ვაქცინაციის პროცესი

რაც შეეხება სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობას, ამ დროისთვის ორივე დოზით აცრა ჩატარებული აქვს მოსახლეობის 12.7%-ს. გრძელდება პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესიც. განათლების მინისტრი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მასწავლებელთა ვაქცინაციას დაესწრო.

იმუნიზაციის ცენტრებში, განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, დამატებით ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი და აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მარტივად არის შესაძლებელი. თბილისსა და რეგიონებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა.