ქუთაისში ფიფა-ს აკადემიას ჩრდილოეთ ირლანდიელი კიარან ტონერი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

11:30, 28.02.2026

საქართველოში ფიფა-ს აკადემიის მთავარ მწვრთნელად კიარან ტონერი იმუშავებს, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც ფიფა-ს ტალანტების განვითარების პროგრამა (FIFA TDS) განიხილეს.

ფიფა-ს პროგრამა საქართველოში მიმდინარე წლიდან ამოქმედდება და მასში 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები ჩაერთვებიან. ნიჭიერი მოთამაშეები სფფ-ის მიერ ჩატარებული სასელექციო პროგრამის შედეგად შეარჩიეს.

კიარან ტონერი ჩრდილოეთ ირლანდიელია. 2000-01 წლების სეზონში „ტოტენჰემში“ თამაშობდა, შემდეგ კი მისი კარიერა „პიტერბოროში“, „ბრისტოლ როვერსში“, „ლეიტონში“ და ქვედა ლიგების გუნდებში გაგრძელდა.

2012 წელს „იორკ სიტის“ 14-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი გახდა და უეფა-ს A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო.

მომდევნო სეზონში შეუერთდა „როტერჰემ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბს, სადაც პროფესიული განვითარების წამყვან მწვრთნელად 2020 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა. 2023 წლის ნოემბერში ტონერი ქალთა გუნდის, „დონკასტერ როვერსის“ მენეჯერად დაინიშნა, რომელიც 2025 წლის აპრილში დატოვა.

კიარან ტონერი ასევე იყო ჩრდილოეთ ირლანდიის 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრებების წევრი.

მსგავსი