ვითარება უკრაინაში

უკრაინის რადას დეპუტატების განცხადებით, ომის დაწყებიდან მე-20 დღეს მტრის თავდასხმა ყველა მიმართულებით წარმატებით შეჩერებულია და ელიან, რონ სულ მალე უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავა. ამასთან მათი განცხადებით, კიევის ბლიცკრიგით აღებისა და იქ მარიონეტი პრეზიდენტის დასმის პუტინის გეგმა მთლიანად ჩავარდა. თუმცა ამ ფონზე მძიმედ აფასებენ ქალაქებში არსებულ სიტუაციას. დეპუტატების განცხადებით, პუტინი ცდილობს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს, რის გამოც ოკუპანტი მხარე განუწყვეტლივ ბომბავს საცხოვრებელ სახლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინაში, ასევე იმყოფებიან ქართველი პოლიტიკოსები და მოხალისეები, რომლებიც რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ შორის არიან „ქართული ლეგიონის“ სახელით ცნობილი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებიან და მოხალისეები, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ. კიევში იმყოფება ასევე ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე. მისი განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში თანადგომის გამოსახატად და იქ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ჩავიდა.