ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
კიდევ ერთი დაკავებული, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობას ედავება, გულბაათ რცხილაძეა. ის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია. მას ადვოკატი ცოტა ხნის წინ შეხვდა. უფლებადამცველის განმარტებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.