ვაქცინაციის პროცესი და ტრანსპორტირების სქემა

კოვიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების ფონზე, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება. თუმცა, შაბათიდან ამოქმედებული შეზღუდვა, ანუ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება პროცესს აფერხებს. მოქალაქეების ნაწილი, რომლებსაც აცრის გაკეთება სურთ, ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლას ვერ ახერხებს. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა რეგიონებში. ხელისუფლების მხრიდან ტრანსპორტის გამოყოფის დაპირების მიუხედავად, ადგილობრივთა უმრავლესობას ამის შესახებ საერთოდ არ აქვს ინფორმაცია.

ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე თვეს ქვეყანაში მინიმუმ ერთი დოზით 800 000-ზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული. იმუნური ფენის შესაქმნელად კი 1 700 000 ადამიანის აცრაა საჭირო. მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით ათეულობით ადამიანი იღუპება. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ორი დოზით აცრილი არცერთი მოქალაქე არ არის.