წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

18:03, 11.04.2026

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღის მომსწრენი კიდევ ერთხელ გახდნენ. წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:13 წუთზე გადმოვიდა და ის ტრადიციისამებრ მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა. მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული ცეცხლი სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს და მას ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ.

სააღდგომო ღვთისმსახურების დაწყების შემდეგ, იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე მესამემ, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად, საზეიმო მსვლელობით, ლიტანიობითა და გალობით სამჯერ შემოუარა მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. მსვლელობის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა ლოცვა წარმოთქვა და სანთლების შეკვრით კუვუკლიაში შებრძანდა, მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვა, თუმცა ის იმ ადგილას დარჩა, სადაც სახარების მიხედვით, აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და მენელსაცხებლე დედებს უფლის აღდგომა ახარა. მალევე იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გამოიტანა, მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და ტაძარში წმინდა ცეცხლი გაავრცელა. მორწმუნეებს ხელში 33 სანთელი ეკავათ, რაც სიმბოლურად დედამიწაზე ქრისტეს 33 წლის ცხოვრებას გამოხატავს.

იერუსალიმში დიდი შაბათი განსაკუთრებით ემოციურია. მანამდე კი დილიდან ტაძარში მიმდინარეობდა მოსამზადებელი რიტუალები: მაცხოვრის საფლავზე აგებული მცირე ტაძრიდან, კუვუკლიადან გამოიტანეს სანთლები და კანდელი. ტაძრის კარები და თავად საფლავი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქისა და სომხური ეკლესიის წარმომადგენლების თანდასწრებით დაილუქა. დალუქვას ასევე დაესწრნენ ისლამური წარმომავლობის პოლიციელებიც, რაც საუკუნეების ტრადიციაა. ტაძარში შესვლის უფლება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტებისა და სირიული ეკლესიის წარმომადგენლებს აქვთ.

მსგავსი