ყირიმის პლატფორმის სამიტი

რუსეთის მწვავე კრიტიკა ხორვატიიდან.

30-მდე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეები ყირიმის პლატფორმიდან ყირიმის უკანონო ანექსიას აპროტესტებენ და მოსკოვს ამერიკის და ევროპის საერთო გზავნილს უგზავნიან – შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.

შარშან აგვისტოში უკრაინის მიერ შექმნილი ყირიმის პლატფორმა პირველ საპარლამენტო ასამბლეას მართავს, რომელსაც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციაც ესწრება. მის გამოსვლაში რამდენჯერმე გაივლო პარალელი 2008 წლის ომთან. რუსეთის მიერ ჩადენილი ყველა საომარი დანაშაულის დოკუმენტირება და გამოძიება და საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად – ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი აქცენტები იყო. სამიტის მონაწილეებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმაც, ფორუმში მონაწილეობს უკრაინის რადას ვიცე-სპიკერიც. „ყირიმი უნდა გათავისუფლდეს“ – ასე დაიწყო მიმართვა ზელენსკიმ, რომელიც დასავლეთს ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას და სანქციების გაფართოებას სთხოვს.