„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადება

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს სააკაშვილმა კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ „ვივამედის“ კლინიკის მკურნალობის ტაქტიკას: „ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის ჯანმრთელობის საკითხები, ისინი გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიას, ნახეს ყველა კვლევა, სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას. რეკომენდაცია ერთადერთი იყო, გარკვეული პროცედურა, რომელიც ადრე ჩვენ პაციენტისთვის შეთავაზებული გვქონდა, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა. სხვა რამეზე საუბარი არ ყოფილა. პაციენტმა კვების კომპონენტი გააუმჯობესა, თუმცა ვისურვებდით, რომ ეს კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, – აცხადებს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი.

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკა „ვივამედში“, სააკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნით, პოლონელი ექიმები ორი დღის წინ შევიდნენ.