ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად გრძელდება. აცრა ჩაუტარდათ იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ვაქცინაცია დღეს ერთადერთი საშუალებაა, რომ სკოლებში ვირუსით ინფიცირების რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდეს.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. აცრის მსურველები ინდივიდუალურად ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე რეგისტრირდებიან. თუმცა, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზადაა, მსურველებს პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმაროს.