„სპაერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩხაიძე – პენალტების სერია მოგვაგებინა მეკარემ, რომელსაც ჩვენს გუნდში მოსვლამდე ფეხბურთი არ უთამაშია #1TVSPORT

10:45, 07.12.2024

„სპაერის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში საინტერესო ისტორია გაიხსენა გუნდის მეკარე ბახვა (ბუხუტი) ფუტრკარაძეზე, რომელმაც საქართველოს თასის ფინალში „დინამო თბილისთან“ პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და გუნდს არსებობის ისტორიაში ტიტული პირველად მოუტანა.

ლევან ჩხაიძე თამაშობდა „ლოკომოტივში“, უკრაინულ „ბორისპოლში“, ფინურ „კაიანში“, კარიერა კი ესპანურ „სუეკაში“ 21 წლის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაასრულა. სამწვრთნელო კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, სადაც მამარდაშვილის პირველი მწვრთნელი იყო და 4 წელი ავარჯიშებდა. მერე „საბურთალოს“ და „დინამოს“ აკადემიებში მუშაობდა და ახალგაზრდული ასაკის ნაკრებების ბევრი ფეხბურთელის გაზარდა.

„საქართველოს თასის მოპოვებით „სპაერმა“ ისტორია დაწერა. ჩვენი რესურსით მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამით ქართულ ფეხბურთში პრეცედენტი შევქმენით. დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს, მაგრამ ერთსულოვნება გამოგვარჩევს. შემადგენლობაც ახალგაზრდულია და მხოლოდ ერთი მოთამაშეა, ვისაც ეროვნულ ლიგაში უთამაშია.

„სპაერი“ თავიდან სამოყვარულო გუნდი იყო, მერე ნახევრადპროფესიული გუნდი გახდა. ნულიდან დავიწყეთ საქმე, სამოყვარულო გუნდში ხელფასი არავის ჰქონდა. მაგრამ, მოვახერხეთ და მოყვარულთა ლიგიდან ლიგა 2-ში დავწინაურდით. ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით პროფესიულ კლუბამდე და საქართველოს თასი მოვიპოვეთ.

ამ ისტორიას ყველაზე კარგად მეკარე ბახვა (ბუხუტი) ფუტკარაძე ასახავს, რომელიც პირველი შემადგენლობიდან შემორჩენილი ერთადერთი მოთამაშეა. მას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ჩვენამდე ფეხბურთი არსად უთამაშია, ერთ-ერთ კერძო სტრუქტურაში მუშაობდა და მოვიყვანეთ. ასეთი წარსულის მქონე მეკარემ „დინამოსთან“ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია“, – განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

მსგავსი