ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთისა“ და „გარეჯის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

23:24, 24.08.2025

საგარეჯოს „გარეჯმა“ ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და კაცნაკლულ მეტოქესთან ფრედ, 2:2 ითამაშა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მე-9 წუთზე ლევან პაპავამ გახსნა და „გარეჯი“ დააწინაურა. ტაიმის ბოლოს (40) კი ფოთელების უკრაინელი თავდამსხმელი ევგენ ლეშჩინსკი მოედნიდან გააძევეს.

ამის მიუხედავად, „კოლხეთმა“ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და აკაკი გიუნაშვილის (52) ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ნიკა კაჭარავამ (73) საგარეჯოელები ისევ დააწინაურა, მაგრამ დიტო ფაჩულიამ პენალტით ანგარიში მეორედ გაათანაბრა და „კოლხეთს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ „კოლხეთის“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა 18 წლის მეკარემ, ალექსანდრე დადეშქელიანმა, რომელმაც გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ფოთელებმა ქულა მოიპოვეს.

ფოთის „კოლხეთი“ 15 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯმა“ (23) აუტსაიდერთა ზონას თავი ვერ დააღწია და მე-8 პოზიციაზეა.

მსგავსი