აგლომერაციის ეკონომია - ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი

 

ერდოღანის ახალ ეკონომიკურ მოდელზე საუბრისას, ერთ-ერთ სიუჟეტში აგლომერაციის ეკონომია ვახსენე. აგლომერაციის ეკონომია გვაქვს მაშინ, როდესაც მრავალი კომპანია იყრის თავს ერთმანეთის სიახლოვეს, რის შედეგადაც ხარჯები უმცირდებათ. ამ სტატიაში აგლომერაციის ეკონომიაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ. მაგალითისთვის კი გამოვიყენებ ქ. თბილისში არსებულ ავეჯის კლასტერს – „ხელოსნების ქალაქს“. ხელოსნების ქალაქი 10 წელზე მეტია რაც არსებობს, და მხოლოდ ავეჯის სექტორში მომუშავე მცირე საწარმოებს აერთიანებს. ტერიტორია ირაკლის ეკუთვნის, რომელმაც თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ფართები მხოლოდ ერთ დარგში მომუშავე საწარმოებისათვის მიექირავებინა. ლოგიკა მარტივია: გეოგრაფიული სიახლოვე ბიზნესების მომგებიანობას აამაღლებდა, რაც თავის მხრივ, გასაქირავებელ ფართებზე გაზრდიდა მოთხოვნას. შედეგად, ირაკლიც მოგებული დარჩებოდა.

 

ირაკლიმ თავდაპირველად მასალების მსხვილი მომწოდებლები მოიზიდა, სპეციალური ფასდაკლებებით. ადგილზე დახვდათ-რა მასალების მომწოდებლები, ავეჯის მწარმოებლების მოზიდვა კიდევ უფრო მარტივად მოხერხდა. მწარმოებლების თავმოყრამ კი, თავის მხრივ, სერვისის მომწოდებლების შემომატება განაპირობა. ხელოსნების ქალაქი დღეს 180-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი. სამომავლოდ იგეგმება, რომ  კლასტერის ბაზაზე პროფესიული კოლეჯი დაარსდეს; ასევე შეიქმნას დიზაინერთა ასოციაცია, რომელიც ხელოსნების ქალაქის კომპანიებს მოემსახურება.

 

ახლა კი მთავარი კითხვა დავსვათ: რატომ არის ბიზნესებისათვის გეოგრაფიული სიახლოვე მომგებიანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბიზნესები ერთსა და იმავე თუ მომიჯნავე დარგებში მოღვაწეობენ?  ბევრი ფაქტორია. მოდით, რამდენიმე განვიხილოთ.

ტრანსპორტირების ხარჯი მცირდება, ასევე დასაწყობება აღარაა საჭირო.  როდესაც ავეჯის მწარმოებლები მომწოდებელთან ახლოს არიან, ტრანსპორტირების ხარჯი ნაკლებია. ამასთან იზოგება დრო, რაც უფრო მეტის წარმოების საშუალებას აძლევს ბიზნესს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომწოდებლებისგან მასალის წამოღება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მწარმოებლებს მასალების დასაწყობება არ სჭირდებათ, რაც ზოგავს როგორც მათ ფულს, ისე კლასტერის ტერიტორიას.

 

საწარმოებს შეუძლიათ, ძვირადღირებული დანადგარები არ შეიძინონ და ასე დაზოგონ ფინანსები. მსხვილი შეკვეთების შესასრულებლად, დანადგარებია საჭირო (მაგალითად, ზუსტი ჭრისა და რკინის მოსაღუნი აპარატი, ლამინატის საჭრელი ხერხი, კიდის დასაკრავი ჩარხი, ჩუქურთმების ამომყვანი დანადგარი და უამრავი სხვა), რისი ფუფუნებაც მცირე და საშუალო ბიზნესს ხშირად არ აქვს. დანადგარები ძვირი სიამოვნებაა და დაახლოებით ორ მილიონ ლარამდე შეიძლება დაჯდეს. იმის ნაცვლად, რომ მეწარმეებმა ინდივიდუალურად იყიდონ ეს დანადგარები,  გეოგრაფიული სიახლოვის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთმა იყიდოს და ყველა სხვა დანარჩენს მომსახურება გაუწიოს. ეს კი მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, მსხვილი შეკვეთები შეასრულონ.

 

საწარმოებს შეუძლიათ, რომ ძალები გააერთიანონ. მათ შეუძლიათ ერთიანი ძალებით წაიღონ ან სხვა ტერიტორიიდან წამოიღონ მზა ავეჯი თუ მასალები. შედეგად, ტრანსპორტირების ხარჯი უფრო მეტ ერთეულზე გადანაწილდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთეულზე ნაკლებ ხარჯს დაწერს. ასევე, გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, ავეჯის მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ, მსხვილი შეკვეთების შესასრულებლად გაერთიანდნენ. გეოგრაფიული სიახლოვე სხვა დამატებით სიკეთეებთან ერთად ხომ ნდობის გაჩენასაც უწყობს ხელს, რადგან კომპანიებს მარტივად შეუძლიათ დააკვირდნენ, ვინ როგორ მუშაობს, ვინ ეტევა ვადებში, ვინ რამდენად ხარისხიან პროდუქციას ამზადებს და ა.შ. ნდობა კი გაერთიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

გეოგრაფიული სიახლოვე ცოდნის ტრანსფერს/გავრცელებას უწყობს ხელს. მაგალითად, თუ ერთი მწარმოებელი რაიმე სიახლეს დანერგავს,  ეს სიახლე მალევე გავრცელდება ხელოსნების ქალაქის ტერიტორიაზე.

 

კომპანიების სიმრავლე კომპანიებისათვის მასშტაბის ეკონომიას ქმნის. როდესაც, მაგალითად, ზუსტი ჭრის მომსახურების მომწოდებელს ბევრი კლიენტი ჰყავს (სწორედ კლიენტებთან სიახლოვის გამო), დანადგარების საყიდლად აღებული სესხი უფრო მეტ შეკვეთაზე უნაწილდება, რაც საშუალებას აძლევს, რომ თითოეულ მომსახურებას უფრო ნაკლები ფასი დაადოს.

 

დასკვნა

ჩამოთვლილი ფაქტორები ის მცირეთაგანია, რომლებიც კომპანიებს უბიძგებს, თავი ერთად მოიყარონ. მას შემდეგ, რაც კრიტიკული მასა შეიკრიბება, აგლომერაციის და მასშტაბის ეკონომია მოქმედებაში მოდის, რაც კიდევ უფრო მეტ ბიზნესს იზიდავს.

მსგავსი ლოგიკა შეგვიძლია, სახელმწიფო დონეზეც გადავიტანოთ და ვთქვათ, რომ აგლომერაციის და მასშტაბის ეკონომიის ეფექტი გვაქვს მაშინაც, როდესაც კომპანიების სიმრავლე გეოგრაფიულად თავს ერთ ქვეყანაში იყრის. ქვეყნები, სადაც დარგი უფრო მეტი კომპანიით არის წარმოდგენილი, უფრო მეტი კონკურენტუნარიანობით სარგებლობენ სხვა ქვეყნებთან შედარებით, სხვა თანაბარ პირობებში.  თუ კრიზისის გამო ეს სიმრავლე დაიშლება, ხარჯებიც გაიზრდება. კრიზისის დროს გაზრდილი უმუშევრობის გამო ხელფასები კი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ აგლომერაციისა და მასშტაბის ეკონომიის დაკარგვით გამოწვეულმა ხარჯების ზრდამ შესაძლოა, ხელფასების შემცირების ეფექტი გადაწონოს. თუ კრიზისიდან გამოსავალი ფასების დაკლება და ამით კონკურენტუნარიანობის დაბრუნება შეიძლება ყოფილიყო, აგლომერაციის და მასშტაბის ეკონომიის დაკარგვის გამო, ფასებმა შეიძლება ვეღარ დაიკლოს. ასეთ დროს, კრიზისიდან გამოსვლა ჩარევის გარეშე სავარაუდოდ ვერ მოხდება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას