უსაფრთხოების „პანკისური არქიტექტურა“
უსაფრთხოების „პანკისური არქიტექტურა“

აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით, მთის მაცხოვრებლები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. არც პანკისია გამონაკლისი და ეს ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმაც კარგად დაგვანახა. რამდენად კარგად იცნობს მმართველი პოლიტიკური ელიტა პანკისს – ეს კითხვა აქტუალურია და არა მხოლოდ ჰესებთან მიმართებაში.
საქართველოს ეს  კუთხე და იქ მცხოვრები მოქალაქეები არა თუ დანარჩენი საქართველოს, არამედ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა, რაც იმანაც განაპირობა, რომ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოდან მოვლენები აქ საკამოად დრამატულად ვითარდებოდა: –  რუსეთის მიერ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის დროს  მოსკოვმა თბილისს საკუთარი ჯარისთვის სატრანზიტო კორიდორი სთხოვა, რომ ჩეჩნეთისთვის სამხრეთიდან დაერტყა. მაშინ საქართველო კვლავაც სავსე იყო რუსული ბაზებით და ობიექტებით, თუმცა თბილისმა უარი თქვა. საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მებრძოლების შეფარებასა და მფარველობაში მუდმივად ადანაშაულებდა. 1999 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ იმ დროისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე ათას ჩეჩენ ლტოლვილს თავშესაფარი მისცა. რუსულმა ავიაციამ შედეგად პანკისი და მთა-თუშეთი არაერთხელ დაბომბა. პარალელურად, კრემლის მიერ მუდმივად ხდებოდა საქართველოს ბრალდება პანკისში ტერორისტების არსებობის შესახებ. 1999 წლის შემდეგ პანკისში რადიკალური ისლამის მიმდევრებიც გააქტიურდნენ.კრიმინალი – ნარკოტიკები,დაპირისპირება  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით – იშვიათობას აღარ წარმოადგენდა. გახშირდა ადამიანის გატაცებების ფაქტები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების. ხეობაში პერიოდულად ჩნდებოდნენ ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურები. 2001 წლის ზაფხულში მედიაში გაჩნდა ცნობები კოდორიდან სოხუმის მიმართულებით ჩეჩნური ქვედანაყოფის რეიდის შესახებ  – ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.

საბოლოო ჯამში, 2001-2002 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველომ აიცილა რუსეთის სამხედრო აგრესია დაიწყო რა იმ დროისათვის უპრეცედენტო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ქართული ჯარისთვის, ამას წინ უძღოდა ვერტმფრენების გადმოცემაც  (UH-1H -სწორედ  ამ ვერტმფრენების გარემონტებას გეგმავს დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო).

კრიმინალის აღმოსაფხვრელად შსს-მ შინაგანი ჯარის ოპერაცია დაიწყო, წერტილი კი მოვლენებს „კახეთი 2002”-მა დაუსვა – ეს იყო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნები სხვადასხვა დანიშნულების ქვედანაყოფების გამოყენებით.
ეტაპობრივად, ძალოვანების ხეობაში ყოფნა შემცირდა და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა დროებით – 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლოპოტას ხეობის სოფელ ლაფანყურში საქართველოს ძალოვანი უწყებების გაერთიანებული ოპერაცია ჩატარდა, ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის ორი მებრძოლი და ერთი სამხედრო ექიმი, რამდენიმე დაიჭრა, – ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახერხა თავის დაღწევა და საქართველოს დატოვებაც (ოპერაციის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია და კითხვაც შესაბამისად მეტია ვიდრე პასუხი), ერთ-ერთ მომლაპარაკებლად მაშინ სკანდალურად ცნობილი ახმედ ჩატაევი იყო გამოყენებული, რომელიც 2017 წელს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. მანამდე ჩატაევი დაეში-ს რიგებში იყო და აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაშიც ირიცხებოდა. 

პანკისიდან სირიასა და ერაყში წასულთაგან არის ცნობილი ჟღალი გენერალი, რომელმაც თავის დროზე სწორედ საქართველოში ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა გაიარა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. 2010 წელს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს და არმიის კარი მისთვის დაიხურა. იმავე წელს, იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა, ხოლო გამოსვლის შემდეგ საქართველო დატოვა. საბოლოო ჯამში დაეში-ს ომის მინისტრი და ბევრი პანკისელისთვის კერპი გახდა. 2016 წელს, ბირკიანელი თარხან ბათირაშვილი იგივე აბუ ომარ ალ შიშანი ერაყში 14 ივლისს მოკლეს. სულ სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.
სოციალური ფონი პანკისის ხეობაში ისეთივეა, როგორც სხვა ხეობებსა თუ დაბლობებში. ჰესების მშენებლობას აქაც ისევე ეწინააღმდეგებიან, როგორც მაგალითად სვანეთში. ძნელი სათქმელია, რა არის ამ წინააღმდეგობის რეალური მიზეზი პანკისში, თუმცა მოსახლეობა დათმობაზე წასვლას ჯერჯერობით არ აპირებს.
მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თითქმის ყველა უწყებას აქვს სტრატეგიული კომუნიკაციის უჯრედი (დეპარტამენტი, სამმართველო თუ განყოფილება), თუმცა მათი არსებობა ნაკლებად იკითხებოდა 21 აპრილს პანკისში განვითარებული მოვლენების ირგვლივ. რასაც ინსტიტუციური მახსოვრობის პრობლემა ემატება (და ეს არ ეხება მხოლოდ პანკისს).

კიდევ ერთი, ჰესების მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ალბათ, ამიტომაც უფრო ხელშესახები ხდება ერთი კონკრეტული ორგანოს არარსებობა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებდა. პრობლემა კი, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, საკმაოდ მნიშვნელოვანია – ჰესების მშენებლობა, როგორც წესი, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების ცვლას იწვევს და თუ საზღვრის ჩრდილოეთ მიმართულებაზე ვისაუბრებთ, რომლის უხეში ცვლილება რუსეთმა არაერთხელ მოახდინა,  მოსახლეობისგან დაცლა  მოწინააღმდეგეს,  რომლისთვისაც საკუთარი ბაზებს შორის  სახმელეთო კავშირი სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მხოლოდ უპირატესობას ანიჭებს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი