძო კომპანიისათვის ამ ინვესტიციის განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი თუ ვაჭრობის ნებართვა მხოლოდ მას ექნებოდა. მოკლედ საკითხი შემდეგნაირად იდგა, გროსილიერსი და რედისონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გარისკავდნენ და დიდ თანხებს ისესხებდნენ, თუ მათ ამ ტერიტორიაზე მყოფ ინდიელებთან ექსკლუზიური წვდომა ექნებოდათ და არავინ შეეცილებოდათ ვაჭრობაში.

რაგასაკვირია, რომ ამ პირობაზე ჩარლზ მეოთხე ვაჭრებს დათანხმდა. უარი რომ ეთქვა, მაშინ ძვირფას ნედლეულზეც მოუწევდა უარის თქმა. მოკლედ, ეს იყო ე.წ. ‘მეც მოგებული – შენც მოგებული’ სიტუაცია.

„ჩემმა საყვარელმა ძმისშვილმა, პრინცმა რუპერტმა და მისმა მოკავშირეებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ ეს ექსპედიცია შემდგარიყო, და აღმოეჩინათ ძვირფასი ნედლეულის წყარო, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს სამეფოს. სწორედ ამიტომ, მე გადავცემ მათ უფლებას განკარგონ ჰიუდსონის ყურის მიმდებარედ არსებული ყველა ზღვა, სრუტე, ყურე, მდინარე, ტბა თუ მიწა, რაც სხვა ქრისტიან სახელმწიფოებს ჯერ არ აუთვისებიათ. ამიერიდან,  ისინი იქნებიან ამ ტერიტორიის ნამდვილი და ერთადერთი მბრძანებლები“.

აი ამ შინაარსის ბრძანებულება გამოსცა მეფე ჩარლზმა, რის შემდეგაც  ჩამოყალიბდა კომპანია სახელწოდებით „ჰიუდსონის ყურე“. კომპანიის მიერ ტერიტორიის ექსკლუზიურად განკარგვამ ორ საუკუნეზე მეტი გასტანა, მანამდე სანამ კანადა კოლონიური ძალებისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ჰიუდსონის ყურე დღესაც არსებობს და კვლავ იყიდე-გაყიდეთი არის დაკავებული: ყველაზე მსხვილი სავაჭრო კომპანიაა კანადაში.

თუმცა ჰიუდსონის ყურე გამონაკლისი არ ყოფილა. კოლონიალიზმის ეპოქაში კერძო კომპანიებს სავაჭრო გზებზე ექსკლუზიური განკარგვის უფლებას ხშირად გადასცემდნენ.  მაგალითად, ჯერ კიდევ 1468 წელს, პორტუგალიელებმა ვინმე გომესს დართეს ნება, რომ აფრიკის კონტინენტთან მხოლოდ მას ევაჭრა, იმ პირობით თუ სამხრეთის მიმართულებით ექსპედიციებს განაგრძობდა და ვაჭრობას გააფართოებდა. უფრო ცნობილი შემთხვევების აღსანიშნად კი, შეგვიძლია, აღმოსავლეთ და დასავლეთ ინდოეთის კომპანიებიც ვახსენოთ, რომელთაც ასევე მონოპოლიები ჰქონდათ, ამჯერად ჩინეთთან და ინდოეთთან ვაჭრობაზე.

რატომ იყო საჭირო მონოპოლია? ახალი ტერიტორიის ათვისებას მაღალი რისკი და შესაბამისად მაღალი დანახარჯები ახლდა თან. ამ რისკის გაღება კი კერძო კომპანიის მხრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ შემდგომში ბაზრის მთლიანი წილი თავად ერგებოდა. მონოპოლიური ძალაუფლების მინიჭება დღესაც ხდება, მაგალითად, როდესაც გამოგონებაზე საავტორო უფლებებს ათეული წლებით გადასცემენ ხოლმე. პრინციპი კი იგივეა. ამ გამოგონების შესაქმნელად კომპანიამ დიდი რესურსი უნდა დახარჯოს და დიდი რისკიც გაიღოს. თუ ექსკლუზიური საავტორო უფლების მიღების შესაძლებლობა არ იარსებებს, ხარჯებსაც აღარავინ გაიღებს და კაცობრიობა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოგონების გარეშე დარჩეს.

თუმცა, მაღალი დანახარჯები მხოლოდ კვლევასთან და განვითარებასთან რომ არ უნდა დავაკავშიროთ, ამას ზევით მოყვანილი ისტორიული გამოცდილებაც მოწმობს. რომ დავფიქრდეთ, გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება განვითარებად სამყაროში  დღესაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული: რომ აღარაფერი ვთქვათ კაპიტალის სიძვირესა და სამუშაო ძალის დაბალკვალიფიციურობაზე, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში არასტაბილურია პოლიტიკური, მაკროეკონომიკური და სოციალური გარემო; გაუმართავია ინსტიტუტები, უპირველესად კი სასამართლო სისტემა, რომლებიც საჭიროა კერძო ბიზნესის წარმატებით ფუნქციონირებისათვის. მაგალითად, მთავრობის შეცვლა განუვითარებელი ინსტიტუტების მქონე ქვეყანაში, როგორც წესი, ეკონომიკური ელიტის ცვლილებასაც განაპირობებს. ამ პირობებში ბიზნესს უჭირს ისეთი ინვესტიციების ჩადება, რომელიც გრძელვადიანია, ანუ შედეგს ერთ ან ორ წელიწადში კი არ გამოიღებს, არამედ 5-10 წელიწადში.

ერთი შეხედვით, გამოსავალი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური გარემოს დასტაბილურება და ინსტიტუტების გამართვაა. მაგრამ იმის დასადგენად, თუ რამდენად განხორციელებადია ეს განვითარების საწყის ეტაპზე, სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული გამოცდილების შესწავლაა საჭირო.

არსებობს სხვა გამოსავალიც და ეს გამოსავალი ზემოთ აღწერილი ისტორიული გამოცდილებიდან იკვეთება. იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა ან/და წახალისდება, რომ გამსხვილდეს და ამასთანავე სახელმწიფოსგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, მას გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებისათვის უფრო მეტი სტიმული ექნება. მაგრამ საქმე არც ისე მარტივად არის, რადგან გრძელვადიან გარანტიას გრძელვადიანი მთავრობა თუ გასცემს მხოლოდ. თუმცა ერთი რამ ნამდვილად ცხადია. ადამ სმიტის 1776 წელს ჩამოყალიბებული თეორია არ არის უალტერნატივო, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, განვითარების საწყის ეტაპზეც, კონკურენციის მაღალი დონე განაპირობებს და არა მონოპოლია, თავისუფალი ბაზარი განაპირობებს და არა სახელმწიფოსთან სიახლოვე და მისგან მიღებული გარანტიები. დიახ, ეს თეორია არ არის უალტერნატივო. საწინააღმდეგო გამოცდილებებს ისტორიაში მრავლად შეხვდებით და სწორედ რომ ისტორიული წარსულის შესწავლაა საჭირო, რათა ამ თითქოსდა უალტერნატივო წესრიგს თავი დავაღწიოთ.

 

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი