ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„როცა რუსეთმა ჩვენი მშვიდობა დაარღვია, ჩვენ მალევე დავინახეთ, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვინ წინააღმდეგ. იაპონია ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა აზიაში, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ჩვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირა მშვიდობასა და გლობალურ უსაფრთხოებას“, – ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ვერცერთ ადამიანს ვეღარ ექნება უსაფრთხოების განცდა, სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზეც ისაუბრა. უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცეს, რომლებიც ქვეყანას რუსული აგრესიისგან 28-ე დღეა, იცავენ.