ოფიციალურად – „რეალმა“ ვალვერდე და ჩუამენი 500 ათასი ევროთი დასაჯა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იტყობინება, რომ გუნდის ნახევარმცველები – ფედერიკო ვალვერდე და ორელიენ ჩუამენი 500 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.
„საფეხბურთო კლუბი „რეალი“ იტყობინება, რომ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია ღია დისციპლინარული საქმე ჩვენი ფეხბურთელების, ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენის მიმართ, დღეს ორივენი წარსდგნენ ამ საქმის გამომძიებლის წინაშე.
გამოსვლისას ფეხბურთელებმა გამოთქვეს თავიანთი სრული სინანული მომხდართან დაკავშირებით და ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს.
მათ აგრეთვე მოუბოდიშეს კლუბს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო გუნდსა და გულშემატკივრებს. ორივენი დათანხმდნენ, მიიღონ ნებისმიერი სასჯელი, რომელსაც კლუბი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, „რეალმა“ მიიღო გადაწყვეტილება – დააკისროს თითოეულ მოთამაშეს ფინანსური ჯარიმა 500 ათასი ევროს ოდენობით და ამით დაასრულოს შესაბამისი შიდა პროცედურები“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენის სიტყვიერი კონფლიქტი ვარჯიშის დროს გასახდელში ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, ურუგვაელმა ფეხბურთელმა შუბლის არეში ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა.